x
image
მანჩო 777
''დიდი თეთრი სახლის პატარა დიასახლისი'' - ჟაკლინ კენედი 90 წლის გახდებოდა
ის დიდი თეთრი სახლის პატარა და მშვენიერი დიასახლისი გახლდათ. ფოტორეპორტიორები ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდ კი შორიდან მაინც გადაეღოთ მისთვის ფოტო. მაშინაც კი, როცა ბებია გახდა, არ განელებულა საზოგადოების ყურადღება მის მიმართ. იგი იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე. მის ცხოვრებაში იყო ბედნიერი წლები, იყო იმედგაცრუება და დიდი ტრაგედია. როგორი იყო ამ მომხიბლავი ქალბატონის, ჟაკლინ კენედის, იგივე ჯეკის ცხოვრება, ცხოვრება ქალისა, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა ქალი-ლეგენდა?



image



ზუსტად 90 წლის წინ, 1928 წლის 28 ივლისს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა პატარა ქალბატონი, რომელსაც მომავალში ''ამერიკის დედოფალს'' უწოდებენ, აღიარებენ სტილისა და ქალურობის ეტალონად, მასზე დაწერენ უამრავ წიგნს, გადაიღებენ მხატვრულ ფილმებს....

ერთი შეხედვით, ის ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.




image



ჟაკლინი დაიბადა ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში, მდიდარ ოჯახში... მასში კოქტეილივით იყო არეული ფრანგული, ირლანდიული, ინგლისური და ამერიკული გენები. გოგონას მამა ჯონ ვერნონ ბუვიე საოცრად კოლორიტული პიროვნება ბრძანდებოდა. მეგობრები მას ”შავ ჯეკს” ეძახდნენ, რადგან მთელი წელი ნამზეური არ სცილდებოდა, ხუმრობით შეიხსაც ეძახდნენ მანდილოსნების განსაკუთრებული სიყვარულის გამო. ქალები გიჟდებოდნენ მასზე. ის ხომ ძალიან მდიდარი, მექალთანე და აზარტული მოთამაშე იყო და სწორედ აზარტის გამო გაფლანგა მოკლე ხანში ბაბუისა და მამის დატოვებული დიდი ქონება. რაც შეეხება ჯეკის დედას, ჟანეტ ბუვიეს, იგი არისტოკრატული და ღირსებით აღსავსე ქალი გახლდათ. კარგა ხანს უთმენდა ქმარს ქალებთან ფლირტაობასა და რომანებს, ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო და გაშორდა. გოგონებიც, ჯეკი და ლი, თავისთან წაიყვანა. მაშინ ჯეკი 8 წლის იყო. ”შავ ჯეკს” მათი ნახვა ყოველ კვირას შეეძლო და ისიც არაფერს აკლებდა, ყველანაირად ანებივრებდა ქალიშვილებს.



image



ცოტა ვინმემ იცოდა, რომ ჟაკლინი თავის თავს თვლიდა ულამაზოდ და ბავშვობიდან მუშაობდა თავისი გარეგნობის გაუმჯობესებაზე.

ჟაკლინმა მიიღო ბრწყინვალე განათლება - მან შეისწავლა ფრანგული ლიტერატურა და ხელოვნების ისტორია... რამდენიმე კოლეჯი გამოიცვალა. შემდეგ ნიუ-იორკის შტატში, პრესტიჟულ სასწავლებელში, ვასარში ჩაირიცხა. ცხენით ჯირითობდა, მოკლედ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ჟაკლინი მუშაობდა რეპორტიორად და 21 წლის ასაკში დაიკავა ცნობილ ჟურნალ Vogue-ის უმცროსი რედაქტორის თანამდებობა. ნახევარი წელი იმუშავა ამერიკულ განყოფილებაში, შემდეგ კი ფრანგულში გადავიდა. იმავე წელს მან გაიცნო ბირჟის ნიუ-იორკელი ბროკერი, ჯონ ჰასტედი და მასზე დაინიშნა კიდეც.

რა არის ბედი, არა? - ხომ შეიძლებოდა გაჰაყოლოდა იმ მაკლერს და შეიძლება უფრო ბედნიერიც ყოფილიყო, მაგრამ მას სულ სხვა მისია დააკისრა ბედმა.

კოლეგა რეპორტიორთან სადილზე ჟაკლინმა გაიცნო 37 წლის სენატორი, უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი ჯონ კენედი, მათ შორის თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაირბინა.
იმავე საღამოს ისინი კინაღამ პოლიციაში წაიყვანეს საზოგადოებრივ ადგილას კოცნის გამო.

კენედის გაცნობის მეორე დღეს, როცა ჟაკლინი საქმროს აეროპორტში აცილებდა, პიჯაკის ჯიბეში მას მშვიდად ჩაუდო ნიშნობის ბეჭედი და ამით დასრულდა მათი ამბავი.

ჯეკი სიყვარულისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მერე რა, რომ მათი შეხედულებები და გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვეოდა? ჯეკის გაგიჟებით უყვარდა თეატრი, ოპერა, მხატვრობა და კლასიკოსების კითხვა, ჯონს კი ვესტერნი და მსუბუქი ჟანრი იზიდავდა. განა ამის გამო შეიძლებოდა ახალგაზრდა, ენერგიული და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის უარი ეთქვა? ჯეკიმ მოხიბლა ჯონის დიდი ოჯახის ყველა წევრი და მათ იქორწინეს.

1953 წლის 12 სექტემბერს შედგა მათი ქორწილი, რომელიც „საუკუნის ქორწილად“ მონათლეს, თუმცა არავინ იცოდა, რომ ჟაკლინი ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს კენედების მიერ მისთვის შერჩეულ საქორწინო „კაბა-აბაჟურში“, რომელიც შეკერილი იყო 50 მეტრი ტაფტისაგან და მორთული იყო ძვირფასი თვლებით.



image




იმ საღამოს ჟაკლინმა გადაწყვიტა, რომ აღარასოდეს აღარ ჩაიცვამს იმას, რაც არ მოსწონს...
სხვათაშორის, ჟაკლინ კენედი დღემდე ითვლება ყველაზე „ძვირ“ პირველ ლედიდ, რომელიც ხარჯავდა გაცილებით მეტ ფულს, ვიდრე ოფიციალურად იღებდა მისი მეუღლე.

ქორწილის შემდეგ, კენედების ოჯახი ითვლიდა დღეებს და ელოდებოდა ჯონის შთამომავლობას. ისინი შეჩვეული იყვნენ იმას, რომ მათ ოჯახში ქალბატონები პირველივე წელს ფეხმძიმდებოდნენ და უკმაყოფილონი იყვნენ თავისი ახალი რძლით.
მათ არ იცოდნენ ან არ უნდოდათ სცოდნოდათ, რომ ჟაკლინმა ქორწილის შემდეგ რამდენიმე თვეში თავისი ნებით შეიწყვიტა ფეხმძიმობა, რადგანაც ბრწყინვალე სენატორმა, ჯონ კენედიმ გადასდო არასასიამოვნო დაავადება.
კენედების კლანის წარმომადგენლები იმაზეც ხუჭავდნენ თვალს, რომ ჯონი მუდმივად ღალატობდა ჟაკლინს. ჟაკლინი იყო თხელი, ოდნავ ბიჭური აღნაგობის ქალბატონი, წაბლისფერი თმებით, ჯონს კი თურმე ფორმიანი ქერა ქალები მოსწონდა, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო მერილინ მონრო. მათი რომანი ხომ მთელი ამერიკისთვის იყო ცნობილი.
ჟაკლინი ყველაფერს ითმენდა, სახალხოდ არ იმჩნევდა იმედგაცრუებას და არ კარგავდა ღირსებას, თუმცა ნერვიულობისაგან დღეში 2-3 ყუთ სიგარეტს ეწეოდა, რომელსაც აყოლებდა ძვირადღირებულ შამპანურს...



image



საინტერესო ფაქტია - არ არსებობს არცერთი ფოტო, სადაც ჟაკლინი ოდნავ მაინც ფორმაში არ არის. პაპარაცები არასოდეს ამახვილებდნენ ყურადღებას მის საკმაოდ ჩაპუტკუნებულ თითებზე (ამიტომაც მიღებებზე ხშირად ხელთათმანები ეკეთა) და არც იმაზე, რომ ფეხის ზომა ჰქონდა 41... მათ უბრალოდ უყვარდათ გულწრფელი და კეთილისმსურველი ჯეკი, როგორც მას მთელი ამერიკა ეძახდა...
არა და, ჟაკლინი ვერ იტანდა ამ სახელს, ამიტომაც არც მე გამოვიყენებ მეტჯერ...



image



როგორც იქნა, ჟაკლინი დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას არაბელა ერქვა.
იმ დროს, როდესაც ჟაკლინი მშობიარობდა, ჯონ კენედი ერთობოდა მეგობრებთან ერთად იახტაზე...
ეს იყო ბოლო წვეთი, რის მერეც ჟაკლინი მიხვდა, რომ მათი ქორწინება არამც თუ არ არის იდეალური, არამედ შეიძლება ხანგრძლივიც კი არ აღმოჩნდეს...
და აქ მოხდა საინტერესო რამ: ჯონის მამამ, რომელმაც იცოდა, რომ განქორწინება უარყოფითად იმოქმედებდა ჯონის პოლიტიკურ კარიერაზე, შესთავაზა ჟაკლინს ერთი მილიონი დოლარი იმაში, რომ ის არ გაშორდებოდა ქმარს.
ჟაკლინმა ფული აიღო და ამით, სავარაუდოდ, ბოლო წერტილი დაუსვა თავის ფრანგულ გრძნობებს და ირლანდიურ ემოციებს.



image



ჟაკლინი გადაერთო თეთრი სახლის მოწყობაზე... მას ჰქონდა საოცრად დახვეწილი გემოვნება და მის ხელში თეთრი სახლი გახდა ელეგანტური. მიღებებზე გამოჰქონდათ ექსკლუზიური ღვინოები და ფრანგული ობიანი ცისფერი ყველი.
ჟაკლინი ყურადღებას აღარ აქცევდა ჯონის სასიყვარულო ისტორიებს და იუმორით აღიქვამდა მერლინ მონროს მუქარას, რომ ის მალე გახდებოდა თეთრი სახლის დიასახლისი... მერილინი სულ ტყუილად იმუქრებოდა.
ჟაკლინი ამ დროს ავსებდა თავის გარდერობს მოწინავე კუტიურეების ტანსაცმლით და გართული იყო ტიფანის სამკაულების შეგროვებით.
ჟაკლინმა 1957 წელს გააჩინა კეროლაინ ბუვიე კენედი, ხოლო 1960 წელს ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მთლიანად გადაერთო მათ აღზრდაზე.



image



1963 წლის 22 ნოემბერს ჯონი და ჟაკლინი გაემგზავრნენ ტეხასში. უამრავი ხალხი შეგროვდა საყვარელი პრეზიდენტის და ჟაკლინის სანახავად.ისინი ისხდნენ ღია კაბრიოლეტში და ჟაკლინს ეცვა „შანელის“ ფირმის ვარდისფერი კოსტუმი. პრეზიდენტს ესროლეს, მას ერთი საბედისწერო ტყვია მოხვდა .ჯონი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო საავადმყოფომდე, თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა... ჟაკლინი იდგა გასისხლიანებულ შანელის კოსტიუმში და უარი განაცხადა მის გამოცვლაზე - „მე მინდა, რომ ყველამ დაინახოს, რა გაუკეთეს ჯონს“, - იმეორებდა ის...



image




ჯონის გარდაცვალების შემდეგ, ჟაკლინმა თქვა - „ახლა კი აღარაფერი არ დამრჩა“.


image



ზოგი იტყვის, რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები იყო, რომ ის მილიონი დოლარის გამო არ გაშორდა ჯონს, რომ ის იყო არაგულწრფელი თავის დარდში.

მე კი ვიცი და მჯერა, ჟაკლინს ჯონი უყვარდა ყოველთვის... მისი თითქოს თოვლის დედოფლის გაყინული პოზა უბრალოდ იყო თავდაცვა და ის, რომ ჟაკლინი მუდამ რჩებოდა ფორმაში და ყველაზე ელეგანტურად ეცვა, ჯონის ჯიბრზე კი არა - ჯონისთვის. მას გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ჯონი დაიოკებდა ვნებებს და გულით დაუბრუნდებოდა მას.



image



საერთოდ, ადამიანის განსჯა არის ყველაზე ადვილი გზა,
მაგალითად: ითვლება, რომ ჟაკლინი არისტოტელე ონასისს გაჰყვა მხოლოდ ფულის გულისთვის... ძნელია ამის დაჯერება. არც ჟაკლინი იყო ცარიელი და უემოციო ქალი და არც განუმეორებელი მარია კალასი, რომელმაც ონასისის გამო თავის მოკვლა სცადა.
სავარაუდოდ, იყო ამ მამაკაცში რაღაცა ძალა და ხიბლი. შესაძლებელია, დიდი ფულის ფლობით შექმნილი, მაგრამ ხომ იყო...

რა თქმა უნდა, ის სულ არ გავდა საოცარ ენტონი ქუინს, რომელმაც მისი როლი ითამაშა და პარტნიორობა გაუწია ჟაკლინ ბისეს, რომელიც ჟაკლინ კენედის თამაშობდა, მაგრამ ყვებიან, რომ ბერძნული ცეკვის დროს არისტოტელი თეფშებს არანაკლებად ლამაზად ტეხავდა.



image




თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯონის სიკვდილის შემდეგ ჟაკლინი სამი წელი ხვდებოდა მის ძმა რობერტს, მაგრამ მას შემდეგ, რაც რობერტი ჩაება საპრეზიდენტო რბოლაში, მან ჟაკლინი მიატოვა, შემდეგ კი ისიც მოკლეს ძმასავით. ასევე მოკლეს ჯონის მამაც ( კენედების ოჯახი დაწყევლილი იყო ნამდვილად ). ონასისი მაშინ იყო ერთადერთი, ვინც გვერდში ედგა ჟაკლინს და იცავდა მას და მის შვილებს. როცა ცნობილი გახდა მათი შეუღლების ამბავი, ყველა გაოგნდა. ამერიკა აღშფოთებული იყო. ჟურნალ-გაზეთებში არ წყდებოდა სტატიები სათაურებით: ”ჯეკი, ეს რა გააკეთეთ?” ”ჯონ კენედი მეორედ მოკვდა”, ”ეს შეუფერებელი წყვილია” და ამისთანები, მაგრამ ჯეკის საზოგადოების აზრი არ აინტერესებდა. მას უნდოდა თავი დაეღწია იმ საშინელი მოგონებისგან, დალასში გასროლილ ტყვიას რომ მოჰყვა.

ასე რომ, ჟაკლინი ცოლად გაყვა არისტოტელეს და როგორც იცოდა ხოლმე, მაშინ, როდესაც შიგნიდან არაფერი არ ავსებდა, გააგრძელა კაბების და სამკაულების კოლექციების შევსება. ერთადეთი, რაც საშინლად აღიზიანებდა, იყო ის, რომ ჟურნალისტებმა გადაარქვეს სახელი... ახლა მას მოიხსენიებდნენ არა როგორც ჯეკი, არამედ, როგორც „ჯეკი ო“-დ.



image



1975 წელს, მეორედ დაქვრივებული ჟაკლინი გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში და მუშაობდა რედაქტორად წიგნების გამოცემა Viking Pressში. შემდეგ კი, სიცოცხის ბოლომდე - უფროს რედაქტორად გამოცემა Doubleday- ში.
ყვებიან, რომ ამერიკელებმა ჟაკლინს არ აპატიეს ის, რომ ჯონის მერე ონასისს გაყვა ცოლადო.


ჟაკლინ კენედიმ (მაინც კენედიმ და არა ბუვიემ და არა ონასისმა) ერთხელ თქვა : „ცხოვრების ყველა მომენტი არის განუმეორებელი... კარგი, ცუდი, რთული, სასიხარულო, ტრაგიკული, სიყვარული და ბედნიერება - ყველაფერი არის ერთად შეკრული და სიცოცხლე ქვია... არ შეიძლება კარგის და ცუდის ერთმანეთისგან მოწყვეტა... და არც არის საჭირო...“

0
415
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0