x
ტანტრუმი
image

ალბათ, შესწრებიხართ სიტუაციას, როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, კივის, ძირს წვება, ფეხებს აბაკუნებს...ამ მდგომარეობას ეწოდება ტანტრუმი. ტანტრუმი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებით ბავშვები თავის ბრაზსა და იმედგაცრუებას გამოხატავენ.


ითვლება, რომ 1-დან 3 წლამდე ასაკის მქონე ბავშვების უმრავლესობა ახორციელებს ტანტრუმის ქცევას განსხავებული სიხშირით. როგორც წესი, 4 წლის ასაკისთვის ტანტრუმი აღარ უნდა ვლინდებოდეს, ან უნდა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული, რადგან ამ ასაკში ბავშვი სწავლობს მოთხოვნილების სიტყვიერად გამოხატვას.


რა შეიძლება გახდეს ტანტრუმის მაპროვოცირებელი?



ხშირ შემთხვევაში, მშობლებისთვის ტანტრუმი არის დამაბნეველი და დამღლელი. ამის თავიდან არიდების მიზნით, უფროსები ხშირად უსრულებენ ბავშვს სურვილს და ტანტრუმი დაისწავლება, როგორც
„რაიმე სასურველის მიღების საშუალება“. შესაბამისად, განმეორების ალბათობა იზრდება.


ტანტრუმი შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა მოვლენამ, მაგალითად:


o ბავშვისთვის რაიმეს აკრძალვა;
o ბავშვის გადაღლა ან შიმშილი;
o რუტინის ცვლილება;
o ისეთი დავალების მიცემა, რომელიც რთულად შესასრულებელია;
o ან როდესაც ბავშვს აკლდება ყურადღება.


ტანტრუმის პრევენცია - როგორ ავირიდოთ თავიდან ტანტრუმი?

გარკვეული სტრატეგიების გამოყენებით, შეძლებთ აღნიშნული ქცევის გამოვლენის ალბათობის შემცირებას.


image


ეს სტრატეგიებია:


o წაახალისეთ ბავშვი, მოთხოვნილებები ვერბალურად/სიტყვიერად გამოხატოს (თუკი, რა თქმა უნდა, განვითარებულია ვერბალური კომუნიკაცია) და მოახდინოს ემოციების სახელდება. მაგალითად, „მე გაბრაზებული ვარ, “, „მე მეწყინა“;


o გქონდეთ ასაკისა და განვითარების შესაბამისი მოლოდინები და ნუ მოთხოვთ ბავშვს ყველა წესის სრულყოფილად დაცვას;


o იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ტანტრუმს ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართავს, მისი პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვისთვის სათანადო ყურადღების დათმობა, როდესაც ბავშვი მისაღებ ქცევას ავლენს;


o ეცადეთ აირიდოთ სიტუაციები, რომლებიც იმედგაცრუებას იწვევს ბავშვში;


o გააკონტროლეთ, რომ ბავშვი იყოს დასვენებული;


o ბავშვები ნაკლებად აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაშიც თავად მონაწილეობენ. ამიტომ, როდესაც შესაძლებელია, მიეცით მათ არჩევანის გაკეთების უფლება. მაგალითად, თუკი ბავშვს არ სურს ქუდის დაფარება ცივ ამინდში, აუხსენით რომ ამის გაკეთება აუცილებელია, თუმცა, შეთავაზეთ, თავად აირჩიოს რამდენიმე ქუდიდან ერთ-ერთი;


o გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის მოზრდილები როლურ მოდელებს
წარმოადგენენ. იყავით მისაბაძი მაგალითი ბავშვისათვის. მოერიდეთ ყვირილსა და კამათს მისი თანდასწრებით;


o ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დროულად უნდა იყოს დაკმაყოფილებული;


o თუ ბავშვს რაიმეზე ეუბნებით არას, თქვით მშვიდი ტონით, მაგრამ
თავდაჯერებულად;


o თუ ატყობთ, რომ ბავშვი იწყებს ტანტრუმს, ეცადეთ ყურადღება რაიმე სხვა აქტივობაზე გადაატანინოთ.

0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0