საზოგადოება მფრინავი რომეო და საბჭოთა ჯულიეტა 2018, 7 სექტემბერი, 15:38 ამ ამბავზე მთელი მსოფლიოს პრესა წერდა. წამყვანი გამოცემები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მყვირალა და მრავლისმეტყველი სათაურების მოგონებაში. ამბის გმირებს თანამედროვე რომეო და ჯულიეტაც კი უწოდეს. რომეო - ინგლისელი ინჟინერი ბრაიან გროვერი გახლდათ, ჯულიეტა კი, ელენა გოლიუსი, რუსი მედდა საბჭოთა კავშირიდან. თავისთავად ის ფაქტი, რომ ინგლისელს საბჭოთა კავშირის მოქალაქე შეუყვარდა, თუნდაც იმით იყო უჩვეულო, რომ ამგვარი კავშირები სსრკ-ში აკრძალული გახლდათ და სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო, მაგრამ აჟიოტაჟი ამის გამო არ ატეხილა.
ბრაიან გროვერი გახლდათ პირველი უცხოელი, რომელმაც უნებართვოდ, თვითმფრინავით გადაკვეთა სსრკ-ის საზღვარი საყვარელ ქალთან შესახვედრად. მართლაც, სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს. რომ არა მისი სატრფო, ბრაიან გროვერი აზრადაც არ გაივლებდა მსგავსი თავზეხელაღებული საქციელის ჩადენას. მან ორჯერ გარისკა:როცა გამოუცდელმა პილოტმა სპორტული თვითმფრინავით უზარმაზარი მანძილი დაფარა ინგლისიდან საბჭოთა კავშირამდე და როცა სსრკ-ის საზღვარი დაარღვია, რისთვისაც სულ მცირე, 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ელენას და ბრაიანის გაცნობის ისტორიის სამი ვარიანტი არსებობს:
ვარიანტი პირველი პირველი, საბჭოთა ვარიანტი ასეთია: ინგლისელმა ინჟინერმა გროზნოში მუშაობისას გაიცნო ელენა, რომელიც აფთიაქში მუშაობდა ფარმაცევტად და მალე მოიხიბლა ქალიშვილის “ნათელი და სპეტაკი გამოხედვით.“ წყვილი ერთმანეთისადმი სიმპათიით განეწყო და მალე ეს გრძნობა სიყვარულში გადაიზარდა. ელენას მოხუცი მამა წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობისა და გაუთავებლად ბუზღუნებდა, რაღა უცხოელს გადაეყარა ელენა, როცა ჩვენი სასიძოებიც მრავლად გვყავსო. მალე ბრაიანის კონტრაქტს ვადა გაუვიდა და ინგლისში გაემგზავრა, უკან დაბრუნება კი ვერ შეძლო, რადგან ელენასთან ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ვიზაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც შეუპოვარმა ინგლისელმა გადაწყვიტა თუნდაც უკანონოდ, შეეღწია სსრკ-ში. ვარიანტი მეორე სულ სხვაგვარადაა აღწერილი მათი შეხვედრა ჯიმ რიკარდსის წიგნში “Out of Russia”, რომელიც 2009 წელს გამოიცა: უფროსი გროვერი ოცნებობდა, რომ მისი ვაჟი სამხედრო პირი გამოსულიყო, ბრაიან გროვერმა კი, როცა კემბრიჯის საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა, მამამისს ფრიად გაუცრუა იმედები. 1929 წელს, როცა “დიდი დეპრესიის“ ტალღა აგორდა, ბრაიანი კალიფორნიაში, ნავთობმომპოვებელ კომპანიაში მუშაობდა. კრიზისი მის სამსახურსაც შეეხო, უმუშევრად დარჩენილი გროვერი ისევ სამშობლოში, ინგლისში დაბრუნდა და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. ახალგაზრდა ინჟინერმა მალევე მიიღო შემოთავაზება ერთ–ერთი ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანიისგან, რომელიც სამუშაოებს სსრკ-ის ტერიტორიაზე აწარმოებდა, რადგან საბჭოთა კავშირს ამ დარგის ბევრი სპეციალისტი არ ჰყავდა. ბრაიან გროვერი მოსკოვში ჩავიდა. სამსახურებრივი საქმეების მოგვარებას დრო სჭირდებოდა და შეეძლო ქალაქი დაეთვალიერებინა. ასე მოხვდა მოსკოვის დიდ თეატრში. ლოჟაში, სადაც ბრაიანი მარტო იჯდა, ახალგაზრდა, წითელკაბიანი ქალი შევიდა. ბრაიან გროვერი წამოდგა, რომ ქალი გაეტარებინა და კარისკენ დაიწყო ყურება, რათა დაენახა, ვინ იყო ის იღბლიანი მამაკაცი, რომელიც ქალბატონს ახლდა, მაგრამ, როგორც ჩანდა, ქალი მარტო იყო. ბრაიანმა გამბედაობა მოიკრიბა და გამოელაპარაკა, მაგრამ მისი დამტვრეული რუსულის გაგონებზე ქალი დაფრთხა და ისე სწრაფად დატოვა ლოჟა, რომ პალტოც კი დაავიწყდა. ბრაიანი ქალს წამოეწია, ბოდიში მოუხადა, სთხოვა, ლოჟაში დაბრუნებულიყო და რადგან ქალი ისეთი დამფრთხალი და დაბნეული იყო, რომ პალტოს ჩაცმასაც კი ვერ ახერხებდა, ინგლისელმა ჯენტლმენმა თავისი პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მოასხა მშვენიერ უცნობს. ეს ქალი ელენა გოლიუსი გახლდათ. მისი უცნაური საქციელი იმით იყო გამოწვეული, რომ საიდუმლო პოლიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო, უცხოელთან ურთიერთობას, თუნდაც უმნიშვნელო საუბარს, მრავალი უსიამოვნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ამიტომ ელენა სასწრაფოდ დაემშვიდობა ბრაიანს და თეატრი დატოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელენა თვალს მიეფარა, ბრაიანმა გააცნობიერა, რომ სიჩქარეში ქალმა მისი პიჯაკიც გაიყოლა, რომლის ჯიბეშიც მნიშვნელოვანი საბუთები იდო. საბუთები არ დაკარგულა. ელენა გოლიუსი მეორე დღესვე მივიდა სასტუმროში, სადაც გროვერი იყო გაჩერებული და პიჯაკი დაუბრუნა. ამჯერად, ბრაიანმა მოახერხა ელენა დაეყოლიებინა, ვახშმად დარჩენილიყო, ვახშამს კიდევ რამდენიმე შეხვედრა მოჰყვა. ბრაიან გროვერი ბედნიერი იყო. ელენას კი პირიქით, ეს ურთიერთობა აშინებდა და როცა გროვერი გროზნოში გააგზავნეს სამუშაოდ, ქალმა მასთან კავშირი გაწყვიტა. ინგლისელი კი მაინც არ ნებდებოდა და წერილს წერილზე უგზავნიდა საყვარელ ქალს. ამაოდ, ელენასგან არაფერი ისმოდა. ის, რაც ბრაიანმა ვერ შეძლო, განგებამ აღასრულა. ერთ–ერთ ჭაბურღილზე აფეთქება მოხდა, მალე მთელი საბჭოთა პრესა აღტაცებით წერდა მამაც ინგლისელზე, რომელმაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო სხვების გადასარჩენად. ელენა გატყდა და ბრაიანს გროზნოში ჩააკითხა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა. ადგილობრივი მთავრობა და მილიცია მათ უკვე ეჭვის თვალით უყურებდნენ, ამიტომ ელენა და ბრაიანი მოსკოვში დაბრუნდნენ და 1933 წელს დაქორწინდნენ. მალე გროვერმა ცნობა მიიღო ლონდონიდან, მის ოჯახში მომხდარი რაღაც შემთხვევის გამო აუცილებლად უნდა წასულიყო ინგლისში. როგორც წიგნშია: “ლენამ თავისი ლოცვა-კურთხევა მომცა და მე ლონდონში გავემგზავრე. რა ვიცოდი, რომ მომდევნო 5 წელი საყვარელ მეუღლეს ვეღარ ვნახავდი.“ ვარიანტი მესამე რაც შეეხება ამ ამბის მესამე ვარიანტს, ის ელენა გოლიუსის დისშვილს ეკუთვნის, რომლის თქმითაც, ელენა ნამდვილად არ გახლდათ მორიდებული ქალიშვილი. მისი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ელენა ბრაიანზე 5 წლით უფროსი გახლდათ და გათხოვილიც იყო. გოლიუსების ოჯახი სამოქალაქო ომს გაექცა და გროზნოს შეაფარეს თავი. ელენას მამა ავადმყოფობით გარდაეცვალა და დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. გროზნოში ელენამ აფთიაქში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალე ტიფით გახდა ავად და საავადმყოფოში მოხვდა. მართალია, ცნობილ ექიმ-გინეკოლოგ როგოჟინს მის ავადმყოფობასთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი ელენა გოლიუსი დანახვისთანავე შეუყვარდა და ძალისხმევა არ დაუშურებია მის გამოსაჯანმრთელებლად. მოგვიანებით კი ხელიც სთხოვა. ელენა დათანხმდა. არც კი შეუცბუნებია იმას, რომ მომავალი მეუღლე მასზე ბევრად ასაკოვანი იყო და მისი ტოლი შვილებიც ჰყავდა, რომელთაც გულზე არ ეხატებოდათ სადედინაცვლო. ქორწილის შემდეგ ელენა და მისი მეუღლე საკუთარ, საკმაოდ დიდ სახლში გადავიდნენ. ელენას არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც უბედური იყო. მეუღლესთან შვილი არ გაუჩნდა, დროს კი მისი ახალგაზრდობა მიჰქონდა. მალე ექიმი როგოჟინი მისი განცხადების საფუძველზე, რომ დაავადების გავრცელებას ჩეჩნები დაუბანლობით ხელს უწყობენო, შოვინიზმში დაადანაშაულეს და დაკავებასაც უპირებდნენ, მაგრამ როგოჟინმა მიმალვა მოასწრო. მარტო დარჩენილ ელენა გოლიუსს კი ორი ინგლისელი შეუსახლეს ბინაში, რომლებიც ნავთობკომპანიაში მუშაობდნენ. ერთი მათგანი ბრაიან გროვერი გახლდათ. ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია მათი ფლირტისთვის, თუმცა მალე ფლირტი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ელენა ბრაიანს მოსკოვში გაჰყვა, 1933 წელს ხელი მოაწერეს და მთელ დროს ერთად ატარებდნენ. სამწუხაროდ, ბრაიანს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და იძულებული გახდა, ლონდონში დაბრუნებულიყო. “დამელოდე, მე დავბრუნდები“ - უთხრა ელენას წასვლის წინ. გროვერი იმედოვნებდა, რომ მალე დაბრუნდებოდა საყვარელ ქალთან, მაგრამ წლები გადიოდა, მას კი ისევ და ისევ უარს ეუბნებოდნენ სსრკ-ის ვიზაზე. ბრაიანი იმედს არ კარგავდა, კვლავ მოხვედრილიყო ქვეყანაში, რომელსაც დანარჩენი მსოფლიოსგან რკინის ფარდა ყოფდა. ყველა მცდელობა, წერილები და თხოვნა ოფიციალურ პირებთან უშედეგო აღმოჩნდა. ნუგეშს მხოლოდ ის აძლევდა, რომ ელენასთან მიმოწერა შეეძლო, მაგრამ მეუღლის გამოგზავნილი წერილები განშორების სევდით და ტკივილით იყო სავსე და ბრაიანის მწუხარებას ესეც აორკეცებდა. “ძვირფასო, მზად ვარ, თუნდაც ერთხელ გნახო და მერე თვალები დამთხარონ“- სწერდა ბრაიანი ელენას ერთ წერილში. “მიყვარხარ“ - სწერდა ელენა საპასუხოდ -“მაგრამ ეს განშორება ნელ სიკვდილს უდრის ჩემთვის“... ბოლო წერილებში კი ელენა სთხოვდა ბრაიანს, დაევიწყებინა ის და თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა, მაგრამ ბრაიანი დანებებას არ აპირებდა. 1938 წლის შემოდგომაზე ლონდონის საფრენოსნო სკოლაში მამაკაცი მივიდა და ფრენის შესწავლის სურვილი გამოთქვა. ეს კაცი ბრაიან გროვერი გახლდათ. ბრაიანი გულმოდგინედ შეუდგა სწავლას, ყოველდღე ვარჯიშობდა და ოქტომბრის ბოლოს პილოტის მოწმობაც მიიღო. შემდეგი ნაბიჯი ის იყო, რომ დანაზოგით პატარა სპორტული თვითმფრინავი იყიდა და დამხმარე პილოტი დაიქირავა, რომელიც გეგმის განხორციელებაში უნდა დახმარებოდა. გეგმა კი მართლაც გიჟური იყო: ბრაიანი საბჭოთა კავშირში აპირებდა გაფრენას. 1938 წლის 13 ნოემბრის სუსხიან დილას ბრაიან გროვერი ბროკსბორნის აეროდრომიდან გაფრინდა, მარშრუტით: ამსტერდამი-ბრემენი-ჰამბურგი-სტოკჰოლმი და საბოლოო პუნქტი-სსრკ. ფრენა 6 საათს გაგრძელდა. ფინეთის ყურეზე გადაფრენისას გროვერი ლამის გაიყინა. თერმოსიდან გამუდმებით ასხამდა ცხელ ყავას საწვავის მაჩვენებელს, რომ ყინვას მოწყობილობა არ გაეფუჭებინა და როცა თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა, საწვავიც გამოილია. “კალინინის ოლქის, სტარიცის რაიონის სოფელ გლუხოვოს კოლმეურნეებს ალბათ დღესაც ახსოვთ ის უცნაური შემთხვევა, როცა 1938 წლის 13 ნოემბერს, საღამო ხანს, უეცრად გამოძვრა ღრუბლებიდან და პირდაპირ საკოლმეურნეო მინდორზე დაეშვა პატარა, უცხოეთის გაფერადებული თვითმფრინავი. თვითმფრინავიდან გადმოსულმა პილოტმა რუსულად, მაგრამ ძლიერი უცხოური აქცენტით მიმართა მანქანის ირგვლივ შეკრებილ კოლმეურნეებს: -ო, გამარჯობა! მე ინგლისელი ვარ, დიახ! და თქვენთან ლონდონიდან ჩამოვფრინდი...ჩამოვფრინდი ჩემი რუსი საცოლის წასაყვანად...“ ესაა ნაწყვეტი სტატიიდან “მისტერ გროვერის სიყვარული“, რომელიც ჟურნალ “ნოვი მირში“ დაიბეჭდა 1957 წელს. ძნელი სათქმელია, ასე მიმართა თუ არა ბრაიან გროვერმა ხალხს, თუმცა დამსწრე საზოგადოებაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ის დააპატიმრეს და მოსკოვში გადაიყვანეს. ამავე დროს მსოფლიო პრესა ააჭრელა უცნაურმა ისტორიამ თავზეხელაღებული მფრინავის შესახებ, რომელმაც გაბედა და საბჭოთა კავშირის საზღვარი დაარღვია სატრფოს გულისთვის. ეს ისტორია პრესას იმ პილოტმა მიაწოდა, რომელიც გროვერმა დაიქირავა სტოკჰოლმამდე. “XX საუკუნის ყველაზე რომანტიკული საქმე“, “სიყვარულის ფრთებზე“, “ინგლისელის სიყვარულს შეუძლია სასწაულები მოახდინოს“, “სივრცემ უკან დაიხია სიყვარულის წინაშე“ - პრესაში სტატია სტატიაზე იბეჭდებოდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოსკოვისა და ბრაიან გროვერისკენ იყო მიმართული. საქმემ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ მასში ჩემბერლენი და ბერიაც კი ჩაერივნენ. 1938 წლის დეკემბერში ელენა გოლიუსი ლუბიანკაში დაიბარეს მფრინავი-ჯაშუშის, ბრაიან გროვერის საქმეზე დასაკითხად. 5 წლიანი განშორების შემდეგ სწორედ მაშინ მოხდა მათი შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. სასამართლო იმავე წლის 31 დეკემბერს შედგა. პროცესს უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ. ზემოთ ნახსენებ სტატია-მოთხრობაში, რომლის ავტორი ლევ შეინინი - იმ დროს ცნობილი გამომძიებელი გახლდათ, ბრაიან გროვერის სიტყვაცაა, რომლითაც მან მოსამართლეს მიმართა:“მე შევიყვარე თქვენი ქვეყანა, თქვენი ხალხი, ჩემი ელენა...მე რამდენიმე წელი ვიმუშავე რუსეთში, რუსებთან ერთად ვშრომობდი და ვისვენებდი. თქვენი შრომის ოკეანეში ჩემი შრომის წვეთებიცაა...“ ბრაიან გროვერი დამნაშავედ ცნეს სსრკ-ის საზღვრის დარღვევაში, მაგრამ იმ მოტივების გათვალისწინებით, რაც გროვერს ამოძრავებდა, მას მხოლოდ ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც საბოლოოდ 1 500 მანეთიანი ჯარიმით შეიცვალა. 3 დღის შემდეგ ბრაიანი და ელენა ლონდონში გაემგზავრნენ. მათ, როგორც გმირებს, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ინგლისში. ცოტა ხნის შემდეგ წყვილი კენიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფერმერული საქმიანობა წამოიწყეს, მოგვიანებით კი სამხრეთ აფრიკაში გადავიდნენ. მათ ორი ვაჟი შეეძინათ - პიტერი და ჰენრი. ელენა 1991 წელს გარდაიცვალა, ერთი წლის მერე კი ბრაიანიც აღესრულა. დაე, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, ბრაიანის და ელენას გაცნობის რომელი ისტორიაა უფრო რეალური და რომანტიკული, სამივე შემთხვევაში გაგრძელება ერთნაირია და სამივე ისტორიას ერთი რამ აქვს საერთო: არ არსებობს ძალა და საზღვრები, რომლებიც მოსიყვარულე გულებს შეაჩერებენ. 81 შეფასება არ არის
|