x
image
ეკა ლაცკა
ანა ახმატოვას ტაბუ დადებული, გაუმხელელი სიყვარული , სახელად - ამადეო მოდილიანი

image

1910 წელი.

პარიზული მოდის ულამაზეს სამოსში გამოწყობილი რუსი პოეტი, ანა ახმატოვა, კაფე „როტონდაში" სადად, თითქმის ღარიბად ჩაცმულ, საკმაოდ მომხიბვლელ მამაკაცს ამჩნევს...


მამაკაცს ყვითელი ვილვეტის შარვალი და კაშკაშა ასეთივე ფერის ქურთუკი აცვია... საკმაოდ დახვეწილი, არისტოკრატული გარეგნობა აქვს. თითქოს ყველასგან გამოირჩევა...

ეს მოდილიანია... ამადეო მოდილიანი..

სრული „გიჟი“...

image


მათ პარიზში გაიცნეს ერთმანეთი.

მოდი მაშინ 26 წლის იყო, ანა ოცის.

ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე, 1910 წლის გაზაფხულზე ახმატოვა პოეტ ნიკოლაი გუმილიოვზე დანიშნულა. რის შემდეგაც შეყვარებულები პარიზში გამოემგზავრენ. რას წარმოიდგენდა მაშინ პოეტი ქალი, რომ სხვასთან ერთად“თაფლობის თვის“ გასატარებლად ჩამოსული... "სულ სხვას " გადააწყდებოდა...

ამადეომ ახმატოვას მორიდებით სთხოვა მისი პორტრეტის დახატვა...ანა დათანხმდა.

...და ასე დაიწყო ვნებიანი, თუმცა ხანმოკლე სიყვარულის ისტორია....

image

პოეტმა პარიზი მალევე დატოვა...

პეტერბურგში დაბრუნებულმა ამადეოსგან პირველი წერილი მიიღო. ამ დროს ანას ქმარი ნიკოლაი გუმილიოვი აფრიკაში იმყოფებოდა. ქალი მარტოობას განიცდიდა... პირველ წერილს სხვებიც მოჰყვა...

ამადეოს სიტყვები საოცრად, სათუთად და მგრძნობიარედ ჟღერდნენ... თითქოს მხატვრისსავე შექმნილ ფერებს ჰგავდნენ... ანას კი თანდათან ეხვეოდა თაბრუ...

1911 წლის მარტში, როდესაც გუმილიოვი აფრიკიდან დაბრუნდა, ცოლ-ქმარმა სერიოზულად იჩხუბა.

განაწყენებული ახმატოვა, რომელსაც პარიზელი თაყვანისმცემელი გაახსენდა, მოულოდნელად საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც სამ თვეს რჩება....

image


და აი...

მოდის და ანას ულამაზესი დღეები ძალას იკრებენ...

ისინი ყოველ დღე ხვდებიან ერთმანეთს. პარიზში ხშირად წვიმს .... წვიმის დროს უზარმაზარ შავ ქოლგას ეფარებიან და ორ ხმაში კითხულობენ მათ საყვარელ პოლ ვერლენს.

...

* "...ჩვენ ორი ხმით ვკითხულობდით ვერლენს, რომელიც კარგად გვახსოვდა ზეპირად და გვიხაროდა, რომ ორივეს ერთი და იგივე ლექსები გვაგონდებოდა."


* „მოდილიანი არავის ჰგავდა, მისი ხმა სამუდამოდ ჩარჩა ჩემს გონებაში... უპოვარი იყო, ვერ გამეგო რით არსებობდა. როგორც მხატვარს, არავინ აღიარებდა.

მეჩვენებოდა თითქოს მარტოობის მყარი გარსით იყო შემოსაზღვრული.

არ მახსოვს, ვინმეს მისალმებოდეს ლუქსემბურგის ბაღში ან ლათინურ კვარტალში, სადაც ყველა, ასე თუ ისე, ერთმანეთს იცნობდა. არ გამიგია მისგან არც ერთი ნაცნობის, მეგობრისა თუ მხატვრის სახელი. არ მომისმენია მისგან არც ერთი ხუმრობა.

არასდროს მინახავს მთვრალი, არც ღვინის სუნი ასდიოდა ხოლმე. ალბათ, სმა მოგვიანებით დაიწყო, ჰაშიში კი უკვე ფიგურირებდა მის მონათხრობში.

იმხანად ცხოვრების თანამგზავრი, მეგობარი ქალი არ ჰყავდა. არასოდეს მიამბობდა ნოველებს წარსულ სიყვარულზე (რასაც საუბედუროდ სხვები აკეთებენ ხოლმე), ჩემთან არაფერ მიწიერზე არ ლაპარაკობდა.

თავაზიანი იყო, მაგრამ არა ოჯახიდან მიღებული აღზრდის, არამედ საკუთარი ს უ ლ ი ს ს ი მ ა ღ ლ ი ს გამო", -

იხსენებს ანა ახმატოვა

image

ღამით მოდილიანი ანნასთან მიდიოდა სახლში და თან ჰქონდა განუყრელი ლურჯი ბლოკნოტი.

ანნა პოზირებდა, ხან აფრიკული მძივებით, ხან სხვაგვარად...

ამადეო, რომელიც უზომოდ შეყვარებული იყო ეგვიპტურ ხელოვნებაზე ანას ხშირად გამოსახავდა ეგვიპტელი დედოფლებისა და მოცეკვავეების სამოსში....

.... და იქმნებოდა ახმატოვას პორტრეტები...

მისი ხატვა ხომ უდიდესი სიამოვნება იყო ამადეოსთვის... ან როგორ არ იქნებოდა. ანა ხომ პოეტთა პოეტი, ხელოვნების ქურუმი და მამაკაცთა გულთამყრობელი იყო... ულამაზესი ქალი, რომელსაც ქუჩაში გამვლელები თვალს არ აშორებდნენ, უცნობი მამაკაცებიც კი მოურიდებლად ხმამაღლა გამოთქვამდნენ მის მიმართ აღტაცებას.


image


პატარა ჯადოსნური ზღაპარი კი დასასრულს უახლოვდენოდა...

მალე ახმატოვამ პარიზი დატოვა... ისინი დაშორდნენ...

ანამ სამუდამოდ დაადო ტაბუ მოდილიანთან მისი შეხვედრების თემას, მოდის დახატულ პორტრეტებს...

არავინ იცის რატომ მოიქცა პოეტი ქალი ასე.... იქნებ, იმიტომაც, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასის გამომზიურება არავისთვის ემეტებოდა.... იქნებ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მხოლოდ თავისი გულის საიდუმლო ნაწილისთვის სჭირდებოდა ამადეოც და მისი პარიზული ღამეებიც...

ანა ბევრს წერდა...მისი ლექსები თავს ვერ იკავებდნენ და ამხელდნენ შეფარულ გრძნობებს.... თუმცა...

სიცოცხლის ბოლომდე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მის შემოქმედებაში არ არსებობდა მოდილიანისადმი მიძღვნილი არცერთი ლექსი.

image

მოდის ცხოვრებაში კი ამ დროს ცვლილებები იყო...

მას უკვე ეპოვა ახალი, ჭეშმარიტი სიყვარული ჟანა ებიუტერნი, რომელმაც მოგვიანებით, ამადეოს სიკვდილს ვერ გაუძლო და მეორე ბავშვზე რვა თვის ორსული გადახტა ფანჯრიდან... ამადეოსთან „გასაფრენად“.


...

ანა ახმატოვამ ცნობა მოდილიანის გარდაცვალების შესახებ შემთხვევით შეიტყო.

ის 1920 წლის იანვრის ერთ საღამოს ევროპულ ჟურნალს ათვალიერებდა, სადაც თვალი მოჰკრა პატარა ნეკროლოგს, რომელიც უნიჭიერესი მხატვრის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა...

მაშინ კი... როდესაც მოდის ამქვეყნად ვეღარსად ნახავდა... ახმატოვამ გადაწყვიტა იტალიელ მხატვართან შეხვედრის შესახებ მოგონებები დაეწერა... და მის სიყვარულზეც ესაუბრა...


image

1990-იანი წლების დასაწყისში იტალიაში ამადეო მოდილიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

დამთვალიერებლებმა ას ნახატს შორის აღმოაჩინეს ლამაზი, ახალგაზრდა, შავთმიანი გოგონას თორმეტიოდე გამოსახულება.

ეს ანა ახმატოვას პორტრეტები იყო.

image


***

პირბადის მიღმა მოვმუჭე ხელი:
დღეს ასე ფერმკრთალს რატომ გიყურებ?
იმად, რომ დღეს მე მწარე ნაღვლით
დავათვრე იგი და დავაპურე.

სუნთქვაშეკრული მისმენდა დიდხანს
უხმოდ და სახე უთრთოდა ტანჯვით.
მე მოაჯირებს არ ვეხებოდი,
მე გავეკიდე და კართან დავრჩი.

სასოწარკვეთით ვუყვირე ბოლოს -
წახვალ და მხოლოდ მკვდარს თუღა მნახავ!
მან გამიღიმა მშვიდად, ბოროტად
და მითხრა ასე - ქარში ნუ დგახარ!

ანა ახმატოვა 8 იანვარი, 1911 წ.

image





1
1392
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1392
  
0 1 1