x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ამხსნელი თეორიები

imageგენერალიზებული შფოთვითი აშლილობა შფოთვითი აშლილობების ჯგუფის ერთ- ერთი ქვესახეა. ის ხასიათდება ძლიერი შფოთვისა და წუხილის, მომლოდინე განგაშის შეგრძნებით, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. ასეთ მდგომარეობას თან ახლავს მოუსვენრობა, დაძაბულობა, დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანება, ძილის დარღვევა. ამ მდგომარეობამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, თუმცა, როგორც წესი, ვლინდება ბავშვობისას ან სიყრმისას. ქალებთან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის გამომწვევი მიზეზების ახსნას სხვადასხვა თეორიული მოდელები ცდილობენ, რომელთაგანაც ამ ნაშრომში განვიხილავთ სოციოკულტურულ, ფსიქოდინამიკურ, კოგნიტურ და ბიოლოგიურ თეორიულ პერსპექტივებს.
სოციოკულტურული მოდელი
სოციოკულტურული თეორიის თანახმად, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკის ქვეშ უმეტესწილად ისინი არიან, ვინც საშიშ სოციალურ პირობებში იმყოფება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერი საფრთხის შემცველ გარემოში აღმოჩენილი ადამიანებისთვის მართლაც დამახასიათებელია დაძაბულობის, განგაშის, დაღლილობის, შიშის გაზვიადებული რეაქციის და ძილის დარღვევების არსებობა. განვიხილოთ მაგალითად „Three Mile Island”-ის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მაცხოვრებლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბირთვული რეაქტორის აფეთქების შემდეგ 1979 წლის მარტში. მომხდარიდან რამდენიმე თვის განმავლობაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების დედები 5-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებოდნენ შფოთვითი და დეპრესიული აშლილობებით, ვიდრე დედები, რომლებიც სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე მათი აშლილობები გაქრა, იმ ბავშვების დედებს, რომლებიც “Three Mile Island”-ის შემოგარენში ცხოვრობდნენ, მოგვიანებითაც დაუდგინდათ შფოთვისა და დეპრესიის მაღალი დონე.

სოციალური სტრესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმა არის სიღარიბე. სოციოკულტუროლოგების მტკიცებით, მოსახლეობის ფინანსურად გაჭირვებული ნაწილისთვის უფრო მეტადაა დამახასიათებელი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკი. აშშ-ში ადამიანებთან, რომელთა წლიური შემოსავალი 10 ათას დოლარზე ნაკლებია, აღნიშნული აშლილობა 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მათთან, ვისი შემოსავალიც ამ თანხას აღემატება.

ფსიქოდინამიკური მოდელი
ზიგმუნდ ფროიდმა შფოთვის სამი სახე გამოყო: რეალური შფოთვა, რომელსაც განვიცდით, როცა საფრთხეს ვაწყდებით; ნევროტული შფოთვა თავს იჩენს, როცა მშობლები ან სხვადასხვა გარემოებები ხელს გვიშლის იდი-ს იმპულსების გამოთავისუფლებაში; მორალური შფოთვა, რომელსაც განვიცდით, როდესაც გვსჯიან ან გვემუქრებიან იდი-ს იმპულსების გამოხატვისთვის. ფროიდმა ივარაუდა, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ვითარდება მაშინ, როცა ადამიანის დაცვითი მექანიზმები ვერ უძლებს სტრესს და თავს იჩენს ნევროტული და მორალური შფოთვის სახით. მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც ჰიპერმზრუნველობის პირობებში იზრდებოდნენ აქვთ მცირე შანსი იმისა, რომ გამოიმუშავონ ეფექტური დაცვითი მექანიზმები იმისთვის, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში გაუმკლავდნენ განცდილ შფოთვას. ფროიდი ასევე ვარაუდობდა, რომ ბავშვობის უფრო გვიანდელ ეტაპებზე შფოთვა მამის მიმართ მეტოქეობრივ დამოკისდებულებასთანაა ასოცირებული. მან გამოიყენა ტერმინი კასტრაციის შფოთვა და მამასთან მეტოქეობა აღწერა, როგორც ოიდიპოსის კონფლიქტი. ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ განვითარების ამ ეტაპზე განცდილი მარცხი ზრდასრულ ასაკში შფოთვის მიმართ მოწყვლადობის კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს. ფსიქოანალიტიკური თეორიები არ არის დადასტურებული მეცნიერული კვლევით.


კოგნიტური მოდელი

კოგნიტური მოდელის მიმდევრები ვარაუდობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი აზროვნების დისფუნქციური მეთოდებია. მაგალითად, ცნობილი კოგნიტივისტი ალბერტ ელისი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ადამიანს უმეტესად ირაციონალური რწმენები ახასიათებს, რომელთაც ბაზისულ ირაციონალურ რწმენებს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ადამიანებს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით ხშირად აქვთ ისეთი რწმენები როგორიცაა: „ზრდასრული ადამიანისთვის უდაოდ აუცილებელია მის გარემოცვაში არსებული თითოეული ადამიანის სიყვარული ან მიმღებლობა“; „საშინელებაა და კატასტროფულია, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვისურვებდი“ და ა.შ. როდესაც მსგავსი ირაციონალური რწმენები სულ უფრო და უფრო მეტ ცხოვრებისეულ მოვლენას ეხება ადამიანი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის განვითარების წინაშე დგება.

ბიოლოგიური მოდელი
ამ მოდელის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა დაკავშირებულია ბიოლოგიურ ფაქტორებთან. უკანასკნელ ათწლეულში ჩატარებული ტვინის გამოკვლევები ხაზს უსვამს, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა თავის ტვინის ბიოქიმიური ანიმალიის შედეგია. პირველი აღმოჩენა 1950-იან წლებში გაკეთდა, როცა დადგინდა, რომ ბენზოდიაზეპინები შფოთვის სიმპტომებს ხსნიდა. მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს ტვინის ის უბნები, რომლებზეც ბენზოდიაზეპინები მოქმედებს. ცხადი გახდა, რომ გარკვეულ ნეირონებს აქვთ სპეციფიური რეცეპტორები, რომლებსაც ბენზოდიაზეპინები ერგება. მალევე ისიც დადგინდა, რომ ეს რეცეპტორები გამა-ამინოერბო მჟავასაც იღებენ. ამ მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა შიშის რეაქციის სქემა განსაზღვრეს. შიშის ნორმალური რეაქციის დროს საკვანძო ნეირონები მთელი ტვინის მასშტაბით უფრო სწრაფ მოქმედებას იწყებს და აღაგზნებენ მთლიან ტვინსა და სხეულს. ეს მდგომარეობა განიცდება როგორც შიში ან შფოთვა. მას შემდეგ, რაც ნეირონის მოქმედება გარკვეული დროის მანძილზე გრძელდება, ის აამოქმედებს უკუმოქმედების სისტემას - ტვინისა და სხეულის აქტივობა, რომელიც მიმართულია აგზნების დონის შესამცირებლად. გამა-ამინოერბო მჟავას სწორედ სიგნალის გადატანის შეწყვეტის ინფორმაცია გადააქვს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შეცდომებმა უკუმოქმედების სისტემაში შეიძლება გამოიწვიოს შიშისა და შფოთვის არაკონტროლირებული გავრცელება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, რომლებსაც დაუუქვეითეს გამა ამინოერბო მჟავას შესაბამის რეცეპტორთან დაკაშირების უნარი, ამ მოსაზრებას ადასტურებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გამოუმუშავდებათ მცირე რაოდენობით გამა-ამინოერბო მჟავა ან აქვთ მისი შესაბამისი რეცეპტორების სიმცირე ან აღნიშნული ნეიროტრანსმიტერი ვერ უკავშირდება რეცეპტორს.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ავსაჯანიშვილი
თინათინ ავსაჯანიშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0