x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78043
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
ტერენტი გრანელის პოეტური კრებულები

image

ოციანი წლების თბილისს კარგად ახსოვს ერთი შთამაგონებელი და სევდიანი ნაწილი მისი ბოჰემური ისტორიისა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც კარგად იცნობდნენ თბილისელები, მისი ლექსები ზეპირად იცოდნენ, ქუჩაში მიმავალს ღიმილითა და თანაგრძნობით აცილებდნენ...

თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორ რამეს ეთაყვანებოდა - პოეზიასა და თბილისს. მის სევდიან და შეჭირვებულ ყოფაში მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი გამონათება თუ მოხდა და ისიც, თავის საყვარელ ქალაქში, რაც მისივე წიგნის გამოცემასთან, ლიტერატურულ საღამოსთან, ან მკითხველთა აღიარებასთან იყო დაკავშირებული. სახელიც უცნაური დაირქვა - ტერენტი გრანელი (თავიდან „წალენჯიხელის“ ფსევდონიმით წერდა). მის ლიტერატურულ სახეს რამდენიმე ახსნა აქვს: ერთთა აზრით, იგი ლათინური „გრანუმიდან“ (მარცვალი) მოდიოდა, „პატარა ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“ - აცხადებდა პოეტი. სხვათა აზრით, გრანელი გვარია, რომელსაც ზოგიერთი იტალიელი მომღერლის პატივსაცემად შერქმეულად მიიჩნევდა, სხვები კი იტალიელი დირიჟორის სახელს უკავშირებდნენ.

ტერენტი გრანელის ყოფისა და შინასამყაროს ძირითადი ფორმაც და მდგომარეობაც უპირველესად მარტოობა და მარტოსულობა იყო. თბილისში არავინ იცოდა მისი ოჯახის შესახებ, არც ის იცოდნენ, სად ცხოვრობდა, ან რითი ცხოვრობდა. ის დილიდან ეჩვენებოდა თბილისის ქუჩებს, აჩერებდა გამვლელებს და უკითხავდა თავის ლექსებს. ხშირად მისივე სტრიქონებს თავადაც ზეპირად ეუბნებოდნენ, რასაც პოეტის უსაზღვრო კმაყოფილება მოჰყვებოდა ხოლმე.

ტერენტი გრანელი თბილისის ერთ ძველ უბანში, იტალიური ეზოს კიბის ქვეშ ცხოვრობდა, ნიკო ფიროსმანივით, ადამიანების სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, დაუფასებელი, სადა და უბრალო. ამ ცივ და პატარა ოთახში ტახტის, მაგიდის, სკამის, პატარა ნავთქურის გარდა არაფერი გააჩნდა, თუ არ ჩავთვლით იმ მშვენიერ ლექსებს და პოეტისავე განუშორებელ უბის წიგნაკს, რომელსაც იგი მუდამ თან ატარებდა და ხშირად ქუჩაში ხეტიალისას აკეთებდა მასში ჩანაწერებს:

„...მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,

რადგან მიწაზე სული არ იცდის...“

ასეთად ახსოვთ ტერენტი გრანელი, მაგრამ ვინ იყო ტერენტი კვირკველია? წალენჯიხელი ხარაზის ერთადერთი ვაჟი, დედით ადრე დაობლებული, დედინაცვლისა და დების სითბოში გაზრდილი, რომელიც ყმაწვილკაცობიდანვე პოეტური შთაგონებისა და ფიქრის სამყაროში ცხოვრობდა. მწერლობასა და ყოფიერების არსზე საუბარი უყვარდა. იქ ცოტას ესმოდა მისი. ტერენტის მამას სურდა მის ვაჟს ხელობა ესწავლა, რადგან ღრმად სწამდა, რომ სწავლა და წიგნი მათნაირ ხელმოკლეთა საქმე არ იყო, ამიტომ დაღუპულად მიიჩნია თბილისში წასული შვილი, რომელმაც ვერც ოჯახი შექმნა, ვერც მშობლებს უპატრონა და შეეწირა კიდეც უპატრონო და ბოჰემურ ცხოვრებას.

„ რა ვქნა, მას შემდეგ დიდი ხანია,

რაც არ მინახავს ჩემი სოფელი...

და აქვე დასძენს :

„ ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,

მე მალე მოვალ ძვირფასო დებო!“

„მალე მოსვლა“ კი თბილისის მხოლოდ მცირე ხნით დატოვებას ნიშნავდა, მხოლოდ რამდენიმე დღე და პოეტი თავის საყვარელ და ამავე დროს, „დამღუპველ“ ქალაქს უბრუნდებოდა:

„ ... ისევ თბილისის შუქი მიზიდავს,

ისევ თბილისის ცა მენატრება...“

მისი შემოქმედებითი ცხოვრების ბედისწერაც მისივე არეული, განუსაზღვრელი, ფიზიკური ყოფასავით წარიმართა. ტერენტი გრანელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ადრეულ წლებში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე შემდგომ.

ფაქტია, რომ იგი 1918 წლიდან ორგანულად ჩაეწერა თბილისის ლიტერატურულ-ბოჰემურ ყოფაში, მაშინვე შეამჩნიეს მისი ღარიბული გარეგნობა და ლირიკული ლექსები დაუბეჭდეს, შეუქეს კიდეც. პირველ გულშემატკივართა და მეგობართა თანადგომით 1920 წელს ლექსების პირველი კრებულიც გამოსცა ფრიად სევდიანი და მოულოდნელი სათაურით: „პანაშვიდები“. ამ პერიოდში ის ხან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას მიეკედლა, პუბლიცისტიკაშიც სცადა ბედი, საგამომცემლო საქმიანობითაც დაინტერესდა, მეგობრებთან ერთად გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრინოსის სარკე“ გამოსცა. ორივე მათგანის არსებობა თითო-ოროლა ნომრით შემოიფარგლა, მათი მესვეურის უსახსრობის, ყოველგვარ ორგანიზაციულ-დალაგებულთან ვერშეგუების გამო. რედაქციებში მუშაობაც სცადა, ლექსიც დაუწერია - „დაბრუნება“. მაგრამ ის თავის თავსა და ბუნებას ვერ დამალავდა და ისევ უბრუნდებოდა ბოჰემურ ყოფას.

„პანაშვიდებს“ სხვა პოეტური კრებულებიც მოჰყვა: „სამგლოვიარო ხაზები“, „ სულიდან საფლავები“, „მემენტო მორი“, „ ლექსები“. ამის შემდეგ, ტერენტი გრანელის პოეზიას გამომცემელთა ყურადღება თითქმის ოცდათხუთმეტი წელი აღარ ჰღირსებია, ის არც მაშინდელ, ყბადაღებულ „სამშობლოს მტერთა“ სიაში მოხვედრილა, არც მისი ლიტერატურული ნაღვაწის განხილვა მკაცრ „წითელ კრიტიკოსებს“. ტერენტი გრანელი თავად გაეცალა თავის საყვარელ ქალაქს, მეგობრებს. თითქოს მისივე სულიერი ძმების „ცისფერყანწელების“ პოეტური ქადაგების, პოეტისათვის - სიგიჟის კარიერის ნამდვილობა ირწმუნა და სხვადქცეული ეზიარა „მარადისობის ლაჟვარდებს“.

„ასე მგონია, სულთან ახლოა,

ცისფერი შუქი მარადისობის...“

მისი პოეზია არც თემატურად დანაწევრდება და არც განსხვავებულ მხატვრულ ფორმებად. ეს არის მთლიანი სათქმელი. მას არასოდეს დაუწერია იდეოლოგიური განწყობილების ლექსი, არანაირი მოქალაქეობრივი პათოსი, არც აღტაცება „ქვეყნის დიადი აღმშენებლობისა და რევოლუციების“ გამო, ეს ყოველივე მისთვის ძალზე უცხო იყო. ის დაჟინებით ეძებდა „რაღაც სხვას“, ქუჩებს, გამვლელებსა და საფლავებს შორის. „ მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც, შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული... მე არ მინდოდა არც სიცოცხლე, არც სიკვდილი, ... მე რაღაც სხვა მსურდა...“

„არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა...“ („გულიდან სისხლის წვეთები“)

სიკვდილის ძიება პოეტისათვის მესამე გზასთან მისაახლოებელი რეალობაა, ყოფითი სამყაროდან „სხვა“, ირეალურ სამყაროში გადასვლა პოეტისათვის ნატვრად ქცეულა, ეს „ირეალური ძიებანი“ სიმბოლისტური წარმოსახვითი მსოფლაღქმის ანალოგი არ უნდა იყოს, თუმცა სალიტერატურო კრიტიკაში ტერენტი გრანელის პოეზია ცისფერყანწელთა პოეტურ ვარიაციადაც გამოაცხადეს, ნეორომანტიზმის კლასიკურ მაგალითადაც და გალაკტიონის „ერთ სტრიქონადაც“. რასაკვირველია, ეპიგონობის უარყოფა არ გულისხმობს გავლენის უარყოფას და ტერენტი გრანელის პოეზიაშიც, ბუნებრივია, ოციანი წლების ლიტერატურული ამინდი ასახვას ჰოვებდა. თავადაც აცნობიერებდა ქართველ პოეტებთან სულიერ ნათესაობას: „გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზიაო.“

ზოგჯერ თითქოს უმიზნო ხეტიალით, სიკვდილის ძიებით, ემოციებით დაქანცული მშვიდ, პანთეისტურ სამყაროში ეძებდა საშველს:

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“

თაყვანისმცემლები ტერენტი გრანელს ხშირად უგზავნიდნენ წერილებს, თუმცა ამ წერილებს შორის გამოირჩა ერთ, კიევიდან გამოგზავნილი, რომელშიც უცნობი ქალი მას სწერდა: „თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ გადამექცა...“ როცა პირველ წერილს მეორეც და მესამეც მოჰყვა, მაშინ გრანელმა უმშვენიერესი სიტყვებით აღსავსე წერილი მისწერა. თავის სიყვარულს ლექსიც უძღვნა და კიევში გაუგზავნა:

„ მე შენზე ვფიქრობ, და თითქო ვხედავ,

ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,

ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა,

ძვირფასო! რისთვის დააგვიანე.“ („შენს მოლოდინში“).

ქალი, რომელმაც მონატრებას დიდხანს ვეღარ გაუძლო, ქმარს გაშორდა და თბილისში გამოიქცა. ამ მოლოდინში ტერენტი გრანელი შეიცვალა, სიცოცხლე შეუყვარდა. ბაქანზე ლოდინით დაღლილი ტერენტი გრანელი გაფითრებული იდგა და შეჰყურებდა ქალს, რომელიც არაფრით არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ერთადერთი „ოცნების ასული“, ვისაც ელოდა... და ტერენტი წავიდა. ამის შემდეგ ის ერთგვარად ჩამოიფერფლა, სასიყვარულო აღტაცება მის ცხოვრებაში აღარ მოსულა. სამაგიეროდ, უფრო გამძაფრდა მისტიკური ფიქრები. ამასთან ერთად, გრანელის ლექსებში ბიბლიური სახეებიც აირეკლა. უპირველესად, „განკაცებული ქრისტეს“ მხატვრული სახე უნდა აღინიშნოს: „ტერენტი გრანელი მოდის სისხლიანი სამარიდან. იქნებ ეს იყოს ქრისტე მეორედ მოსული“ - ასეთი ეპიგრაფი აქვს წამძღვარებული კრებულს „სულიდან საფლავები“.

პოეტის მძიმე ყოფა არ იცვლებოდა, თანდათან უარესდებოდა მისი ფიზიკური არსებობაც. 1934 წლის შემოდგომის მიწურულს კი მწერალთა კავშირში ქალაქის პირველი საავადმყოფოს პროზექტურიდან დარეკეს: სიცივისა და მძიმე სენისგან გარდაცვლილ უპატრონო მიცვალებულებში ერთ-ერთმა პრაქტიკანტმა პოეტი ტერენტი გრანელი ამოიცნო. იგი საავადმყოფოს კედლის გადაღმა, პეტრე-პავლეს ძველ სასაფლაოზე დაკრძალა სულ რამდენიმე მეგობარმა. ეს დღე კი საოცრად ჰგავდა იმ ხილვას საკუთარი გარდაცვალებისას, რომელიც პოეტმა რამოდენიმე წლით ადრე აღწერა:

„დადგება ზამთარი,

მოვკვდები ღამით გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა...“

ტერენტი გრანელის პიროვნება, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად აისახა მის ერთ-ერთ ლექსში - „memento mori” - რაც ნიშნავს „გახსოვდეს სიკვდილი“. რეალურად, ტერენტი გრანელს ყოველთვის ჰქონდა გააზრებული სიკვდილის გარდაუვალობა, ბედისწერის აუცილებლობა. ის მუდამ უყურებდა სიკვდილს თვალებში, მუდამ უსწორებდა თვალს ბედისწერას და ამ ლექსში ასახა კიდეც თავისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ:

„ჩემი გული და სისხლი

ეს მემენტო მორია...“

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
22