საზოგადოება გიორგი კეკელიძის ემოციური წერილი სანტა კლაუსს 2018, 26 ნოემბერი, 1:19 ორი დღის წინ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ემოციური და რა თქმა უნდა, თავისებური წერილი სანტა კლაუსისთვის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: წერილი სანტა–კლაუსს მე რა ვიცოდი აბა სანტა-კლაუსი. თოვლის ბაბუა კი. აი, სათამაშოები რომ იდგა თხელი, თეთრ პლასტმასის – ნაძვის ხესთან. ქუდ-წვერ შეღებილი. და მეორე, მესამე წელს ამ საღებავ აცლილი. ძირიდან ხელის შეყოფა რომ შეიძლებოდა ან რამის ჩაყრა. ემახსოვრება ჩემი თაობის და მანამდელ ხალხს. თოვლის ბაბუა დეკორაციის ნაწილი იყო, განა თხოვნების ადრესატი და მიმტანი. სანტ-კლაუსზე გვიან გავიგე. ამ წითელ ტანსაცმლიან კაცზე, რომელიც მგონი კოკა-კოლას რეკლამიდან შემომეჩეხა და მერე რაღაც წიგნებში გავიმეორე. ჰოდა, არსდროს მიმიწერა მისთვის. ახლა მივწერ. სამ წერილს. გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 62 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებში გიცვლი: მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი. შენი გიორგი კეკელიძე 76 3-ს მოსწონს
|