x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
წარმატებული კომუნიკაციის საიდუმლო

თითოეული ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ადამიანთან ურთიერთობს, მიუხედავად ამ სფეროში ჩვენი მდიდარი გამოცდილებისა, გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად სირთულეებს ვაწყდებით კომუნიკაციისას, გვიჭირს გავუგოთ სხვებს, რის შედეგადაც სხვადასხვაგვარი კონფლიქტები იჩენს თავს.

გარდა იმისა, რომ ეფექტური კომუნიკაცია გვეხმარება თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, ასევე ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს წარმატების მიღწევის გზაზე. მართლაც, როგორც უმდიდრესი ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ როკფელერი აღნიშნავს "ადამიანებთან ურთიერთობის უნარი საქონელია, რომელიც ისევე იყიდება, როგორც ჩაი ან ყავა" და რომელშიც, როგორც თავად აღიარებს, უფრო მეტს გადაიხდიდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქონელში. სახელგანთქმული მილიონერის ამგვარი დამოკიდებულება ჩვენშიც იწვევს ინტერესს და სურვილს დავეუფლოთ ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას.

მოდით ერთად გავიგოთ, როგორ დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია, მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე, დავიმსახუროთ მათი კეთილგანწყობა და შევცვალოთ როგორც გარშემომყოფთა, ასევე ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. მაშ ასე, ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ურთიერთობისას ადამიანთა გულახდილ და მაღალ დონეზე შეფასების აუცილებლობაზე. ალბათ, გასაკვირი არავისთვისაა, რომ თითოეული ჩვენგანი აღიარებისა და დაფასებისაკენ მიისწრაფვის, ჩვენ "ყველაზე მეტად საკვები" გვესაჭიროება საკუთარი თვითპატივისცემის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომ გვმართებს ერთმანეთის მიმართ გულისხმიერების გამოჩენა, ღირსებების აღიარება და წახალისება. თუმცა, ღირსებების აღიარება მლიქვნელობისგან უნდა გავმიჯნოთ, განსხვავება მათ შორის თვალსაჩინოა, თუ აღიარება გულწრფელად ხდება, მლიქვნელობა ფარისევლობას ეყრდნობა, პირველი გულიდან მომდინარეობს, მეორე კი მხოლოდ სიტყვებია, პირველი უანგაროა, მეორე კი ეგოისტური. გარდა ამისა, პირფერობა ფუყეა და თვალთმაქცური. მართალია, "ზოგიერთი ადამიანი ისე მიელტვის აღიარების მოპოვებას, რომ ნებისმიერ რაიმეს ჩაყლაპავს ისევე, როგორც ბალახსაც და მატლსაც კი ჭამს შიმშილით მომაკვდავი ადამიანი, " მაგრამ გამჭრიახ ადამიანებზე პირფერობით ზემოქმედება ძნელია. ის ვერ დაგეხმარებათ ურთიერთობაში წარმატების მიღწევაში. მისგან განსხვავებით, ღირსებების აღიარება ნამდვილი სათნოებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება ყოველდღიური ცხოვრებაში. არადა, ხომ შეგვიძლია უშედეგო კრიტიკის ნაცვლად, ერთმანეთის ღირსებებზე გავამახვილოთ ყურადღება, სამართლიანი შეფასებით წავახალისოთ ირგვლივმყოფნი, რაც მათში ყოველივე საუკეთეთესოს განვითარებას შეუწყობს ხელს. ერთი მხრივ, მათი აღიარებისკენ მისწრაფება დაკმაყოფილდება, მეორე მხრივ, კი ჩვენს მიმართ დადებით განწყობას შევუქმნით. მართლაც, თუ მიზნად ისახავთ ეფექტური კომუნიკაციების დამყარებას გაითვალისწინეთ გამოჩენილი ამერიკელი პუბლიცისტის, მწერლისა და ფსიქოლოგის დეილ კარნეგის მოწოდება:" ვიყოთ გულახდილები ჩვენს მოწონებაში და გულუხვნი შეფასებაში. ადამიანები სიტყვებს გაუფრთხილდებიან, შეინახავენ მათ თავიანთი მახსოვრობის საგანძურში და გაიმეორებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა თქვენ ამის შესახებ უკვე დაგავიწყდებათ"...

ამრიგად, დროა განვეწყოთ ადამიანთა საუკეთესო კუთხით დასანახად, მათში ღირსებების აღმოსაჩენად და ხმამაღლა აღსანიშნავად.


0
254
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0