განათლება ცხოვრების საფასურს ყველანი ვიხდით... ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა 2019, 20 ივნისი, 10:33 «საუკეთესო მონა ის არის, ვისაც თავი თავისუფალი ჰგონია»
პლატონი მონები ნელა მიუყვებოდნენ ერთმანეთის კვალს და თითოეულს ხელში გაპრიალებული ქვა ეჭირა. მონების, კილომეტრნახევარი სიგრძის ოთხ მწკრივს, ქვის სამტეხლოდან, იმ ადგილამდე, სადაც ციხე-ქალაქი შენდებოდა, შეიარაღებული ადამიანები დაჰყვებოდნენ. ყოველ 10 კაცზე, 1 შეიარაღებული დაცვა მოდიოდა. ხოლო, იმ ადგილზე, საიდანაც მონებს ქვა მოჰქონდათ, გაპრიალებული ქვების 13 მეტრიანი ხელოვნური მთა იდგა. მის თავზე კი, სადამკვირვებლო მოედანი იყო მოწყობილი, რომელზეც უმაღლესი ქურუმი კრატი იჯდა. ის 4 თვის მანძილზე მონების მსვლელობას აკვირდებოდა, – აკვირდებოდა მდუმარედ და ვერავინ ბედავდა, ვერც შეხედვით და ვერც სიტყვთ, მისი ფიქრების და აზრების შეწყვეტას. მონები და გუშაგები, ხელოვნურ მთას უკვე ლანდშაფტის ნაწილად მიიჩნევდნენ და იქითკენ აღარც იხედებოდნენ. კრატის კი თავისი საფიქრალი ჰქონდა. მას უნდოდა ქვეყანა ისე მოეწყო, რომ ქურუმების ძალაუფლება, რომელსაც მთელი დედამიწის მოსახლეობა დაემორჩილებოდა, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლება და მეთაურები, ათასობით წლის მანძილზე დაემკვიდრებინა. ერთხელ კრატი მთის მწვერვალიდან ჩამოვიდა და თავის ადგილზე საკუთარი ორეული დასვა. გამოიცვალა ტანსაცმელი, მოიხსნა პარიკი და გუშაგების უფროსს უთხრა, რომ ისიც, სხვა მონების მსგავსად, მიჯაჭვულების მწკრივში ჩაეყენებინა, ახალგაზრდა მონის – ნარდის შემდეგ. მას ხელ-ფეხზე ბორკილები გაუკეთეს, ისე, როგორც სხვა მონებს ჰქონდათ და მწკრივში ჩააყენეს. როდესაც ქურუმი მონებს აკვირდებოდა, შენიშნა, რომ ნარდი, სხვებისგან განსხვავებით, გაფანტული მზერით არ იყურებოდა – ის კონცენტრირებული და ჩაფიქრებული, ხან კი აღელვებული იყო. «ე. ი. ის რაღაც გეგმას ამუშავებს», — მიხვდა ქურუმი. მას უნდოდა დარწმუნებულიყო, რამდენად გამართლდებოდა მისი დაკვირვება და იმიტომ მიმართა ამ ზომებს. ორი დღე მიჰყვებოდა კრატი ნარდს, მდუმარედ გადაჰქონდა ქვები სამტეხლოდან ქალაქამდე, ტრაპეზის დროს მის გვერდით იჯდა და მის გვერდით ეძინა, მონების ბარაკში. მესამე დღეს, როგორც კი «ძილის» ბრძანება გასცეს, კრატი მიბრუნდა ახალგაზრდა მონისკენ და ჩურჩულით, ხმაში ნარევი სასოწარკვეთით, ისე, უმისამართოდ წარმოსთქვა: — ნუთუ, სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება? და ქურუმმა დაინახა, რომ ახალგაზრდა მონა შეცბა და მისკენ უეცრად შემობრუნდა. მას თვალები უბრწყინავდა და ეს ბრწყინვალება ბარაკის მბჟუტავი ჩირაღდნების ფონზეც კი ჩანდა. — ასე დიდხანს არ გაგრძელდება. მე გეგმას ვამუშავებ... და შენ მოხუცო, შეგიძლია მასში მონაწილეობის მიღება, – ჩაიჩურჩულა ახალგაზრდა მონამ. — რა გეგმაა? – გულგრილად და შვებით იკითხა ქურუმმა. და ნარდმა დამაჯერებლად დაიწყო ახსნა: — შენ, მოხუცო, მე და ყველა მონა, სულ მალე თავისუფალი ადამიანები ვიქნებით. აბა დათვალე: ყოველ 10 მონაზე 1 გუშაგი მოდის. 15 მონა ქალს, რომელიც რეცხავს, ალაგებს და კერძებს ამზადებს, ასევე 1 მეთვალყურე ჰყავს. თუ შეთანხმებულ დროს, ერთდროულად დავესხმებით მათ თავს, ნამდვილად ვაჯობებთ და თავს დავიხსნით ამ მონობისგან. თუნდაც, ისინი შეიარაღებულები იყვნენ, ჩვენ კი მიჯაჭვულები, ანგარიში მაინც ჩვენს სასარგებლოდ არის – 1 მცველზე – 10 მონა მოდის. მათ განვაიარაღებთ, შევკრავთ და შევიარაღდებით. — ეჰ, ახალგაზრდავ, – ისევ ამოიოხრა კრატიმ, – შენი გეგმა სრულყოფილი არ არის: მეთვალყურეების განიარაღება კი შეიძლება, მაგრამ ხელისუფლება მათ ნაცვლად სხვებს გამოგზავნის, იქნებ არმიაც კი გამოგზავნოს და ყველას ერთიანად ამოგვხოცავენ. — მე ამაზეც ვიფიქრე, მოხუცო. ისეთი დრო უნდა შევარჩიოთ, როდესაც არმია არ იქნება. და ეს დრო, შორს აღარ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ არმიას ლაშქრობისთვის ამზადებენ. საგზალი 3 თვის გზისთვის მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი თვის შემდეგ, ისინი დანიშნულების ადგილზე მივლენ და ბრძოლაში ჩაებმებიან. მეომრები იქ დასუსტდებიან, მაგრამ გაიმარჯვებენ და მონებსაც წამოიყვანენ, – მათთვის უკვე ახალ ბარაკებსაც აშენებენ. ჩვენ მაშინ უნდა მოვაწყოთ ამბოხება, როდესაც ჩვენი ჯარი ბრძოლაში ჩაერთვება. შიკრიკს ერთი თვე მაინც დასჭირდება, არმიისთვის უკან დაბრუნების ბრძანების ჩასატანად. დასუსტებული არმია მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეძლებს დაბრუნებას. მათ დასახვედრად რომ მოვემზადოთ, 4 თვე გვექნება. ჩვენ რიცხობრივად მათზე ნაკლები არ ვიქნებით და ტყვედ აყვანილი მონებიც ჩვენთან მოისურვებენ ყოფნას, როდესაც ნახავენ, თუ რაშია საქმე. მე ყველაფერი გათვლილი მაქვს, მოხუცო. — მართალია, ყმაწვილო, აზრებში და გეგმებში მეთვალყურეების განიარაღებაც შეიძლება და არმიის დამარცხებაც, — უპასუხა ქურუმმა და დაამატა: — მაგრამ, მონები შემდეგ რას გააკეთებენ, ან ხელისუფლებას და არმიას რა ბედი ელის? — მაგაზე ბევრი არ მიფიქრია და მხოლოდ ერთი აზრი მომდის თავში: ყველა, ვინც დღეს მონაა – თავისუფალი იქნება, ხოლო ვინც თავისუფალია – მონა გახდება. – თითქოს ხმამაღლა ფიქრობდა, ისე წარმოსთქვა ნარდიმ. — ქურუმები? ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ისინიც მონებად იქცევიან? — ქურუმები? არც მაგაზე მიფიქრია. მაგრამ, ახლა რომ დავფიქრდი, – იყვნენ, როგორც არიან. მათ ყურს ყველა უგდებს, მონებიც და ხელისუფლებაც. თუმცა, ხან რთულია მათი გაგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი უვნებლები არიან. დაე, მოგვიყვნენ ღმერთებზე, ხოლო ჩვენ – ჩვენს ცხოვრებას თავად მივხედავთ. — მართალია — ეს კარგი იქნება, — უპასუხა ქურუმმა და თავი მოიმძინარა. მაგრამ კრატის იმ ღამეს არ სძინებია, – ის ფიქრობდა: «რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი, ხელისუფლებისთვის შეთქმულების ამბის შეტყობინება იქნებოდა და ამ ახალგაზრდას დაიჭერენ. ეტყობა, რომ ის არის წინამძღოლი. მაგრამ, ამით პრობლემა არ მოგვარდება, – მონობიდან გათავისუფლების სურვილი ადამიანებს ყოველთვის ექნებათ... ახალი წინამძღოლი გაჩნდება, რომელიც ახალ გეგმას შეადგენს... და რაკი ასეა – სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე, ყოველთვის სახელმწიფოს შიგნითვე იქნება». კრატიას წინაშე ამოცანა დადგა: უნდა მოეფიქრებინა გეგმა, რომლითაც მხოლოდ ეგვიპტელებს კი არა, მთელს მსოფლიოს დაიმონებდა. ის ხვდებოდა, რომ დასახულ მიზანს მხოლოდ ფიზიკური ძალადობით ვერ მიაღწევდა. საჭირო იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა ცალკეულ ადამიანზე... მთელ ერზე. ის მიხვდა, რომ ადამიანის აზრების ტრანსფორმირება და თვითგანვითარებადი პროგრამის გაშვება იყო საჭირო, რომელიც ხალხების დეზორიენტაციას მოახდენდა დროში, სივრცეში და მსოფლმხედველობაში. მაგრამ, ყველაზე მთავარი – რეალობის ადექვატური აღქმა უნდა ყოფილიყო. კრატის თავში ერთი აზრი მეორეს ცვლიდა და რაც დრო გადიოდა, მისი აზროვნება მით უფრო ჩქარდებოდა. ის უკვე ვეღარ გრძნობდა საკუთარი სხეულის სიმძიმეს და ხელ-ფეხზე დადებულ ბორკილებს... და უეცრად, ცაში მეხის გავარდნასავით, პროგრამა გაჩნდა. ის დაზუსტებული და განხილული არ იყო, მაგრამ მისი მასშტაბურობის შეგრძნება უკვე შეიძლებოდა... და კრატიმ თავი მსოფლიოს ერთპიროვნულ მმართველად იგრძნო. ბორკილებდადებული და საკუთარი თავით აღფრთოვანებული ქურუმი მონებს შორის იწვა და ფიქრობდა: «დილით, როდესაც სამუშაოზე გაგვიყვანენ, დაცვის უფროსს ნიშანს მივცემ და ის ჩემი მწკრივიდან გამოყვანის და ბორკილების მოხსნის ბრძანებას გასცემს. მე დავხვეწ გეგმას, სულ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, – და მსოფლიო დამემორჩილება! წარმოუდგენელია, სულ რამდენიმე სიტყვა და მსოფლიოს ბატონი ხარ... ღმერთმა ადამიანს მისცა ძალა, რომლის თანაბარი მთელს სამყაროში არ მოიძებნება. ეს ძალა — ადამიანის აზროვნებაა. ის ამბობს სიტყვას და ისტორიის მიმართულება იცვლება. ყველაფერი მართლაც რომ კარგად აეწყო. მონებმა აჯანყების გეგმა მოამზადეს. ის მართლაც კარგად მოფიქრებულია და შეიძლება მათთვის, გარკვეული პერიოდით, შედეგის მომტანიც კი იყოს. მაგრამ, მე მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ვიტყვი და არა მხოლოდ ამ მონებს, მათ შთამომავლებსაც მონობას ვაიძულებ... დამდეგი ათასწლეულის მანძილზე». დილით, კრატიას ნიშნისთანავე, დაცვის უფროსმა ბორკილები თავადვე მოხსნა და უკვე მეორე დღეს, მის სამეთვალყურო მოედანზე სხვა 5 ქურუმი და ფარაონი მიიწვიეს. შეკრებილების წინაშე კრატიმ თავისი სიტყვა დაიწყო: — ის, რასაც თქვენ აქ მოისმენთ, არავინ უნდა ჩაიწეროს და არავის უნდა უთხრას. ჩვენს ირგვლივ კედლები არ არის, და ჩემს სიტყვებს, თქვენს გარდა, ვერავინ გაიგებს. მე მოვიფიქრე საშუალება, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი ჩვენს ფარაონს დაემონოს. ამის გაკეთება, მრავალრიცხოვანი არმიით და ომებითაც კი ვერ მოხერხდება. მაგრამ, მე ამას სულ რამდენიმე ფრაზის წარმოთქმით შევძლებ. გავა სულ ორი დღე და თქვენ მსოფლიოს ცვლილების თვითმხილველნი გახდებით. უყურეთ, – თქვა და ხელი ქვემოთ გაიშვირა – იქ ერთმანეთზე ჯაჭვით მიბმული მონები, თითო-თითი ქვას ეზიდებიან. მათ უამრავი შეიარაღებული მეთვალყურე ჰყავს. რაც უფრო მეტია მონა, - მით უკეთესია სახელმწიფოსთვის, — დღემდე ასე ვთვლიდით. მაგრამ, რაც უფრო მეტი მონაა, მით უფრო დიდია მათი აჯანყების საფრთხე და ხარჯი. ჩვენ სულ უფრო მეტად ვზრდით დაცვას, იმიტომ რომ სხვანაირად არ იმუშავებენ. მაგრამ, შეიარაღებული ზედამხედველობის მიუხედავად, ისინი მაინც აჯანყებაზე ფიქრობენ. ნახეთ რა ნელა მოძრაობენ, ხოლო გაზარმაცებული მეთვალყურეები, მათ არც კი აჩქარებენ, რადგან ამ სიცხეში სწრაფად სიარული არც თვითონ ეხალისებათ. ჩემი გეგმის მიხედვით, მონები ბევრად უფრო სწრაფად ივლიან და იარაღიანი ზედამხედველიც აღარ იქნება საჭირო. მეთვალყურეებიც მონებად იქცევიან და მათთან ერთად შეუდგებიან ქვების გადაზიდვას. ამის შესრულება კი ასე შეიძლება: დღეს, სამუშაო დღე რომ დასრულდება, მონებს გააცანით ფარაონის ბრძანება, რომელშიც ეწერება: «მომავალი დღის განთიადიდან, ყველა მონას თავისუფლება ეძლევა. თითოეულ ქვაში, რომელსაც თავისუფალი ადამიანი ქალაქის მშენებლობაზე მიიტანს, ერთ მონეტას მიიღებს. მონეტის გადაცვლა საკვებში, ტანსაცმელში, ქალაქის საცხოვრებელში, სასახლეში და ქალაქშიც შეეძლება. ამიერიდან თქვენ — თავისუფალი ადამიანები ხართ». როდესაც ქურუმებმა კრატის სიტყვა მოისმინეს, ერთ-ერთმა, ასაკით ყველაზე უფროსმა, უთხრა: — შენ — ხარ დემონი, კრატი. შენი ჩანაფიქრი დემონიზმია, რომელიც დედამიწის ბევრ მკვიდრს შეეყრება. — და, ე, დემონ კრატი — ვიყო, და ჩემს ჩანაფიქრს ადამიანებმა დემონკრატია უწოდონ. მაგრამ, ეს უნდა გაკეთდეს! მზის ჩასვლისას, ფარაონის ბრძანება მონებს გააცნეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და ბევრს ღამე არც კი სძინებია, რადგან საკუთარ მომავალზე და ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრობდნენ. მომდევნო დილას, ქურუმები და ფარაონი ისევ ავიდნენ ხელოვნური მთის სათვალთვალო მოედანზე. სურათმა, რომელიც მათ თვალწინ გადაიშალა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნამდვილად რომ, გამაოგნებელი იყო: ათასობით ადამიანი, ყოფილი მონა, წინა დღეს, თითო ქვას ძლივს რომ მიათრევდა, ახლა ქვით ხელში, ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებოდა. ზოგს 2-2 ქვაც კი მიჰქონდა სამტეხლოდნ ქალაქამდე. ქვებს მათი ყოფილი მეთვალყურეებიც ეზიდებოდნენ და ყველა სხვა, ვისაც ფულის გამომუშავების სურვილი ჰქონდა. ადამიანები, რომლებმაც თავი თავისუფლებად ჩათვალეს (მათ ხომ ბორკილები მოიშორეს), რაც შეიძლება მეტი მონეტის მოგროვებას ცდილობდნენ, მომავალში ბედნიერი ცხოვრების მოწყობის იმედით. კრატიმ კიდევ რამდენიმე თვე გაატარა სათვალთვალო მოედანზე და იმ ხნის მანძილზე, სიამოვნებით აკვირდებოდა იმას, რაც ქვემოთ ხდებოდა. ცვლილება კი ნამდვილად თვალშისაცემი იყო: ყოფილი მონები პატარა ჯგუფებში გაერთიანდნენ, ურიკები გააკეთეს, ქვებით დატვირთეს და მას, სიცხით და ოფლით გათანგულები, ქალაქისკენ მიათრევდნენ. «მათ კიდევ ბევრი დამხმარე საშუალება გამოიგონეს, — თავისთვის ფიქრობდა კმაყოფილი კრატი, — აი უკვე შიდა მომსახურებაც გაჩნდა: წყლის და საკვების დამტარებლები». მუშების ნაწილი საჭმელს პირდაპირ ფეხზე მდგომი ჭამდა, რომ ბარაკში წასვლაზე დრო არ დაეკარგა. ხოლო, მომსახურებისთვის, ქვის გადატანისთვის მიღებულ მონეტებს იხდიდა. «განსაცვიფრებელია, მათ უკვე წამალიც კი აქვთ: პირდაპირ მუშაონის დროს, სამედიცინი დახმარება ეწევათ ქვის მზიდავებს და ესეც მონეტების სანაცვლოდ. მათი შრომა უფრო ორგანიზებული რომ ყოფილიყო, მოძრაობის მარეგულირებელიც ამოირჩიეს. მალე, ალბათ, ხელმძღვანელებს და მსაჯულებსაც აირჩევენ. დაე, აირჩიონ: რადგან თვლიან, რომ თავისუფლები არიან. მაგრამ, არსი არ შეცვლილა – ისინი ისევ ქვებს ეზიდებიან…» — ფიქრობდა კრატი. ასე, ათასწლეულების მანძილზე, დარბიან იმ მონების შთამომავლები და მონეტების სანაცვლოდ, მძიმე ტვირთს ეზიდებიან, — სწორედ ისე, როგორც ეს კრატმა იწინასწარმეტყველა... 151 4-ს მოსწონს
|