x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439104
ჯვარჩენა კარატისწვერზე; ჯვარჩენა - იფანი კერიაში


image

ჯვარჩენა (იფანი კერიაში)

ის ადგილი, სადაც სალოცავი არის დაარსებული, საყმოს შუაგული ადგილია, საიდანაც იფინება სიწმიდე მთელ საყმოზე, რომელიც განსახლებულია ჯვარის თვალსაწიერზე, მისი ზარის ხმის საწიერზე, ცხოვრობს ღვთისშვილის მიერ მოპოვებულ მიწა-წყალზე, როგორც მისი მკვიდრი ანუ ნამდვილი ყმა. აქ მივადექით ჩვენ შუაგულის პრობლემას საყმოს არა მხოლოდ საკრალურ, არამედ ყოველდღიურ ყოფაში. ამ შუაგულის კლასიკური განსახიერებანია მთელი ფშავისთვის ლაშარის მუხა და ხევსურეთში ხმალას ალვისხე, რომელსაც ანდრეზის თანახმად წმიდა მირონი სწვეთდა გამუდმებით და იქვე, მის ძირას ჩამარხულ ქვევრებში გროვდებოდა, რათა იქიდან მთელი ხევსურეთის სალოცავებში განაწილებულიყო. ადგილი, სადაც მირონის წყაროა, წმიდა საყმოს შუაგულად უნდა ვიგულოთ, როგორც მთელი ქრისტიანული საქართველოსთვის სვეტიცხოველი, რომელიც, საეკლესიო ლეგენდის თანახმად, მირონმდინარი ალვისხის ადგილზეა აგებული. ლაშარის მუხა კი იმით იყო შესანიშნავი, რომ ის ოქროს შიბით იყო ცას გამობმული და ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. ცხადია, ის ხე, რომელიც აერთებს ცას და მიწას, სამყაროს შუაგულშია ამოსული. ანდრეზულად არ შემორჩენილა ხსოვნა იმისა, თუ როდის დაირგა ან აღმოცენდა ღვთის ნებით ფშავისა და ხევსურეთის ამ შუაგულში მუხა და ალვისხე. მათ, შესაძლებელია, კოსმოსის დასაბამში უდგათ ფესვები. ხოლო ეს ის ხანაა, რომელიც საყმოს ცნობიერების მიღმაა დარჩენილი, ის არ ეკუთვნის საყმოს ისტორიას, მაგრამ საყმოს ახსოვს სხვა ხეების ამოსვლა, რომლებიც ცალკეული საყმოების შუაგულ ადგილებში. კერაში ამოდის იფანი (ხშირად გველიც ამოჰყვება) იმის ნიშნად, რომ ამ ადგილს ღვთისშვილი დაეპატრონა და ოჯახმა უნდა დასტოვოს სახლი. ეს ადგილი ჯვარის კვრივი ხდება. აი, ამ ანდრეზის ნიმუში ცოცხალი მონათხრობის მიხედვით (ამბავი ეხება გუდანის ჯვარის დაარსებას): "იქ დიდ სოფელ ყოფილას. მაში ჯვარ არ ყოფილ. ერთხან ერთის კავკაზაურის სახლის ყვერფში იფნ ამასულ. კავკაზაურს იფნ მაუჭრავ. მეორეს დღეს ის იფნ იქავ ამასულა, ისიც მაუჭრავ. მესამე დღეს ამასულ იფნიდ თან გველ ამახყოლივ. კავკაზაურს იფნიც მაუჭრავად გველიც აუკაფავ". ყვერფში (კერაში) ამოსული იფანი გუდანის ჯვარის გამოჩენის მომასწავებელია. მაგრამ ამ შინაარსის ანდრეზი მხოლოდ გუდანის ჯვარით არ არის შემოფარგლული. ამაოა იმის ძიება, თუ პირველად რომელი ჯვარისა და საყმოს დაარსება გადმოსცა ყვერფისა და იფნის სიუჟეტმა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გავრცელების სფერო გაცილებით ფართოა, ვიდრე ჯვართდაარსების და ჯვარჩენის სხვა რომელიმე ტიპის ანდრეზისა. კერაში იფნის ამოსვლით იჩინა თავი და დაარსდა გუდანის საღვთოს გარდა -ხევსურეთში ნაჴარელას ღვთისმშობელი, შუბნურის წმ.გიორგის ჯვარი (ლიქოკი), როშკის მთავარანგელოზი, უკანჴადუს ადგილისდედა, ხახაბოს წყაროსგორული წმ.გიორგი, ფშავში ცაბაურთის ღვთისმშობელი, გოგოლაურთის დედაღვთისმშობელი და სხვანი. ამ ანდრეზს აქვს ტენდენცია გავრცელდეს ყველა მნიშვნელოვან ჯვარზე და იქცეს ჯვარჩენის ზოგად ანდრეზად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სინამდვილეში. ვ.ბარდაველიძის ცნობით, ამ შინაარსის თქმულება ფიქსირებულია ზოგიერთ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა შორისაც. ანდრეზის აუცილებელი ელემენტებია: კერა, იფანი (იშვიათად ნაძვი) და გველი; იფნის სამგზის ამოსვლა და სახლის პატრონის მიერ მისი მოჭრა, გველის აკაფვა; ოჯახის ამოწყვეტა. ეს უკანასკნული მომენტი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი ვარიანტებში. ჯვარი სჯის ურჩ მოსახლეს ან ავადობით, ან სხვა რამ ფათერაკით; ოჯახი განწირულია დასაღუპად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის დროულად გაეცლება ძველ სამოსახლოს. მატნელი ასათაშვილები, წარმოშობით უკანაფშავლები, ამ სახით ინახავენ კერაში ხის ამოსვლის ანდრეზს, რომელიც განმარტავს უკანაფშავიდან მათი გადმოსახლების მიზეზს: მამა ავალებს შვილს ცეცხლის დანთებას საღამოხანს. ბავშვი მიდის ცეცხლის დასანთებად, მაგრამ კერაში ფიჭვი (თუ ნაძვი) დახვდა ამოსული. შვილი მამის რჩევით წვერს გადაუგრეხს ფიჭვს და დაანთებს ცეცხლს. მეორე საღამოს იგივე მეორდება, ფიჭვი უფრო მეტად არის გაზრდილი, მაგრამ მაინც დაინთება ცეცხლი. მესამე ღამეს ოჯახის უფროსს სიზმარში ჯვარი გამოეცხადება და უბრძანებს აყრას; ოჯახი სხვა ადგილას სახლდება; მის ნასახლარში ღვთისშვილი გაიჩენს თავის საარსოს. მთხრობელნი ამ ანდრეზულ პირთა სახელებსაც კი არ ივიწყებენ: მამა იყო ბერხუნდი, შვილი - გიორგი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯვარის დაარსების საერთო ანდრეზი ერთი საგვარეულოს ანდრეზად არის ქცეული. აქ არ ფიგურირებს გველი, რომელიც ჩვეულებრივ კერაში აღმოცენებულ ხეს ამოჰყვება ხოლმე. შესაძლოა, ამიტომაც არა აქვს ტრაგიკული დასასრული უკანფშაველი ასათაშვილების მონათხრობ თქმულებას. გარკვეული აზრია იმაში, რომ ეს ანდრეზი თავის არქეტიპში სწორედ ტრაგიკული ამბის - ოჯახის თუ საგვარეულოს გაწყვეტის გადმომცემია. ითქვა, რომ ჯვარის ურჩი ოჯახი სხვადასხვაგვარი სიკვდილით იღუპება. როგორც ჩანს, გველის ამოსვლა მესამე დღეს ხესთან ერთად არ უნდა იყოს შემთხვევითი ეპიზოდი. ხშირ შემთხვევაში ყვერფისა და იფნის ანდრეზს ამგვარი გაგრძელება აქვს: მას შემდეგ, რაც მოიჭრა მესამედ ამოსული იფანი და აიკაფა მასზე ამოყოლილი გველი, ოჯახი შეკრებილია ყვერფის გარშემო და ელოდება კერძს, რომელიც იხარშება საკიდელზე ჩამოკიდებულ ქვაბში. გველი ზემოდან ჩამოყვება საკიდელს, ჩაძვრება ქვაბში და კერძთან ერთად იხარშება. კერძი წამლავს ყველას, ვინც კი მას პირს დააკარებს. გადარჩებიან მხოლოდ მისი უჭმელნი - ოჯახის რძალი და აკვნის ბავშვი. ზოგიერთი ვარიანტით, უენო ბავშვი ხედავს როგორ ჩაძვრა გველი ქვაბში, ამიტომ არ ეკარება კერძს. სხვა ვარიანტით, დედაც ხედავს, მაგრამ ვერ არწმუნებს ოჯახის წევრებს, რადგან ისინი ჯვარისაგან არიან თვალაბმულნი. ერთმანეთს უპირისპირდებიან მეტყველნი, რომლებსაც თვალისჩინი წართმეული აქვთ, და მხედველი ჩვილი ბავშვი, რომელიც ვერ მეტყველებს. ეს ბავშვი, როგორც უცოდველი, გვარის გამაგრძელებელი შეიქნება, იმ საგვარეულოსი, რომელიც ახლადჩენილი ჯვარის საყმოდ უნდა ჩამოყალიბდეს. ყვერფის წიაღიდან იფნს ამოყოლილი გველი, რომელიც აკაფეს ჯვარის ურჩებმა, ახლა იმ სამგზის მოჭრილი იფნივით აღორძინებული, ზემოდან ჩამოჰყვება საკიდელს, როგორც სასჯელი ურჩობისათვის. თუმცა ქვაბში ჩამძვრალი გველის ამბავი დამოუკიდებლადაც არის გავრცელებული ზეპირსიტყვიერებაში, მაგრამ ყვერფ-იფნის ანდრეზს ის ორგანულად უკავშირდება. ანდრეზული თვალთახედვით სრულიად ბუნებრივია, რომ ხე სწორედ კერაში ამოდის, თუმცა კერა ცეცხლის ადგილია და არა ხისა. მაგრამ, როგორც ცეცხლი, ასევე ხე, შუაგულის ცოცხალი ნიშნები და სიმბოლოებია. ხის ამოსვლა კერაში, ცეცხლის ადგილში, კიდევ ერთხელ გახაზავს და წარმოაჩენს მის შუაგულობას. შუაგული თვალსაჩინოჰყო ჯვარმა, როცა ცეცხლის ადგილზე თავისი ამოსუნთქვით იფანი აღმოაცენა. არსებობდა სოფელი, მოსახლეობა, არსებობდა სახლი, არსებობდა ცეცხლის ადგილი ამ სახლში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობდა საყმო, რადგან ჯვარს კიდევ არ ეჩინა თავი, ის არ იყო ჯერ დაარსებული. "იქ კავკაზაურ ყოფილას დასახლებული. იქ დიდ სოფელ ყოფილას. მაში ჯვარი არ ყოფილ. ერთის კავკაზაურის სახლის ყვერფში იფნ ამასულ". ეს ყვერფი ჯერ კიდევ არ იყო საკრალური ადგილი, კულტი მხოლოდ პოტენციურად ემარხა მასში. ამ წინაისტორიულ, უფრო სწორად, კულტამდელ ხანაში კერა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ადგილი იყო, ის არ გამხდარა ჯერ საკრალური ადგილი. მაგრამ ეს ადგილი, როგორც ნოყიერი ნიადაგი, აღმოაცენებს კულტს თავის წიაღში, ვინ იცის რა დროიდან, ჩამარხული კვრივის თესლისაგან. კერა თუმცა იყო საცხოვრებელი ტერიტორიის შუაგული, მაგრამ განცალკევებულ ოჯახს, როგორც ატომს, განუყოფელ ერთეულს, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის გაცნობიერებული შუაგულად, წმიდა ფოკუსად (ლათ.კერა), რომლის ირგვლივ შემოკრებით ადამიანთა ყოფაცხოვრებითი ერთიანობა უნდა გარდაქმნილიყო საყმოდ. მოსახლეობას ჯერ კიდევ არ ჰქონია ჯვარჩენის გამოცდილება, რაც არცთუ უმტკივნეულოა, როგორც ყოველი განსაცდელი, რადგან ის დაკავშირებულია მსხვერპლთან: მოსახლეობამ უნდა დაკარგოს რაღაც - ამ კერძო შემთხვევაში, ძველი საცხოვრებელი ტერიტორია, რათა მოიპოვოს ღვთიური პატრონის მფარველობა, შევიდეს მისი მფარველობის ჩრდილში, მოეჭიდოს მის კალთებს. უფრო მეტიც: ადამიანთა ჯგუფის საყმოდ ქცევას ეწირება გარკვეული ნაწილი ამ ჯგუფისა, ღვთიური ნების წინაღმდგომნი, ჯიუტნი, ვითარცა "კრებული კორესი" - "კაცნი ფიცხელნი", რომელთაც პირი უყო მიწამ და შთანთქა (რიცხვ. 16), რათა ამ განსაცდელით გამოხურვებული და განწმედილი საზოგადოება უფლის უნჯ საყმოდ გარდაქმნილიყო. ანდრეზის სულისკვეთება ის არის, რომ კაცი, რომლის "ყუდროში" ამოდის იფანი, ნებაყოფლობით უნდა თმობდეს თავის საცხოვრებელს ახალი ცხოვრებისათვის; თმობდეს, როგორც მსხვერპლს, სწირავდეს მას. რაკი მისი სახლი შეიქმნა ჯვარჩენის ადგილი, თავად კი გახდა ჯვარჩენის მხილველი, ის კერა, ის სახლი, ის ადამიანები ბედნიერნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჯვარმა სწორედ მათ შუაგულში ინება დაარსება, მაგრამ კაცი ჯიუტობს და ანდრეზიც გვამცნობს, თუ რა მოსდევს ამ სიჯიუტეს. კაცი ჯიუტობს, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის ყმა. ანდრეზი გადმოგვცემს იმ ვითარებას, როცა ადამიანთა ჯგუფები ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ საყმოს, არამედ არიან "უტნი", "უმეცარნი", რომლებიც ცხოვრობენ ღვთაებრივი პატრონის გარეშე. ჟამთასვლის რომელიღაც მონაკვეთში ჯვარმა იჩინა თავი, როგორც პატრონმა, მაგრამ ადამიანს მასში ვერ გამოუცნია თავისი მომავალი პატრონი და ის ერჩის მას, როგორც მტერს. და აი, განდევნილები საკუთარი კერიდან, რომელიც ტერიტორიის შუაგული აღმოჩნდა, ისინი კვლავ შუაგულისაკენ გაიწევენ, მაგრამ ეს იქნება არა საყოფაცხოვრებო, არამედ საკრალური შუაგული. საყმო არის თითქმის მზიდან გამოსხლეტილი დედამიწა, რომელიც იწყებს ბრუნვას თავისი ძველი ბუდის გარშემო. ისტორიულ ხანაში თუმცა ჯვარის საარსო ადგილი საყმოს საცხოვრებელი ტერიტორიის განაპირას იმყოფება და არა მის გეომეტრიულ ცენტრში, მაგრამ ის მისი შუაგულია. იმ დროიდან, როცა იფანი აღმოცენდება ყვერფში და მოსახლეობა დასტოვებს ნებით თუ იძულებით კვრივად ქცეულ კერას, უთმობს რა თავის საცხოვრებელ ადგილს ღვთისშვილს, ამიერიდან ადამიანის სამკვიდრებლად შეუფერებელს და გამოუსადეგარს, - არსდება კულტი და მოსახლეობაც იწყებს თავის ახალ არსებობას, ის ახალ საფეხურზე ადის; ამიერიდან იწყებს არსებობას საყმო. ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია საზოგადოების ისტორიაში, რომლის გარიჟრაჟზე მსხვერპლია გაღებული.

ჯვარჩენა კარატისწვერზე

კერაში იფნის ამოსვლის ანდერძი ბევრი ჯვარ-სალოცავის დაარსებას დაუკავშირდა. ბევრგან შეხვდებით ჯვარის ტერიტორიაზე, ხშირად ნანგრევებს შორის, ამოსულ იფნის ხეებს და გაიგონებთ მისი ნორჩი ნერგებისაგან მოშლილი, განგრეული კერიის ტრაგიკულ ამბავს. ეს ტრაგიზმი ძევს საყმოსა და კულტის გენეზისში. ამ სიუჟეტზე აგებულ ჯვარჩენის ანდრეზს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ «ხთონური», რაკი ჯვარი მიწის გულიდან ამოსვლით ადასტურებს თავს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჯვარი ციური წარმომავლობის არის, რასაც შესანიშნავად გვიმოწმებს ერთ-ერთი ჯვარის ეპითეტი «ცით სვეტად ჩამოსული», კერძოდ, ჩირდილის (ხევსურეთის) წმიდა გიორგის ჯვარის მითოლოგემური სახელწოდება - «საჩალეს სვეტად ჩამოსული, სამკიბალს შუქის დამკრავი». ჯვარი, როგორც ღვთისშვილი, ცის შვილიც არის, ამიტომაც მისი გამოჩენა უფრო მეტად მაღალ მწვერვალებზეა მოსალოდნელი და საყმოც ჯვარჩენას სწორედ მაღალ მთებში ელის. ჯვარის ციდან წარმომავლობის მოტივი მკვეთრად გამოხატული სიუჟეტით დაუკავშირდა კარატის ჯვარის (ლიქოკის კოპალას) დაარსებას კარატისწვერზე. ეს არის სრულიად უნიკალურ ქარგაზე აგებული თქმულება, რომლის მსგავსი არ გვხვდება სხვა ჯვართა წარმოშობის ანდრეზად. აი, მისი შინაარსი: კარატისწვერზე, რომლის ერთ მხარეს ხევსურეთის სოფელია - ჭალაისოფელი, ხოლო მეორე მხარეს ფშაველთა სოფელი ბულალაურთა, ზაფხულობით ერთმანეთს ხვდება თავ-თავისი სოფლებიდან სამწყესურში ამოსული უცოდველი ქალ-ვაჟი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ და-ძმური სიყვარულით. ერთ დღეს ქალ-ვაჟს ციდან მოესმებათ წივილის ხმა, რასაც მოჰყვება სასწაული: მათ თვალწინ ციდან ჩამოეშვება თასი და ვერცხლის შიბი. ქალს შეხვდება შიბი, ვაჟს - თასი; წაიღებენ სამწყესურიდან ამ ნივთებს თავ-თავის სახლებში და წინასწარ დათქვამენ, არ გაუმხილონ ეს ამბავი მშობლებს. ვაჟი თასს ჭერხოში (ზედა სართულზე) დამალავს კარსუკან, ქალი შიბს - პურის კიდობანში. ღამით ორივე სახლში ატყდება ისეთივე წივილი, როგორიც ამ საგნების გამოჩენისას გაისმა კარატისწვერზე. მეორე ღამითაც რომ იგივე განმეორდება, ბავშვები მშობლებს გაუმხელენ თავიანთ საიდუმლოს. მშობლები მიდიან მკითხავთან, რომლის რჩევით შიბს ორად ჭრიან, ერთ ნაჭერს მისი გამოჩენის ადგილას მარხავენ მიწაში, მეორე ნაჭერს - ლიქოკში და ზედ კოშკს ააგებენ; თასს კი კარატისწვერზე მარხავენ. ეს ადგილებია ჯვარის საარსო ადგილები. სხვა გადმოცემით: ციდან ცეცხლის შიბი ჩამოეშვება; შიბი ჯვარის სახეს. წილისყრით ჯვარი ქალს შეხვდება და გუდით სახლში წაიღებს. შინაურებს გუდაში ფრინველი გუდას თავს მოხსნიან და ჯვარი ფრინველივით დაიწყებს ფრთხიალს. ქალი გაქადაგდება და დააწესებს კარატის ჯვარის კულტს. კარატისწვერი — ფშავისა და ხევსურეთის სოფლების გამყოფი, მაგრამ ქალ-ვაჟის შეყრის ადგილი, უმაღლესი მწვერვალი ამ არემარეში და მისი შესაბამი არე წელიწადისა გაზაფხული, «წელიწადის დროთა დედოფალი», როგორც მას უწოდებს ერთი ძველი ავტორი, ქალი და ვაჟი სიყმაწვილის ასაკში, მათი უბრალოება და სიწმიდე, წმიდა ჰაერი, რომლის წიაღ შეიძლება უხილავის ხილვა.. - აი, ჯვარჩენის საუკეთესო პირობები ამ ანდრეზში. ეს იქნებოდა საშინელი მოვლენა, როგორც მეხისტეხა; მაგრამ ქალ-ვაჟს არ გასჩენია შიშის გრძნობა, მათ ბუნებაში რომ ყოფილიყო ნიადაგი შიშის გაჩენისათვის, ისინი ვერც იხილავდნენ ამ სასწაულს. ცხადია, მათი უშიშარობა მათივე უცოდველობის ნიშანია. «იმათ ეს დაინახეს და აიღეს, იმიტომაო, ამბობენ ხევსურები, რომ ისინი წმიდად იყვნენ, თორემ თუ მათი სიწმიდე შელახული ყოფილიყო, მაშინ იგინი ვერც დაინახავდნენ და ვერც აიღებდნენ თასსა და შიბსაო» ის ქალ-ვაჟი, რომელიც (უფრო ქალი) საყმოს გენეზისის მონაწილე შეიქმნა, შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ადამ და ევას - სამოთხის მკვიდრთ, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნაგემები აკრძალული ხილი, და რომელთა სიცოცხლე, შეიძლება ითქვას, განუწყვეტელი ჯვარჩენის წინაშე გადიოდა. იმ ადამ და ევას ანარეკლები იყვნენ ეს ვაჟი და ეს ქალი; ისინი აშენებდნენ კოშკს კარატისწვერზე თამაშ-თამაშით და არ იცოდნენ, რომ ჯვარჩენამდე მიგნებული ჰქონდათ კვრივი ადგილი, სადაც ისინი, როგორც სინაის მთაზე მაყვლოვანის სასწაულის მხილველი მწყემსი მოსე, ფეხშიშველანი უნდა შეინიშნოს, რომ მწყემსი ქალ-ვაჟი ამ საგნებს უტყუარი ალღოს კარნახით საწმიდო ადგილას ინახავენ, როგორიც არის პურის კიდობანი და სახლის ჭერხო; თუმცა ამ წმიდა საგნებმა, როგორც ცოცხალმა არსებებმა, სასწაულით აჩვენეს, რომ ადამიანის საცხოვრებელი არ უნდა ყოფილიყო მათი ადგილ-სამყოფელი. ისინი უნდა ჩამარხულიყვნენ მიწაში, რათა ამოზრდილიყო კულტი, თუნდაც იფნის სახით (მართლაც, ერთი ანდრეზის თანახმად, იფანი ამოდის კერიაში ჩარგული თასიდან. კულტის დასაბამი ირაციონალურშია. ეს ცხადია. მაგრამ მისი ფესვი ბავშვურ უბრალოებაში ძევს. ბავშვების აშენებული სათამაშო კოშკი არის პირველსახე იმ კვრივი კოშკებისა, რომლებიც მიჩნეულია ჯვარის დაარსების ადგილზე აგებულად უხსოვარ დროში. ბავშვები აშენებენ კოშკს ჯვარჩენის გაუცნობიერებელ მოლოდინში. არის სოფლები - ორი სოფელი - კარატისწვერის ორივე მხარეს, არის მოსახლეობა, არის საქონელი, რომელიც ყოველ ზაფხულს იდენება საძოვარზე იმ არემარის უმაღლეს მწვერვალზე, არიან მწყემსებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ ქმნის საყმოს, რადგან ამ სოფლებს ფშავისას და ხევსურეთისას არა ჰყავთ ჯვარი, სალოცავი, არა აქვთ კულტი. სოფლისთვის კულტი, რელიგია, არათუ ახალი, არამედ საერთოდ რელიგია, მოაქვთ ამ მყემსებს სასწაულებრივად ციდან მოვლენილი საგნების წყალობით; ამ მოვლენით იწყება ისტორია ამ ხეობაში, როგორც სკვითების ქვეყანაში ოქროს ნივთების გამოჩენით, ჰეროდოტე რომ მოგვითხრობს თავის «ისტორიაში»: «...ტარგიტაისს ჰყავდა სამი ვაჟი: ლიპოქსაი, არპაქსაი და უმრწემესი — კოლაქსაი. მათ დროს ციდან ჩამოეშვა ოქროს იარაღები: გუთანი-უღელი, ცული და თასი. და დაცვივდნენ სკვითების ქვეყანაში. პირველად ისინი უფროსმა დაინახა, ახლოს მივიდა ასაღებად, მაგრამ მიახლოებისას ოქრო აბრიალდა. ის უკანვე გაბრუნდა. ახლა მეორე ძმა გაემართა, მაგრამ იგივე განმეორდა. როცა ისინი ოქრომ თავისი ცეცხლით მოიშორა თავიდან, მესამედ უმრწემესი ძმა მივიდა და ცეცხლიც ჩაქრა და მან სახლში წაიღო ეს ნივთები. ამის შემდეგ უფროსმა ძმებმა სცნეს მინიშნება და მთელი სამეფო მას გადასცეს». ძმებმა სამეფო უმცროს ძმას გადასცეს, როგორც ზღაპრებში ხდება. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს ოქროს საგნები, რომელთაც შემდეგ «სკვითი მეფეები დიდის მზრუნველობით ინახავდნენ და ყოველწლიური მსხვერპლშეწირვებით მოწიწებით სცემდნენ თაყვანს», ქმნიან სკვითების მანამდე უდაბურ მიწაზე კაცობრიულ კულტურას, სიმბოლურად გამოხატავენ რა სამ ფუნქციას ადამიანური მოღვაწეობისას: უღელი-გუთანი - მიწათმოქმედებას, ცული - მეომრობას, თასი - კულტმსახურებას. მიწა იხვნება, ქურუმი თასით ღვრის წმიდა საღვრელს, მეომარი ცულით იცავს მიწის მუშაკის ნაჭირნახულევს და ღვთისმსახურის მშვიდობიან საკრალურ საქმეს. მხოლოდ ამ საგნების ათვისების შემდეგ შეიძლება ლაპარაკი სკვითებში ადამიანთა საზოგადოების არსებობაზე. ასევე, კარატისწვერზე მოვლენილი წმიდა საგნები ქმნიან საყმოს - კარატის ჯვარი გზავნის თავის ნიშანს თასის სახით და მისი ხელყოფის უფლებას ანიჭებს უცოდველ მწყემსებს. თუ სიწმიდის ხელყოფა მათი პრივილეგიაა, ეს იმის ნიშანიც არის, რომ ისინი ამიერიდან ჯვარის მიერ «ხელდებულნი» ან «დაჭერილნი» არიან. ამ საკრალურ საგნებთან შეხებამ წერტილი დაუსვა არა მხოლოდ მათ ბავშვობას და პასტორალურ ყოფას, არამედ სრულიად მოსწყვიტა ისინი ყოფით ცხოვრებას და საკრალურ სფეროში - თითქოს კვრივში, გადაიყვანა.. ეს ხალხი ისევე ეწინააღმდეგებოდა ქადაგს - ჯვარის მოენეს და მისი ნების გამომცხადებელს; ისევე ურჩობს, როგორც ის მოსახლეობა, რომლის კერაში ჯვარჩენის ნიშნად იფანი ამოდის.


თამთა ბერაძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბერაძე
თამთა ბერაძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0