x
მეტი
  • 22.01.2018
  • სტატია:73315
  • ვიდეო:326339
  • სურათი:428942
მოტყუების ხელოვნება: ყველაზე ეშმაკური აფიორები კრიმინალის ისტორიაში

ორჯერ გაყიდული ეიფელის კოშკი, არაფრისგან შექმნილი არმია, XIX საუკუნის ფინანსური პირამიდა და ერმიტაჟის გაყიდვა - ავანტიურისტები ყველა დროში ცდილობდნენ ეპოვათ იოლად გამდიდრების გზები, ამასთანავე თაღლითებისა და ყალთაბანდების ანკესზე არამარტო უბრალო ადამიანები, არამედ ცნობილი ბიზნესმენები და გავლენიანიანი სახელმწიფო ჩინოვნიკებიც კი წამოეგებოდნენ ხოლმე.



image


მოდით, გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი თაღლითები და ავანტიურისტები კრიმინალის ისტორიიდან.


იუველირი და ფსიქიატრი



image


ცნობილმა თაღლითმა ქალმა სოფია გლიუნშტეინმა (მას იცნობდნენ ზედმეტსახელით ''ოქროსხელება სონკა'') XIX საუკუნის ბოლოს მოიფიქრა და ხორცი შეასხა ერთ-ერთ გასაოცარ, არარეალურ, დაუჯერებელ აფიორას. მოვლენები ოდესაში განვითარდა: სონკა მივიდა საიუველირო მაღაზიაში და მის მფლობელს - კარლ ფონ მელუს თავი ცნობილი ფსიქიატრის ცოლად წარუდგინა. ქალმა იუველირს განუცხადა, რომ მეუღლეს მისთვის ძვირფასი საჩუქრის გაკეთება სურს, ამოარჩია ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები და მაღაზიის პატრონს სთხოვა, თავად მოეტანა ეს ყველაფერი ექიმის სახლში, სადაც მისი ქმარი ფულს გადაუხდიდა. ამის შემდეგ ის გაემართა ფსიქიატრთან, თავი საიუველირო მაღაზიის მფლობელის ცოლად წარუდგინა და შესჩივლა, რომ მის ქმარს გაურკვეველი ფსიქიკური აშლილობა დაეწყო, კერძოდ, ის რომ კარლი გამუდმებით დაეძებს რაღაც განძეულს, რომელშიც ვითომ ფული არ გადაუხადეს. ექიმმა ყურადღებით მოუსმინა ქალს და პირობა მისცა, რომ მის ქმარს განკურნავდა აკვიატებული აზრებისაგან. სონკას ვიზიტი ექიმთან რაღაც სასწაულით დაემთხვა მაღაზიის პატრონის მოსვლას ექიმის სახლში, რომელმაც ქალს მის მიერ შერჩეული სამკაულები მოუტანა.

ქალი იუველირს " საკუთარი'' სახლის პარმაღზე შეხვდა, სამკაულებით სავსე ყუთი გამოართვა და ანგარიშსწორებისათვის სთხოვა ექიმის კაბინეტში შესულიყო. რაწამს კარლ მელუს უკან კაბინეტის კარები დაიკეტა, სონკა მაშინვე აორთქლდა ექიმის სახლიდან. ფონ მელმა, რომელსაც ეჭვი არაფერში შეჰპარვია, ექიმს სამკაულების ფულის გადახდა მოთხოვა, მაგრამ კუპიურების მაგივრად მხოლოდ უფასო ფსიქოთერაპიის სეანსი მიიღო. საერთო ჯამში მოხდა ის, რომ გაცოფებული იუველირი ექიმის მიერ გამოძახებულმა სანიტრებმა გაკოჭეს და პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიაბრძანეს. ამ დროს სონკა თავისი ძვირფასეულობით უკვე საკმაოდ შორს იყო ოდესიდან.

ეს ისტორია 1936 წელს ეკრანზე გააცოცხლეს ამერიკელმა კინემატოგრაფისტებმა. ფილმში მთავარი როლი მარლენ დიტრიხმა შეასრულა.



სიაში არ ირიცხება


image


პარადოქსულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფიორა მოხდა დიდი სამამულო ომის დროს. 1941 წელს ომიდან დაბრუნებულმა დეზერტირმა, წითელი არმიის ოფიცერმა ნიკოლაი პავლენკომ ყალბი საბუთებით გახსნა "კალინინის ფრონტის სამხედრო-სამშენებლო სამუშაოების №5 განყოფილება" (УВСР-5). ორგანიზაციის ეგრეთ წოდებული ''ბეჭედი" ფეხსაცმლის ძირიდან გამოჭრა მისმა თანამოაზრემ ლუდვიგ რუდნიჩენკომ.

პავლენკომ საკუთარი თავი წითელი არმიის მაიორად და სამშენებლო ნაწილის უფროსად გამოაცხადა. ყალბი საბუთებით მიღებული ფულით ორგანიზაცია აშენებდა გზებს და კერავდა ტანსაცმელს. თუ ბანკის თანამშრომელი რაიმეს იეჭვებდა, მას საკმაოდ მსხვილი თანხით მოისყიდიდნენ ხოლმე. საკრედიტო ორგანიზაციების გარდა, პავლენკო თანამშრომლობდა სამხედრო კომენდატურასთანაც, რომელიც მოთხოვნილების შესაბამისად УВСР-5-ს დაჭრილ სამხედროებს უგზავნიდა. მკურნალობის შემდეგ მათ გზების მშენებლობაზე ამწესებდნენ. 1945 წლისათვის ორგანიზააცის საშტატო ერთეულში უკვე 350 კაცი ირიცხებოდა, ხოლო მისმა ბიუჯეტმა სამ მილიონ მანეთს გადააჭარბა.

ომის დასრულების შემდეგ პავლენკომ დაშალა УВСР-5 და დააფუძნა სამხედრო მშენებლობის სამმართველო -1 (УВС-1). გლობალური აფიორა მხოლოდ 1952 წელს გამომჟღავნდა და ისიც შემთხვევით: ერთ-ერთმა სამუშაოთა მწარმოებელმა ხელფასი ვერ მიიღო და საჩივლელად მილიციას მიმართა. გამოძიების დროს გამოირკვა, რომ სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროში არ ირიცხებოდა არც УВС-1 და არც УВСР-5 . იმავე წელს პავლენკო დააპატიმრეს. ამ დროს ის უკვე პოლკოვნიკის წოდებამდე იყო ამაღლებული, ხოლო სარდაფში ჩხრეკის დროს იქ გენერლის სამხრეებიც აღმოაჩინეს. ორი წლის შემდეგ სასამართლომ მთავარ ყალთაბანდს სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით. საინტერესოა, რომ ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ არარსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.


''ვეტერანი"


image


ქურდი, რეციდივისტი ბენიამინ ვეისმანი ვოლოგდის კოლონიიდან 1944 წლის ზამთარში გაიქცა. ნახტომი თავისუფლებისაკენ ყოფილ პატიმარს ორი ფეხის ფასად დაუჯდა, რომელთა ამპუტირებამაც მოუწია მოყინვის გამო (ციხიდან გამოქცულმა პატიმარმა ზამთრის საშინელ ყინვებში 50 კილომეტრი იარა ტყე-ღრეში, რის გამოც ფეხები მოეყინა) . ამის გამო მას ძველ პროფესიასთან გამომშვიდობება მოუხდა, თუმცა გონებამახვილმა ბენიამ სხვა, უფრო იოლი და ჭკვიანური ხერხი გამოძებნა ფულის საშოვნელად. ყალბი ფულის მჭრელს მან დაამზადებინა სსრკ-ის გმირის მოწმობა და ორდენი, ორი წლის განმავლობაში ომის "ვეტერანმა" შემოიარა 26 მინისტრის კაბინეტი. თითოეული ჩინოვნიკის მიმართ მას შედგენილი ჰქონდა თხოვნების ნუსხა. ერთ-ერთ მინისტრს კი მან თავი წარუდგინა, როგორც ვასილი სტალინის თანაპოლკელმა. გულაჩუყებული სახელმწიფო მოსამსახურეები ვეისმანს ხელცარიელს არ უშვებდნენ და ფულით უვსებდნენ ჯიბეებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცენტრალურ კომიტეტში გამართულ მიღებაზე ომგამოვლილ ''ინვალიდს'' კიევის ცენტრში აჩუქეს ბინა. ასე გადასახლდა ბენიამინი უკრაინაში, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის კვლავ მოსკოვში დარუნდა და ისევ დაიწყო ვიზიტები თხოვნებით თანამდებობის პირებთან. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ მის ვინაობაში ეჭვი არ შეიტანეს. გუშინდელი " ვეტერანი" 9 წლით გაამწესეს კოლონიაში, სადაც გარდაიცვალა.



7%-იანი ვანია


image


როგორ ფიქრობთ, როდის შეიქმნა პირველი ფინანსური პირამიდა?- გასული საუკუნის 90-იან წლებში? - სულაც არა. ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი რიაზანელი ივან რიკოვი გახლდათ და ეს ამბავი XIX საუკუნის შუახანებში მოხდა. ახალგაზრდა კაცი პატარა ქალაქ სკოპინის საზოგადოებრივი ბანკის ხელმძღვანელი იყო. ერთხელაც მან თანაქალაქელებს შესთავაზა ფულის ჩადება ბანკში ძალიან დიდი საპროცეტო განაკვეთით - 7, 5 %-ით. იმ დროს სხვა ბანკები მხოლოდ 3%-ს იძლეოდნენ. იმისათვის, რომ მოქალაქეების ნდობა მოეპოვებინა, რიკოვი აქვეყნებდა ყალბ ანგარიშებს საკრედიტო ორგანიზაციის ვითომდა შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. თავდაპირველად მეანაბრეები უნდობლად უყურებდნენ ამ შემოთავაზებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამოდენიმე მეანაბრემ საკმაოდ კარგი დივიდენდი მიიღო, ხალხი რიკოვის ბანკს მიაწყდა და მის შესასვლელთან კილომეტრიანი რიგები გაიჭიმა. მალე ამ ამბის შესახებ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშიც შეიტყვეს და რიაზანელ ''ბანკირს" ხალხი მთელი რუსეთის იმპერიიდან მიაწყდა. საგულისხმოა, რომ თაღლითის ბადეში იოლად გამდიდრების მსურველი ბევრი ვაჭარი და მეწარმე მოჰყვა.

პატარა ქალაქს ინვესტიციების ზღვა დაატყდა თავს - გაიყვანეს გზები, ააშენეს რკინიგზა, გაიხსნა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და საქველმოქმედო ორგანიზაციები. არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ საიდან გადაიხდიდა ბანკი ესოდენ დიდ პროცენტს. ზღაპარი თითქმის 15 წელიწადს გაგრძელდა, სანამ ბანკის ვალები იმ დროისათვის რეკორდულ ციფრამდე არ ავიდა. ჩატარებული რევიზიის დროს სალარო, რომელშიც 13 მილიონი მანეთი უნდა ყოფილიყო, ცარიელი აღმოჩნდა. გამოირკვა, რომ ხალხის მიერ შეტანილი ანაბრები რიკოვის და მისი თანამზრახველების ჯიბეებში მიდიოდა. რიკოვი დაიჭირეს მანამ, სანამ ის საზღვარგარეთ გაქცევას მოასწრებდა. აფერისტი გააასამართლეს და ციმბირში 15 წლით გაამწესეს.



კაცი, რომელმაც ეიფელის კოშკი სამჯერ გაყიდა


image


ჩვენი სია არასრული იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ თაღლითად აღიარებული ვიქტორ ლუსტიგის გარეშე. ეს იყო ადამიანი, ვინც ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა.

ლუსტიგი დაიბადა ჩეხეთში. სკოლის დამთავრებისას ის უკვე ბრწყინვალედ ფლობდა ხუთ ენას: ჩეხურს, ფრანგულს, იტალიურს, ინგლისურს და გერმანულს. მალე მან მიატოვა სახლი და თავგადასავლების საძებნელად გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. რამდენიმე წვრილი ქურდობისა და თაღლითობის შემდეგ ვიქტორი პარიზში დამკვიდრდა. აქ მან ბრწყინვალედ შეისწავლა პოკერი და ბრიჯი, რაც მისი შემოსავლის წყაროდ იქცა. დახელოვნებული შულერი ხშირად მოგზაურობდა გემით და "ფქცვნიდა" მგზავრებს ბანქოს თამაშით.

1920 წლიდან ლუსტიგი ამერიკაში გადასახლდა და იქ გააგრძელა "მოღვაწეობა". პირველი დიდი აფიორა მისგან ფულის საბეჭდი მანქანის გაყიდვა გახლდათ. შავი ყუთი ყოველ 6 საათში 100$-იან კუპიურას ბეჭდავდა. მან რამდენიმე "მანქანის" გაყიდვა მოასწრო, თითოსი 30 000$-ად და შემდეგ აორთქლდა (მანქანის "მუშაობის" პრინციპი ასეთი იყო: წინასწარ ყუთში ჩადებული იყო 2 ან 3 ასდოლარიანი კუპიურა, რომელიც ყოველ 6 საათში ყუთიდან გამოდიოდა, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, "მანქანა" აღარ "მუშაობდა".)


მაგრამ ლუსტიგის ყველაზე გრანდიოზული აფიორა ისევ პარიზში დაბრუნებისას იწყება. მან, არც მეტი არც ნაკლები, ეიფელის კოშკი გაყიდა! შემთხვევით გაზეთში ამოიკითხა, რომ შესაძლებელია ეიფელის კოშკი ან გაარემონტონ ან საერთოდ დაშალონო. თაღლითმაც არ დააყოვნა და ეს იდეა ბრწყინვალედ გამოიყენა. თავი ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის მოადგილედ გაასაღა, შეადგინა ყალბი საბუთები და მდიდრულ სასტუმროში მეტალო-მაგნატები მოიწვია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეიფელის კოშკის უტილიზაციის "უფლება" ვინმე ანდრე პუასონს მიჰყიდა 50 ათას დოლარად. ლუსტიგი კვლავ აშშ-ში ბრუნდება. აქ მან კიდევ რამდენიმე აფიორა განახორციელა. "გადაგდებულთა" შორის თვით მაფიოზთა ბოსი ალ-კაპონეც აღმოჩნდა!



image



წარმოუდგენელია, მაგრამ 30-იან წლებში იგი კვლავ ბრუნდება პარიზში და ხელმეორედ ყიდის ეიფელის კოშკს, ამჯერად 75 000$-ად!!!

ლუსტიგის "მოღვაწეობას" წერტილი დაესვა 1935 წელს, როცა ის ამერიკის სამართალდამცავებმა აიყვანეს და 15 წელი მიუსაჯეს. თაღლითი ციხეში გარდაიცვალა 1947 წელს ფილტვების ანთებით.



ზამთრის სასახლის გამყიდველი


image


ვიქტორ ლუსტიგის მიერ დატრიალებული აფიორა ეიფელის კოშკის გაყიდვის მცდელობისა ერთადერთი როდია კრიმინალურ ისტორიაში, გაცილებით უფრო ადრე -XIX საუკუნის დასასრულს ნიკალაი სავინმა ამერიკელ ბიზნესმენს მიჰყიდა....ზამთრის სასახლე. ერთ მშვენიერ დღეს სასახლესთან ყარაულში მდგომ სავინთან ამერიკელი მივიდა და დამტვრეული რუსულით უთხრა, რომ მას სურდა ერმიტაჟის შეძენა, დაშლა და თავის სამშობლოში წაღება. მოხერხებულმა ჯარისკაცმა იმწამსვე მოიფიქრა თაღლითური გეგმა, უცხოელს თავი წარუდგინა საასხლის პატრონად და ფასზეც შეუთანხმდა. მერე დღეს მზად იყო ყალბი საბუთები ვითომდა სავინის საგვარეულო ბეჭდითა და გერბით, რომელიც უბრალო მონეტით იყო გაკეთებული. ზუსტად იმ მომენტში, როცა ამერიკელი სავინს ფულს გადასცემდა, სასახლეში შუქი ჩაქრა. თაღლითმა მყიდველი დაამშვიდა, რომ მეორე დღიდან ელექტროენერგიის გადასახადი უკვე სახლისახალი მფლობელის სახელზე მოვიდოდა. ეს სცენა გათააშებული იყო იმისათვის, რომ უცხოელს სასახლეში შესვლის და მისი დათვალიერების საშუალება არ მისცემოდა. საერთო ჯამში, სავინმა ხელი დასტაცა ფულით სავსე ორ ჩემოდანს და გაქრა.

მეორე დღეს ზამთრის სასახლეს მუშების ბრიგადა მიადგა, რომლებიც ამერიკელმა დაიქირავა სასახლის დემონტაჟისათვის. რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება არავინ არ მისცა, მით უმეტეს, რომ მის მერ წარდგენილი ვითომდა ნასყიდობის საბუთი ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა და მეტი არაფერი. ასე გააცურა ამერიკელი მილიონერი უბრალო რუსმა კორნეტმა.


1
435
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
435
  
9 იანვარი, 10:16
რას არ მოიფიქრებენ რაააა....თან გეცინება, თან აღფრთოვანებაც არის ამ ადამიანებით, თან გებრალება დაზარალებულებიც...კარგი ისტორიებია
0 1 1