საზოგადოება ემიგრანტი ქალის ცხოვრება საბერძნეთში - ცირა წიკლაური: „აქ ჩვენი პატარა საქართველოა“ 2018, 21 ნოემბერი, 17:54 ![]() ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გავიდა საზღვრებს გარეთ. ზოგი ომს გაექცა, ზოგი სტიქიას, ზოგიც ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის დევნას, თუმცა, უმეტესობა ამას ეკონომიკური გაჭირვების გამო აკეთებს. დღეს ჩვენ გიამბობთ ჩვენს თანამოქალაქეზე, რომელიც 13 წელია, საბერძნეთის ემიგრანტია და წასვლამდე თავისი კვალი დატოვა რაიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. აქ ყოფნის შემთხვევაში შეეძლო უფრო ღრმა და შინაარსიანი კვალის დატოვება, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მასაც ემიგრაციაში მოუწია ცხოვრების გზის გაგრძელება. ჩვენი სტუმარია ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ნაცნობი, ძალიან თბილი, პოზიტიური და მომხიბვლელი ქალბატონი _ ცირა წიკლაური. მინი ბიოგრაფია-1966 წელს დავიბადე და გავიზარდე ჩემს საყვარელ დედოფლისწყაროში, მყავს სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი, მეექვსეს ველოდებით.. ჩემს შვილიშვილებს ჯერ არ მოვფერებივარ და სკაიპით, მესენჯერის მეშვეობით ვეფერები, ეს ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, შვილები ხომ უჩემოდ გაიზარდნენ და ახლა შვილიშვილებიც ასე იზრდებიან, მათი სუნი არ ვიცი, მათ არ შევხებივარ, ერთხელ არ მიკოცნია... მხოლოდ ეკრანს მიღმა ვუგზავნით ერთმანეთს კოცნებს, ვირტუალური მოფერებით სურვილს და სიყვარულს ვერ იკმაყოფილებ, ძალიან ძნელია... უფროსი გოგონა -თეონა აქ მყავს თავისი ოჯახით და ესენი ცოტა მიმსუბუქებენ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერც მათ ვხვდები. სალომე და აჩი თბილისში ცხოვრობენ, კარგი ოჯახები აქვთ, სიძეები და რძალი კარგები მყვანან, დედის გულს კი მეტი რა უხარია... მოგესალმებით დიდი მონატრებით ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ამხანაგებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეზობლებს და ყველა იმ ხალხს, ვისაც ვახსოვარ და ვუყვარვარ. მეამაყება იმის თქმა, რომ ჩემს რაიონს 20 წლის განმავლობაში (1985-2005 წწ.) გვერდით ვედექი კულტურული ღონისძიებების გალამაზებაში. ![]() 1985-89 წლებში ვმუშაობდი კულტურის სახლში სამეჯლისო ცეკვების წრის ხელმძღვანელად, ქალბატონი ნელი გობეჯიშვილის გვერდზე დგომით და ხელშეწყობით ჩვენი ანსამბლი ყველა ღონისძიებაზე წარმატებით გამოდიოდა. 1990-2005 წლის ჩათვლით ვმუშაობდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში და ანსამბლ „შირაქში“ ასისტენტად. პარალელურად გახსნილი მქონდა ტანვარჯიშის წრეც, სადაც ქალებიც დადიოდნენ, ზოგი ჭარბი წონის პრობლემით, ზოგი ჯანმრთელობის და ზოგიც გაკაჟების მსურველნი, გვქონდა ბავშვებისთვის „ბასტი-ბუბუს“ წრეც, ძალიან ტკბილად მახსენდება ეგ დრო, ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვქონდა და ერთმანეთზე ვზრუნავდით.. - ცირა, შენ აქ აქტიურად იყავი ჩაბმული ჩვენი რაიონის კულტურული ცხოვრების განვითარების საქმეში, რამ გიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ? - ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დადგა გაჭირვების ჟამი ჩემი ოჯახისთვისაც, შემოსავალი აღარ გვყოფნიდა, თბილისში სწავლას და ბინის ქირას დიდი თანხები სჭირდებოდა და ბევრი ფიქრის მერე, მეც გადავწყვიტე, დავდგომოდი ევროპის გზას ჩემი შვილების საკეთილდღეოდ. ჩემი დაიკო მაკა, რომელიც უკვე საბერძნეთში იყო და იცოდა ჩვენი გაჭირვების შესახებ, თავისი ხუთი შვილის ლუკმას უნაწილებდა ჩემს შვილებს და ფულს ხშირად გვიგზავნიდა. 2005 წლის ოქტომბერში მაკას ხელშეწყობით ჩამოვედი საბერძნეთში სამი წლით და კი შემოვრჩი ცამეტი წელი... – ვისაც უცხოეთში ყოფნა არ გამოუცდია, ბევრს ჰგონია, რომ იქ უკეთესია, თუმცა, არავინ იცის იქ მყოფებზე უკეთ, რა ჯაფა და ფსიქოლოგიური წნეხი ადგათ მათ, როგორც იტყვიან „იქ სჯობს, სადაც არა ხარ“, რას გვეტყვი ამაზე? _ უკეთესია, მხოლოდ ფინანსური კუთხით, კარგია, სამუშაო რომ გვაქვს და მშვიდად ხარ, როცა იცი, რომ შენ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ, მაგრამ შვილების გარეშე ცხოვრება გაუსაძლისია, შენი დარდი და მწუხარება აქ არავის აინტერესებს. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ჩემმა დამ თავისი სამუშაო დამითმო, სანამ მივეჩვეოდი, ისიც ჩემთან იყო, მასწავლიდა ენას, საჭმელებს, საქმეს. ერთხელაც ჩემი ქალბატონი ეკითხება ჩემს დას, სულ რატომ ოხრავს, არ მოვწონვარო? მერე მივხვდი, რომ აქ ჩვენი ნოსტალგია და წუხილი არავის აინტერესებს და ნელ-ნელა შევეგუე, ერთი წელი ძალიან გამიჭირდა. 2005 წლის ზაფხულში დედა და 23 წლის ძმისშვილი გარდამეცვალნენ, ყოველ ღამე ვტიროდი, ლევანი ჩემი პირველი სიხარული იყო, ვერ აღვწერ და არავის ვუსურვებ, ასეთი ტკივილის გამოცდას, მითუმეტეს, ოჯახს მოწყვეტილებისას. მაგრამ, აქ ყოფნას თავისი დადებითი მხარეებიც ახლავს, რა თქმა უნდა, მაგალითად, როცა იცი, რომ შენ შვილებს გული აღარაფერზე სწყდებათ, სწავლა რომ მათთვის ხელმისაწვდომი ხდება, ნელ-ნელა ოქროსაც გამოიხსნი ლომბარდიდან და სიღარიბიდან ამოსვლას იწყებ... იშვიათია, აქ ვინმემ შენი ტკივილი გაგიგოს, უნდა სულ უღიმო ყველას, გინდა თუ არ გინდა ეს. ისე, რაც მართალია, ბედი მწყალობს, სულ კარგი ოჯახი მხვდება, თბილი ხალხი, ადვილად ვეგუები ყველას. ზოგი ვერ უძლებს და ერთ-ორ თვეში უკან ბრუნდებიან ხოლმე. როდესაც გადაწყვეტს ადამიანი ემიგრანტობას, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა იყოს მზად, რადგან აქ შენს თავს აღარ ეკუთვნი, შენი მე გვერდზე უნდა გადადო და დილიდან საღამომდე სხვისი მოთხოვნების და პრეტენზიების ქვეშ იცხოვრო, ახლა მკითხველმა თავად გამოიტანოს დასკვნა და უპასუხოს კითხვას _ სჯობია თუ არა იქ, სადაც არ ხარ? მაგრამ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდის ადამიანი ამ ყველაფერს, მანამდე ვერ გააცნობიერებს ჩვენი ცხოვრების ტვირთის სიმძიმეს. ![]() ![]() ბოლოს, მინდა მადლიერება გამოვხატო ბერძენი ხალხის მიმართ, რომელთა ნდობითა და პატივისცემით ჩვენ დღეს აქ ვართ და ჩვენს ოჯახებს და ქვეყანას გვერდში ვუდგავართ. ჩვენ ამათ გაგვატანინეს თავები და ფეხზე დაგვაყენებინეს ოჯახები, შეუძლებელია, უმადური იყო და ეს სიკეთე ვერ დაინახო. გეფერებით ყველას, ჩემს საყვარელ დედოფლისწყაროელებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და მალე გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას! ათენი, 2018 წელი, 16 ნოემბერი, ცირა წიკლაური. ესაუბრა ელზა ხარაშვილი გაზეთი „შირაქი“ 430 შეფასება არ არის
|