საზოგადოება პირველი ქალი , რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართველ ქალებს მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ 2019, 23 აპრილი, 19:31 ალბათ, დღემდე ბევრი მამაკაცის ოცნებაა ის, რაც ერთი შეხდვით პატარა, სუსტმა გოგონამ, ალექსანდრა ჯაფარიძემ ( 1895 - 1974 წწ) მოახერხა.
იგი იყო პირველი ქალი, რომელმაც მწვერვალი დაიპყრო და თეთნულდსა და უშბაზე ფეხი დადგა.
„ ... გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას...
გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო...
ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა... მე ახლა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვიჩენდი მერყეობას წამოსვლის დროს... მოთმინება მეკარგება, როდის გავეშურებით მისკენ... მივდივართ და... გვინდა მიუდგომელს მივუდგეთ, მიუწვდომელს მივწვდეთ, მისი გულის სიღრმეში ჩავიხედოთ, იქ სინამდვილე ამოვიკითხოთ, რომელიც ჯერ არავისთვის მისაწვდომი არ გამხდარა... ამაში თვით იგია დამნაშავე: მკაცრია, სუსხიანი, თავის გულს არავის გადაუშლის ასე ადვილად“ ... ასე აღწერს ქართული ალპინიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი ალექსანდრა ჯაფარიძე პირველ მიახლოებას მყინვარწვერთან. ამ დღიდან მოყოლებული ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო. თუმცა... მთამ, სიხარულის გარდა, დიდი ტკივილიც მოუტანა. მისი ძმები - სიმონი და ალიოშა, რომლებიც უფროსი დის მსგავსად გაიტაცა ალპინიზმმა, მთებმა შეიწირეს. "...პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველად მე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტი ვნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვიეს..." - წერდა ალექსანდრა დღიურში". ფოტოზე: პირველ რიგში მარცხნიდან, მარჯვნივ: ბექნუ ხერგიანი, ალექსანდრა ჯაფარიძე და ალიოშა ჯაფარიძე. მეორე რიგში მარცხნიდან, მარჯვნივ: გოჯი ზურებიანი და გაბრიელ ხერგიანი. მთამსვლელი ქალის მიღწევების სია კი საკმაოდ დიდია. 1. 100 ამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. 2. არის ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 3. მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. 3. დაიპყრო კავკასიონის თითქმის ყ ვ ე ლ ა მწვერვალი და იყო პ ი რ ვ ე ლ ი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი. 4. მოიპოვა თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო, რაც მთამსვლელებისათვის იყო დაწესებული. 5. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და აღზარდა ალპინისტთა არაერთი თაობა. 6. ალექსანდრა ჯაფარიძე ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად. .... თუ ფიქრობთ, რომ რაღაცის მიღწევა შეუძლებელია, ყოველთვის გაიხსენეთ ის, ვისზეც ზემოთ გიამბეთ : ალექსანდრა ჯაფარიძე - პირველი ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქართველ ქალებს მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ ! 127 1-ს მოსწონს
|