x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ოცნება

image
ოცნება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მეცნიერულად
შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც ფანტაზიის უნებლიე, თავისუფალი გამოვლინებაა. თავისი ხასიათით ძალიან მიახლოებულია
სიზმართან, ორივეს გააჩნია მსგავსი მახასიათებლები, (მაგალითად თვალსაჩინო ხატების გამოყენება), ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მთელ რიგ ენებში (ინგლისური,
რუსული, ფრანგული) მათ აღსანიშნავად საერთო სიტყვა გამოიყენება.
რისთვის ვოცნებობთ? რატომ წარმოიშვება ოცნება? ამ საკითხის შესახებ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს დიმიტრი უზნაძე: ობიექტურ სინამდვილეს თავისი დამოუკიდებელი არსებობა აქვს, თავისი მტკიცე კანონზომიერებები გააჩნია, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნილებებს ხშირად ანგარიშს არ უწევს, მაშინ როდესაც ამათი დაკმაყოფილება სწორედ მასზეა დამოკიდებული. ძალიან ხშირად ჩვენი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. გასაგებია რომ ასეთ შემთხვევაში სუბიექტს უჩნდება იმპულსი - თუ კი არსებული სინამდვილე მის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, თვითონ მაინც შექმნას ისეთი სინამდვილე, სადაც მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება. ამ როლს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფსიქოანალიზის მიმდინარეობას (ფროიდი და სხვ.) და საკმაოდ დამარწმუნებლად დაამტკიცა, რომ ჩვენი ფანტაზიის მუშაობას ძალიან ხშირად ჩვენი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებიდან მომდინარე ენერგია უდევს საფუძვლად.
ცხადია, რომ ოცნებას გარკვეული ადგილი უჭირავს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ოცნება გარკვეულ როლს თამაშობს ადამიანის ქცევაში, მას გარკვეული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მაგრამ ეს მნიშვნელობა არსებითად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ოცნებას გვაქვს მხედველობაში. შეიძლება განვასხვავოთ ორი ტიპის ოცნება: პირველი -შედარებით პასიური, რომელიც
აკმაყოფილებს ადამიანს, მის მისწრაფებებს, და ამდენად აუძლურებს, ადუნებს მის ნებისყოფას რეალურ ცხოვრებაში. მეორე კი - ქმედითი ხასიათის ოცნებაა,
რომელიც პირიქით, განაწყობს ადამიანს ოცნების განსახორცილებლად რეალურ ცხოვრებაში, სტიმულს აძლევს მიზნების მიღწევაში. საგულისხმოა, რომ ამგვარ ოცნებას
საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესების საწინდარად
მიიჩნევდა საბჭოთა კავშირის ლიდერი-ლენინი. იგი საკუთარ შრომაში “რა ვაკეთოთ?" მოიხსენიებს პისარევის სიტყვებს, რომელსაც მთლიანად იზიარებს: “ოცნებას და
სინამდვილეს შორის უთანხმოებას არავითარი ზიანი არ მოაქვს, თუ კი მეოცნებე პიროვნებას სერიოზულად სწამს თავისი ოცნება, თუ ის ყურადღებით უკვირდება ცხოვრებას, თავის დაკვირვებას ადარებს თავის საოცნებო კოშკებს და საზოგადოდ, კეთილსინდისიერად მუშაობს თავისი ფანტაზიის განსახორციელებლად. როდესაც რაიმე კავშირი არსებობს ოცნებასა და ცხოვრებას შორის, მაშინ
ყველაფერი თავის რიგზეა" (ვ. ი. ლენინი, თხზ., ტV გვ.649-650, 1949წ.).
ოცნების ძირითადი ნიშანი ეგოცენტრულობაა. იგი საკუთარ მე-ზე არის ორიენტირებული და ძირითადად არის მიმართული მომავალში, ოცნების სურათები მე-ს ბედს ეხება. ამიტომ გასაგებია, რომ ოცნების შინაარსის რაგვარობისთვის სუბიექტის სურვილებს, ერთის მხრივ, და მის შიშსა და რიდს, მეორეს მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ოცნების შინაარსებში არა მარტო სურვილის დაკმაყოფილების სახეები, არამედ პირიქით, ზოგჯერ ისეთი სურათები გვეძლევა, რომელიც სწორედ საწინააღმდეგოს გვიხატავს. რასაკვირველია, რთული გასაგებია, რატომ მიმართავს ოცნება იმას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს. შეუძლებელია ასეთი სურათები კმაყოფილებას იწვევდეს ადამიანში. არსებობს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ჩვენი შიში ნამდვილად ჩვენ ფარულ სურვილებს გამოხატავს, და ამდენად ოცნებაში მისი ასრულება რისიც გვეშინია, სურვილის ასრულებას წარმოადგენს. შტერნი კი თვლიდა, რომ ცხოვრებაში არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანი გაურკვევლობას ვერ იტანს. ამიტომ განუწყვეტლივ შიშს - ვაი თუ ასე მოხდესო – ბოლოსდაბოლოს იმას არჩევს, რომ მართლაც მოხდეს ბარემ ის, რისიც ასე ძალიან ეშინია და გათავდეს. “ზოგჯერ შიში უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ის, რისიც გეშინია, " -ამბობს იგი.ეს მაინც არამტკიცებს,
რომ რისიც გეშინია, იმის ოცნებაში ასრულება რაიმე სასარგებლოს მომტანი იყოს- თუნდ ოდნავ მაინც გათავისუფლებდეს შიშისგან. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ მტკიცე და ძლიერი ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ანდა საზოგადოდ, ოპტიმისტურადაა განწყობილი, საშიშ ოცნებებს არ მიმართავს. ხოლო პესიმისტურად განწყობილი, მშიშარა და გაუბედავი პიროვნების ონებაში სწორედ საშიში ჭარბობს.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0