x
თვითდამაზიანებელი ქცევა
image
თვითდამაზიანებელი ქცევა ვიწრო გაგებით რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეიძლება დავახასიათოთ:


საკუთარი თავის პირდაპირი დაზიანება;


სუიციდური განზრახვის არარსებობა;


ავადმყოფის როლის თამაშის სურვილის არარსებობა;



ემოციონალურ სტრესთან გამკლავების მიზანი;


ქცევა სოციალურად და კულტურულად მისაღები არ არის.


როგორც წესი თვითდამაზიანებელი ქცევა მიზნად ისახავს არა თვითმკვლელობას, არამედ ემოციურ სტრესთან გამკლავებას. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ამგვარი ქცევა გარკვეულ კულტურაში მიღებული რიტუალური ქცევებისგან (მაგ:კანის დასერვა, რომელიც რიტუალის შესასრულებლად ხორციელდება ამა თუ იმ
კულტურაში) და ესთეტური მიზნებით კანის დაზიანებისგან (მაგ. პირსინგი, ტატუ).


თვითდამაზიანებელი ქცევის კატეგორიები


მძიმე თვითდამაზიანებელი ქცევა გულისხმობს სიცოცხლისთვის
საფრთხის შემცველ სხეულის მძიმე დაზიანებას. ამგვარი ქცევა უმეტესად ერთჯერადად ხდება და გარკვეული მდგომარეობის შედეგია. ამ შემთხვევაში უმეტესად იდენტიფიცირებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანება, მაგალითად, ფსიქოზი, ნარკოტიკებით მოწამვლა ან ნევროლოგიური დაავადება.


სტერეოტიპული თვითდამაზიანებელი ქცევა გვხვდება გონებრივი
ჩამორჩენილობის მქონე ან განვითარების გარკვეული დარღვევის მქონე
ბავშვებსა და მოზარდებში. თვითდამაზიანებელი ქცევა ამ შემთხვევაში განმეორებადია და ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც ვარირებს.


იძულებითი თვითდამაზიანებელი ქცევა სტერეოტიპული
თვითდამაზიანებელი ქცევისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში გონებრივ ჩამორჩენილობა ან განვითარების სხვა რომელიმე დარღვევა არ გვხვდება. დაკავშირებულია იმპულსების კონტროლის დეფიციტთან.


იმპულსური თვითდამაზიანებელი ქცევა სხეულის მსუბუქ ან
საშუალო სიმძიმის დაზიანებებს გულისხმობს. შეიძლება იყოს ეპიზოდური ან განმეორებადი და გვხვდება რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ან ძლიერი ემოციური ან სოციალური სტრესის კონტექსტში.



მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ თვითდამაზიანებელი ქცევა გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში.თვითდამაზიანებელი ქცევის ჩადენას მოზარდები უმეტესად პუბერტეტის დასაწყისში 12-დან 14 წლამდე ასაკში იწყებენ, გოგონები 2-3 წლით ადრე, ვიდრე ბიჭები. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ქცევის ამ ფორმის განვითარებას ჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს. სტრესული მოვლენებიც ასევე შესაძლოა თვითდამაზიანებელი ქცევის გამომწვევი გახდეს.


თვითდამაზიანებელი ქცევა არ ხდება მოტივაციის გარეშე და “შემთხვევით“. ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა შფოთვა, დაძაბულობა, მარტოობის განცდა თვითდამაზიანებელი ქცევის დახმარებით მცირდება, უშუალოდ თვითდამაზიანებელი ქცევის ჩადენისას ან მას შემდეგ ხანმოკლე დროის განმავლობაში მოზარდი განიცდის შემსუბუქებას, ზოგჯერ ეიფორიის პოზიტიურ განცდასაც. მოზარდები მიმართავენ თვითდამაზიანებელ ქცევას, რომ შეწყვიტონ უსიამოვნო დისოციაციური განცდები. სხეულებრივი ტკივილის განცდა სხეულებრივი შეგრძნებებზე ყურადღების გადატანას იწვევს.



ბიჰევიორისტული თეორიები თვითდამაზიანებელ ქცევას განიხილავს როგორც დასწავლილ ქცევას. ის დაისწავლება მოდელზე დაკვირვების ან შემთხვევით განხორციელების შედეგად და ნარჩუნდება განმტკიცების პროცესების წყალობით.


ტრადიციული ფსიქოანალიტიკური თეორიების მიხედვით,
თვითდამაზიანებელი ქცევა განიხილება როგორც დაცვის მექანიზმი, რომელიც სპეციფიკურია ტრავმაგადატანილი პიროვნებისთვის როგორც რეტრავმატიზაციის თავიდან აცილების საშუალება.



განვითარების ფსიქოპათოლოგიის პერსპექტივის მიხედვით ტრავმატული გამოცდილება ადრეულ ბავშვობაში, განსაკუთრებით ოჯახურ გარემოში, სხვადასხვა კომპეტენციების (მაგ. მოტივაციასთან, დამოკიდებულებებთან დაკავშირებულ) განვითარებას აფერხებს, რასაც შუალედური შედეგები (მაგ. სოციალური იზოლაცია, იმპულსურობა) მოსდევს და გამკლავების მექანიზმად თვითდამაზიანებელი ქცევის გამოყენების ალბათობას ზრდის.



ინტერვენცია


თვითდამაზიანებელი ქცევის მქონე მოზარდების დროული თერაპია
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან თავიდან ავიცილოთ ქცევის ამ ფორმის ქრონიკულად გადაქცევა. დიალექტიკურ-ბიჰევიორალური (DBT) თერაპია ეს არის კოგნიტურ-ქცევითი
თერაპიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად “Mindfulness“ –ის უნარის გამომუშავებაზე აკეთებს აქცენტს. “Mindfulness“ ეს არის ცნობიერი და შეფასებებისგან თავისუფალი აქტუალური შეგრძნებების აღქმა, ყურადღების განსაკუთრებული ფორმა, რაც თერაპიული ეფექტის მიღებას აადვილებს.


დიალექტიკურ-ბიჰევიორალური (DBT) თერაპიის ძირითადი მიმართულებებია:


“Mindfulness“ –ის უნარის გამომუშავება


სტრესისადმი ტოლერანტულობა;


ემოციების რეგულაცია;


ინტერპერსონალური კომპეტენციების და


პრობლემის გადაჭრის რაციონალური სტრატეგიების სწავლება.


0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
79