x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რელიგია, საზოგადოებრივი ინტეგრაციისა თუ დეზინტეგრაციის წყარო




რელიგია მოიცავს არა მხოლოდ რწმენას, არამედ ღირებულებათა სისტემასაც, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანების კონცენტირებას საერთო რწმენებისა და მიზნებზე, შედეგი კი საზოგადოების კონსოლიდაციაა. ერთი შეხედვით, რელიგია საზოგადოების გამაერთიანებელი ძალაა, თუმცა, რელიგიის მაინტეგრირებელი
ფუნქცია შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ დღევანდელ ქართულ სინამდვილეში არსებულ სიტუაციას. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის პირობებში დემოკრატიის ფორმები უფრო და უფრო იხვეწება და მასში დღეს სულაც აღარა მოიაზრება ძველბერძნული „ხალხის მმართველობა“. დემოკრატიის ყველაზე „წმინდა“ გაგება დღეს გულისხმობს ისეთ საზოგადოებრივ მდგომარეობას, სადაც რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური, პოლიტიკური, სქესობრივი, რასობრივი და ა.შ. კუთვნილების მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლებაა დაცული. სამწუხაროდ, რელიგიური არატოლერანტობის გამოვლენის უამრავი ფაქტია დაფიქსირებული ბოლოდროინდელ მოვლენებს შორის, მაგალითად, ნიგვზიანისა და თეთრიწყაროს ინცინდენტები. ასევე, სახალხო დამცველის ანგარიში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებს ფაქტებზე. ისტორიულად, საქართველოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: საქართველოში
„უფლება გაქვს იცხოვრო შენი სარწმუნოებით და ადათებით, იმსჯელო მასზე და დაიცვა იგი“. ევროპელი გიულდენშტედტი იგივეს ადასტურებდა: „მმართველობა და სამღვდელოება ამჟღავნებს სრულ შემწყნარებლობას სომხების, კათოლიკეების, მაჰმადიანების და ებრაელი მოსახლეობის რელიგიის მიმართ, რომლებიც სრულებით არ ეკუთვნიან ბერძნულ ეკლესიას და არ სდევნიან მათ“. დღეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. ჩემი აზრით, ქართულმა მართლმადიდებლურმა სამყარომ კანონისა და სამართლის მიმართ საზოგადიების წევრთა თანასწორობის ცნობაში საფრთხე დაინახა. დღეს სამღვდელოება კონსერვატიულ პოზიციაზე დგას და ეს მდგომარეობა დროის მსვლელობასთან ერთად უფრო და უფრო მძაფრდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლებას, დღეს ქვეყანაში არსებული რეალობა მკვეთრად განსხვავებულია. ამის ნათელ დასტურს წარმოადგენს თუნდაც 2013 წლის 17 მაისი, როდესაც სამღვდელოებამ საზოგადოება წააქეზა ჰომოფობიის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად გამოსული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და შედეგად მივიღეთ დეზინტეგრირებული მასა, სადაც სამღვდელოება და საზოგადოება ხელჩართულ ბრძოლაში იყო.

საბოლოო ჯამში, თუ საქართველოში რელიგიის ინტეგრაციულ ფუნქციას მერტონისეული რელიგიის ფუნქციონალური ინტერპრეტაციის დახმარებით დავახასიათებთ, შეგვიძლია ვთქვათ: ინტეგრაციული ფუნქცია დღეს სრულდება მხოლოდ მართლმადიდებლური საზოგადოებისთვის და რელიგია ხშირ შემთხვევაში კონფლიქტს იწვევს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ საზოგადოების ნაწილებს შორის; დღეს კანონი რელიგიაზე მაღლა დგას, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივ ღირებულებებს არამორწმუნეები უფრო მეტად იზიარებენ, ვიდრე მორწმუნეები; რელიგიური დოქტრინის შინაარსი ზოგჯერ ეწინააღმდეგება არარელიგიური ღირებულებების შინაარსს, ასე რომ იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას და საზოგადოების დეზინტეგრაციას. შედეგად ვიღებთ შემდეგს: სამღვდელოებას ავტორიტეტის საფუძველზე თანაბარი გავლენა აქვს საზოგადოების მორწმუნე და არამორწმუნე ნაწილებზე; სამღვდელოების მერკანტილიზმი, რაც ვლინდება სამღვდელოების მხრიდან ძვირადღირებული ჯიპებითა თუ ფუფუნების საგნებით სარგებლობაში, მომჭირნეობის ქადაგების პარალელურად, ამცირებს ეკლესიისადმი ნდობას. ზრდის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან რწმენას, რელიგიასა და ეკლესიას; უამრავი თანხა იხარჯება ეკლესიების მშენებლობაზე და ა.შ. რელიგია საყოველთაო განხილვის საგანი ხდება, ამ განხილვაში ჩართულნი არიან მამაოები, საზოგადო მოღვაწეები, თეოლოგები, პოლიტიკოსები,
ბიზნესმენები, ახალი თაობის წარმომადგენელი კრიტიკულად მოაზროვნე
ახალგაზრდები, სხვა აღმსარებლობის მატარებელი ადამიანები, არარელიგიური ადამიანები, რელიგიის საკითხში სრულიად ჩაუხედავი თინეიჯერები, რიგითი ადამიანები და ა.შ., რელიგიის განხილვა ხშირად ფეისბუქის დონეზე დადის, ხდება სიწმინდეების აგდება და პროფანულამდე დაყვანა. ჩნდება კითხვა, სად არის ამ ყველაფერში ღმერთი და რწმენა?


საქართველოში, დღეს არსებული სიტუაციდან გამომდინარე, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. ფაქტია, რომ ეკლესიის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების ფორმები კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს. 2002 წლისგან განსხვავებით, როცა კონკორდატი დაიდო, დღეს საქართველო დღე-დღეზე ელოდება ევროკავშირში შესვლას, ამიტომ დადგა საკითხი, რომ არა მხოლოდ კანონის დონეზე, არამედ, ფაქტობრივადაც შეიცვალოს მიდგომები: სახელმწიფო და ეკლესია ხელახლა უნდა შეთანხმდნენ ურთიერთობის ჰარმონიულ ასპექტებზე, სადაც წინა პლანზე წამოწეული იქნება ეროვნულობის საკითხი თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში; უნდა გატარდეს საგანმანათლებლო პოლიტიკა, თავის მხრივ კი ეკლესიამ უნდა იზრუნოს მრევლის რელიგიური თვითშეგნების ამაღლებაზე; საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს რელიგიასთან და სახელმწიფოსთან დაკავშირებული პრობლემების საჯარო განხილვებში, დისკუსიებში, გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. ამგვარად, დასავლეთის გზაზე მიმავალ მრავალსაუკუნოვანი კულტურის მატარებელ სახელმწიფოში რელიგიასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა არ არის გასაკვირი. მთავარია, ავცდეთ მკვეთრ რყევებს, ექტრემალურ გადახრებს და საფუძველმდებარე ცვლილებებს, რისთვისაც საჭიროა დიდი სიფრთხილე და გონიერება საზოგადოების, სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე.

1
26
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ყარალაშვილი
ანა ყარალაშვილი
26
  
2015, 22 თებერვალი, 11:21
რელიგიის განხილვა ხდება და ჩემი აზრით დასაშვებიცაა ფეისბუქზეც, ინტერმედიაზეც და ოდნოკლასნიკებშიც, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოება სოციალური ქსელებისა და ზოგადად ინტერნეტის საშუალებით გამოხატავს თავის აზრსა და შეხედულებას ნებისმიერ თემაზე და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მთავარია როგორ და რა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს "სიტყვის თავისუფლებას". გეთენხმებით იმაში რომ საქართველო მართლაც დღე-დღეზე ელოდება ევროკავშირში შესვლას, დღე დღეზე კი არა "დაჟე" წიდან-წლამდე ელოდება და კიდევ კარგი აქამდე არ მიგვიღეს თორემ დღე-დღეზე უკან გამოგვაპანღურებდნენ ალბათ. :) თემას რაც შეეხება სრულიად გეთანხმებით მშვენიერი სტატიაა, გმადლობთ.
0 1 1