x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83628
  • ვიდეო:334424
  • სურათი:441608
"ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია" - გაბრიელ გარსია მარკესი

image

დღეს გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღეა!

1927 წლის 6 მარტს კოლუმბიაში, პატარა ქალაქ არაკატაკაში, გაბრიელ ელიხიო გარსიასა და ლუისა სანტიაგა მარკესის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (Gabriel José de la Concordia García Márquez) დაარქვეს. ჯერ კიდევ პატარა იყო გაბო, როდესაც მშობლები სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და იგი ბებია-ბაბუასთან დატოვეს აღსაზრდელად. ბებია-ბაბუამ დიდი გავლენა იქონია გაბრიელ გარსია მარკესის ადრეულ განვითარებაზე და მომავალზეც, ამ პერიოდში განცდილმა და მოსმენილმა ბევრ მის ნაწარმოებს დაუდო საფუძველი.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული ან განსხვავებული, მაგრამ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოაჩინა გაბომ თავისი მისწრაფებები და შეხედულებები. ჯერ კიდევ სტუდენტი, ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში.

გამოცემა El Espectador-ისთვის ადგილობრივად დაწერილი ბოლო სარედაქციო წერილი იყო ახალი ამბების სტილის 14 სტატია, რომლებშიც მან გამოააშკარავა დამალული ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიძირა კოლუმბიის ფლოტის ხომალდი. სტატიას დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან მარკესმა ეჭვი შეიტანა ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც გემის ჩაძირვის მიზეზი შტორმი იყო. გამომცემლობამ იგი ევროპაში, უცხოეთის ჟურნალისტად გააგზავნა.

გარსია მარკესის ჟურნალისტური წარსული მის სამწერლობო კარიერაში ფუნდამენტური ბაზისი აღმოჩნდა. როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი ბელ-ვილიადა აღნიშნავს, „ჟურნალისტური გამოცდილების წყალობით, გარსია მარკესი ამჟამად მცხოვრებ ყველა მწერალზე დიდებულია, ერთადერთია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ყოველდღიურ რეალობასთან“.

image

image

„ფოთოლცვენა“ (La Hojarasca) გაბრიელ გარსია მარკესის პირველი ნოველაა, რომლის დასაბეჭდადაც გამომცემელს ის შვიდი წლის მანძილზე ეძებდა. საბოლოოდ ნაწარმოები 1955 წელს დაიბეჭდა. ეს ნოველა ყველაზე გულწრფელი და სპონტანური იყო და ამიტომაც ავტორისთვის ყველაზე საყვარელიც.

ყველაზე დიდი პოპულარობა მწერალს მაინც რომანმა "მარტოობის ასი წელიწადი" მოუტანა. მარკესს ჯერ კიდევ ახალგაზრდას უნდოდა დაეწერა რაიმე ისეთი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავისი ბებია-ბაბუის სახლის ამბებზე. და ერთ დღესაც, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა, მოულოდნენლად უკან დაბრუნდა და საწერ ოთახში ჩაიკეტა. თვრამეტი თვის განმავლობაში წერდა წიგნს, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1967 წელს დაიბეჭდა წიგნი "მარტოობის ასი წელიწადი". გაიყიდა წიგნის დაახლოებით 30 მილიონი ასლი. ამ რომანმა მას საყოველთაო აღიარება, ნობელის და რომულო გალიეგოსის პრემიები მოუტანა.

image

გაბრიელ გარსია მარკესი მომავალ მეუღლეს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც მერსედეს ბარჩა სტუდენტი იყო. მათ ქორწინება მერსედესის სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს, თუმცა სწორედ ამ დროს მარკესი საზღვარგარეთში გააგზავნეს უცხოეთის კორესპონდენტად. საბოლოოდ წყვილი 1958 წელს დაქორწინდა და მომდევნო წელს პირველი ვაჟი - როდრიგო, სამი წლის შემდეგ კი გონსალო შეეძინათ. "ოჯახური ცხოვრების პერიოდში არც ერთი სერიოზული უთანხმოება არ გვქონია. ალბათ, იმიტომ, რომ მოვლენებს ისევე ვაფასებდით, როგორც ქორწინებამდე. ოჯახური ცხოვრება საშინლად რთული საქმიანობაა, რომელიც ყოველდღე თავიდან უნდა დაიწყო.. და ასე მთელი ცხოვრება გამუდმებულ დაძაბულობაში, რაც ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს ამად ღირს“, - აღნიშნავდა მარკესი.

imageimageimage

"ყოველ წიგნში, მე ვცდილობ სხვადასხვანაირ გზას გავყვე... არ ვირჩევ სტილს. შენ შეგიძლია გამოიძიო და სცადო აღმოჩინო, რა სტილი იქნებოდა ამ თემისთვის უკეთესი. მაგრამ სტილი გადაწყვეტილია საგნებით, დროთა განწყობით. თუ შეეცდები გამოიყენო რამე ისეთი, რაც არაა შესაფერისი, ის უბრალოდ, არ იმუშავებს. ამის შემდეგ, მის გარშემო კრიტიკოსები შეთხზავენ თეორიებს და დაინახავენ საგნებს, რომლებიც მე ვერ დავინახე. მე მხოლოდ ჩვენი ცხოვრების გზას ვეპასუხები, კარიბული ცხოვრების გზას."

imageimage

2014 წლის 17 აპრილს, მეხიკოში, გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გვამის კრემაცია ოჯახურ გარემოში მოხდა.



0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0