x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ამჟამად მოქმედი შერეული სისტემის საუკეთესო ალტერნატივა


საარჩევნო სამართალი სამართლის სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთგვარი საზომია. ის არის ქვეყნის ინსტიტუტების ლეგიტიმაციის მაღალი დონის მაჩვენებელი და რაც მთავარია, იგი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების, საარჩევნო უფლების რეალიზებასთან. სწორედ ამ ფუნქციათა შესრულებას განაპირობებს საარჩევნო სამართალი. ის გზა კი, რომელსაც ირჩევს სახელმწიფო, უნდა იყოს კონკრეტულად ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული.

ამ სტატიის მიზანია კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარების იმ ძირითადი საშუალების მნიშვნელობა, რასაც რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიცავს. კონკრეტულად, ხაზი გავუსვათ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს და აგრეთვე განვსაზღვროთ, თუ რატომ ჯობს ეს მოდელი დღეს არსებულ შერეულ მოდელს.

თანამედროვე მსოფლიოში საარჩევნო სისტემის მრავალი სახე არსებობს. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მრავალფეროვანია ის საზოგადოებები, რომელთა ნების შეძლებისდაგვარად სამრთლიანად ასახვასაც ესა თუ ის სისტემა ემსახურება. ჩვენი თემის მიზნებიდან გამომდინარე განვიხილოთ მხოლოდ ის სისტემები, რომლებიც დღეს
აქართველოსთვის არის აქტუალური და მიმზიდველი. საუბარი მაქვს რეგიონალურ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ სანამ მას შევეხებოდეთ, გამოვკვეთოთ ის ნეგატიური თუ პოზიტიური მხარეები, რომელიც ამჟამად მოქმედ შერეულ მოდელს ახასიათებს.

როგორც აღვნიშნეთ, დღეს ჩვენს ქვეყანაში არის შერეული სააჩევნო სისტემა, კერძოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 77 წევრი- პროპორციულით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან მოქმედებს ორივე სისტემა, იმისათვის რომ მათ ერთმანეთის უარყოფითი მხარეები დააბალანსონ. ეს ბალანსი პირობითია და პრობლემა მაინც აქტუალური რჩება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც სახელმწიფო იყენებს კონკრეტულ სისტემას. იმისათვის რომ უფრო კარგად გავიგოთ შერეული საარჩევნო სისტემის ხარვეზები, ყურადღება გავამახვილოთ ძირითად უარყოფით ზეგავლენაზე.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ ასევე შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30 პროცენტისა. ასეთი წესით პარლამენტის 73 წევრის არჩევისას საქმე გვაქვს შემდეგ ნეგატიური ფაქტორებთან: დაკარგული ხმების დიდი რაოდენობა, რაც იმაში გამოიხატება რომ შეიძლება არჩეულ იქნეს ისეთი პირი, რომელმაც მიიღო 30%, რითაც ამავე დროს აჯობა სხვა კანდიდატებს. მაშასადამე მაგალითად ფოთის მაჟორიტარულ არჩევნებში შეიძლება გაიმარჯვოს პირმა, რომელსაც მხარს უჭერს ფოთის მოსახლეობის მხოლოდ 30% პროცენტი, რაც იმას იწვევს, რომ დანარჩენი 70% ამომრჩეველთა ხმები უქმდება. ამომრჩველთა ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დარღვევა, მართალია, ეს ამ სისტემის ბრალით არაა გამოწვეული, რადგან საარჩევნო ოლქების შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილებით ხმის წონაც თანაბარი იქნებოდა, მაგრამ დღეს მოქმედი რედაქციით ეს პრინციპი უგულებელყოფილია და დღეს ერთმანდატიანი ოლქები არის ონის 6807 კაცით და ქუთაისის 147508 კაცით, რაც უდავოა რომ არანაირ თანაბრობის პრინციპს არ შეესაბამება. არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სადაც დასაშვებ განსხვავებად მიჩნეულია 10-15%.

პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მთავარი უარყოფითი ფაქტორი ის არის, რომ ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას იგი ჩვეულებრივ ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს, დანარჩენი პირების ვინაობაც კი უცნობია ხოლმე, მათ შესაფერისობაზე რომ არაფერი ვთქვათ პარლამენტარის კრიტერიუმებთან.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის უარყოფითი ასპექტები დღევანდელი რეალობისთვის ცოტა არ იყოს შეუფერებელია და უკეთესი იქნებოდა მისი ჩანაცვლება.

თანამედროვე სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ გატარდება მისთვის საჭირო სხვა ცვლილებებიც, შედეგად მივიღებთ სრულყოფილთან ყველაზე ახლომდგომ საარჩევნო მოდელს. ეს სისტემა აქტიურად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, ესპანეთი, შვეიცარია და სხვა. პროპორციული სისტემა შემუშავებულ იქნა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც წარმოქმნა მაჟორიტარულ-პლურალისტურმა სისტემამ. ამ სისტემის ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს მისი სიმარტივე და პროპორციული შედეგის უზრუნველყოფა. განვიხილოთ რაში გამოიხატება რეგიონალური პროპორციული სისტემის დადებითი მხარეები და როგორ ახერხებს იგი ამას.


რეგიონალური პროპორციული სისტემის ფარგლებში არჩევნების ჩატარება ხდება კონკრეტული რეგიონებისათვის განკუთვნილი სიებით, აგრეთვე ამომრჩევლებს შეუძლიათ არ მარტო პარტიული სიმპათიები დააფიქსირონ, არამედ განსაზღვრონ სასურველ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი პირების მათთვის სასურველი რიგითობა. ამ სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შეიცვალოს ოლქების გადანაწილება და იგი დაიყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 10-15%-იანი განსხვავებით. ეს ყოველივე შემდეგ შედეგს გამოიღებს: მოხდება ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ამომრჩეველთა დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირება და ხმის წონის თანაბრობის უზრუნველყოფა.

ამავე დროს, ამ სისიტემა დანერგვის შედეგად სახეზე გვექნება შემდეგი: გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რადგან მანდატების გადანაწილება რეგიონალურ დონეზე ხდება და შესაბამისად იზრდება კავშირი ამომრჩეველსა და მის წარმომადგენელს შორის, რაც არის ერთგვარი მაჟორიტარული სისტემის კომპენსირება. მცირე პარტიების წარმომადგენლობის ხელშეწყობა, მცირე პარტიებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ კონკრეტულ რეგიონში ამომრჩევლებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად გადალახონ მანდატის მისაღებად დაწესებული ბარიერი.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალურ პროპორციულ სისტემას აქვს ბევრი დადებითი მხარე, მისი ერთ-ერთი დიდი მინუსია დამოუკიდებელი კანდიდატების არარსებობა, ვინაიდან არჩევნები ტარდება მხოლოდ პროპორციული წესით და შესაბამისად დამოუკიდებელი კანდიდატები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამას აბალანსებს ამომრჩეველთა შესაძლებლობა თავად აირჩიონ კანდიდატები პარტიის მიერ წარდგენილი სიიდან. ეს ხელს შეუწყობს ძლიერი კანდიდატების წარმოჩენას და უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო კავშირს ამომრჩეველსა და საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ მის წარმომადგენელს შორის, რაც ასევე დააბალანსებს მაჟორიტარი დეპუტატის არარსებობას. მეორე, არც თუ დიდი, მაგრამ მაინც თვალშისაცემი უარყოფითი ასპექტია რთული ბიულეტენის სტრუქტურა ბიულეტენში მოცემული უნდა იყოს პარტიის მიერ წარდგენილი სია, რაც გამოიწვევს ბიულეტენის მოცულობის გაზრდას.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მართალია არ არსებობს ისეთი სრულყოფილი სისტემა, რომელიც რაიმე უარყოფითი დეტალის გარეშე მოაგვარებს საარჩევნო სამართალში არსებულ პრობლემურ საკითხებს, მაგრამ დღეს არსებული ალტერნატივებიდან რეგიონალური საარჩევნო სისტემა არის ყველაზე შესაფერისი, რადგან იგი უზრუნველყოფს იმ პრინციპების, სხვასთან შედარებით, ყველაზე უკეთ დაცვასა და შესრულებას, რასაც ეფუძნება საარჩევნო სამართალი და ზოგადად სახელმწიფოს შემდეგი სუვერენული განვითარება.




17 თებერვალი, 2015 წელი

0
415
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ანთაძე
თორნიკე ანთაძე
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0