x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
კოგნიტური დისონანსი და თვითგამართლების ფსიქოლოგია
image

კოგნიტური დისონანსი - დისკომფორტის მდგომარეობა, როცა ადამიანი ერთდროულად განიცდის ორ წინააღმდეგობრივ “ცოდნას’’ (შეხედულება, აზრი, წარმოდგენა, განზრახვა) ერთ ობიექტზე.


კოგნიტური დისონანსის თეორია 1957 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინჯერმა შეიმუშავა. სიტვათაშეთანხმება “კოგნიტური დისონანსი’’ ინგლისური ტერმინებიდან მომდინარეობს: “cognition’’ - ცოდნა + “dissonance’’ - შეუსაბამობა.



აღნიშნული თეორია საშუალებას გვაძლევს ავხსნათ, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული კოგნიციები (ცალკეული იდეები, რწმენები, ცოდნა) და რა გავლენას ახდენს სუბიექტის ქცევა მისი ატიტუდების ცვლილებაზე.



თეორიის თანახმად, კოგნიციები შესაძლებელია იმყოფებოდნენ კონსონანსურ (შეთანხმებულ), დისონანსურ (წინააღმდეგობრივ) და ირელევანტურ დამოკიდებულებაში. დისონანსი წარმოიქმნება მაშინ, თუ ერთი კოგნიტური ელემენტი ეწინააღმდეგება მეორეს. დისონანსის განცდა ადამიანში იწვევს მისწრაფებას, შეამციროს იგი ან საერთოდ გათავისუფლდეს მისგან. ასეთი მისწრაფება კოგნიტური კონსისტენტობის/წონასწორობის პრინციპს უკავშირდება, რომელსაც ფესტინჯერი თავისი კვლევების წარმოებისას ეყრდნობოდა. წონასწორობის პრინციპი გულისხმობს ადამიანის მიდრეკილებას ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს შინაგანი ჰარმონიულობა, გაწონასწორებული მდგომარეობა. თუ ჩნდება ერთგვარი წინააღმდეგობა ადამიანის ცოდნასა და ქცევას შორის, ირღვევა წონასწორობაც. იმისათვის, რომ ადამიანმა კვლავ მიაღწიოს შინაგან კოგნიტურ შეთანხმებულობას, იგი ცდილობს ეს წინააღმდეგობა როგორღაც ახსნას ან სულაც არ მიანიჭოს მას მნიშვნელობა.



image



არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ადამიანს დისონანსის შემცირება შეუძლია:


1. შეცვალოს ქცევა და გახადოს იგი კოგნიციების შესაბამისი (ატიტუდების გავლენა ქცევაზე).

ამ შემთხვევაში დისონანსის განცდა უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რომ სახეცვლილი ქცევა დიდხანს შენარჩუნდეს.


2. შეცვალოს კოგნიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქცევას (ქცევის გავლენა ატიტუდებზე) შემდეგი ხერხებით:

ა) შეცვალოს კოგნიცია ისე, რომ იგი გახდეს სხვა კოგნიციის კონსონანსური;

ბ) აღიჭურვოს ახალი ინფორმაციით, რომელიც მხარს დაუჭერს დისონანსის გამომწვევ კოგნიციას;

გ) დააკნინოს დისონანსური კოგნიციის მნიშვნელობა;

დ) ჩათვალოს, რომ ერთმანეთთან დისონანსში მყოფი კოგნიციები ირელევანტურია ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.


მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი: ადამიანი ეწევა, მაგრამ ამავდროულად იცის, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის; ჩნდება დისონანსი, რომლისგანაც თავის დაღწევა შესაძლებელია 3 გზით:

1. ქცევის შეცვლა, ე.ი. სიგარეტისთვის თავის დანებება;

2. კოგნიციის შეცვლა - ამ შემთხვევაში თავის დარწმუნება, რომ სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებული დასკვნები გადაჭარბებულია და არ შეესაბამება სიმართლეს;

3. მოწევის მავნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ახალი ინფორმაციის იგნორირება;



ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი კოგნიტური დისონანსის თეორიის შესამოწმებლად ჩაატარა ფესტინჯერის ასისტენტმა ჯ. ბრემმა. ბრემი ცდის პირებს სთხოვდა შეეფასებინათ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები: ტოსტერი, ფენი და ა.შ. ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს საშუალება ეძლეოდათ მათთვის ნაჩვენები 2 ნივთიდან აერჩიათ ერთ-ერთი და კიდევ ერთხელ შეეფასებინათ ისინი. თითოეული ცდის პირი უფრო მეტად აქებდა იმ ნივთს, რომელიც აირჩია, ვიდრე იმას, რომელიც უარყო. კოგნიტური დისონანსის თეორიის ფონზე მსგავსი ქცევის მიზეზი ნათელია: რთული არჩევნის გაკეთებისას ადამიანები განიცდიან დისონანს: ასარჩევი საგნის უარყოფითი თავისებურებები დისონანსშია მისი არჩევის ფაქტთან. ხოლო უარყოფილი საგნის დადებითი თავისებურებები დისონანშია ამ საგნის უარყოფის ფაქტთან. დისონანსის შესამცირებლად ადამიანები ხაზს უსვამენ არჩეული საგნის პოზიტიურ მხარეებს და აკნინებენ ამ საგნის უარყოფითი მხარის მნიშვნელობას და პირიქით, ხაზს უსვამენ უარყოფილი საგნის ნეგატიურ თავისებურებებს და აკნინებენ მისი უპირატესობების მნიშვნელობას.


კოგნიტური დისონანსის თეორიის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც ატიტუდების ცვლილებაზე ქცევის გავლენას სწავლობდა, გამოვლინდა “არასაკმარისი დადასტურების’’ ეფექტი. თუ ადამიანს არ აქვს საკუთარი ქცევის გარეგანი გამართლება/დადასტურება, ის იძულებულია მიმართოს შინაგან გამართლებას/დადასტურებას ანუ ატიტუდის შეცვლას. ამას “არასაკმარისი დადასტურების'' ეფექტი ჰქვია.

ატიტუდის შეცვლას, როგორც დისონანსის შემცირების მეთოდს, ადამიანი იმ შემთხვევაშიც იყენებს, როცა იმას ამტკიცებს, რისიც თვითონაც არ სჯერა ან როცა ზნეობრივი ნორმების, საკუთარ თავზე წარმოდგენის საწინააღმდეგოდ იქცევა.


“არასაკმარისი დადასტურების’’ ეფექტის შესწავლას მიეძღვნა 1959 წელს ფესტინჯერისა და კარლსმიტის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის მონაწილეები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ასრულებდნენ ორ მეტად მოსაწყენ, უაზრო და უინტერესო დავალებას.
შემდეგ ცდის პირებს სთხოვდნენ (იმ ასისტენტის ნაცვლად, რომელიც ვითომ ცუდად გახდა) აღეწერათ შესრულებული სამუშაო შემდეგი მონაწილისთვის, რომელიც კართან იდგა და თავის რიგს ელოდა ექსმპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, როგორც ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და სასარგებლო. ამ ტყუილისთვის ცდის პირთა ერთ ნაწილს უხდიდნენ 20 დოლარს, მეორე ნაწილს კი 1 დოლარს. ამის შემდეგ მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ, რამდენად მოეწონათ ის დავალებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეასრულეს. ფესტინჯერმა და კარლსმიტმა ივარაუდეს, რომ ცდის პირებისთვის ტყუილის სანაცვლოდ მიცემული 1 დოლარი არ იქნებოდა საკმარისი გარეგანი გამართლება, ამიტომ ისინი შეეცდებოდნენ, შეემცირებინათ კოგნიტური დისონანსი ატიტუდის შეცვლის გზით, ე.ი. შესრულებული დავალება მათ მიერ აღქმული იქნებოდა, როგორც საინტერესო და სასიამოვნო, განსხვავებით მეორე ჯგუფის მონაწილეებისგან. მეორე ჯგუფის მონაწილეებისთვის ტყუილის სანაცვლოდ მიღებული 20 დოლარი საკმარისი გარეგნული გამართლება აღმოჩნდებოდა, შესაბამისად მათთვის ატიტუდების შეცვლა საჭირო აღარ იქნებოდა. ისინი დავალებას შეაფასებდნენ, როგორც მართლაც უინტერესოს და მოსაწყენს. კვლევის შედეგებმა აღნიშნული ჰიპოთეზა დაადასტურა - საკმარისი გარეგანი გამართლების არქონის პირობაში მყოფმა “მატყუარა’’ ცდის პირებმა მართლაც შეიცვალეს დამოკიდებულება დავალებების მიმართ.


არასაკმარისი დადასტურების პირობებში განხორციელებულ ქცევაზე კოგნიტური დისონანსის გავლენა და შედეგად ატიტუდების ცვლილება მრავალი ექსპერიმენტით შემოწმდა.


განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი:


არტურ კოენმა იელსის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარწმუნა, მონაწილეობა მიეღოთ რთული, კონტრატიტუდური ქცევის შესწავლაში. ექსპერიმენტი ტარდებოდა სტუდენტებზე, რომელთა რამდენიმე ფართომასშტაბიანი გამოსვლა პოლიციამ სასტიკად დაარბია. სტუდენტებს, რომლებიც ღრმად დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, სთხოვეს დაეწერათ სტატია, რომელშიც ისინი გაამართლებდნენ და მხარს დაუჭერდნენ პოლიციის ქცევას. სანაცვლოდ სტუდენტთა ერთ ჯგუფს გადაუხადეს 10 დოლარი, მეორეს - 5, მესამეს - 1, ხოლო დანარჩენებს 50 ცენტი. სამუშაოს დასრულების შემდეგ სტუდენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ თავიანთი ატიტუდები პოლიციის მიმართ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ნაკლები იყო გაწეული სამუშაოსთვის მიღებული გასამრჯელო, მით უფრო მეტად ცვლიდნენ ცდის პირები პოლიციის მიმართ თავიანთ ატიტუდებს, ე.ი. რაც უფრო ნაკლები იყო გარეგანი გამართლება (ამ შემთხვევაში ფულად ეკვივალენტში გამოხატული), მით მეტი იყო ქცევის გავლენა (ამ შემთხვევაში პოლიციის მხარდასაჭერად დაწერილი სტატია) ატიტუდებზე.


საკმარისი ან არასაკმარისი დადასტურება შეიძლება გამოვლინდეს არამარტო მატერიალური ფორმით, არამედ მუქარის, შექების, სხვა ადამიანისთვის სიკეთის გაკეთების შესაძლებლობის სახით. მსგავსი გარეგანი გამართლების ზემოქმედება ატიტუდებზე ნაჩვენებია ფილიპ ზიმბარდოს ერთობ “ეგზოტიკურ’’ ექსპერიმენტში: სარეზერვო ჯარისკაცებს უთხრეს თითქოს მათი დახმარება სჭირდებოდათ “ექსტრემალურ პირობებში თავის გადასარჩენად არსებული საკვების’’ შესწავლასთან დაკავშირებით. მათ შესთავაზეს გაესინჯათ შემწვარი კალია. ჯარისკაცების ერთ ნაწილს ამის შესახებ სთხოვა გულისხმიერმა, კეთილშობილმა ოფიცერმა, მეორეს კი - მკაცრმა, არაკეთილგანწყობილმა. ჯარისკაცების კალიების ჭამასთან დაკავშირებული ატიტუდები იზომებოდა მათ გასინჯვამდე და გასინჯვის შემდეგ. შედეგებმა დაადასტურა კვლევის ჰიპოთეზა: ჯარისკაცებს, რომლებმაც შეჭამეს კალია არაკეთილგანწყობილი ოფიცრის თხოვნით, ახალი კერძი უფრო მეტად მოეწონათ, ვიდრე იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც თხოვნით მიმართა კეთილშობილმა ოფიცერმა, ე.ი. როცა არსებობდა საკმარისი გარეგანი გამართლება - სასიამოვნო ოფიცრის თხოვნა, რომელსაც ჯარისკაცები პატივისცემით ეპყრობოდნენ, - ისინი თითქმის არ განიცდიდნენ კალიების მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულების ცვლილების საჭიროებას. სამაგიეროდ, იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებმაც შეასრულეს არასასიამოვნო ოფიცრის თხოვნა, თავიანთი ქცევის გარეგანი გამართლება აშკარად არ იყო საკმარისი. იმისათვის, რომ ჯარისკაცებს თავიანთი ქცევა გაემართლებინათ, ისინი იცვლიდნენ ატიტუდებს ანუ კალიების მიმართ მათი დამოკიდებულება ხდებოდა უფრო დადებითი.


იმავე თემასთან დაკავშირებით საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა ასევე არონსონმა. იგი ეყრდონობოდა შემდეგ ჰიპოთეზას: თუ ადამიანს ავუკრძალავთ საყვარელი საქმის კეთებას, რაც უფრო სუსტი იქნება მუქარა, მით უფრო მეტად გაუჩნდება ადამიანს ტენდენცია, დააკნინოს საკუთარ თვალში საყვარელი საქმიანობა. როცა ადამიანი თავს იკავებს საყვარელი საქმის კეთებისგან, იგი კოგნიტურ დისონანს განიცდის - ამ საქმიანობის სიყვარული და მისი კეთების აკრძალვა ერთმანეთთან დისონანსშია. დისონანსის შესამცირებლად ერთ-ერთი გზა არის ამ საქმიანობის მნიშვნელობის დაკნინება საკუთარ თვალში. შედეგად ჩნდება გამართლება იმისა, თუ რატომ არ აკეთებს ადამიანი საყვარელ საქმეს. აღსანიშნავია, რომ სუსტი მუქარა სუსტ თვითდარწმუნებას იწვევს. არონსონის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებმაც იცოდნენ, რომ არც თუ ისე მკაცრად დაისჯებოდნენ თუ საყვარელი სათამაშოთი ითამაშებდნენ, თავიანთ დამოკიდებულებას ამ სათამაშოს მიმართ უფრო მეტ ხარისხში იცვლიდნენ ანუ მათი სიყვარული ამ სათამაშოს მიმართ უფრო მეტად მცირდებოდა, ვიდრე იმ ბავშვების, რომლებსაც მკაცრად დასჯით ემუქრებოდნენ.



კოგნიტური დისონანსის თეორიის ფარგლებში ჩატარებულ მრავალ კვლევაში გამოვლინდა ის პირობები, რომელთა დროსაც “არასაკმარისი დადასტურების’’ ეფექტი უფრო მეტი სიძლიერით ვლინდება. ეს პირობებია:


1. ქცევა სრულდება საჯაროდ;

2. ქცევას მოსდევს სავალალო შედეგები;

3. წარმოქმნილი დისონანსის გამო ზიანდება “მე-კონცეფცია’’, ადამიანის თვითშეფასება;

4. ადამიანის გადაწყვეტილება, ქცევა თავისუფალია და არა იძულებითი.


მთავარი პრაქტიკული დასკვნა, რომელიც ფესტინჯერის თეორიიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ სუბიექტის ნებისმიერი ფსიქოლოგიური ელემენტის შეცვლა შესაძლებელია: ადამიანის კოგნიციების ეჭვქვეშ დაყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მისი ქცევის ცვლილება, ხოლო ქცევის ცვლილება, თავის მხრივ, გამოიწვევს ადამიანის შეხედულებების ცვლილებას საკუთარ თავზე, სხვებზე თუ გარემომცველ საგნებსა და მოვლენებზე.


0
2760
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
2760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0