x
image
მანანა თურმანიძე
დოქსოპულოებო, დედები გყავთ?!
გუშინ, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დაგვამუნჯა – მოზარდმა დანით, სადისტურად დაჩეხა თანატოლები! გაირკვა, რომ გასაშველებლად მისული 51-ე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის არასრულწლოვანია. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში არაერთი მოსწავლე მონაწილეობდა. დღეს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, როგორც 51-ე სკოლიდან, ისე ხორავას ქუჩიდან, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
ამაზე უარესი რა შეიძლებოდა არასრულწლოვანს ჩაედინა?! გაუბედურებული ახალგაზრდები, რომელთაგან ორი გარდაცვლილი მსხვერპლია, დანარჩენები კი – მანიაკალური ფსიქოზით შეპყრობილი, ახალგაზრდა მკვლელები. ცხადია, ისინიც ასევე მსხვერპლი არიან, მაგრამ ვისი, ან რისი?
კითხვების კორიანტელი ირევა თავში და გარშემო, ნეტავ ვინ ზრდის ასეთ ნაძირლებს, ისინი ხომ არა, ვინც მხოლოდ სიძულვილის, ბოღმის, სისასტიკის, დაუნდობლობის ტირაჟირებას ახდენს გაუთავებლად?! ახლაც კი, ადამიანების რეაქცია ამ ტრაგედიაზე იყო სრულიად არაადექვატური და ის გამოიხატა – ისევ დაუნდობლობაში, ისევ სისასტიკეში. ეს მოზარდები, სიძულვილის მსხვერპლნი არიან, რომლის გარემოცვაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მისი მეტასტაზები უკვე ბავშვებზეც ვრცელდება. ისინი ჩვენმა გულგრილობამ და გულქვაობამ დაღუპა. იქნებ წამით მაინც შევჩერდეთ და დავფიქრდეთ!
„არ უნდა მოკლა?!“ „არ უნდა დაახრჩო?!“ „არ უნდა დააჭედო ტყვია?!“ – ეს ფრაზები უკვე ისეთი რუტინული ლექსიკონია ჩვენი საზოგადოების, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ რა შინაარსის მატარებელია. თუმცა, ბავშვები ამჩნევენ და ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ბავშვი სარკეა ოჯახის, სკოლის, იმ საზოგადოების, რომელშიც აღიზარდა. სიძულვილი და სისასტიკე მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. არ მიკვირს, რომ მონსტრებად იზრდებიან, ის უფრო მიკვირს, სიყვარული რატომ აკლდებათ ამ დოზით, რომ კაცთმოძულე სოციოპათებად ყალიბდებიან, რატომ ვერ შევძელით ადამიანური გარემოს შექმნა მათ აღსაზრდელად ვერც ოჯახში, ვერც სკოლაში, ვერც ქუჩაში.
Related image
რატომღაც კინოფილმი „მონანიება“ მომაგონა ამ ტრაგედიამ. დოქსოპულოებო, თქვენ დედები გყავთ და თუ გყავთ მხოლოდ გინების დროს გახსენდებათ?!
0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0