საქართველო გული სავსე გქონდა მზაკვრობით 2018, 11 სექტემბერი, 10:56
სიტუაციის დრამატიზირებას ან პოლიტიზირებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, არავის გაკრიტიკებას, ღმერთმა დამიფაროს. ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური მოქალაქე და მხოლოდ სამართლიანობა მსურს, მაგრამ არა ისეთი – "ჩვენ ხომ გვჩაგრავდნენ და ახლა ჩვენც დაგვაჩაგვრინეთ ჩვენი დამჩაგვრელებიო!" დაჩაგვრა და შურისძიება ეთიკურ ნორმებს და მართლმადიდებლურ მრწამსს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, სრულიად მიუღებელია. თუმცა, როდესაც ხედავ შვილმკვდარი მამების სასოწარკვეთილ მცდელობას, რომ ნებისმიერი გზით სამართალს მიაღწიონ და შვილების გამოუძიებელი მკვლელობების მიჩუმათების მიზეზები გამოიკვლიონ, ძნელია, გულგრილი იყო. აქ მიუღებელია გაჩუმება, ან მიკერძოებული და უსამართლო დამოკიდებულება.
მოდით, დავიწყოთ თავიდან და ვაღიაროთ, რომ ე.წ. 9–წლიანი "რეჟიმი" არ მოგვწონდა ორი ძირითადი მიზეზის გამო, რომლებიც ხალხმა გააპროტესტა: 1. საზოგადო და საყოველთაო გაჭირვების ფონზე ხელისუფლებაში მყოფთა უზომო გაზულუქება და ხალხის ხარჯზე ზედმეტად დალხენილი ცხოვრების მოწყობა; 2. უსამართლობა, რომელიც გამოიხატებოდა ბიზნესების მიტაცებაში, უზომოდ დიდი რაოდენობის დაპატიმრებებში, პატიმართა უფლებების დარღვევებში, და ა.შ. მაგრამ უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, ხალხის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია, იმ დანაშაულების გამო, რომელსაც სამართალდამცველები ჩადიოდნენ. ყველას გვახსოვს, ხშირად ვრცელდებოდა სასტიკად ნაწამები დამნაშავეების შემზარავი კადრები და ზოგჯერ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ფატალური შედეგითაც სრულდებოდა. გახმაურებული მკვლელობების მაგალითები იყო თეთრაძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და ა.შ., რომლებიც კარგა ხანს ბოლომდე გამოუძიებელი რჩებოდა, ან მკვლელების მიმართ უცნაურ ლოიალობას იჩენდა ხელისუფლება, რის გამოც ოჯახები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ გამოძიების მისამართით. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ამ ფონზე ხალხის აღშფოთება მუდმივად მატულობდა. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები იყო და ცხადია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას რეაქცია უნდა მოჰყვეს და მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ეს რეაქცია იყო გადამწყვეტი აკორდი ხალხის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის ურყევი გადაწყვეტილების მიღებაში. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მოდით, ახლა დავფიქრდეთ, შეწყდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევები ამ კუთხით? მაშინვე გაგვახსენდება შესანიშნავი ახალგაზრდა, შალვა თავთუხაშვილი, რომლის მკვლელობაც დღემდე ბურუსით მოცულია და რომლის სამართლიან გამოძიებასაც ითხოვს ოჯახი. შემაშფოთებელია ისიც, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, მას მოჰყვა არაერთი გახმაურებული მკვლელობა, რომლებიც ასევე პოლიტიკურს ჰგავდა და ასევე იყო მცდელობა, თვითმკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭებისა, მათი აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საწყის ეტაპზე ხელისუფლება გაუარესებული კრიმინოგენული სიტუაციის გაკონტროლებას გაძლიერებული პატრულირებით და რეიდებით შეეცადა, თუმცა ამას კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მასებში. ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული "პოლიტპატიმრები" აღმოჩნდნენ სასტიკი დამნაშავეები, რომლებიც მყისიერად დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაებნენ და მათი ხელახალი დაპატიმრება აღმოჩნდა საჭირო. სამაგიეროდ, ამნისტია არ შეეხო ციხეში შემთხვევით მოხვედრილ პატიოსან ადამიანებს, რომლებიც საშიში დამნაშავეები არასოდეს ყოფილან, მაგრამ ისეთი ახლობლები არ აღმოაჩნდათ, რომლებიც შეეცდებოდნენ სიტუაციით ესარგებლათ და მათი პატიმრების დანაშაულისთვის პოლიტიკური კვალიფიკაცია მიენიჭებინათ და პოლიტმატიმრებად გამოეცხადებინათ. შედეგად მივიღეთ საშინელი სურათი – თუკი ადრე ციხეებში სამართალდამცავები აწამებდნენ დამნაშვეებს, უკვე დამნაშავეები შეესივნენ უდანაშულო მოსახლეობას, მათ შორის უმწეო ქალებს და მცირეწლოვან ბავშვებს. ერთხელ, თბილისის ფორუმზე შემთხვევით წავაწყდი გამოკითხვას: არის თუ არა თავთუხაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეზე უარესი? რაში ვეჯიბრებით ერთმანეთს ქართველები, ნუთუ ეს უშველის საქმეს, რომ გავარკვიოთ, რომელი უარესი იყო, ანკი როგორ შეიძლება მკვლელობა უკეთესი ან უარესი იყოს? ეს სისტემური დანაშულობები, რომლებიც ვერ აღიკვეთა, საზოგადოების მანკიერებაზე მიგვითითებს, არ არის საქმე რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ამ საზოგადოების ფესვებიდან არის აღმოცენებული და თუ საზოგადოება სასტიკია, სასტიკია მისი ხელისუფლებაც, სამართალდამცავებიც, და ალბათ მომავალი თაობაც ასეთი იქნება, თუ ჩვენ არ შევიცვლებით და არ გავხდებით უფრო ლმობიერები, მიმტევებლები და გულმოწყალეები. იქნებ დროა, საზოგადოება, რომლის მოზარდებიც დაუნდობლად კლავენ ერთმანეთს, დაფიქრდეს, სად უშვებს შეცდომას, რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემების არსი, რატომ არიან ბავშვები ასეთი დაუნდობლები! იმიტომ ხომ არა, რომ მამების თაობამ სწორად არ აღზარდა, იქნებ არასწორი მაგალითი მივეცით, სიძულვილის გარემოში აღვზარდეთ და სიყვარულის დეფიციტმა გაუქვავათ გულები? პირად მაგალითს აღზრდაში ყველაზე მეტი ეფექტი აქვს, თუკი შენ გძულს ადამიანები და მათ მიმართ დაუნდობელი ხარ, შენი შვილი ვერ იქნება ლმობიერი და ჰუმანური, ის ზუსტი ანარეკლია ოჯახის და იმ გარემოსი, რომელშიც იზრდება, ზუსტი სახეა იმ საზოგადოების, რომლის წიაღშიც აღმოცენდა! ბავშვები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე დაიკლვნენ, ვითარცა ტარიგი, სწორედ საზოგადოებამ დახოცა, იმ საზოგადოებამ, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ჩირად არ ღირს, რომელიც ადვილად ამბობს: არ უნდა მოკლა? არ უნდა ესროლო ტყვია? არ უნდა ჩაქოლო? დიახ, ამ საზოგადოების წიაღში აღმოცენებული თესლი კლავს, რადგან ნიადაგიდან იღებს ამ სისასტიკის შხამს! ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამ უმძიმესი სიტუაციიდან, რადგან ეს ყველაფერი არც ქვეყანას წაადგება და მით უმეტეს, არც მის მოქალაქეებს, რომელთაც რევოლუციები და ხელისფლებების გაუთავებელი ცვლა კი არ სჭირდებათ, არამედ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა თავი იგრძნონ დაცულად, ფიზიკურად, სოციალურად, ყველანაირად! იქნებ დროა, დავფიქრდეთ და გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები, სხვისი შეცდომები კი არ გავიმეორეთ, დაუსჯელობის განცდა კი არ წავახალისოთ, არამედ ვიყოთ უკეთესი მათზე, ვისაც ვაკრიტიკებდით, ვის შეცვლაშიც ხალხმა მონაწილეობა მიიღო იმ იმედით, რომ მსგავსი საძაგლობა აღარ განმეორდებოდა, იმ იმედით, რომ სამართლიანობა იზეიმებდა, იმ იმედით, რომ ამოისუნთქავდნენ და გაჭირვებას თავს დააღწევდნენ, იმ იმედით, რომ სახელმწიფო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით, ნათესაობით და ნაცნობ–მეგობრობით კი აღარ დაინიშნებოდნენ მავანნი, არამედ პროფესიონალიზმის და დამსახურების გათვალისწინებით. დამსახურება მარტო ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ვიღაცის ახლობლობას არ გულისხმობს, დამსახურება გულისხმობს შენი ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე დამსახურებას, საქმის ცოდნას, რომელიც გამოიხატება პროფესიონალიზმში, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებაში და ბოლოს და ბოლოს, შედეგებით იზომება, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი! მოდით, იქნებ დავფიქრდეთ და ნუ დავივიწყებთ უახლოეს წარსულს, თორემ ხალხის ნება რომ უზენაესია, ეს უკვე ვნახეთ! მოდით, იქნებ შევცვალოთ დამოკიდებულება, დანაშულში, ულმობელობაში და უსამართლობაში ნუ კი გავეჯიბრებით ერთმანეთს, იმაში გავეჯიბროთ, როგორ ვიყოთ უკეთესები, უფრო გულმოწყალეები, მადლიერები, მიმტევებლები, დავინახოთ ის, რასაც სხვა კარგად აკეთებს და შევეცადოთ უკეთ გავაკეთოთ. თუკი ამის აღიარების ძალა არ შეგვწევს, ეს სისუსტეა, რომელსაც უნდა ვძლიოთ, თორემ უთუოდ თვითონ გვძლევს. უსამართლობას, ისევე როგორც სამართლიანობას, ბუმერანგის ძალა აქვს და ადრე თუ გვიან თავად უბრუნდება პატრონს. ყოველ დროში ასე იყო, ადამიანის ყველაზე დიდი მტერი ამპარტანებაა, რომელიც ხშირად გონების თვალს გვიხშობს და ბევრ უსამართლობას ჩაგვადენინებს. უსამართლობას კი არც ხალხი პატიობს და არც ღმერთი. სიბრძნე ზირაქისა გვამცნობს: "თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით". უფალმა შეგვინდოს და ღვთის სათნო საქმეები გვაკეთებინოს ხალხის და საკუთარი სულის სასარგებლოდ. 166 1-ს მოსწონს
|