x
image
მანანა თურმანიძე
წელიწადის ოთხი დრო
image


ბავშვობიდან, როდესაც რაიმე ძალიან მწყინდა ან გულს მტკენდა, მინდოდა ჩიტი ვყოფილიყავი და ცაში ავფრენილიყავი, ლაღად მეფრინა მაღლა. ვერასოდეს ავხსენი ეს მისწრაფება, რატომ მინდოდა ფრენა? ცოტა რომ წამოვიზარდე, სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა შემიყვარდა და ვცდილობდი ახსნა მომეძებნა. ისიც კი ვიფიქრე, ნეტავ გიჟი ხომ არ ვართქო! როგორც წესი, გიჟი სალანძღავი სიტყვა ჰგონიათ, არადა მე ასე სულაც არ ვფიქრობ. ყველა გენიოსი გიჟია და არავინ იცის, ვინ უფრო ნორმალურია, გიჟები თუ დანარჩენები. დანარჩენებს კი - უბრალოდ არ ესმით მათი, შესაძლოა აზროვნებით ვერ ეწევიან. არავის ესმის გიჟების სიგიჟეების, არა და მათ მხოლოდ ის განასხვავებთ სხვებისგან, რომ შემოფარგლულები არ არიან რუტინული ყოფის გარსით, რუხ ნაჭუჭში ვერ ეტევიან, სხვაზე მეტს ხედავენ და გრძნობენ.


ყოველი შემოდგომა ზაფხულის გაცილებით იწყება და შემოდგომის სევდით მთავრდება. მერე კი დეკემბერი მოდის და ამ სევდას შობა-ახალი წლის სიხარული ცვლის. ფოიერვერკებით გაბრწყინებული, მდიდრულად მორთულ-მოკაზმული შემოდის ახალი წელი და ჩვენც ამ ფუსფუსში ვერთვებით დიდი აღფრთოვანებით. ისე გვიხარია, რომ ერთი წელი კიდევ გავაცილეთ ჩვენი ცხოვრებიდან, თითქოს ერთი სული გვქონდეს, როდის ამოვწურავთ წლების მარაგს. ამას ვინ დაეძებს, ახლა ხომ ახალს ვხვდებით, ნაძვის ხესავით დახუნძლულები უკეთესი წლის ოცნებებით და იმედებით. დროებით ვივიწყებთ ყველაფერს, აწმყოს, წარსულს, ცხოვრების სირთულეებს და მხოლოდ მომავალ წელს შევციცინებთ, როგორც დიდი ხნის ნანატრ პირმშოს. ნეტავ როგორი იქნება, რას მოგვიტანს ეს ახალშობილი?! მასაც ხომ შეუძლია შვილივით, ან აგვაშენოს და ან დაგვაქციოს!


მალე ზამთარიც მიილევა, მიუხედავად მარტის გაჯიუტებისა და სიგიჟეებისა, ის მაინც დაკარგავს ძალას. გაზაფხული შემოვა, იების სილურჯით, ყოჩივარდების და იასამნის სურნელით, მეწამულისფერი ყაყაჩოებით ააჭრელებს მწვანედ გადაბიბინებულ მინდვრებს, ფერადი კვირტებით მორთავს ხეებს, თითქოს ყველას ახალ კაბას ჩააცმევს და ფერად მძივებს დაკიდებს. ნეტავ ყველა შეიგრძნობს გაზაფხულის ნაზ სურნელს? ამასობაში აღდგომის სიხარული წამოგვეწევა და ჩვენც ვცოცხლდებით მაცხოვართან ერთად, ახლიდან ვიბადებით. ბუნებაც ჩვენთან ერთად იღვიძებს და შავ-თეთრი სამყარო უეცრად გაფერადდება. სიხარული, რაღაც ქვეცნობიერი სიხარული ისადგურებს გულში და ვერ ხვდები, თვალს უხარია, სულს, თუ ორივეს ერთად?



მერე კი ისევ ზაფხულის მოლოდინი იწყება და ისიც დათქმულ დროს, დაბარებულივით ბრუნდება, არ დაგვაღალატებს. ისეთი სილაღით გვიხარია მზიანი და ნათელი დღეები, როგორიც მხოლოდ ზაფხულს ახლავს თან. ზაფხულის სიმსუბუქე თითქოს რწმენას გძენს, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეგიძლია, შეუძლებელიც კი. მაგრამ არც ეს გასტანს დიდხანს... სულ მალე გვავიწყდება, როგორ სულმოუთქმელად ველოდით და ისევ ჩვეულ წუწუნს მოვყვებით. უკმაყოფილო ვართ იმით, რომ ძალიან ცხელა, რომ შევწუხდით, რომ ამას ისევ ზამთარი გვერჩივნა, „კი მაინც, შეგცივდება - თბილად ჩაიცმევ და გათბები, ახლა კი რა უნდა ქნა ამ ხვათქში?!“


თუმცა, ცხელი ზაფხული თავს დიდხანს არ შეგვაწყენს, თითქოს ყველაფერი ესმისო, გრძნობს ჩვენს უმადურობას, სწრაფად გაირბენს, ჩაბარგდება და ისევ შემოდგომის სევდას გვიტოვებს მძევლად. ასე გრძელდება უსასრულოდ და ასე იქცევა ცხოვრება ერთ დიდ, წისქვილის დოლაბივით მბრუნავ ოცნებად ზაფხულზე და თბილ ქვეყნებზე, სადაც მადლიერი ფრინველები მიფრინავენ გამოსაზამთრებლად. ყოველ შემოდგომაზე დამწკრივდებიან და მორჩილად მიყვებიან მართვეს იქ, სადაც სულ ზაფხულია, მზე, ზღვა და ლამაზი პეიზაჟები. მათგან ბევრი მომდევნო ზაფხულს დაუბრუნდება თავის ბუდეს, ზოგი კი ალბათ აღარასოდეს დაბრუნდება.


image


0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0