x
image
klopka
„არ დაგავიწყდეს ქოლგის აღება!“

imageდიდ ბრიტანეთში ქოლგით
ხელში მოარულ მრავალ ადამიანს შეხვდებით. არავინ იცის, როდის გაწვიმდება. „არ დაგავიწყდეს
ქოლგის აღება!“, — ვეუბნებით ერთმანეთს სახლიდან გასვლის წინ — შემდეგ კი
გულმავიწყობის გამო ვტოვებთ მას ავტობუსში, მატარებელსა თუ მაღაზიაში. ვინაიდან ყოველთვის
შეგვიძლია ახლის ყიდვა, ხშირად დაუდევრად ვექცევით ჩვენს მოძრავ თავშესაფარს; მაგრამ
იყო დრო, როდესაც ქოლგას სულ სხვა თვალით უყურებდნენ.

გამორჩეული წარსული


პირველ ქოლგებს, როგორც
ჩანს, წვიმასთან საერთო არაფერი ჰქონიათ. ისინი რანგისა და წოდების მაჩვენებელი ემბლემები
იყო, რითაც მხოლოდ წარჩინებული პირები სარგებლობდნენ. როგორც ასურეთის, ეგვიპტის, სპარსეთისა
და ინდოეთის ანტიკური ხანის ქანდაკებები და ფერწერული ნამუშევრები გვიჩვენებს, მზისგან
თავიანთი მბრძანებლების დასაცავად მსახურებს ხელში მზის ქოლგები ეჭირათ. ასურეთში მხოლოდ
მეფეს შეეძლო ჰქონოდა ქოლგა.


ისტორიიდანაც ჩანს, რომ
ქოლგა ძალაუფლების მაჩვენებელი იყო. განსაკუთრებული სახით ეს აზიაში გამოვლინდა. თუ
რა სტატუსს ფლობდა მმართველი, მისი ქოლგების რაოდენობით ვლინდებოდა. მაგალითად, ბირმის
მეფეს „ოცდაოთხი ქოლგის მბრძანებელს“ უწოდებდნენ. ზოგჯერ იმასაც ჰქონდა მნიშვნელობა,
თუ რამდენი წყება იყო ქოლგაში. ჩინეთის იმპერატორს ოთხიარუსიანი ქოლგა ჰქონდა, სიამის
(ამჟამად ტაილანდი) მეფეს კი — შვიდ ან ცხრაიარუსიანი. დღესაც კი, აღმოსავლეთისა
და აფრიკის ზოგ ქვეყანაში ქოლგა წარჩინებული მდგომარეობის სიმბოლოდ რჩება.


ქოლგა რელიგიურ რიტუალებში


თითქმის შექმნის დღიდანვე
ქოლგა რელიგიას უკავშირდებოდა. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ქალღმერთი ნუტი ქოლგის
მსგავსად გადაეფარა დედამიწას თავისი სხეულით. ამიტომ, მისგან დაცვის მისაღებად ადამიანებიც
თავიანთი მოძრავი „ჭერით“ დადიოდნენ. ინდოეთსა და ჩინეთში ხალხს სწამდა, რომ გახსნილი
ქოლგა ცის კამარას წარმოადგენდა. პირველი ბუდისტები მას ბუდას სიმბოლოდ იყენებდნენ.
ბუდისტური ნაგებობების სახურავზე ისინი ხშირად ქოლგებს ამაგრებდნენ. ქოლგები ინდუიზმშიც
გამოიყენება.


ძვ. წ. 500 წლისთვის
ქოლგები საბერძნეთშიც გამოჩნდა. აქ, რელიგიური დღესასწაულების დროს, ქოლგებს „შეფარებული“
ღმერთებისა და ქალღმერთების ქანდაკებებს დაატარებდნენ ხოლმე. ათენელი მანდილოსნების
მსახურები მზის ქოლგებით იცავდნენ თავიანთ ქალბატონებს, მამაკაცებიდან კი მას ერთეულები
იყენებდნენ. საბერძნეთიდან ამ ჩვეულებამ რომშიც გადაინაცვლა.


რომის კათოლიკურმა ეკლესიამ
ქოლგა თავის ცერემონიალურ მორთულობაში შეიტანა. პაპი გამოჩნდა წითელი აბრეშუმის ქოლგით,
რომელიც ყვითელი ზოლებით იყო გაწყობილი, კარდინალები და ეპისკოპოსები კი — იისფერი
ან მწვანე ქოლგებით. ბაზილიკებში დღესაც კი შეიძლება ნახოთ პაპისთვის განკუთვნილი სკამი
„ომბრელონეთი“, ანუ ქოლგით, რომელიც წითელ–ყვითელი ფერებითაა გაწყობილი. კარდინალიც,
რომელიც ერთი პაპის სიკვდილიდან მეორის არჩევამდე ეკლესიას ხელმძღვანელობს, განმასხვავებელი
ემბლემის ნიშნად „ომბრელონეს“ ატარებს.


მზისა და წვიმისგან დამცავი


დღესდღეობით ქოლგა გვიცავს
როგორც მზისგან, ისე წვიმისგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად მას წვიმასთან
არანაირი კავშირი არ ჰქონია. ძველად ჩინელებმა ან რომაელმა ქალებმა დაიწყეს ქაღალდისგან
დამზადებული მზის ქოლგების გაზეთვა და გასანთვლა, რომ მათ წვიმის დროს შეფარებოდნენ.
თუმცა მოხდა ისე, რომ ევროპაში ქოლგები XVI საუკუნემდე საერთოდ მიივიწყეს, ამ
დროიდან კი ჯერ იტალიელებმა, შემდეგ კი ფრანგებმა მოახდინეს მათი „რეაბილიტაცია“.


XVIII საუკუნისთვის
ინგლისელმა მანდილოსნებმაც მოიმარჯვეს ქოლგები, თუმცა მამაკაცები მაინც თავს იკავებდნენ,
როგორც თავად თვლიდნენ, ამ „ქალური აქსესუარის“ ტარებისგან. გამონაკლისს წარმოადგენდნენ
ყავახანის მეპატრონეები, რომლებიც ავდარში ქოლგით ხელში აცილებდნენ კლიენტებს თავიანთ
ეტლებამდე. მღვდლებმაც დააფასეს ქოლგები, რადგან ზოგჯერ თავსხმაში უწევდათ დაკრძალვის
ცერემონიალის ჩატარება.


ინგლისში ქოლგის ისტორია
რადიკალურად შეცვალა მოგზაურმა და ფილანთროპმა ჯონას ჰანუეიმ. გადმოცემით, ის იყო პირველი
მამაკაცი, რომელსაც ეყო გამბედაობა, ლონდონში სახალხოდ ეტარებინა ქოლგა. საზღვარგარეთ
მოგზაურობისას მან შეამჩნია, რომ მამაკაცები ქოლგებს იყენებდნენ, ამიტომაც გადაწყვიტა
თავადაც ეტარებინა ის და არ შეპუებოდა იმ მეეტლეების დამცინავ წამოძახილებს, რომლებიც
განზრახ აშხეფებდნენ წუმპედან ტურტლიან წყალს. ჰანუეის დანახვა თავისი განუყრელი ქოლგით
მთელი 30 წლის მანძილზე შეიძლებოდა. 1786 წლისთვის, იმ დროს, როდესაც ის
გარდაიცვალა, ქოლგებს უკვე ატარებდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები.


მაშინ ქოლგას ადვილად
ვერ ატარებდნენ, რადგან ზორბა, მძიმე და მოუხერხებელი იყო. ის მასალა, რითაც ქოლგა
იყო დამზადებული — გაზეთილი აბრეშუმისა თუ ტილოს საფარი და ლერწმის თუ ვეშაპის
ულვაშისგან გაკეთებული ტარი და ჩხირები — ართულებდა დასველებული ქოლგის გახსნას,
რის გამოც მას წყალი გასდიოდა. მიუხედავად ამისა, ქოლგის პოპულარობა იზრდებოდა, ვინაიდან
მისი ყიდვა ეტლის დაქირავებაზე იაფი იყო. მომრავლდნენ ქოლგის მწარმოებლები, გაიხსნა
მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო მათი შეძენა, გამომგონებლებმაც ყურადღება გადაიტანეს
ქოლგის მექანიზმის გაუმჯობესებაზე. XIX საუკუნის შუა პერიოდში სემიუელ ფოქსმა
დააპატენტა ქოლგის სანიმუშო მოდელი, რომელსაც ფოლადის მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს გამძლე
კარკასი ჰქონდა. ადრინდელმა ზორბა საფარმაც ადგილი დაუთმო უფრო მსუბუქ ქსოვილებს —
აბრეშუმს, ბამბასა და გაცვილულ სელს. დადგა თანამედროვე ქოლგის ერა.


მოდური აქსესუარი


ახლა ძალიან პოპულარული
გახდა მზის ქოლგა — მოდის მიმდევარი ინგლისელი მანდილოსნის დახვეწილი მოდური აქსესუარი.
მოდის ცვლასთან ერთად ეს ელეგანტური ქოლგაც შეიცვალა: ის გახდა უფრო დიდი, მის კარკასზე
ათასნაირი კაშკაშა ფერებით დამშვენებული აბრეშუმისა და ატლასის ქსოვილები გადაიჭიმა.
ხშირად ქოლგა ქალის ტანისამოსთან იყო შეხამებული და მაქმანით, ფოჩებით, ლენტებით, ბაფთებითა
და ბუმბულებითაც კი იყო გაწყობილი. XX საუკუნის დასაწყისისთვის არც ერთი დარბაისელი
ქალი, რომელიც თავის ნაზ კანს უფრთხილდებოდა, სახლიდან მზის ქოლგის გარეშე არ გავიდოდა.


XX საუკუნის
20–იან წლებში მოდაში გარუჯული კანი შემოვიდა, რის გამოც მზის ქოლგა თითქმის მიივიწყეს.
დადგა ქალაქელი ჯენტლმენის ერა. მისი ჩაცმულობის განუყრელი ატრიბუტები იყო ცილინდრი
და დაკეცილი შავი ქოლგა, რომელსაც სურვილისამებრ მოდურ ხელჯოხადაც ხმარობდა.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
დაიწყო ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი გაუმჯობესებული მოდელის ქოლგების წარმოება. მაგალითად,
შეიქმნა დასაკეცი ქოლგები, რომლებსაც კარკასზე წყალგაუმტარი ნეილონის, პოლიესტერისა
და პოლიეთილენისგან დამზადებული ქსოვილები ჰქონდათ გადაჭიმული. აგრეთვე, შემორჩენილია
რამდენიმე მაღაზია, სადაც შესაძლებელია ძვირადღირებული, ხელით ნაკეთები, შესანიშნავი
ქოლგების შეძენა. დღესდღეობით კი ქარხნებში მასობრივად იწარმოება ყველანაირი ფერისა
და ზომის იაფფასიანი ქოლგები, დაწყებული გოლფის მოთამაშეთათვის ან ღია ცის ქვეშ მოწყობილი
კაფეებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი ქოლგებით და დამთავრებული 15–სანტიმეტრიანი დასაკეცი
მოდელებით, რომლებიც ქალის პატარა ხელჩანთაშიც კი ადვილად ეტევა.


მიუხედავად იმისა, რომ
ქოლგა ერთ დროს ფუფუნების საგნად და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის სიმბოლოდ ითვლებოდა,
დღესდღეობით ის თითქმის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ალბათ ამიტომაცაა, რომ დაკარგული
ნივთების სიაში მას ყოველთვის ერთ–ერთი „საპრიზო“ ადგილი უკავია. დარსა თუ ავდარში,
ის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გამოგადგებათ. ვინაიდან ბოლო დროს მზის სხივებისთვის
მიფიცხება უფრო სახიფათო ხდება, ზოგ ქვეყანაში კვლავ მოდაში შემოდის მზის ქოლგა. ასე
რომ, სახლიდან გასვლისას შესაძლოა თქვენც შეგახსენონ: „არ დაგავიწყდეს ქოლგის აღება!“


ქოლგის შეძენა და მისი მოვლა


თუ ქოლგის ყიდვას აპირებთ, უნდა დაფიქრდეთ, რა გირჩევნიათ:
მოხერხებული თუ გამძლე. იაფი დასაკეცი ქოლგა, რომელსაც უფრო ნაკლები ჩხირები აქვს,
დიდ ჯიბეშიც კი შეიძლება ადვილად ჩაგეტიოთ, მაგრამ ძლიერ ქარს ის ვერ უძლებს. მეორე
მხრივ, ქოლგა, რომელიც არ იკეცება, შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ ის უფრო დიდხანს
მოგემსახურებათ, რადგან კარგად უძლებს ამინდის ჭირვეულობას. მართლაც, კარგი ქოლგა შეიძლება
რამდენიმე წელი ატაროთ. რა არჩევანიც უნდა გააკეთოთ, ეცადეთ, თქვენს ქოლგას ობი და
ჟანგი არ მოეკიდოს. ამისათვის დასველებული ქოლგა გახსენით, დააცადეთ გაშრობა და მხოლოდ
შემდეგ დაკეცეთ. ქოლგას თუ ფუტლარში შეინახავთ, ის სისუფთავეს შეინარჩუნებს და არ დაიმტვერება.



0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0