x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საბაზრო ღირებულება - ცხოვრებისეული გაკვეთილი, იგავების სახით

საბაზრო ღირებულება


ერთხელ ოსტატთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და უთხრა:

- მე შენთან იმიტომ მოვედი, რომ თავს ძალიან საცოდავად და უსუსურად ვგრძნობ. ირგვლივ ყველა მეუბნება, რომ უსუსური ვარ. გეხვეწები ოსტატო დამეხმარე მე!

ოსტატმა თვალები მოჭუტა, ახალგაზრდას გახედა და მაშინვე უთხრა:

- მაპატიე, მაგრამ მე ახლა დაკავებული ვარ და ვერაფრით დაგეხმარები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო. - ცოტა დაფიქრდა და დაუმატა: - მაგრამ, თუ შენ ჩემი საქმის მოგვარებაში დამეხმარები, მე სიამოვნებით დაგეხმარები, შენი პრობლემის მოგვარებაში.

- დიდი... დიდი სიამოვნებით, ოსტატო, - ჩაიბუტბუტა მან და მწუხარებით აღნიშნა, რომ ის კიდევ მეორე პლანზე გადასწიეს.

ოსტატმა ხელიდან ბეჭედი მოიხსნა, რომელსაც ძალიან ლამაზი ქვა ჰქონდა და ახალგაზრდას უთხრა:

- შეჯექი ცხენზე და ბაზრის მოედანზე წადი! მე სასწრაფოდ უნდა გავყიდო ეს ბეჭედი, რომ ვალი გადავიხადო. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, ოქროს მონეტაზე დაბალ ფასს!

ახალგაზრდამ ცხენი შეკაზმა და დავალების შესასრულებლად გაქუსლა. მივიდა ბაზრის მოედანზე და დაიწყო ბეჭდის შეთავაზება ვაჭრებისთვის. ისინი თავიდან დიდ ინტერესს იჩენდნენ შეთავაზებული საქონლისადმი. მაგრამ, როდესაც გაიგებდნენ ოქროს მონეტის შესახებ, მაშინვე კარგავდნენ ინტერესს ბეჭდისადმი. ზოგი ხმამაღლა იწყებდა სიცილს, ზოგი, უბრალოდ ზურგს აქცევდა და მიდიოდა. მხოლოდ ერთმა კეთილმა კაცმა აუხსნა, რომ ბეჭედი სპილენძის მონეტაზე მეტი არ ღირდა, დიდი, დიდი, ვერცხლის მონეტაო.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდამ მაინც არ დაიზარა და მთელი ბაზარი შემოიარა.მან ბეჭედი თითქმის 100 კაცს შესთავაზა, ბოლოს ცხენზე შეჯდა და უკან დაბრუნდა. ის ძალიან დამწუხრებული იყო იმის გამი, რომ ბეჭდის გაყიდვა ვერ მოახერხა.

- ოსტატო, მე ვერ შევასრულე შენი დავალება - დაღონებულმა თქვა მან - ვაჭარმა დამარწმუნა, რომ ეს ბეჭედი, ოქროს მონეტად არ გაიყიდება.

- ჰო, კარგი იქნებოდა, ამ ბეჭდის რეალური ღირებულება გაგვეგო. ამას კი, ოქრომჭედელზე კარგად ვინ გააკეთებს? მიდი გააჭენე ოქრომჭედელთან და ბეჭედი შეაფასებინე.

ახალგაზრდამ ოქრომჭედელთან მიიტანა ბეჭედი. ის დიდხანს ათვალიერებდა მას და შემდეგ უთხრა:

- გადაეცი ოსტატს, რომ მე ახლა, 58 ოქროს მონეტაზე მეტის გადახდა არ შემიძლია. მაგრამ, თუ დროს მომცემს, 70 ოქროს მონეტად ვიყიდი ბეჭედს.

- 70 ოქროს მონეტა?! - გაიმეორა ახალგაზრდამ, მადლობა გადაუხადა ოქრომჭედელს და ოსტატთან დაბრუნდა.

- აქ დაჯექი, - უთხრა ოსტატმა, მას შემდეგ, რაც აღფრთოვანებულმა ახალგაზრდამ დაასრულა ოქრომჭედლის ნათქვამის მოყოლა - იცოდე, შვილო, სწორედ შენა ხარ ეს ბეჭედი, ძვირფასი და განუმეორებელი! და შენი შეფასება მხოლოდ ჭეშმარიტ ექსპერტს შეუძლია. რისთვის დადიოდი ბაზარში, რა გეგონა, ამას პირველი შემხვედრი გააკეთებდა?



2
172
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
2015, 12 აგვისტო, 14:47
მადლობა შეფასებისთვის
2015, 12 აგვისტო, 10:59
რა კარგი იყო
0 1 2