x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
თვითშეფასება
თვითშეფასებათვითშეფასება ერთ-ერთი იმ პროცესთაგანია, რომლებიც აყალიბებენ თვითცნობიერებას. პიროვნების თვითშეფასება მოიცავს უნარს, შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები და ძლიერი მხარეები, ასევე იქონიო თვითკრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. თვითშეფასება გავლენას ახდენს ადამიანის თითოეულ ქცევაზე და გარკვეულწილად მართავს მას. იგი ყალიბდება თვითდაკვირვების, თვითანალიზისა და ასევე იმ ადამიანებთან შედარების გზით, ვისთანაც პიროვნებას უშუალო კონტაქტი აქვს. მთავარი მამოძრავებელი მოტივი ადამიანისა ამ დროს არის სწრაფვა სრულყოფისა და წარმატებისკენ, ჯანსაღი სიყვარულის, მიმღებლობის გრძნობის ქონა საკუთარი თავის მიმართ.


თვითშეფასება ეხმარება ადამიანს დაინახოს ნამდვილი “მე’’, შეაფასოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, დარწმუნდეს მათ ობიექტურობაში და, აქედან გამომდინარე, გამონახოს ქცევის ადეკვატური მოდელები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ფუნქციონირებისთვის.

გამოყოფენ თვითშეფასების 2 სტრუქტურულ კომპონენტს:
1. კოგნიტური - ასახავს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ინდივიდს გააჩნია საკუთარი თავის შესახებ;

2. ემოციური - გამოხატავს პიროვნების დამოკიდებულებას თავისი ქცევების, ხასიათის შტრიხების, თვისებების, ჩვევებისა და ა.შ. მიმართ.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა უ. ჯემსმა შემოგვთავაზა თვითშეფასების ფორმულა:


თვითშეფასება = წარმატება/წარმატებისმოლოდინზე.



წარმატების მოლოდინში იგულისხმება წარმატების ხარისხი, რომელიც ადამიანისთვის სასურველია სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში (კარიერა, სტატუსი, კეთილდღეობა და ა.შ.), იდეალური მიზანი, რომლის მიღწევაც მას სურს. წარმატება კი არის ფაქტი, მიღწეული შედეგები, ქცევათა, მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებსაც ადამიანმა მიმართა მიზნის მისაღწევად. ფორმულიდან ჩანს, რომ თვითშეფასება შეგვიძლია ავამაღლოთ წარმატების მოლოდინების შემცირებით, ან საკუთარი ქმედებების პროდუქტიულობის გაზრდით.

პიროვნების თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური ან არაადეკვატური (მაღალი ან დაბალი). შესაბამისად, თვითშეფასების ხასიათიდან გამომდინარე, ადამიანს საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება სწორი, ადეკვატური დამოკიდებულება, ან - არასწორი და არაადეკვატური. ამ უკანასკნელის დროს ხშირია ფსიქოლოგიური დისკომფორტი და შიდაპიროვნული კონფლიქტი. თვითშეფასების ხასიათი ასევე განსაზღვრავს პიროვნების სხვადასხვა მახასიათებლების ჩამოყალიბებას.

სრულიად ადეკვატური თვითშეფასება დამახასიათებელია ზრდასრული ადამიანისთვის. ბავშვის განვითარების პროცესში კი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, ფორმირდება სხვადასხვა განვითარების საფეხურის მიხედვით და ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია.

თავდაპირველად, ბავშვის პიროვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფების შეფასებას. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს მოსაწონი მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის და ა.შ. ესაა ბავშვის ქცევის განმსაზღვრელი მოტივი. ასაკთან ერთად გარშემომყოფების შეფასება მნიშვნელობას კარგავს, თვითშეფასება ხდება გარშემომყოფების შეფასებისგან დამოუკიდებელი, ადამიანი თავად უყენებს საკუთარ თავს გარკვეულ მოთხოვნებს და იქცევა მათ შესაბამისად.


თუ ბავშვს ან მოზარდს გარშემომყოფები უსახავენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც განსხვავდება იმ მოთხოვნებისგან, რომლებიც ინდივიდს აქვს საკუთარი თავის მიმართ, მაშინ ეს განსვლა უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის განვითარებაზე, განსაკუთრებით, თუ ამას ხანგრძლივი ხასიათი აქვს. ასეთ დროს ადეკვატური თვითშეფასებაც კი იცვლება, გადაეწყობა, გარშემომყოფების შეფასების მიხედვით, ან ჩნდება მძაფრი კონფლიქტი, რომელსაც მივყავართ სერიოზულ კრიზისამდე. იმას, თუ რამდენად შეძლებს ინდივიდი მოიქცეს გარშემომყოფების მოლოდინებისგან დამოუკიდებლად, განსაზღვრავს პიროვნების სიძლიერე.

ზოგადად, თითოეულ ადამიანს სჭირდება, გრძნობდეს პატივისცემას, მიმღებლობას გარშემომყოფების მხრიდან. სწორედ ამაზე დაყრდნობით უვითარდება ადამიანს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, რომელიც შემდგომ უკვე ხდება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება.


გამოყოფენ არაადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანების მახასიათებლებს:

მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია:

>გაიდეალურებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე, მნიშვნელოვნებაზე. ასეთ დროს ადამიანს ჰგონია, რომ ყოველთვის მართალია, საუკეთესოა, შესაბამისად, არ უსმენს სხვებს, კარგავს კავშირს გარშემომყოფებთან, ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, კრიტიკას;


>წარუმატებლობების იგნორირება ფსიქოლოგიური კომფორტისა და საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის შესანარჩუნებლად;


>საკუთარი სუსტი მხარეების სიძლიერედ წარმოჩენა. მაგალითად, აგრესიულობას და სიჯიუტეს მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანმა შეიძლება უწოდოს მიზანსწრაფულობა, ძლიერი ნებისყოფა და ა.შ;


>წარუმატებლობის გარეგანი ფაქტორებით ახსნა, საკუთარი შეცდომების იგნორირება;


>ისეთი მიზნების დასახვა, რომლებიც აღემატება მის შესაძლებლობებს;



დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია:

>საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, სიმორცხვე, სირთულეები გადაწყვეტილების მიღების დროს, მეტისმეტი სიფრთხილე;


>განსაკუთრებით მძაფრად სჭირდება სხვების მხარდაჭერა, დამოკიდებულია სხვების შეფასებაზე;


>კონფორმულობა, ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ;


>მუდმივად ცდილობს თვიდამკვიდრებას, თვითრეალიზაციას (ზოგჯერ სოციალურად მიუღებელი ხერხებითაც), მუდმივად ცდილობს დაუმტკიცოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც თავისი მნიშვნელოვნება, ღირებულება;


>ისახავს თავის შესაძლებლობებთან შედარებით ადვილად მისაღწევ მიზნებს;


>ზედმეტად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და ასევე სხვების მიმართაც, მეტისმეტად თვითკრიტიკულია;


ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანხმობასა და ჰარმონიულ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, რასაც ხელს უწყობს მოქნილობა საკუთარი თავის შეფასებისას, ასევე გამოცდილებაზე დაყრდნობით ქცევის კორექტირების უნარი. ეს ყველაფერი ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეულ ცვლილებებთან უმტკივნეულო ადაპტაციაში.

0
1110
4-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0