x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ვინ არის ადამიანი, რომელიც თარგმანში არასოდეს დაკარგულა?
image
დავით წერედიანი 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მან ვიიონის ბალადები, გოეთეს "ფაუსტი" და ძმები გრიმების ზღაპრები თარგმნა.




"ფაუსტი" რომელსაც გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება, სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია.






"თარგამნს ვიწყებდი, მერე მივატოვებდი რამდენიმე წელი, შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდი. რითმიანი ლექსი ზოგადად, ძნელი სათარგმნია. როდესაც მასში ამხელა აზრი დევს, კიდევ უფრო ძნელია. ამას ისიც ემატებოდა, რომ თითოეული მეფისტოფელი სხვანაირად ლაპარაკობს, ფაუსტი სხვანაირად. " - ამბობს დავით წერედიანი.



ამის მიუხედავად იგი თარგმანში არასოდეს დაკარგულა.


ბიოგრაფიული ლექსიკონის მონაცემებით მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:


ბიოგრაფია


დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი ქოლობანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.



ბიბლიოგრაფია:

ოთხთაეპედი : სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 32გვ.

ფაუსტი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 271გვ.

ზღაპრები: ძმები გრიმები (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 174გვ

ანარეკლი: ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2005




ამჯერად გთავაზობთ მის ლექსებს, რომლებიც გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელში:


image



აპრილი


იმღვრევა ბროლი: გაზაფხულსაც დაეტყო ხანი.
მაინც გულდაგულ იმოსება სამეფო მწვანით,
არაფერს იმჩნევს, ყველა ეჭვი აქვს განდევნილი,
და ისე მოდის, თითქოს, რა და, შარშანდელივით
ლამაზი იყოს. ლანქერებად, ლეღმებად მოდის.
ხმა იგივეა…მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.
უკუმიდგება და, ხელახლა, ფესვთა ჟრიალით,
ამ ეკლის ბარდით, ამ ბებერი ხით ნუჟრიანით
წუხანდელ ქუხილს, გადავლილი წვიმების ხასხასს
მიწიდან წვეთ-წვეთ ამოჟურავს, ფოთლებად გასხამს.
ზედ სარკმლის პირზე ალისფერი ასხლტება ტოტი,
დამეჟრჟოლება…
მაგრამ სუფთად ვერ იღებს მოტივს.


ორიონი


აქ ლაჟვარდია, სამერცხლური, ლურჯად მწვეთარი.
რაც დილას მოაქვს საზრუნავი, საღამოს მიაქვს.
მოწყენა ჩემი დობილია, ვცხოვრობ ნეტარი,
იმედებისგან თავდახსნილი ვაგროვებ ციაგს.
მოწყენა ჩემი დობილია საღამოს გზამდე,
და როცა მწუხრში, ბოლო ნიმბი, ჩაქრება შხარა,
ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს,
მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს.
მიარწევს ცხედრებს ვარსკვლავეთის შორი დინება.
რომელ მეჩეჩზე უნდა გავრჩეთ? რა ზღვრამდე ივლის?
ვცვლი მოკიაფე სახელებზე დღის მოთმინებას
და ფსკერისაკენ დავეხრები დანისლულ ბივრილს.


უდიდმეფონი


უფლის ხმად მეცნო, მოყმენო, დაგვდევს, მძვინვარებს.
ის, რასაც გაასწარ, აღარმცა ჰგონებდი ნახვას,
წლებს მხარზე გაიხვევს, ბნელში წაგადგება მძინარეს,
ზედ შიშველ გულზე, თვისტომნო, დაგაბჯენს ლახვარს.
რას არ ხედავდა
კედელში ჩატოვებული ბზარი,
აზიურ მაიდნებს, ჩადრებს, ტანკენარ მინარეთებს.
ტყვეებს ვყიდდით, ფასი, სამწუხაროდ, არ იყო მყარი,
ცხენებს ვყიდულობდით,
ფრთხილად გადმოგვყავდა მდინარეზე.
რა კაცად იცხოვრე, სეფედავლე? მგზავრად.
ამყოლს ავყევი, დრო დგება სულთა ამოსვლის.
შემოიცვი სხვისთვის გამოთარგული სტავრა,
აფართხუნე ტანზე მოურგებელი სამოსი.
არადა, ელვანი გვფერობდნენ, დღესასწაულნი ხრმალთა,
შუბ-შიმშერთ სეფანი – რამ? რისმა სახმილმა მოგვაგზნო? -
შუბ-შიმშერთ სეფანი, სამეფო კარვების კვალთვა.
ვინ მიგვიწვევდა ჩვენ ამ ნადიმზე, მოყვასნო?


პირმზითი


რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა, ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან, უჟამ-უთენარ ბღავილს…
წამიღე, რაც-რა მემართა, ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე, თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე, ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე, კევრის გარშემო მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე, ხარებს ახორში ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი…
ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ…



ფრაგმენტი პოემისათვის

I
გზა ნაგზაურსა, შაბაშ, დასძარი,
მიმოვიმგზავროთ ძველი ქარგები.
არც – მოფარგლული წრე წინასწარი,
არც – სახვალზეგოდ მოსაფარგლელი.
ბნელდაბნელ მივალ, ჟიჟმატი მზუზავს,
თრთოლავს სანთური, კრთოლავს სანათი.
ვარ მინდობილი კლასიკურ მუზას
მცირეოდენი განდაგანათი.

II
ეპოსის ხანა აგრემც დამთავრდა,
მაგრამ, რა კაცი კუნაპეტს გარჩეს
და ღამით ღამე ჯდეს კელაპტართან,
ვერ ნახავს უფრო სამეფო სარჯელს.
შაბაშ, დასძარი, ბინდი გვეხუროს,
ამოვიფერთხოთ გულის ბუხარი,
გავმუხლოთ, ჩემო ბატიფეხურო,
ნურც მოგვცემია სხვა საწუხარი.

III
არადა, საით? – ნუ ხელებს დაყრი,
სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს,
გინდ სამიჯნუროდ გაიჭრას მაღრიბს,
გინდ ოდიშური ტალახი ზეპოს.
…არ ვიცი, რომელს გავასწარ ბეწვზე,
ბნელში საჩემოდ გასროლილ ტყვიას,
თუ ბროლის დარბაზს, ალისფერ ბეჭდებს,
მიმოშლილ ტევრთა ოქროვან წყვდიადს…

IV
მთავარი ქარგა ტრიალებს წრეზე,
მზეს ელტვის, მაგრამ უფრო მთვარე ჩანს,
დადის, დაკარგულ საბედოს ეძებს,
გრაალს, ითაკას, ნესტან-დარეჯანს.
ჟამიდან ჟამზე ღვთაებრივ ყარიბს
აჟღერებინებს ქნარსა თუ ლერწამს,
მულღაზანზარზე მიელავს ბწკარი
და შვიდი ცრემლით სამყაროს ძერწავს.
გადაჭრი საბელს, გაივლი ღვართქაფს,
წინ ველებია ვრცელზე უვრცენი
და ამა ქვეყნის გლოვა და ზართქმა
მოცვივა როგორც ვარდის ფურცელი.

V
აქ შევდგეთ, ცოტა დავწიოთ ტონი.
ჩადებულია პირველი ფსონი…


დ. წერედიანი


0
198
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0