x
image
ზოგადი განათლება
რას ამბობენ საატესტატო გამოცდების გაუქმების მომხრეები და რა არგუმენტებით აჯერებენ მას

რას ამბობენ საატესტატო გამოცდების გაუქმების მომხრეები და რა არგუმენტებით აჯერებენ მას


image

მიმდინარე თემებში გასარკვევად მიჰყევით შესაბამის ბმულებს


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში


>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება


>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება


>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!


>>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?


>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...


>>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..


საზოგადოებაში საატესტატო გამოცდების მოხსნათან დაკავშირებით ბევრი კრიტიკული წერილი და მოსაზრება გამოქვეყნდა.

გთავაზობთ სიმონ ჯანაშიას კომენტარს, რომელიც გამოცდების გაუქმებას ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე მიესალმება:



image


''როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო:



ა) უსამართლო - დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული.



ბ) საშინლად არახარჯთეფექტური - მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან კავშირში არ იყო. დღემდე იხარჯება ფული კონკურსის მოწყობაზე იქ, სადაც კონკურსი არ არის (მაგ. 100 ადგილზე რომ 50 აბიტურიენტია იმ პროგრამებზეც სისტემა ცდილობს დაადგინოს, ვინ უკეთსად ჩააბარებს 4 გამოცდას)



გ) შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის - კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-თქო და არა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არ აქვთო.



დ) საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის - აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს ვერ. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს რომ შეიმუშავოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. ასევე, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა შეიმუსავოს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს.



ე) მიზნების შეუსაბამო - უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიაზე და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი ვიდრე მაგ. გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია.



აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ის ცვლილებები რაც მოხდა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება. საჭიროა უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.'' - სიმონ ჯანაშია


შემდეგი მოსაზრება განათლების ექსპერტს - რევაზ აფხაზავას ეკუთვნის


განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), აღმასრულებელი დირექტორი

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი

image

''მოკლედ, გამოცდა არ არის განათლების მოტივატორი და მისი ორიენტირების განმსაზღვრელი! უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს საქართველოს სკოლების დიდი ნაწილითავის ფუნქციას მარჯვედ ვერ ასრულებს და არ უნდა გვეგონოს, რომ გამოცდებით ან მათი გაუქმებით, სკოლას გავაძლიერებთ.



ეხლა ცოტა უფრო ვრცლად (სულ ერთ ფურცელში)
ზოგიერთს გამოცდა განათლების მამოძრავებელ ძალად მიაჩნია და ამიტომ უნდა განიმარტოს, რომ იგი აჩენს არა განათლების მიღების, არამედ მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მოტივაციას. ხოლო გამოცდისთვის მზადების პროცესი კი არ არის განათლება მისი საუკეთესო გაგებით.
გამოცდას აქვს (უნდა ჰქონდეს) კონკრეტული მიზანი და დანიშნულება. ჩვენს შემთხვევაში, საატესტატო გამოცდების მიზანი მთლინად დაკარგულია, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდის კი მიუღწეველი.



1. საატესტატო გამოცდები



სულ ცოტა ხნის, მაგრამ მრავალი რეფორმის, წინ საატესტატო გამოცდების მიზანი იყო ეროვნული გამოცდების სიმძიმის სკოლებზე გადმოტანა და ამით სასკოლო განათლების მნიშვნელობის გაზრდა (მისი მიღწევადობაც ცალკე საკითხია). ეს მიზანი განათლების პოლიტიკის სწრაფ-ხშირი ცვლილებების ფონზე საერთოდ დაიკარგა. სამაგიეროდ მივიღეთ ზოგადი განათლების მინიმალური კომპეტენციის დაძლევის შემაფასებელი კვაზი-სისტემა. განათლების მიზნები ძალიანაც მშვენიერი გვაქვს, თუმცა ეს გამოცდები მათი მიღწევის შესამოწმებლად არ გამოდგება.
საატესტატო გამოცდები, მეტწილად, ამოწმებს ახსოვს თუ არა მეთერთმეტე კლასელ ვანოს 2018 წლის 24 მაისის დილის ათის ნახევარზე, რომ კუთხეს ორ ტოლ ნაწილად გამყოფ სწორ ხაზს ეწოდება ბისექტრისა და არა დირექტრისა. შეუძლია თუ არა ვანოს ამის გამოყენება ცხოვრებაში, ეს ჩვენთვის ბოლომდე უცნობი დარჩება. ამით უნდა გავიგოთ ჩვენი სკოლები თავის ფუნქციას კარგად ასრულებენ თუ არა? ამით უნდა შევაფასოთ მიაღწია თუ არა ვანომ ეროვნული განათლების მართლაც მნიშვნელოვან მიზნებს? ამით ერთობოდა კომენსკი? მოკლედ ამ გამოცდებმა აზრი კი დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაუხსნა რეპეტიტორობის ინსტიტუტს და გაჭირვებული ოჯახის შვილები კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩააყენა. სახელმწიფომ იცის (ეროვნული და საერთაშორისო შეფასებებით), რომ ბავშვებმა ბევრი რამე არ იციან, მაგრამ მაინც უწესებს მათ გამოცდას. გამოდის რომ, ამით სახელმწიფო აიძულებს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს სხვაგან ეძებონ გამოსავალი, დახარჯონ ფული და მოაჩვენონ ისევ სახელმწიფოს, თითქოს მან თავისი საქმე კარგად გააკეთა. ასე რომ, ინსტრუმენტი, რომელმაც ფუნქცია დაკარგა და კონტრპროდუქტიული გახდა, გასაუქმებელია!


2. ზოგადი უნარების გამოცდა


უნარების გამოცდის მიზანია, ცენტრალიზებულად შეურჩიოს უნივერსიტეტებს აბიტურიენტების საერთო რაოდენობიდან ვინ არის უფრო კარგად მომზადებული და ვინ იმსახურებს უმაღლესი განათლების მიღებას. ანუ, თუ ნიკო მაღალი ქულებით ჩააბარებს ზოგადი უნარების ტესტს, შეიძლება ითქვას, რომ ნიკო მზადაა და კარგად ისწავლის უნივერსიტეტში. თუმცა, კვლევებმა გვაჩვენა, რომ წინასწარმეტყველების ეს "ბროლის ბურთი" ცუდად მუშაობს და კრებსითი ნიკო სულაც არ არის იმაზე უკეთესი სტუდენტი, ვიდრე კრებსითი ვანო, რომელსაც ნაკლები ქულები ჰქონდა უნარებში. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტი არ მუშაობს. გარდა ამისა, კვლევებმა აქაც აჩვენეს, რომ ეს გამოცდაც რეპეტიტორობის გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგია და მნიშვნელოვნად აღრმავებს სოციალურ ნაპრალს.
ხოდა, თუ თქვენი ინსტრუმენტი არ ერგება ჭანჭიკებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამასთანავე თითებს გტკენთ, მაინც გააგრძელებთ მის გამოყენებას?


მე აღარ შევაჯამებ და თუ სკოლამ ან რეპეტიტორმა ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარები გაგივითარათ, დასკვნები თავად გააკეთეთ


P.S. ასეთი პერიფერიული სისტემების ცვლილებებით გარკვეული არასასურველი ტვირთი კი მოიხსნება, მაგრამ განათლების ხარისხის განვითარებაზე არსებითი ზემოქმედება ვერ მოხდება. ხარისხის განვითარების მთავარი სამიზნე დღეს სკოლა და მასწავლებელია! ასე რომ, ამაზე კი ნუ ინერვიულებთ, გემს მიხედეთ, გემს!.. ''-რევაზ აფხაზავა





0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0