კინო რეალური ისტორია მოხუცისა, რომელიც შვილის კვალდაკვალ წავიდა ფრონტზე - "ჯარისკაცის მამა" 55 წლისაა 2019, 17 მაისი, 9:35 55 წლის წინ ეკრანზე გამოვიდა რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა", რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული: ხანშიშესული კახელი გლეხი როცა ფრონტზე წასული შვილის დაჭრის ამბავს შეიტყობს, მის საძებნელად გაეშურება და მოქმედ არმიაში დარჩება, სადაც ბევრ ჯარისკაცს უწევს მამობას. შვილის კვალდაკვალ ბერლინამდე ჩასული გიორგი მახარაშვილი ბოლოს და ბოლოს პოულობს მას, მაგრამ სამწუხაროდ, მამა-შვილის შეხვედრა ხანმოკლე აღმოჩნდება: გერმანელი სნაიპერის ტყვიით განგმირული გოდერძი მამას ჩააკვდება ხელებში. ფილმში მოთხრობილი ტრაგიკული ისტორია დღესაც არავის ტოვებს გულგრილს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მის უკან ნამდვილი ამბავი დგას. რატომ თვლიდა ფილმის რეჟისორი საუკეთესო რეცენზიად ქურდის წერილს ან რატომ არ უნდოდა ცენზურას ფილმის ეკრანზე გამოშვება? - ამ კითხვებზე პასუხს ფილმის მიმოხილვაში იპოვით.
ფილმის სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი გახლავთ. ის 17 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში, მსახურობდა მედესანტეთა ბრიგადაში, მძიმედ იყო დაჭრილი და დაჯილდოებული 4 მედლით. სწორედ მისი პირადი თავგადასავალი დაედო საფუძვლად ფილმის სიუჟეტს. მძიმედ დაჭრილი შვილის სანახავად სულიკოს მამა ფრონტზე გაეშურა და მის ძებნაში გრძელი და საშიში გზა გაუვლია. რაც შეეხება ფილმის მთავარი გმირის სახელსა და გვარს, ისიც რეალური პიროვნებისა იყო და არა გამოგონებული: ომის ქარცეცხლმა მომავალი სცენარისტი შეახვედრა კახელ გლეხ გიორგი მახარაშვილს, რომელიც მასთან ერთად მსახურობდა ნაწილში. ის გააკვირვა იმან, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცის ადგილი ფრონტის წინა ხაზზე არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ხანდაზმულობისა, მოხუცი ჯარისკაცი საკმაოდ მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა და ტოლს არ უდებდა ახალგაზრდებს. ჯერ კიდევ უწვერულ ჯარისკაცებს ის მამად მიაჩნდათ და სამხედრო ნაწილში ყველას ძალიან უყვარდა. სულიკო ჟღენტი ისე აღაფრთოვანა მოხუცის გამბედაობამ, ვაჟკაცობამ, სიკეთემ, ადამიანურობამ და გაუტეხლობამ, რომ ომიდან დაბრუნებულმა რამდენიმე წლის შემდეგ დაწერა კინოსცენარი, რომელშიც მთავარ გმირს მისი პროტოტიპის სახელი და გვარი შეუნარჩუნა - გიორგი მახარაშვილი. ფოტოზე: სერგო ზაქარიაძე და სულიკო ჟღენტი გადასაღებ მოედანზე სულიკო ჟღენტის მოგონებებიდან: "მეკითხებიან, სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებული გმირის სახე თქვენ შეთხზეთ თუ ცხოვრებამ გიკარნახათ? პასუხი ასეთია: სიმართლის გამოგონება შეუძლებელია, ერთ სახეში მოვუყარე თავი ომის გზაზე შეხვედრილ ადამიანთა სახეებს... ჯარისკაცის მამა - გიორგი მახარაშვილი - ჩემთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კახელი მევენახეა. ჩვენ ერთ ასეულში ვმსახურობდით. მახსოვს მისი მოუსვენარი, შრომისმოყვარე ხელები. დიახ, ის დედაჩემია, რომელიც ჩემს სანახავად ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოვიდა, მაგრამ ჰოსპიტალში ვერ მომისწრო. ის მამაჩემიცაა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სკოლაში სიკეთეს ასწავლიდა... არც ის არის შეთხზული, ომში მამა შვილს რომ დაეძებს. ბავშვობაში ბევრი თანატოლის მსგავსად, მეც ვოცნებობდი გმირობაზე და მშობლების დაუკითხავად, თამამად ჩავეწერე მოხალისეთა რიგებში. 16 წლის ბიჭს ომი რომანტიკად მეჩვენებოდა... პირველად რომ დავიჭერი, ქალაქ ორჯონიკიძის ჰოსპიტალში მომათავსეს, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფრონტის ხაზზე გასვლის უფლება მოეპოვებინათ, ორჯონიკიძეში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მე იქ აღარ დავხვდი. გამოჯანმრთელებული ფრონტზე დავბრუნდი. ჩემთვის წამოღებული სანოვაგე დაჭრილებისთვის დაურიგებიათ... კახელი მევენახე მახარაშვილი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ნოვოროსიისკის გათავისუფლებისას გავიცანი. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ხანმოკლე შესვენების საშუალება მოგვეცა. სექტემბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებში ყურძენი დამწიფებულიყო. ნაბრძოლი ჯარისკაცები ზვრებს შევესიეთ, მწიფე მტევნებს დაუნანებლად ვგლეჯდით. მახარაშვილის სახით მიტოვებულ ზვრებს უცებ პატრონი გამოუჩნდა. მთელ ვენახში მისი ყვირილი ისმოდა: "ნელა! ფრთხილად! მოგლეჯა გაგონილა?! მტევანი ისე უნდა მოწყვიტო, ვაზმა ვერაფერი იგრძნოს. ამაში იცით, რამდენი ოფლია ჩაღვრილი?" - ვერც კი მოიცალა ყურძნის გასასინჯად, ვაზს სიყვარულით ეალერსებოდა. ჩამოვარდნილ ლერწს უსწორებდა ჭიგოს, თან ხმადაბლა ღიღინებდა: "შენ ხარ ვენახი!.." კადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა" ფილმის ისტორია დაიწყო ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში, სადაც იმ პერიოდში ფილმის ''ზღვის ბილიკი'' გადაღება მიმდინარეობდა. მასში სერგო ზაქარიაძეს იღებდნენ მთავარ როლში. „ჯარისკაცის მამის“ გადაღების იდეა სწორედ მაშინ გაჩენილა. კინოსტუდიაში მისულ სულიკო ჟღენტს რეზო ჩხეიძისთვის წასაკითხად ''ჯარისკაცის მამის“ სცენარი გადაუცია. აღფრთოვანებული რეჟისორი მეორე დილით კინოსტუდიაში სერგო ზაქარიაძესთან მისულა. ფოტოზე: რეჟისორი რეზო ჩხეიძე ამ ამბავს ბატონი რეზო ჩხეიძე ასე იხსენებდა: „დილა მშვიდობისა, ბატონო სერგო! — ვუთხარი. მას ჩემთვის არც შემოუხედავს. -სცენარი მოგიტანეთ, აქ არის კახელი მევენახე კაცის სახე დახატული. საქმე ისაა, რომ სცენარის დასაწყისში წერია, რომ ამ მოხუცის შვილი იყო ფრონტზე, რომ ის ტანკისტია, რომ ის ახლა დაჭრილია. აქ სერგომ დაინტერესებულად ამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს და ისევ გრიმს მიუბრუნდა. მე გავაგრძელე: - ჩადის ეს მახარაშვილი ფრონტზე, იპოვის იმ ჰოსპიტალს, სადაც მისი შვილი იწვა... აქ სერგომ გამომხედა: -რაო? - რა და გამოდის, რომ თითქოს ტყუილად ჩასულა იქ, შვილი უკვე გამოუწერიათ და ფრონტზე გაუმგზავრებიათ ისევ ტანკისტად, საბრძოლველად. სერგომ მკითხა: -მერე? რა გადაწყვიტა ამ შენმა მახარაშვილმაო? -რა და მან დაიწყო იმ გზით სიარული, სადაც ეგულებოდა, რომ მისი შვილი ტანკით წავიდა. მიდის ამ გზას მიაბიჯებს და ვერ პოულობს შვილს. -მერე? მერე რა ქნაო? — ფეხზე წამოდგა ბატონი სერგო და მომიახლოვდა. მე ვუთხარი:- მაშინ მიაგნო მის შვილს, როდესაც დაჭრილი იყო ბერლინში. იმ ადგილზე, სადაც ის უკვე დაღუპულ შვილს ეუბნება: დედაშენს რა ვუთხრა?— მას ცრემლები წამოუვიდა და პატარა ბავშვივით აუთამაშდა მთელი სახე. ტირის ბატონო სერგო. მე ვკითხე: -მოგეწონათ, ბატონო სერგო? ძალიანო — მიპასუხა. მე მინდა ფილმი გადავიღო და თქვენ ითამაშოთ გიორგი მახარაშვილი. -მე უნდა ვითამაშო ეს როლი? ასეთი ბედნიერი ვიქნები, რომ მე ვითამაშოო?— იქნებით ბატონო სერგო! უცებ სერგომ რომ გაიაზრა ეს ყველაფერი, გრიმი გვერდით გადადო და ორივემ ტირილი დავიწყეთ''. ზუსტად ასეთი იყო მაყურებლის რეაქცია ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თუმცა მანამდე რეჟისორს და მთელ გადამღებ ჯგუფს არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდათ. მთელმა გადამღებმა ჯგუფმა იცოდა, რომ სერგო ზაქარიაძე ამ როლით ცხოვრობდა მთელი გადაღების პერიოდში, ელოლიავებოდა თავის გმირს და ყველაფერს ზედმიწევნით და გულმოდგინედ აკეთებდა. რეზო ჩხეიძის მოგონებებიდან: - "გიორგი მახარაშვილი მისი ნაწილი გახდა. ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდა. ქალამნები შევუკერეთ, მისი ნაბიჯი უფრო მყარი რომ ყოფილიყო. მეწაღეს ფეხსაცმლის ფორმის სქელ ძირს ვაკერინებდით. უჭირდა ასეთი უხეში ფეხსაცმლით სიარული, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ისედაც მყარად დადიოდა, ამ ქალამნებით უფრო მყარად დადიოდა - არ თქვან, მართლაც მოხუცია და დაღოღავსო. ისე შევიდა როლში, იმდენად იყო ატანილი "შვილთან" შეხვედრის სურვილით, რომ ლამის ქვეშ უვარდებოდა უზარმაზარ ტანკებს. რამდენჯერ შევაჩერეთ გადაღება, სამხედროებს ეშინოდათ, მსახიობი არ გაესრისათ. ტანკები კორიანტელს აყენებდნენ, ბატონი სერგო ამ კორიანტელში დარბოდა და შვილს ეძახდა. რამდენიმე რეპეტიცია გავიარეთ, ცოტა დავისვენეთ. გადაღებას სანამ დავიწყებდით, სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემთან ერთ-ერთი სამხედრო, ტანკების მეთაური, ლეიტენანტი და მეუბნება: - მომისმინეთ, უთხარით თქვენს მოხუცს, ასე ახლოს ტანკთან ნუ მოდის. პირდაპირ მუხლუხას უვარდება ქვეშ. გადავუვლი და მერე პასუხისგებაში მიმცემთ. გააფრთხილეთ თქვენი მოხუცი. მოკლედ, გავაფრთხილე ბატონი სერგო.- უჰ, კაცო, ეგ რა მიქნია, აღარ ვიზამ ასეო, - შემპირდა. დავიწყეთ გადაღება და რას არ იზამს? - თავით უხტებოდა ტანკებს "გუსინიცაში". მადლობა ღმერთს, რომ კარგად დამთავრდა ყველაფერი." კადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა" სამწუხაროდ, კინოჩინოვნიკებს სულ სხვა შეხედულება გაუჩნდათ ამ ფილმზე. იმ პერიოდში, ანუ საბჭოთა ეპოქაში, ყოველი ახალი ფილმის ჩაბარება მოსკოვის კინემატოგრაფისტთა საკავშირო კომიტეტში ხდებოდა და მაშინდელ საბჭოურ უწყებას ფილმის გაშვებაზე უარი უთქვამს. ამის მიზეზად კი შემდეგი დაუსახელებია: ჩვენს ოფიცერს ეს ქართველი პაპა ხელს რატომ ურტყამსო? ეს საბჭოთა არმიისადმი დაუმორჩილებლობის ნიშანიაო. საუბარი იყო იმ ეპიზოდზე, სადაც რიგითი ჯარისკაცი მახარაშვილი სილას აწნავს რუს ოფიცერს, რომელმაც ტანკით გადაუარა მსხმოიარე ვენახს. შემდგომში ფილმის რეჟისორი რეზო ჩხეიძე იხსენებდა: ''კინემატოგრაფიის მინისტრმა რომანოვმა ამ ეპიზოდში საბჭოთა არმიისადმი დაუმორჩილებლობა დაინახა. რამდენიმე დღის შემდეგ ფილმი თავდაცვის სამინისტროში ვაჩვენეთ. სამხედროები ემოციურად რეაგირებდნენ ფილმის კადრებზე: ტაშს უკრავდნენ, ცრემლებს იწმენდნენ, ფეხზე ამდგარი უყურებდნენ ფილმის ფინალს... არმიის პოლიტსამმართველოს უფროსი ვოსტოკოვი ჩემთან მოვიდა და მითხრა:''თქვენმა მინისტრმა ვერაფერიც ვერ გაიგო.. ეს ჯარისკაცი კი არ სჯის ოფიცერს, არამედ მამა ასწავლის ტანკისტს, რომელიც მას შვილად ერგება. ის უფრთხილდება ყველა ცოცხალ არსებას, ამ შემთხვევაში ვენახს" ... სწორედ გენერალ ვოსტოკოვის წყალობით დღის სინათლე იხილა ფილმის სრულმა ვერსიამ და მასში ფაქტიურად არაფერი ამოუჭრია ცენზურას". ფილმის პრემიერა 1965 წლის 9 მაისს შედგა. მას საოცარი წარმატება ხვდა წილად. გამოსვლის დღესვე " ჯარისკაცის მამა" 22-მა ქვეყანამ შეიძინა. რეაქცია ერთგვაროვანი იყო: ფილმის დასასრულს ქვითინებდა ყველა - საბჭოთა მოქალაქეებიც და უცხოელი მაყურებელიც. ფილმის ავტორების მისამართით მოდიოდა ათასობით მადლობის წერილი რიგითი საბჭოთა მოქალაქეებისაგან და საქებარი რეცენზიები კინოკრიტიკოსებისგან, მაგრამ რეზო ჩხეიძე მათგან გამოარჩევდა ერთ წერილს, რომელიც მას სევასტოპოლიდან გამოუგზავნა ერთმა ახალგაზრდა კაცმა. ის რეჟისორს გამოუტყდა, რომ ფილმის ნახვის შემდეგ მილიციას მიაშურა და ჩადენილი ქურდობა აღიარა: "ამ ფილმის ნახვის შემდეგ მე დავფიქრდი და მიხვდი, რომ ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებდი. ამის შემდეგ მინდა პატიოსნად ვიცხოვრო", - თურმე ასე აუხსნა თავისი საქციელი განცვიფრებულ უბნის რწმუნებულს ახალგაზრდა კაცმა. "მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მე ყველა როლი ერთნაირად მიყვარს", - ამბობდა სერგო ზაქარიაძე - კაცი, რომელსაც "ჯარისკაცის მამის" გარდა სხვა როლები რომ არ ეთამაშა, მხოლოდ ამ ფილმით შევიდოდა ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში. 893 12-ს მოსწონს
|