x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71158
  • ვიდეო:324224
  • სურათი:426243
ბანდურას სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია

image



ალბერტ ბანდურას თეორია ერთ-ერთი პოპულარული თეორიაა, განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ფსიქოლოგებში.
მან თავისი თეორიის საფუძვლად აიღო სწავლის ტრადიციული კონცეფცია (ბიჰევიორიზმი) და დაამატა რამოდენიმე ახალი, არსებითი იდეა.

ბიჰევიორისტების თანახმად, ადამიანი არის ისეთი,
როგორიც ისწავლა რომ უნდა იყოს. სკინერის (ბიჰევიორისტი) აზრით, განმტკიცება ზრდის, ან ამცირებს გარკვეული ქცევის აღმოცენების ალბათობას. განმტკიცება შეიძლება იყოს დადებითი
ან უარყოფითი. დადებითი განმტკიცება ეს არის უფროსების მხრიდან გამოთქმული ყველანაირი შექება, ხოლო უარყოფითია - მშობ­ლების უკმაყოფილება.
ა. ბანდურა თვლის, რომ სწავლა ყოველთვის არ საჭიროებს
განმტკიცებას. სწავლა შეიძლება განხორციელდეს სხვა ადამიანებზე დაკვირვების პროცესში. მაგალითად, ბავშვები სწავლობენ აგრესიას, რეალურ ცხოვრებაში ან ტელევიზიით სხვა ადამიანების
აგრესიაზე დაკვირვებით, ან სწავლობენ ქველმოქმედებას, როცა ხედავენ, რომ სხვა ადამიანები ეხმარებიან გაჭირვებულებს. როცა ბავშვი დედის მიბაძვით უკრავს ტაშს, ან თინეიჯერი ატარებს იგივე ვარცხნილობას, რასაც მისი თანატოლები, ეს არის დაკვირვებით სწავლის მაგალითები.
ა. ბანდურას აზრით, სწავლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი ახდენს სხვისი ქცევის მიბაძვას და არ ელოდება შექებას, ან დასჯას. მაგალითად, თუ ბავშვს მისი მასწავლებელი თბილად
ექცევა, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თვითონაც მასწავლებელი გახდეს. თუ ბავშვი ხედავს, რომ სხვა ადამიანების (ბავშვების) ქცევა გარშემომყოფთათვის მისაღებია, ის ცდილობს გააკეთოს
ამ ქცევის მოდელირება.
ა. ბანდურა თავის ცნობილ კვლევაში ბავშვებს აჩვენებდა ფილმს, სადაც ნაჩვენები იყო უფროსი ადამიანების
განსხვავებული ქცევის ტიპი (აგრესიული ან არა აგრესიული). ბავშვები რომლებიც უყურებდნენ აგრესიულ ქცევას, შემდეგში თვითონაც აგრესიას ავლენდნენ.
ა. ბანდურა ყურადღებას ამახვილებს შინაგან განმტკიცებაზე. ესაა: სიამაყის გრძნობა, აღმოჩენის სიხარული, კმაყოფილება.
მაგალითად, ბავშვი განიცდის კმაყოფილებას, როცა მიხვდება, თუ როგორ უნდა დახატოს ცხენი; ან სპორტსმენი განიცდის კმაყოფილებას კარგი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ.
ა. ბანდურას თეორია ავსებს სიცარიელეს ბიჰევიორიზმსა და კოგნიტურ თეორიებს (ჟ. პიაჟე, ლ. ვიგოტსკი, ჯ. ბრუნერი) შორის, უსვამს რა ხაზს კოგნიტური პროცესების მნი­შვნელობას, დაკვირვებით სწავლის პროცესში. დღეს ის თავის თეორიას უწოდებს სოციალურ-კოგნიტურ თეორიას და არა სწავლის სოციალურ თეორიას, როგორც ის მას უწოდებდა, თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში.
ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია, ვიდრე არაზუსტი, აღნიშნავს ა. ბანდურა. რადიკალური ბიჰევიორიზმისგან
განსხვავებით ა. ბანდურა თვლის, რომ პიროვნების ფორმირებას განაპირობებს - ადამიანის ქცევა, ინდივიდუალური მახა­სიათებლებები
(განსაკუთრებით აზროვნება) და გარემო, ხოლო სწავლა არ გულისხმობს აუცილებლად განმტკიცებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ა. ბანდურა თვლის, რომ ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ სხვებზე დაკვირვებით.
მაგალითად, ჩვენ ვუყურებთ ილუზიონისტს, რომელიც აკეთებს ფოკუსს. ვამჩნევთ რა, თუ როგორ აკეთებს ის ამას, შემდეგ ჩვენც ვაკეთებთ ამ ფოკუსს.
ა. ბანდურა სწავლის პროცესში მეტ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის აზროვნების და შემეცნების უნარზე და
შედარებით ნაკლებს გარემოზე (ბიჰევიორისტებისგან განსხვავებით). გარდა ამისა განმტკიცება შეიძლება იყოს არაპირდაპირიც. ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ რაიმე, თუკი ვნახავთ, რომ სხვა
ადამიანი ამ აქტიობისთვის დაჯილდოვდა. სკინერი (ბიჰევიორისტი) თვლის, რომ დასწავლა შეუძლებელია განმტკიცების გარეშე, ხოლო ბანდურა კი თვლის, რომ არ შეიძლება ადგილი ქონდეს
განმტკიცებას, თუკი მას წინ არ უძღვის შემეცნება. იმისათვის, რომ მოხდეს განმტკიცება ჩვენ უნდა გვქონდეს წარმოდგენა მოქმედებასა და შედეგს შორის არსებულ კავშირზე. მისი აზრით, ადამიანი არის დასწავლის პროდუქტი, რომლის დროსაც მას აქვს უნარი აითვისოს ქცევის სხვადასხვა პატერნები. ადამიანის ქცევა არ არის განპირობებული მხოლოდ შინაგანი მიდრეკილებებით
(ინსტინქტი, მოთხოვნილება, განზრახვა) ან გარემოს ზეგავლენით (როგორც თვლიდა ბიჰევიორისტი სკინერი). მართალია, ადამიანის ქცევა დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, მაგრამ ის არ
არის მათზე უპირობოდ დამოკიდებული. მნიშვნელოვანია გარემო მოვლენების ჩვენებური აღქმა.
ადამიანმა შეიძლება აირჩიოს ისეთი ქცევა, რომელიც გაზრდის გარემოდან მოსული პასუხის ალბათობას. შესაბამისად, ქცევა არის არა მხოლოდ ფუნქცია არამედ, დამოუკიდებელი ცვლადი,
რომელიც გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ისე პიროვნებაზე.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0