x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
"მარად აწმყო და უკვდავი..." - გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფია

image

გრიგოლ რობაქიძეს

"ჩვენ როცა გავჩნდით შვადღის საქებათ,

ჩამოეყუდენ მზიდან სვეტები.

ხვატი. მდუღარე პაპანაქება,

ტვინს გვიდაღავდა ოქროს წვეთებით.

კიდევ გვაბრმავებს - ზეცის განგებით

ჩამონგრეული მადნის წყალობა!..


მე ტან-ანთებულ ფარშევანგებით,

მოგართვი, შვადღის კარდინალობა.

ატეხილია მიწა ზვიადი,

კენტავრის სირბილს - „ლილლეს“ აყოლებ.

ატარებ როგორც ალკივიადი

ცხელ, გახურებულ დერიდახოლებს.

სჭრი ლექსებს მაგარ, რკინის ღვედებათ.

და გვაბარბაცებ სიტყვის შანთებით;

საქართველო კი გეიმედება

ირრუბაქიძის გადანათებით."

/ პაოლო იაშვილი /

image

მეოცე საუკუნის დიდი კლასიკოსი, ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძე 1882 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა სვირში, იმერეთში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი.

საქართველოში 1908 წელს დაბრუნდა და ჯერ კიდევ სტუდენტმა "შეუფარავად განაცხადა, - ილია ჭავჭავაძის ვერაგულმა მკვლელობამ მაიძულა მიმეტოვებინა ევროპა და სამშობლოში დავბრუნებულიყავიო." ( ლალი ავალიანი ) იგი სიმბოლისტთა რიგებში ჩადგა და მასე მისი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერიც გახდა. 1915 წელს "ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი თანადამუძნებელიც გახდა. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა, გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც მუდმივად განიცდიდა ბოლშებიკური ხელისუფლების მხრიდან დევნას. 1931 წლიდან გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებოდა: 1946 წლამდე იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, 1946 წლიდან კი - შვეიცარიაში.

image

გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე ემიგრაციაში ყოფნის დროს. მისი ლექსები ქვეყნდებოდა ქართულ გაზეთებში. 1926 წელს მან დაასრულა მუშაობა რომანზე "გველის პერანგი". გერმანიაში ყოფნისას მწერალმა გამოაქვეყნა "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", ხოლო 1937 წელს გამოვიდა მისი რომანი "გრაალის მცველნი". პერიოდულად გერმანულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და ესეები, წერილები.

image

რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

გრიგოლ რობაქიძე 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და იქვე დაკრძალეს. მოგვიანებით, 1976 წელს, ქართველი ემიგრანტების, ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

image

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა გერმანულ ლიტერატურაში. მას გერმანელები მიიჩნევენ გერმანული ლიტერატურის სიამაყედ, გერმანული ენის რეფორმატორად. "ყოველ ფურცელს გააჩნია ცეცხლოვანი, ბალადური მომენტები სრულიად უცხო სახის სიმშვენიერისა; და მიუხედავად იმისა, რომ გრძნობას ნათლად არ შეუძლია გაარჩიოს, სინამდვილეში ვის უნდა უმადლოდეს ვარდის ზეთისა და აშიშის ამ დამაბრუებელ სურნელებას, მწერალ რობაქიძეს თუ თვით საქართველოს; ასე სიამოვნებით ხდები ტყვე ახლისა“... - წერდა შტეფან ცვაიგი მისი შემოქმედების შესახებ.


"მეხსიერების საოცარი ნიჭი, ანუ გარდასულის ფლობის უნარი, საკუთარი „გენეტიკური“ ისტორიის სულის საკუთრებად ქცევა - აი, ყოველივე ის, რასაც გრიგოლ რობაქიძე თავისი შემოქმედების უმყარეს საძირკვვლად იაზრებდა...

თუმც, რა უნივერსალურიც არ უნდა ყოფილიყო მისი ინტერესების სფერო, მთავარი მისთვის მაინც, ქართული სულიერი კულტურის გადარჩენა და შემდგომი აღორძინება იყო...

მწუხარე ტეხილებით დამძიმებული ცხოვრება გრიგოლ რობაქიძისა წარმოადგენდა დაუღალავ ღვწას დაკარგული სამშობლოს სულიერი და ზნეობრივი პოტენციის მხატვრულ სახეებში რესტავრაციისა და მხოლოდ ამგვარად განფენისა... მისი საკრალური ხატის რომანტიზაციისა და სამყაროს უმაღლეს ადამიანურ ღირებულებათა სივრცეში მისი დამკვიდრებისა..." ( გურამ ბენაშვილი )


image

გთავაზობთ რამდენიმე ლექსს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან:

ლანდი

შფოთავს ღამე,

შფოთავს შავი,

ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;

ვამე, ვამე,

შენი თავი

ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

ვზივარ ცეცხლთან,

ვდნები ნელა,

ცეცხლი ფიქრად იფერფლება,

გაჰქრა შენთან

ერთად ყველა,

მხოლოდ ლანდი თავს მევლება...

სუსხი ისხმის,

ვუსმენ მუნჯი,

ფიქრი შენ ლანდს ეტანება;

ეს რა ისმის?

ჩიტი ლურჯი

ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...

შენ ხარ ეგებ?

მაგრამ არა:

მხოლოდ ელვით შეკრთა გული,

ცრემლით გეძებ

და ფანჯარა

მიცქერს ისევ მოღუშული...

შფოთავს ღამე,

შფოთავს შავი,

ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;

ვამე, ვამე,

შენი თავი

ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

თებერვლის 17; 1914 წელი

ალლას

ნელი შრიალით შეფოთლილი თუ ვინმე მოჰქრის:
ჟღალი ბეღურა თავს ევლება ტანსარო ალვას.
ის ვერ იხილავს ჩემს ეზოში პატარა ალლას-
მე ვეღარ ვეტყვი უცხო სტუმარს „ნიკარტი ოქროს“.

თეთრი ღიმილი აგონდება გადახრილ ქორედს.

ობლობას იხდის დედოფალა ნაჭრიან ჩითით.
გულდათუთქული ცქერას მესვრის ცქრიალა ჩიტი
და სამუდამოთ გაფრინდება ნაღვლიან შორეთს.

ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.

ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.
მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით ნეკივით მცირე
და ვიშრობ ცრემლებს: საცოდავი ვით ჭიქის თვალი.

„ბარრიკადი“, 1922, №4, 7 იანვარი

ირრუბაქიძე

პასუხი ევროპის პოეტებს შეკითხვაზე:

რეალისტებს ნატურალისტებს სიმბოლისტებს
ფუტურისტებს, დადაისტებს და ყველა მას ნაშიერს.

..... .

მე მაშინ ბავში ვიყავ.
ველზე მიმეძინა.
იყო დიდი მუხა და ტიტველი შუადღე.
იყო მწვანე ხავსი და ყვითელი კალო.
როცა გამეღვიძა -
სახელოებში ხვლიკები დავინახე.
მე არ მიკივლია:
ეს იყო მზის ნიშანი.
(ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია -
ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი)...
1917. აგვისტოს 17

ირანის თეთრი ღამე ქვის ლომზე გავათენე.
(ფილიპპის ძე თვითონ ამ ლომის სახელია).
ეს იყო ხამადანში:
საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ
ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი
მოთენთილ ბალახებზე ცოლებათ გაუფინა.
მე მხოლოდ მომაგონდა -
მაგრამ დავიკივლე: რომ ვნახე გადალახვა.
(ყოველი ხერხემალი ელის ამ ნიშანს -
დამვურვებელი ირრუბაქიძე)...
ჩემს მაღალ თავლაში
ჯერ კიდევ დაბმულია
დამცხრალი ცხენი პატმოსის კუნძულიდან.
მისი ნესტოები სეისმოგრაფია
ყველა მიწისძვრების.
უცდის დოსტოევსკის
და უსმენს მხოლოდ ქვესკნელის გუგუნს.
ერთხელ აიწყვიტა
და გაიჭიხვინა -
დიონისის სიტყვა „ტფილისის ხერხემალი“.
(სტამბები ვერ სტამბავენ:
ალბათ ეშინიათ დაზგების ავარდნის)...
იქვე ბაგას ანგრევს კიდევ სხვა ნადირი:
„კარდუს“ მონოლიტი რისხვარი მარტორქა.
მე არა მგონია რომ ვინმემ დაიურვოს.
მასთან ახლო მისვლა
მე თვითონ მეშინია -
თუ ხელში არ მიჭირავს ნინოს ნაწნავები.
(მხოლოდ ეს ანელებს).
უცდის მზის მოვარდნას -
გავარდეს საბუღრაოდ.
(მითხარით კიდევ სხვა სანახაობა!)...
ჯერ კი მისი სუნთქვა
მოდის როგორც „მალშტრემ“.
(თქვენც იცით: რომელზედაც
რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპპოპოტამ).
მისი ავი სუნთქვა მოდუღს როგორც „მალშტრემ“.
ზვავების ურაგანი
შეანგრევს ევროპას.
სიტყვაც ხომ მაგარია:
ირრუბაქიძე...

„ბარრიკადი“, 1924, № 1, 6 იანვარი


0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0