x
ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

imageსიღნაღის რაიონში 27 წლის ლალი ბალიაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ლალი ბალიაშვილს ყოფილი მეუღლე დაემუქრა, რაზედაც ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა მისი განცხადება არ დაიტოვეს. ამას სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესო ფხოველიშვილს უკავშირებენ, რომელიც ლალის ყოფილი მეუღლის ძმაა. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ლალის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი გელაშვილმა შესაძლოა, თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს.
მკვლელობა სოფელ ბოდბისხევში 19 მარტს მოხდა. შს სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 36 წლის გიორგი გელაშვილმა ლალი ბალიაშვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრა. გავარკვიეთ, რომ ლალი ბალიაშვილი და გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სპეციალისტებად მუშაობდნენ.
ლალი ბალიაშვილი თითქმის 2 წელია მეუღლეს გაშორებულია. მისი ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. განქორწინება ოფიციალურად გასული წლის აგვისტოში მოხდა, რის შემდეგაც ვასილ ფხოველიშვილს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაც დაეკისრა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, ბოლო პერიოდში ვასილ ფხოველიშვილი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიშვილმა ადგილობრივი პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე შსს–ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.
გარდაცვლილი ქალის მეგობრები იხსენებენ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ლალი ბალიაშვილზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ზეწოლა ცოტა ხანს შეწყდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა მისი ყოფილი მეუღლის სახლიდან კუთვნილი ნივთების წაღება მოითხოვა, პრობლემები ისევ შეექმნა.
მას უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, ერთ–ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ახალგაზრდა ქალი სამეგობროდ გაიცნობდა მამაკაცს და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, რომლითაც ლალი ბალიაშვილი სარგებლობდა. ერთ–ერთი მეგობარი იხსენებს, რომ ამის გამო ლალი ბალიაშვილმა ნომერი შეცვალა და მუქარის ზარებზე პოლიციას მიმართა, სადაც განცხადება არ დაიტოვეს.
„ლალის გიორგი გელაშვილიც აწუხებდა. დაველაპარაკეთ მას, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ცოლად გამომყევიო. ლალის დედა სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატთან გელა გელაშვილთანაც კი მივიდა და სთხოვა, იქნებ უთხრათ გიორგის, ლალის აწუხებს და თავი გაანებოსო. გუშინ, გავიგეთ, რომ გიორგიმ ლალი მოკლა და მერე თავი მოიკლა. ის ლალის მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ნახეს გარდაცვლილი. ლალის სამჯერ აქვს თავში იარაღი ჩარტყმული და მერე ლოყაზე აქვს ნასროლი მიბჯენით“, – ამბობს მოკლული ქალის ნათესავი. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გიორგი გელაშვილიც მოკლეს და თვითმკვლელობად წარმოაჩინეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბესო და ვასილ ფხოველიშვილებს ვერ დაუკავშირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს, რომ გასული წლის დეკემბერში, ლალი ბალიაშვილის დასაცავად, მის ყოფილ მეუღლესთან მიმართებაში შემაკავებელი ორდერი ნამდვილად გამოწერილია. თუმცა, შსს–ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ლალი ბალიშვილმა პოლიციას ორდერის გამოწერის მერეც მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი არ გაგვცა კითხვაზე – ჩამოცილებულია თუ არა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მაინც ბესო ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას. შსს–ში განმარტეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წერილობით უნდა მივმართოთ.

0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერიკა სადუნიშვილი
ბერიკა სადუნიშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0