საზოგადოებრივი ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები 2019, 24 აპრილი, 2:01 ნეკრესის მზის ტაძარიქართული კულტურის ისტორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი უძველესი ქართული წარწერები, რომელიც სიძველით მეორეა გრაკლიანის გორის წარწერების შემდგომ. ნეკრესის წარწერები აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა დათარიღა ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან ახ.წ. მე-4 საუკუნემდე. ამით საბოლოოდ მტკიცდება ქართული დამწერლობის ქრისტიანობამდელი წარმომავლობა. ნეკრესი ქართული წარმართობის ერთ-ერთი უძველესი კერა გახლავთ, სადაც რელიგიური მრწამსის განვითარების რამდენიმე საფეხური დასტურდება. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია ნეკრესის ნაქალაქარის დასავლეთ მხარეს ციურ მნათობთა ტრიადისადმი მიძღვნილი სამლოცველო, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-14 - მე-12 საუკუნეებით. ამ სამლოცველოს შესასვლელი კორიდორი ისევე, როგორც საყოველთაოდ ცნობილ სთოუნჰენჯში, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარესაა ორიენტირებული. ირკვევა, რომ იგი მზის კულტის გავლენით აშენდა. აქ ჩვენ წინაშე ჩანს ის ტიპიური მოვლენა, როდესაც როგორც ცნობილია, ზაფხულის მზებუდობისას მზე თითქოს ჩერდება და იგი 23.5 გრადუსით იხრება. ნეკრესის წინარექრისტიანული ხანის საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრანდიოზული და დახვეწილი დაგეგმარების სატაძრო ნაგებობათა ნაშთი, რომელიც მდებარეობს "ნაზვრევი გორის" ძირში, გაშლილ ველზე. ამ მონუმენტური არქიტექტურული ანსამბლის ცენტრში მდებარეობდა კვადრატული ნაგებობა, რომელიც დღეს უკვე სამწუხაროდ დანგრეულია და მხოლოდ მისი საძირკველიღაა შემორჩენილი. 2004 წელს პროფესორებმა ირაკლი სიმონიამ, ნოდარ ბახტაძემ და ასტრონომიის ისტორიის ცნობილმა ბრიტანელმა მკვლევარმა კლაივ რაგსმა ერთობლივად ჩაატარეს ნეკრესის ტაძრის არქეოასტრონომიული კვლევა. სხვა ბევრ დეტალთან ერთად საინტერესოა ის, რომ ოთხსათავსოიანი აფსიდური ბლოკები ცენტრალურ კვადრატულ სათავსოსთან ერთად სვასტიკის მკვეთრად გამოხატულ ორ ფრთას გამოსახავს. დავნომროთ ტაძრის გალავნის შიგნით განთავსებული სათავსოები და გავიხსენოთ, რომ ძველად, ქართულ ასომთავრულ ნიშნებს რიცხვითი მნიშვნელობაც გააჩნდათ. მაშინ, ოთხაფსიდიან ბლოკში, რომელიც ზამთრის მზებუდობას უკავშირდება, მეოთხე პოზიციაზე, აღმოჩნდება მზის სიმბოლო - ასო "დონ"-ი. ამ ბლოკის ოთხეულის რიგითი ნომრების ნამრავლი უტოლდება დღე-ღამის ხანგრძლივობას - 24 საათს (=1(2(3(4). მე-3 აფსიდური სათავსოს ნომრის კვადრატული მნიშვნელობაა 3ხ3=9, რაც გვიჩვენებს, რომ ზამთრის მზებუდობისას, 2-22 დეკემბერს, დღის ხანგრძლივობა შეადგენს 9 საათს. სვასტიკის სამხრეთ-დასავლეთ ფრთის მე-10, მე-11 და მე-12 სათავსოების შესასვლელ კარებს ერთნაირი დამხრობა გააჩნია. შევაჯამოთ ამ სათავსოთა რიგითი ნომრების კვადრატული მნიშვნელობები: 10ხ10 + 11ხ11 + 12ხ12 = 365, რაც მზის კალენდრული წლის ხანგრძლივობაა. აფსიდიანი სათავსოების რიგითი ნომრების ჯამი უდრის 36-ს (3+7+11+15=36), ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ტაძრის გეგმარება უკავშირდება 36-ასოიან იბერო-კოლხურ ანბანურ წყობას, ამიტომ ამ არქიტექტურულ კომპლექსს უწოდეს "იბერიული დიდი კვადრატი". კვლევით დადასტურდა, რომ არქიტექტურული ანსამბლის გეგმარებაზე აისახა მზის ტაძრის აგების თარიღი. დადგინდა, რომ ფარნავაზის ეპონიმური წელთაღრიცხვით, ძეგლი აგებულია 323 წელს, რაც ეთანადება ახ.წ. 40 წელს. ტაძრის გეგმაზე აითვლება თვალსაჩინო ასტრონომიული მოვლენა - მზის დაბნელების თარიღი, რომელსაც მზებუდობის პერიოდში ახ.წ. 19 წლის 21 ივნისს ჰქონდა ადგილი. ასევე აღმოჩნდა, რომ ძეგლზე აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია ფარსმან მეფის ზეობის პერიოდთან. "იბერიულ დიდ კვადრატზე" დიაგონალურად განთავსებულია N5, N17 და N13 სათავსოები. ვთქვათ, ამ სათავსოებში ჩავსვათ, შესაბამისი ქართული ანბანის ნიშანთა სახელები: "ენ, "პარ", "მან". წყვილი "პარ" და "მან" ერთად გვაძლევს სიტყვას "პარმან", რაც მეფე ფარსმანის სახელის ირანული ჟღერადობა გახლდათ. "იბერიული დიდი კვადრატის" დიაგონალურ სათავსოებში მთლიანად დაფიქსირებულია სახელი "უფალი პარ(ს)მან". "ნეკრესის მზის ტაძარი" რიტუალური და მემორიალური დანიშნულების უნიკალური არქიტექტურული ანსამბლია. ასტრალური ღვთაების სადიდებლად აგებულ კომპოზიციაში მზის კალენდრული პარამეტრის ასათვლელ სტრუქტურულ, ელემენტებთან ერთად შერწმულია იბერიის დიდი მეფის ზეობის თარიღი და სახელის ამსახველი კომპონენტები. "იბერიული დიდი კვადრატი" და შარაგასის სტელა აგებულია უაღრესად დახელოვნებული და განსწავლული ძველქართველი ხუროთმოძღვრების მიერ, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ქართული ასომთავრული ანბანის სტრუქტურას. ნეკრესის მზის ტაძარი" იბერიული ცივილიზაციის გამორჩეული ძეგლია. იგი ქართული არქიტექტურული აზროვნების შედევრია. მასში შერწმულია ასტრონომიული, კალენდრული და ისტორიული ხასიათის ინფორმაციის ამსახველი ელემენტები. "ნეკრესის მზის ტაძარი" და ნეკრესის მთვარე-მზის წარმართული კალენდარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს. ნეკრესის უძველეს კულტურულ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ ყველაზე ადრეული მე-6 საუკუნით დათარიღებული, "ნეკრესის მცირე ბაზილიკად" წოდებული ქრისტიანული ტაძრის არსებობას აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმართული სამლოცველოს გადაკეთების გზით იქნა მიღებული." აცხადებს პროფესორი რაულ გვეტაძე. ქრისტიანობამდელი ქართული წარწერები ნეკრესშინეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ჯერ კიდევ 1984 წლიდან და როგორც უკვე აღვნიშნეთ გათხრილია ახ.წ. 40 წელს აგებული ნეკრესის მზის ტაძარი და ასევე ძვ.წ. XIV-XII საუკუნეების წარმართული სამლოცველო. ასევე ანტიკური ხანის ქალაქის ზღუდის ნაწილი, რომელიც აგებული იყო ახ.წ. IV-VI საუკუნეებში, მე-6 საუკუნის მარნის და სასახლის ნაშთები და სხვა. მაგრამ ყველა ამ აღმოჩენას თავისი მნიშვნელობით აღემატება IV-VI საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურული ნაგებობის კედლებში, მეორადი გამოყენებით ჩაყოლებული ქვის ფილები ქართული უძველესი წარწერებით, რომელთა ხნოვანებაც განისაძრვრება ახ.წ. მე-4 საუკუნის ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის მიხედვით - ახ.წ. I-III საუკუნეებით. პალეოგრაფიული ნიშნებითაც ისინი უძველესი წარწერების რიგში ექცევიან. სულ, დადასტურებული შვიდი წარწერიდან, I-III საუკუნეებს მიეკუთვნება 5 წარწერა. 1999 წელს დადასტურებულ იქნა კიდევ ერთი წარწერიანი ფილა. ის აღმოჩენილ იქნა ნაქალაქარის ტერიტორიის ცენტრში. იმ ადგილის მხალობლად, სადაც ითხრება ახ.წ. IV საუკუნის მონუმენტური ქრისტიანული ტაძარი. აღნიშნული ქვის ფილა ეგდო ზედაპირზე, საურმე გზაზე, გამოჩენილი იყო წყლის დინების შედეგად, არა თავის ადგილზე. წარწერიანი ქვა სიგრძის 41.5 სმ-ია. სიგანით კი 10 - 10.5 სმ, სისქე - 5.5 სმ. თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. განსაკუთრებით დასანანია ზედა ნაწილის დაზიანება, ვინაიდან ამით დაიკარგა ისტორიოგრაფიისათვის უმნიშვნელოვანესი წარწერის დასაწყისი ნაწილი. აღნიშნული წარწერა შესრულებულია ამოკაწვრის წესით. ასოთა სიმაღლე მერყეობს 1.8 - 2.5 სმ-ს შორის, სიგანე კი 1 - 2 სმ-ს შორის. შემორჩენილია ორი დაზიანებული და ექვსი სრული სტრიქონი. პირველი სტრიქონი: შემორჩენილია პირველი ორი ასოს ქვედა ნაწილები. მეორე სტრიქონი: შემორჩენილია პირველი ორი ასოს ქვედა ფრაგმენტები და ორი ბოლო ასო ("ან"). მესამე სტრიქონი: "აზატ". ბოლო ჩამოტეხილია, შეიძლება აღდგეს - "ი". მეოთხე სტრიქონი: "სი არს". მეხუთე სტრიქონი: "ნოვიმ" მეექვესე სტრიქონი: "ცავიმ" მეშვიდე სტრიქონი: "ხრევ" მერვე სტრიქონი: "ს" წარწერ ერთი მხრივ აღნიშნავს დაკრძალულის ვინაობას, მეორეს მხრივ კი თხოვნაა თუ მოწოდება: "ნურვინ შეეხება მას, ნურვინ არევს" (ნუმცავინ ხრევს). წარწერა ასომთავრულია და მასში გამოყენებულია სულ ქართული ასომთავრული ანბანის 14 ასონიშანი: ა(4), ე(1), ვ(2), ზ(1), ი(2), მ(1), ნ(2), რ(2), ს(3), ტ(1), ვ(1), ო(1), ც(1), ხ(1). როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს წარწერიან საფლავის ქვასთან, რომელიც სტელის სახით იქნებოდა აღმართული საფლავზე. წარწერის დაზიანებულ ნაწილში სავარაუდოდ აღნიშნული იქნებოდა დაკრძალული პიროვნების სახელი. ნეკრესის სხვა წარწერებისგან განსხვავებით, აღნიშნულ წარწერას ორი სიახლე ახასიათებს, ის ხანმეტურია და მასში გვხვდება ძველი ქართული წყაროებისათვის უცნობი სოციალური ტერმინი "აზატი". ეს ტერმინი სავარაუდოდ, პართიულ ხანაში უნდა შემოსულიყო და აღნიშნავდა თავისუფალს. მეზობელი ქვეყნების - ირანისა და სომხეთის მაგალითებით, აზატები მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი მეომრები იყვნენ. არის ვარაუდი, რომ მასთანაა დაკავშირებული ქართული სოციალური ტერმინი "აზნაური" - შედარებით მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ეს ტერმინი - აზნაური - დაფიქსირებული გვაქვს დღემდე შემორჩენილთა შორის უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლში "შუშანიკის წამება". წარწერის მიხედვით, აზატის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნიდან ვივარაუდოთ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილ ადრეულ ქართულ ძეგლებში ის არ გვხვდება. აღნიშნული წარწერა, ნეკრესში აღმოჩენილ სხვა რამდენიმე წარწერასთან ერთად დღეისთვის ცნობილ ქართულ წარწერებს შორის სიძველით მეორეა, გრაკლიანი გორის წარწერის შემდეგ და ის ახ.წ. I-II-III საუკუნეებით თარიღდება. ამ წარწერიანი სტელის გარდა, ნეკრესის ნაქალაქარზე, კერძოდ ადგილ - "ნაგებებში" აღმოჩენილია 5 სხვა წარწერიანი ქვა, რომლებიც ჩატანებული ყოფილა მე-4 საუკუნეში აგებული სასახლის კედლებში, მეორადი გამოყენებით. წარწერების დათარიღებაში გვეხმარება არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის არქეოლოგიური მასალა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნეკრესის წარწერებს აქვს ყველა პალეოგრაფიული გამორჩეული ნიშანი, რომლითაც თარიღდება ქართული წარწერების ყველა, ადრეულად მიჩნეული წარწერა (პალესტინა, ბოლნისი, ურბნისი). ეს ნიშნებია: თავშეკრულობა, მარცხნივ გაზიდული ხაზის და ქარაგმის არ არსებობა, კუთხოვანება. ნეკრესის წარწერაზე არ გვხვდება ტექსტის დასაწყისის და დასასრულის სტანდარტული, დაკანონებული ფორმები: "ქრისტე", ვედრება - "უფალო", "ღმერთო", "იყავნ", "ამენ" და სხვ, რაც დამახასიათებელია ქრისტიანული ხანის წარწერებისათვის. შეჯამება: 1. ზემოთ განხილული წარწერა სხვა 5 წარწერასთან ერთად წინარექრისტიანული შემოქმედების ნაყოფია. არქეოლოგიურად ისინი თარიღდება ახ.წ. I-III საუკუნეებით. ყველა განეკუთვნება ცეცხლთაყვანისმცემელთა საფლავის ქვებს. ამგვარ დათარიღებას ეთანხმება წარწერაში დადასტურებული სოციალური ტერმინი აზატი" და ტექსტის ხანმეტური ხასიათი. 2. წარწერიანი ქვა დაზიანებულია, მოტეხილი აქვს თავიც და ბოლოც. ასევეა დაზიანებული სხვა წარწერიანი ქვებიც, რაც არ შეიძლება მივაწეროთ შემთხვევითობას. ისინი განზრახ, წინასწარმოფიქრებული ღონისძიებით ჩანს დაზიანებული, რაც ქრისტიანობის გავრცელებისას, ცეცხლთაყვანისმცემლებთან დაპირისპირებისას მოხდა. ამ დროს, ესეიგი მე-4 საუკუნის დასაწყისში, მთელი სისასტიკით დაანგრიეს ა გაძარცხვეს მაზდეანთა ტაძარი - მეტად შთამბეჭდავი მონუმენტური არქიტექტურული ძეგლი. როგორც ჩანს, ეს იყო საერთო ღონისძიება მაზდეანთა წინააღმდეგ, როდესაც გაანადგურეს მათი ტაძარ-სალოცავები ან გადააკეთეს ქრისტიანულ ტაძრებად, საფლავის ქვები დაამტვრიეს და დაყარეს, მოგვიანებით კი, გამოიყენეს როგორც სამშენებლო მასალა. 3. ნეკრესის წარწერების აღმოჩენის შემდგომ, დღეს გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ქართული ასომთავრულის განვითარება არ შეიძლება დაუკავშირდეს ქრისტიანობის შემოსვლა-დამკვიდრებას. იგი გაცილებით ადრეა მომხდარი სხვა სოციალური გარემოსა და რელიგიური მრწამსის პირობებში. 4. სავარაუდოდ, ქართული ანბანის შემოღება და დამწერლობის განვითარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაზდეანური რელიგიის ტექსტების - ლოცვები, ჰიმნების და სხვათა სათარგმნელად და ქართველ მაზდეანთა საკუთარ ეროვნულ ენაზე აღნიშნული ტექსტებით უზრუნველსაყოფად, რიტუალების სრულყოფილად წარმართვისათვის. 5. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ მსგავსივე მოქმედების განხორციელებას - რელიგიური წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეს ეკლესიის მესვეურნიცა და ქართველ ქრისტიანთა მრევლიც მომზადებულნი შეხვდნენ, რადგან მათ უკვე ჰქონდათ ეროვნული ანბანიც და მწიგნობრობის დიდი ტრადიციაც. ეს იმ დროს, როდესაც ქართველთა მეზობლები (სომხები, ალბანელები) სწორედ ამდროს იწყებენ ამავე საქმიანობისათვის საკუთარი ანბანის შექმნას ქრისტიანული საღვთო წერილების სათარგმნელად. 6. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ, ძვ.წ. მე-3 საუკუნეში მწიგნობრობის გავრცელების შესახებ, "და ამან შეჰქმნა მწიგნობრობაი ქართული", ნდობით უნდა მოვეკიდოთ. სწორედ მეფე ფარნავაზის დროს იწყება ცეცხლის კულტის განსაკუთრებული გავრცელება. მანვე დააფუძნა აჰურა მაზდას კულტი და თვით კი ღმერთის რანგში მოგვევლინა. "მწიგნობრობა" პირვე რიგში უნდა გავიგოთ როგორც წიგნის, რელიგიური შინაარსის, სჯულის კანონთა კრებულის დოკუმენტური გაფორმება. ბიბლია წიგნია ისევე, როგორ ყურანი. "წიგნის ხალხი" კი გარკვეული "სჯულის წიგნის" მიმდევარი ხალხი. "მწიგნობრობა" პირველ რიგში უნდა გავიგოთ, როგორც გარკვეული სჯულის კანონის წიგნის შექმნა. სრულიად შესაძლოა, რომ ეს იყო ავესტას წიგნების გადმოქართულება. აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ბატონი ლევან ჭილაშვილი. კავკასიის ნეოლითური კულტურები (ცალკეა სასაუბრო კოლხურ კულტურაზე, ამიტომ აქ ჩამონათვალში არაა):1. შულავერის კულტურა 2. ლეილა-თეფეს კულტურა 3. მტკვარ-არაქსის კულტურა 4. მაიკოპის კულტურა 5. კაიაკენტის კულტურა 6. თრიალეთის კულტურა 7. ხარაჩოის კულტურა 8. განჯა-ყარაბაღის კულტურა 9. ყობანის კულტურა კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე1410 2-ს მოსწონს
|