x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი თურქმენების გამო ჩამოაგდო - თურქი ანალიტიკოსების შეფასებები

ერდოღანი და ნეჯდეთ ოზელირუსეთსა და თურქეთს შორის სირიის საკითხით განპირობებული ისედაც რთული ურთიერთობები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უპრეცენდენტო სისწრაფით დაიძაბა და ნამდვილ კრიზისში გადაიზარდა. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსული ავიაციის დახმარებით რამდენიმე თურქმენული სოფლის აღება მოახერხეს, რომელსაც თურქეთის მკაცრი რეაქცია მოჰყვა: რუსეთის ელჩი გამოძახებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა და ა.შ. მიუხედავად ამისა, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გააგრძელეს თურქმენების პოზიციების დაბომბვის მიზნით ფრენების განხორციელება, რომლის შედეგი იყო თურქეთის საჰაეროს საზღვრის დამრღვევი ერთ-ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება.


მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, სამხედრო და პოლიტიკური უწყებები, მომხდარს საჰაერო საზღვრის უხეშ დარღვევასთან აკავშირებენ, თურქი ანალიტიკოსები სხვა არსებით გარემოებას - თურქმენულ ფაქტორს უსვამენ ხაზს.


ანკარის "ათილიმის" უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
პროფესორი ჰასან ალი ქარასარი, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით დაწყებულ კრიზისს “ისტორიულს” უწოდებს. მისი აზრით რუსეთის საპასუხო მოქმედებები უფრო გააღრმავებენ ამ კრიზისს. “თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება, წინააღნდეგ შემთხვევაში უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება”, - განაცხადა მან Deutsche Welle-სთან საუბარში. თურქი პროფესორი მომხდარს სირიის ჩრდილოეთში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქმენული დასახლებების დაბომბვასთან აკავშირებს, რამაც დიდი აღშფოთება და მკაცრი რეაქცია გამოიწვია თურქეთში. ადვილად მისახვედრი იყო, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა თანდათან ღრმავდებოდა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ასევე კვლევითი ცენტრის "21-ე საუკუნის თურქეთის
ინსტიტუტის" შუა აღმოსავლეთის განყოფილების თავმჯდომარე სერჰათ ერქმენი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა იცოდა თურქმენების მიმართ თურქეთის "მგრძნობიარობის" შესახებ, მაგრამ უგულებელყო ეს ფაქტი, ხოლო საჰაერო საზღვრის დარღვევა კარგი საბაბი იყო, რომ თურქეთს ასეთი მკაცრი სამხედრო პასუხი გაეცა რუსეთისათვის. თუმცა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო საზღვრის მუდმივი დარღვევაც არყევდა თურქეთის ავტორიტეტს და მართლაც აპროვოცირებდა მას. ერქმენის შეფასებით, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ, მართალია, აამაღლა სირიული ოპოზიციის საბრძოლო სულისკვეთება, მაგრამ ეს ძალაიან დროებითი მოვლენაა, რადგან რუსეთი ახალი ძალით გააგრძელებს ბრძოლას სირიაში და თურქმენებით დასახლებული ყველა რეგიონი ისევ გადავა ასადის ხელში.

0
446
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0