საზოგადოება რატომ არ უხრიდა თავს აკაკი წერეთელი რუს იმპერატორს და თავადებს 2019, 28 მაისი, 12:29 ის, რომ აკაკი წერეთელი რუსული პოლიტიკის დიდი მომხრე და მოტრფიალე არ გახლდათ, ეს მისი ლექსებიდან და ქმედებებიდან გამოსჭვივის. აი, ორი საინტერესო ამბავიც: 1. 1894 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს საქართველოში ჩამოსვლის დროს, პეტერბურგიდან ვიზიტის ორგანიზატორებს მოუთხოვიათ, რომ სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად იმპერატორს აკაკი წერეთელიც შეხვედროდა. როდესაც აკაკის მისი მოთხოვნის შესახებ განუცხადეს, პოეტს ბევრიც არ უფიქრია, უარი მაშინვე განაცხადა. - "რომ შევხვდე, თავი ხომ უნდა დავუხარო, რომ მივესალმები? ჩემი სამშობლოს დამპყრობელს თავი როგორ დავუხარო?" - განუცხადებია პოეტს. 2. 1905 წელს, თბილისისკენ მიმავალი აკაკი წერეთელი ხაშურის რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში საუზმობდა, როცა სასადილოში შებრძანდა დიდი მთავარი, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი - მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც ბორჯომში მიემგზავრებოდა. რომანოვის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა, მხოლოდ აკაკი არ აქცევდა მას ყურადღებას და მშვიდად საუზმობდა. რომანოვმა ნამცხვარი მოითხოვა, ფეხზე მდგომი შეუდგა ჭამას და ასე ჭამა-ჭამით მივიდა ჭაღარა პოეტთან და აგდებულად უთხრა: - "რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორს?" - "ცხოველები ფეხზე მდგომნი მიირთმევენ საჭმელს, ადამიანი კი როდესაც სადილობს, ზის. აი, ეს განსხვავებაა!" - მოურიდებლად მიახალა აკაკიმ.
ეს კი ის ლექსია, რომელიც დიდი პოეტის განწყობას სიტყვებით გადმოსცემს:
...
დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო? ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებ მეგობრობას? მოშხამული, ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას. წლიდან წლამდე უცნაურად გეყინება ტვინი თავში! უნდა ძალაუნებურად ეხვეოდე დათვის ტყავში! დამეხსენი, ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო, რომ მფლობელად აღგიარო. აკაკი წერეთელი 1662 3-ს მოსწონს
|