x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სიმორცხვე ბავშვებში და მოზრდილებში, ფილიპ ზიმბარდოს მიხედვით

სიმორცხვესიმორცხვის სინდრომი, როგორც პროფესიული კვლევის ობიექტი, მეტად მნიშვნელოვანი ფენომენია. იგი თავისი ბუნებით სოციალურია, რადგან ჩნდება მხოლოდ იქ, სადაც ორი ან მეტი ადამიანი იწყებს ურთიერთობას, ამყარებს კომუნიკაციას ან პრობლემები ექმნებათ კონტაქტის დამყარებაში.


სიმორცხვე ეს არის ადამიანის შინაგანი პოზიცია, რომლის გამოც იგი მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რას ფიქრობენ მასზე გარშემომყოფები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა სხვების მიერ მისი მიმღებლობა-არმიმღებლობის მიმართ. შედეგად მას უჩნდება სურვილი გაქცევისა ყველა იმ სიტუაციიდან ან ადამიანისგან, რომლისგანაც პოტენციურად მოსალოდნელია კრიტიკა მისი მისამართით. იგი ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, რათა დაიცვას საკუთარი პერსონა სხვების შესაძლო ყურადღებისა და დაკვირვებისგან.


1804 წლის სემუელ ჯონსონის “ინგლისური ენის ლექსიკონში’’ სიმორცხვე ახსნილია სამი სიტყვის დახმარებით: ჩაკეტილობა, სიფრთხილე, საეჭვოობა.


1890 წელს კი ჩარლზ დარვინმა აღნიშნა, რომ სიმორცხვე ადამიანის ყველაზე უფრო სპეციფიკური მახასიათებელია. თუ ამ პრობლემას უფრო ღრმად გავაანალიზებთ, ნათელი გახდება, რომ სიმორცხვე აიძულებს ადამიანს უფრო მძაფრად შეიგრძნოს თავისუფლება ან მისი არარსებობა. მართლაც, აღნიშნული ფენომენი შეიძლება გავიგოთ, როგორც საკუთარი თავისთვის თავისუფლების ნებაყოფლობითი აღკვეთა. როგორც ზიმბარდო აღნიშნავს, ბევრ ასპექტში ეს სიტუაცია ჰგავს პატიმრის მდგომარეობას, რომელსაც აკრძალული აქვს აზრის გამოთქმა, სხვებთან ურთიერთობის დამყარება და ა.შ.

ზიმბარდოს აზრით, სიმორცხვე შეიძლება გახდეს ნამდვილი ციხე და კოშმარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც თავის დროზე არ ასწავლეს ჯგუფური მუშაობა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ზიმბარდოს მოჰყავს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი გოგონას მაგალითი, რომელმაც მისაღებ გამოცდებზე უმაღლესი 4 ქულიდან დააგროვა 3, 94 ქულა, თუმცა ვერ შეძლო დაეხურა სასწავლო წლის პირველი მეოთხედიც კი. მისი თქმით, “იგი იმდენად მორცხვი იყო, რომ სემინარებზე მუდამ ეშინოდა, მისთვის რამე არ ეკითხათ.’’ ეს გოგონა მშვენიერ ქულებს იღებდა გამოცდებზე, მაგრამ როგორც კი დგებოდა მთელი ჯგუფის წინაშე გამოსვლის საჭიროება, თითქოს მაშინვე ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა.

თუ ამ მაგალითს განვაზოგადებთ და უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზემოთხსენებული გოგონას შიშში გასაკვირი სულაც არაფერია. ზიმბარდოსა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3000-მა ადამიანმა, მსგავსი შიში ყველაზე ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენა აღმოჩნდა. კითხვაზე “რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?’’ ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობდნენ. ასახელებდნენ სიბნელეს (მე-12 ადგილი), თვითმფრინავებს (მე-8 ადგილი), სიკვდილსა და ავადმყოფობას, რომლებმაც მე-6 ადგილი გაიყვეს. “ფინანსური პრობლემების შიშმა’’ და “მწერების შიშმა’’ დააგროვა 22% და დაიკავა მე-3 ადგილი. მეორე ადგილი 32% - ით ერგო “სიმაღლის შიშს’’. მთავარი, პირველი ადგილი კი წილად ხვდა “აუდიტორიის წინაშე გამოსვლას’’ 41% - ით.


ზიმბარდოსა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალოდ გამოკითხულთა 42% - მა განაცხადა, რომ ისინი თავს თვლიან მორცხვ ადამიანებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ხუთი ადამიანიდან 2 თავს მორცხვად მიიჩნევს. ამას გარდა, მათ, ვინც მოცემულ დროში არ თვლიდა თავს მორცხვად, განაცხადეს, რომ ასეთები იყვნენ წარსულში. ე.ი. მთლიანობაში გამოკითხულთა 80% - მა უპასუხა, რომ ისინი იტანჯებიან ზედმეტი სიმორცხვით მოცემულ მომენტში ან იტანჯებოდნენ ამით წარსულში. იმ ადამიანთა უმრავლესობამ, რომლებმაც საკუთარ თავს მორცხვი უწოდეს, განაცხადეს, რომ სიმორცხვე “სერიოზული პრობლემაა’’, რაც უამრავ უხერხულობასა და უსიამოვნებას იწვევს.

არსებობს განსაზღვრული განსხვავება “ქრონიკულ’’ თავდაუჯერებლობასა და დროებით გართულებებს შორის, რომლებიც ზოგჯერ ურთიერთობების დროს წარმოიქმნება ხოლმე. პირველ შემთხვევაში სიმორცხვე ატარებს მუდმივ ხასიათს და იგი ადამიანისთვის პრაქტიკულად განუყოფელ თვისებას წარმოადგენს, ხოლო მეორე შემთხვევაში პრობლემას თვითონ საკომუნიკაციო სიტუაცია წარმოადგენს, რომელიც აიძულებს ადამიანებს იგრძნონ ერთგვარი დაურწმუნებლობა საკუთარ თავში და მოიქცნენ არაბუნებრივად. ასეთ ადამიანებს ზიმბარდო სთავაზობს, შეხედონ თავიანთ სიმორცხვეს, როგორც სავსებით ნორმალურ რეაქციას განსაზღვრულ შემთხვევებში.

1977 წელს ზიმბარდოს მიერ ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც ასაკობრივ კატეგორიებზე ამახვილებდა ყურადღებას, აღმოჩნდა, რომ მორცხვი სტუდენტების პროცენტული რაოდენობა ემთხვეოდა შედარებით მოზრდილი ადამიანების პროცენტულ რაოდენობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რაოდენობრივად უფრო მეტად მორცხვები ქალები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები.

მცირე ასაკის ბავშვებში ზიმბარდომ და მისმა კოლეგებმა მსგავსი პრობლემა უმეტეს შემთხვევაში ვერ აღმოაჩინეს. ბავშვები, როგორც წესი, იქცეოდნენ საკმარისად ბუნებრივად ნაცნობებთან და ასევე უცხოებთან ურთიერთობის დროსაც.

რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მათი ქცევის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ, მოზრდილი ასაკობრივი კატეგორიის მსგავსად, სიმორცხვის პრობლემა აქაც გავრცელებულია. გამოკითხულ მოსწავლეთა 42% თავს მორცხვად თვლიდა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში განსხვავება გოგონებსა და ბიჭებს შორის არ აღმოჩნდა, მაგრამ შეიმჩნეოდა ერთი ტენდენცია - მეხუთედან მეექვსე კლასში გადასვლის პერიოდში ბავშვებში სიმორცხვე შესამჩნევად იზრდებოდა. აღნიშნულ ტენდენციას ზიმბარდო იმით ხსნის, რომ ზოგადად სიმორცხვის ხარისხი სიყმაწვილის, ბავშვობიდან მოზარდობაში გარდამავალ პერიოდში იმატებს.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს ზიმბარდომ და მისმა კოლეგებმა სთხოვეს, დაესახელებინათ ის თვისებები, რომლებიც, მათი აზრით, მათ გააჩნდათ. მორცხვი ბავშვების პასუხები შესამჩნევად განსხვავდებოდა მათი უფრო მეტად თავდაჯერებული თანატოლების პასუხებისგან. როგორც წესი, მორცხვები თავს თვლიდნენ არც თუ ისე მეგობრულებად, პასიურებად. დადგინდა, რომ მათ აქვთ უფრო დაბალი თვითშეფასება, მაღალი შფოთვის დონე და ამასთანავე უფრო ნაკლებად მომთმენები არიან სხვა ადამიანების მიმართ. ეს უკანასკნელი თვისება ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მორცხვი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სხვა ადამიანები კრიტიკულად არიან განწყობილნი მათ მიმართ, თვითონაც ასევე კრიტიკულად ეკიდებიან გარშემომყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ მორცხვი ბავშვები თავად მგრძნობიარეები არიან გარემოს ზემოქმედებაზე, ისინი უარყოფითად ექცევიან თავიანთ მსგავს ბავშვებს, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან ურთიერთობებში.

მსგავსი ტენდენცია დადასტურდა ასევე მორცხვ სტუდენტებშიც. ისინი ნაკლები თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდებოდნენ თავიანთი თანატოლების ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ვიდრე მათი უფრო მეტად თავდაჯერებული მეგობრები.

ზიმბარდოსა და მისი კოლეგების თხოვნით, აიოვას შტატის 135 მოსწავლის მშობლებმა და მასწავლებლებმა შეადგინეს თვისებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობა ან არარსებობა ადასტურებს სიმორცხვის არსებობა-არარსებობას. თავის მხრივ, ბავშვებმა იგივე გააკეთეს მათი თანაკლასელების მახასიათებლების გათვალისწინების მიხედვით. დადგინდა სიმორცხვის 8 გამოვლინება, რომლებზედაც აღნიშნულ კვლევაში მონაწილეები თანხმდებიან. ესენია: დამყოლობა, თავდაუჯერებლობა, უხერხულობის განცდა, დაბალი ხმა, სიტყვაძუნწობა, იდეებისა და პრობლემების გაზიარების სურვილის არქონა, არაკონტაქტურობა, დაბნეულობა უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დროს.


ზოგადად ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ ხარისხით სიმორცხვეს, შებოჭილობას განიცდის ხოლმე სხვადასხვა სიტუაციაში. ზიმბარდოს აზრით, ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ჩვენი ქცევის შესაძლო შედეგები, მანამ სანამ განვახორციელებთ მას. დროის მცირე მონაკვეთში ჩვენ ვასწრებთ, გავიაზროთ პოტენციური ქცევის შედეგები, ავირჩიოთ ყველაზე უფრო შესაფერისი მოქმედება და გადავწყვიტოთ, რისი თქმა უმჯობესია და როგორია საუკეთესო ქცევა მოცემული მომენტისთვის. ასეთი ფრთხილი მიდგომა საკუთარი ქცევის მიმართ ყველაზე შესამჩნევი ხდება ახალ, უცნობ ადამიანებთან შეხვედრის დროს (განსაკუთრებით, იმ დროს, თუ ისინი ჩვენგან განსხვავებული არიან) ან ახალ პირობებში, მაშინ, როცა თამაშის წესები იცვლება და სიტუაცია ბოლომდე ნათელი არ არის.


სიმორცხვეს დადებითი კუთხით განიხილავს ზოგიერთი ფილოსოფოსი, მხატვარი, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ხალხმრავლობას მარტოობას ამჯობინებენ. მარტოობა მათთვის აუცილებელია იმისათვის, რომ დაწერონ, იფიქრონ, შექმნან, ეკონტაქტონ ბუნებას და ა.შ. თუ ადამიანი ცნობიერად ირჩევს სიმორცხვეს ან თუ მას ეს მახასიათებელი ხელს არ უშლის მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ასეთ შემთხვევაში, სიმორცხვე პრობლემას არ წარმოადგენს, ეს უბრალოდ ცხოვრების წესია მინიმალური რაოდენობის სოციალური კონტაქტებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მორცხვი ადამიანები ადვილად ექვემდებარებიან სხვების გავლენას და მათი მანიპულირება ადვილია.

ფსიქიატრიაში სიმორცხვე განხილულია როგორც სოციალური ფობია, რომლის მთავარი გამოხატულებაა ირაციონალური შიში და სურვილი გაქცევისა იმ სიტუაციებიდან, რომლებშიც ადამიანი გარშემომყოფების მხრიდან დაჟინებული ყურადღების საფრთხის ქვეშ დგება. ხშირად სიმორცხვე გამოხატულია ასევე შიშშიც, რომელიც გამოწვეულია სხვა ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობით. მორცხვ ადამიანებს, როგორც წესი, ეშინიათ მოიქცნენ ისე, რომ თანამოსაუბრე გაანაწყენონ.


ზიმბარდო აღნიშნავს, რომ მუდმივად შფოთვის მდგომარეობაში მყოფი და გაქცევის, დამალვის სურვილის მქონე მორცხვი ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდებიან, იკეტებიან, საკუთარ თავს იზოლაციაში ამყოფებენ, რის შედეგადაც უვითარდებათ ეგოცენტრიზმი და ასევე ერთმევათ საშუალება გავარჯიშდნენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, განივითარონ კომუნიკაციური უნარები.


როგორც წესი, სიმორცხვეს თან ახლავს ხოლმე დაბალი თვითშეფასება. მიუხედავად იმისა, რომ მორცხვ ადამიანებს შეუძლიათ დააფასონ თავიანთი უპირატესობები და ზოგიერთი შესაძლებლობები, ისინი მაინც ყველაზე მკაცრი თვითკრიტიკოსები არიან. დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი თავის მიმართ წაყენებული ზედმეტად
მაღალი მოთხოვნებია.

ადეკვატური თვითშეფასება, როგორც ვიცით, მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდით და მშობლებთან ურთიერთობის ხარისხით. ზიმბარდოს თქმით, მშობელსა და შვილს შორის იდეალური ურთიერთობა ბავშვში უნდა ავითარებდეს ინდივიდუალურობის განცდას, რომელიც, პირველ რიგში, ეფუძნება საკუთარი ღირებულებისა და ფასეულობის შეგრძნებას. თუ სიყვარული ბავშვს მშობლებისგან უპირობოდ არ ეძლევა, არამედ მას სიყვარულს რაიმეს სანაცვლოდ სთავაზობენ, მაგალითად, “კარგი მოქცევის’’ სანაცვლოდ, ასეთ დროს ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი, შემდეგ კი უკვე მოზრდილი, იღებს რაიმე გადაწყვეტილებას კონკრეტული ქცევის განსახორციელებლად, ის თრგუნავს საკუთარ შინაგან “მე-ს’’ და თვითპატივისცემას. მშობლების მესიჯი შვილების მიმართ თითქოს ასეთია: შენ კარგი ხარ იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანი და ღირებულია შენი უკანასკნელი მიღწევა. ამ გზით სიყვარული, კეთილგანწყობა და აღიარება ხდება მოხმარების საგნები, რომელთა გაცვლაც
შესაძლებელია “კარგ მოქცევაზე’’. მათი დაკარგვა კი ყოველ წუთს შეიძლება, მცირეოდენი
შეცდომის შედეგადაც კი. ზიმბარდოს აზრით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ მორცხვი, თავდაუჯერებელი ადამიანი ამ ყველაფერს - ურთიერთობის ასეთ წესებს აღიქვამს როგორც ნორმას და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგი რაც მის ცხოვრებაში ხდება არ დაუმსახურებია, მაგალითად, ხელფასის მომატება, დაწინაურება და ა.შ. რაც შეეხება იმ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად უპირობოდ უყვართ, იგი რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგაც კი არ კარგავს საკუთარი თავის რწმენას.



გამოყენებული ლიტერატურა: Филипп Зимбардо, Ширли Рэдл. Застенчивый ребенок.

0
281
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0