სხვა ნაპოლეონი, ოლივიე, წერეთელი და სხვა ცნობილი გვარები, რომლებიც კერძების სახელებად იქცნენ 2018, 25 ოქტომბერი, 11:06 ამ ადამიანებიდან ზოგიერთის ცხოვრება სულაც არ იყო დაკავშირებული კულინარიასთან, თუმცა მათი გვარები ცნობილი კერძების და სასმელების სახელებად გადაიქცნენ.
ალექსანდრო მარტინი საყოველთაოდაა ცნობილი ისტორია, რომლის მიხედვითაც ეს სასმელი შექმნა ერთმა ადამიანმა, მაგრამ სახელი მას სულ სხვა პიროვნების პატივსაცემად უწოდეს. 1847 წელს რამდენიმე მეწარმემ ტურინთან ახლოს დააარსა ფირმა, რომელიც იმ დროისთვის სრულიად ახალ სასმელს - ვერმუტს აწარმოებდა. სასმელი ლუიჯი როსიმ შექმნა, მაგრამ სახელი მას ფირმის დამაარსებლის -ალექსანდრო მარტინის მიხედვით ეწოდა. თავდაპირველად სასმელს Martini, Sola & Cia ერქვა, შემდეგ მან განიცადა ტრანსფორმაცია და Martini & Rossi დაერქვა, ხოლო საბოლოოდ მას უბრალოდ Martini უწოდეს. ანა მარია ლუიზა ორლეანელი, ჰერცოგინია დე მონპანსიე ლუდოვიკო XIII-ეს ძმისშვილს სიცოცხლე ვერ წარმოედგინა პატარა კარამელის კანფეტების გარეშე, რომელსაც ის გამუდმებით ატარებდა მომცრო თუნუქის კოლოფით. იმ დროს ამ ტკბილეულს შაქარყინული ერქვა. ახალი სახელი მას უწოდეს რუსეთში, სადაც პირველად XIX საუკუნეში შეიტანეს. მას მიაკუთვნეს ანა დე მონპანსიეს გვარი, რომელიც ქვეყანაში ცნობილი იყო ალექსანდრე დიუმას რომანების წყალობით. გრაფი დიუ-პლეს-პრალინე, ჰერცოგი დე შუასიე საფრანგეთის დიპლომატსა და მარშალს ჰყავდა შესანიშნავი მზარეული, რომელმაც მოიფიქრა უგემრიელესი დესერტი. მზარეულმა ახალვგამოგონებულ ნუგბარს, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იცნობს "პრალინეს" სახელით, გრაფ სეზარის გვარი დაარქვა. პიცა "მარგარიტა" 1889 წლის ერთ მშვენიერ საღამოს მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე მარგარიტა ფლორენციის ქუჩებში დასეირნობდნენ. მოშივებულებმა გადაწყვიტეს, ღარიბების საჭმელი გაესინჯათ. პატარა კაფეში შესულ გვირგვინოსნებს მზარეული გაუმასპინძლდა პამიდვრით, მოცარელათი და ბაზილიკოთი მომზადებული პიცით. ერთი შეხედვით ეს უბრალო კერძი ისე მოეწონა დედოფალს, რომ სასახლეში დაბრუნებულმა თავის მზარეულს უბრძანა, ის სამეფო მენიუში შეეტანა. ასე ეწოდა პიცას მარგარიტას სახელი. კვერცხი "ბენედიქტი" სინამდვილეში ეს უბრალოდ კვერცხი კი არაა, არამედ ბუტერბროდია. მას ამზადებენ სულ ახალი კვერცხით ისეთნაირად, რომ გული დარჩეს კრემისებრ მდგომარეობაში. ჰოლანდიელმა ბროკერმა ლემუელ ბენედიქტმა რესტორანში შეუკვეთა ტოსტი მოხარშული კვერცხით, ბეკონით და ჰოლანდიური სოუსით. რესტორნის მეტრდოტელი ისე აღაფრთოვანა ამ კერძმა, რომ გადაწყვიტა, ის მენიუში ჩაესვა. დღესდღობით ეს კერძი ძალიან პოპულარულია დასავლეთ ევროპაში და ითვლება სრულფასოვან საუზმედ. ბეფსტროგანოვი ბეფსტროგანოვი ანუ საქონლის ხორცის სტროგანოვისებურად - ეს კერძი რუსეთში შეიქმნა XIX საუკუნეში. ცნობილი მოსკოველი კულინარი სტროგანოვი მას შემდეგნაირად ამზადებდა: საქონლის ხორცის ფილეს ის ყოფდა ორი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად და ხის ჩაქუჩით აბრტყელებდა 5-7 მილიმეტრამდე. შემდეგ ხორცის თხელ ფირფიტებს ჭრიდა თხელ ნაჭრებად, ამოავლებდა სანელებლებში და წვავდა კარაქში. კერძის საბოლოო სახის მისაღებად საჭირო იყო მისი მოშუშვა ნაღებში. დესერტი "პავლოვა" ამ უნაზეს ნუგბარს სახელი ცნობილი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას პატივსაცემად უწოდეს. მისი რეცეპტი 1935 წელს მოიფიქრა კულინარმა ალბერტ საქსმა. შეფ-მზარეულმა ბალერინას გამოსვლებს ავსტრალიაში უყურა და მისი გრაციითა და სილამაზით მოხიბლულმა მოიფიქრა საკონდიტრო შედევრი, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სალათი ცეზარი სალათი „ცეზარი“, მიუხედავად მისი მინიმალისტური და ძალიან მარტივი შემადგენლობისა, დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობად და მოთხოვნად კერძად ითვლება. ცნობილი კულინარიული კრიტიკოსები მისი შექმნის უამრავ ვერსიას მოგვითხრობენ, თუმცა ყველაზე გავრცელებული შემდეგი ისტორიაა: 1896 წელს იტალიაში, ლაგო მაჯიორეს სიახლოვეს ერთი ბიჭი დაიბადა - სახელად ცეზარი. რა თქმა უნდა, ის გაიუს იულიუსი არ ყოფილა და მოკრძალებულ გვარ კარდინის ატარებდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთი ამაყი სახელის მქონე ბიჭუნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა. მან მალე პატარა სასტუმრო და რესტორანი Ceasar’s Palace გახსნა. კარდინის სასტუმრო სახელმწიფოს საზღვართან მექსიკის ტერიტორიაზე, სან-დიეგოდან ოცი კილომეტრის მოშორებით, პატარა ქალაქ ტიხუანაში მდებარეობდა, რაც „მშრალი კანონის“ გვერდის ავლით ბიზნესის საწარმოებლად საკმაოდ მომგებიანი იყო და ალკოჰოლს დანატრებული ამერიკელები დასალევად მექსიკაში გადასვლას არ იზარებდნენ. 1924 წლის 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კარდინის რესტორანში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. კაფეში ალკოჰოლის დეფიციტი არ იყო, მაგრამ საკვები შემოაკლდათ, ახლო-მახლო მაღაზიები კი დაკეტილი აღმოჩნდა. რესტორნის სამზარეულოში მხოლოდ კვერცხი, ზეითუნის ზეთი, სალათის ფოთლები, თეთრი პური, ვორჩესტერის სოუსი, ყველი პარმეზანი და ნიორიღა დარჩენილიყო. გონებაგამჭრიახმა ცეზარ კარდინიმ თეფშს შუაზე გაჭრილი ნიორი წაუსვა, ზედ სალათის ფოთლები დააფინა, მოასხა ზეითუნის ზეთი, ზემოდან განსაკუთრებული წესით მოხარშული კვერცხი დაადო, დაუმატა გახეხილი ყველი, ლიმონის წვენი, სანელებლები, რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის სოუსი და ნივრიან ზეთში დაბრაწული ორცხობილები. ამის შემდეგ კი თავის სტუმრებს მანამდე არნახული კერძი მიართვა. ასე დააგემოვნეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სალათა, რომელმაც მალე გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა. კერძს ავტორის სახელი დაერქვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. შარლოტა ეს პოპულარული ღვეზელი მოფიქრებული იქნა ბრიტანეთის მეფის, გეორგ III-ის და მისი ცოლის, შარლოტას შეფ-მზარეულის მიერ. კლასიკური შარლოტა - ესაა ღია ღვეზელი ვაშლით, ვანილით და დარიჩინით. ლეგენდის მიხედვით, მეფეს ძალიან უყვარდა ტკბილეული, მაგრამ მას გამუდმებით ტანჯავდა ბოღმა იმის გამო, რომ თითქმის ყველა ცნობილი დესერტი გამოგონებული იყო ფრანგების, იტალიელების და გერმანელების მიერ. მას სურდა შექმნილიყო უბრალო, მაგრამ გემრიელი სუფთა ინგლისური დესერტი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდებოდა. მეფემ ამის შესახებ სთხოვა თავის მზარეულს, მანაც არ გააწბილა და გამოიგონა ნამცხვარი, რომელსაც მონარქმა თავისი ცოლის სახელი უწოდა. ნამცხვარი "ნაპოლეონი" დღესდღეობით უამრავი რეცეპტი არსებობს ფენოვანი ცომისა და კრემისაგან მომზადებული ამ უგემრიელესი დესერტის. საფრანგეთსა და იტალიაში მას ''ათასფენას'' უწოდებენ, დიდ ბრიტანეთში-კრემიან ხვეულას, ბელგიასა და ნიდერლანდებში ''ტომპუსს'', უნგრეთში კი ფრანგულ სამეფო ნამცხვარს ეძახიან. ნამცხვარს ნაპოლეონი 1912 წელს დაარქვეს რუსეთში ფრანგებზე გამარჯვების 100 წლის აღსანიშნავად. ამ პერიოდიდან ნამცხვარს ამზადებდნენ სამკუთხედის ფორმით, რომელსაც ნაპოლეონის ქუდის ფორმა ჰქონდა (ამგვარად მომზადებულ ნამცხვარს ჩვენში "წიგნ ნაპოლეონს" ეძახიან). რეიგანის სუპი 1986 წელს ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მოჰბეზრდა ფრანგული სუპები. ამ განცხადების გაკეთებისთანავე აშშ-ში დაიწყო ხმაურიანი კამპანია, რომლის მიზანიც იყო, გამოეგონებინათ ტიპური ამერიკული სუპი. კამპანიის შედეგად გამოგონებული იქნა სუპის რეცეპტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქონლის ხორცი, პამიდორი, მწვანე წიწაკა და ღომის მარცვლები. როკფელერის ხამანწკები ამ კერძის სრული რეცეპტი დღემდე საიდუმლოდაა დარჩენილი. 1889 წელს ის გამოიგონა რესტორან "ანტუანის" პირველი მფლობელის ვაჟმა, ჟიულ ალჩიტორემ და კერძს უწოდა იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სახელი (უფრო სწორად, გვარი). ეს ხამანწკები დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ამ რესტორანში მზადდება და მისი რეცეპტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ჰემინგუეის შამპანური ჰემინგუეის ძალიან უყვარდა ალკოჰოლური სასმელები, ხოლო თავს გადახდენილი ავიაკატასტროფის შემდეგ მათ იყენებდა, როგორც გაუტკივარების საშუალებას. სწორედ მაშინ მოიფიქრა მან აბსენტისა და შამპანურის ნარევი და დაარქვა "სიკვდილი შუადღისას". ამბობდნენ, რომ ასევე ჰემინგუეიმ გამოიგონა სასმელი "სიკვდილი გოლფსტრიმში " (ჯინი ლაიმის წვენით). კარპაჩო აღორძინების ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვარი ვიტორე კარპაჩო განთქმულია წითელი ფერის სიყვარულით მის ტილოებზე. მოგვიანებით, სწორედ კარპაჩოს ფერწერის ამ თავისებურებამ შთააგონა იტალიელი მზარეულები, შეექმნათ ცივი საუზმე, რომლის მთავარ ინგრედიენტს წვრილად დაჭრილი უმი საქონლის ხორცი შეადგენდა. ამბობდნენ, რომ ეს საუზმე საგანგებოდ შექმნეს ანემიით ავადმყოფი რომელიღაც მდიდარი არისტოკრატის შვილისათვის. სალათი "ოლივიე" ესაა გამონაკლისი შემთხვევა ჩვენს სიაში, როცა კერძს მისივე შემქმნელის სახელი ეწოდა. ფრანგი კულინარების ცნობილი დინასტიის წარმომადგენელმა ეს სალათა რუსეთში, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში შექმნა და მას შემდეგ ის რუსულ ეროვნულ კერძად მიიჩნევა. ლუსიენ ოლივიე საფრანგეთიდან გადავიდა რუსეთში საცხოვრებლად და მოსკოვში ცნობილი რესტორანის - „ერმიტაჟის“ მფლობელი გახდა. რესტორანში ნამდვილი ევროპული ატმოსფერო იგრძნობოდა. ოფიციანტებს ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვათ, სტუმრებიც შესაბამისი იყვნენ და სამზარეულოც — მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ოლივიემ თავისი სალათა გაბრაზებულმა შექმნა. მან გადაწყვიტა, რესტორნის სტუმრები გაეხარებინა ახალი კერძით „მაიონეზი ნანადირევში“. ეს ნამდვილი კულინარიული კომპოზიცია იყო: კაკბისა და ხოხობის დაჭრილი ფილე, ლანსპიკის (ხბოს თავის, ფეხებისა და მთელი რიგი სანელებლებისგან დამზადებული ჟელე) კუბები, ხბოს ენა და კიბორჩხალის კისერი, რომელსაც მაიონეზი „პროვანსალი“ ჰქონდა მოსხმული. ხორცის ამ ასორტის ცენტრში, უმეტესწილად სილამაზისთვის, კარტოფილის ბორცვი იდო კიტრის მწნილით, რომელსაც მოხარშული კვერცხი აგვირგვინებდა. ოლივიეს სალათა ფრანგულ ყაიდაზე ჰქონდა „აწყობილი“ — მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში სალათის ინგრედიენტებს ერთმანეთში არ ურევდნენ, მათ ლამაზად ან ფენა-ფენა ალაგებდნენ თეფშზე და სოუსს გვერდით უსხამდნენ. მაგრამ რუსებმა კერძის არა ესთეტიკური მხარე, არამედ გემო შეაფასეს: ფრანგის თვალწინ სტუმრები ერთმანეთში ურევდნენ ბოსტნეულსა და ხორცს და კულინარიული შედევრისგან სილამაზისა და ესთეტიკურობის ნატამალი აღარ რჩებოდა. ოლივიემ ამას ბარბაროსობა უწოდა და მომდევნო დღეს განრისხებულმა ყველა ინგრედიენტი თავად აურია ერთმანეთში — ასე გაჩნდა ცნობილი „ოლივიეს სალათი“. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ოლივიემ თავისი რეცეპტის საიდუმლო საფლავში ჩაიყოლა, მაგრამ ეს უგემრიელესი კერძი განსხვავებული, გამარტივებული, მაგრამ მაინც გემრიელი ინგრედიენტებით დღესაც შემორჩა სადღესასწაულო სუფრას და საქართველოშიც კი საახალწლო სუფრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კერძია. წერეთლის მწვადი მთელი ''გუგლი'' გადავჩრხიკე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ეწოდა კეცზე შემწვარ გოგრის თესლს ''წერეთლის მწვადი'', ვერ ვიპოვე. მხოლოდ მახსენდება მამაჩემის (მასაც ძალიან უყვარდა ეს დელიკატესი, საკუთარი ხელით გამოარჩევდა გოგრის თესლს, მარილში აურევდა და შეშის ღუმელში შეწვავდა) ნაამბობი იმის შესახებ, რომ ჩვენს საყვარელ პოეტს, აკაკი წერეთელს ძალიან უყვარდა ეს დელიკატესი. ნაბახუსევი აუცილებლად შემოატანინებდა მზარეულს კეცზე შემწვარ მარილმოყრილ გოგრის თესლს და სიამოვნებით აკნატუნებდა. სავარაუდოდ, ამ ნუგბარის გამოგონების იდეაც აკაკი წერეთელს ეკუთვნის და სწორედ მის ოჯახში დამზადდა სულ პირველად "წერეთლის მწვადი" (თუ ვინმეს მოგეძევებათ სხვა ინფორმაცია ამის შესახებ, გთხოვთ გაგვიზიაროთ კომენტარებში). 394 7-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com