x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რუსეთ-საქართველოს ომის გეოპოლიტიკური ასპექტები
image


ავტორები: ზურა გამთენაძე, სალომე ონიანი





ევრაზიის კონტინენტისთვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი გეოგრაფიული ცენტრი კავკასიის რეგიონია და ამას ისტორიაც მოწმობს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ძირითადი არტერიები სწორედ ევრაზიის კონტინენტის გულზე, კავკასიაზე გადიოდა, რაც ამ რეგიონის პოლიტიკურ წონასაც ერთი-ორად ზრდიდა. ამ ფაქტორს ყველა დიდი სახელმწიფო მშვენივრად იაზრებდა და მის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობდა. მონღოლების ბატონობის გადაგდების შემდეგ, სწრაფ მზარდი რუსეთის სახელმწიფო, შესაძლოა თვითნებურადაც, უახლოვდებოდა კავკასიის რეგიონს. XIX საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთის იმპერიას ჰქონდა უზარმაზარი ამბიცია და მზადაც იყო მთელი კავკასიის დასამორჩილებლად. ამის განხორციელებაც რამდენიმე ათეულ წელიწადში შეძლო. ხელმეორედ ეს საბჭოთა კავშირმა მოახერხა, თუმცა, 70 წელიწადში დაკარგა და სამხრეთ კავკასიის სამმა სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. შედეგად, კავკასიაში წარმოიქმნა ახალი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რეალობა. სამხრეთ კავკასიის თითოეულ სახელმწიფოს განვითარების საკუთარი გეგმა ჰქონდა,
რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ. სომხეთმა მაშინვე დაიკავა პრო-რუსული პოზიცია და ეს ლოგიკურიც იყო. სომხეთს არც ბუნებრივი სიმდიდრე და არც მდებარეობა არც უწყობდა ხელს ძლიერი მოკავშირის გარეშე ეწარმოებინა საგარეო პოლიტიკა. აზერბაიჯანი დაუკავშირდა თურქეთს და შექმნეს ალიანსი სომხეთის წინააღმდეგ, თუმცა, ამ ალიანს რუსეთი აწონასწორებდა. საქართველომ კი მაშინვე აიღო გეზი ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად და მიზნის მისაღწევად არც არაფერს იშურებდა. შედეგიც ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იყო და საქართველო დასავლეთთან ყოველწლიურად ახლოვდებოდა, რაც, თავისთავად, უკუშედეგს იწვევდა რუსეთთან ურთიერთობაში. ურთიერთობების დაძაბვის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რომლის გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ საქართველოსა და დასავლეთის დაახლოება იყო. ამ ომით თითქოს რუსეთმა „დასაჯა“ საქართველო, მაგრამ რუსეთს უფრო დიდი გეოპოლიტიკური მიზნები ჰქონდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პირველ რიგში აუცილებელია განვიხილოთ ის კონკრეტული ინტერესები, რაც აქვს დასავლეთს საქართველოსთან. ამისთვის საქართველოს, როგორც ცალკე სახელმწიფოს ვერ განვიხილავთ, არამედ აუცილებელია მისი კავკასიის რეგიონის კონტექსტში ანალიზი. გეოპოლიტიკის თეორიის მიხედვით, კავკასია წარმოადგენს ე.წ. ჰართლენდის ჩაკეტილის სივრცის ერთადერთ რეგიონს აზიისკენ უმოკლესი სავაჭრო გზის გასახსნელად. აზიაში კი, პირველ რიგში, მოიაზრება ცენტრალური აზია და შორეული ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი. ამასთან ერთად, როგორც ვიცით, ევროკავშირის მიერ იმპორტირებული ნავთობის უდიდესი წილი სპარსეთის ყურის არასტაბილურ რეგიონზე მოდის, ხოლო იმპორტირებული გაზის 2/3 კი რუსეთზე, რაც ევროკავშირის დამოკიდებულს ხდის, როგორც რუსეთზე, ისე სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოებზე. 2005 წელს გაზის ფასით მანიპულირების შემდეგ და ასევე ირანის ბირთვული პროგრამის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა დაიწყო ალტერნატიული წყაროების ძიება და ეს წყარო აზერბაიჯანი აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველო უკვე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო დასავლეთისთვის, რადგან სწორედ საქართველოზე გაივლიდა აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობი და გაზი. ამ მიზნის მისაღწევად დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ვერ განხორციელდა, მოხდა მათი მოდიფიკაცია და სახეზე გვაქვს უფრო რეალური პროექტები, მაგალითად შაჰ დენიზის მეორე ფაზა. ერთ-ერთი პირველი ეტაპი იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კორიდორის, TRACECA-სა და INOGATE-ის წარმატებული პროექტები, რომელთაც დასავლეთს საქართველოს მნიშვნელობა აჩვენეს. საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, რაც ნიშნავდა საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად, ეს რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა და ჩვენი ყოველი წარმატება რუსეთის პოლიტიკას ამკაცრებდა.


რაც შეეხება სხვა ინტერესებს ეს უმთავრესად NATO-ს უკავშირდება. ამ ორგანიზაციასაც თავისი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური გათვლები აქვს საქართველოსთან და ზოგადად კავკასიასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი გათვლაა ცივი ომის დროინდელი


სტრატეგიის, „ანაკონდას“ გეგმის, განხორციელება. აღნიშნული გეგმა გულისხმობდა საბჭოთა კავშირისთვის, დღეს უკვე რუსეთისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლებზე გასასვლელის ჩაკეტვას. ამასთან ერთად, საქართველო და კავკასია უშუალოდ ესაზღვრება NATO-ს, კერძოდ, მის ერთ-ერთ წევრ თურქეთს და კავკასია იყო ერთგვარი ბუფერული ზონაა რუსეთსა და NATO-ს შორის. კიდევ ერთი ინტერესი ჩვენი ქვეყნით გამოწვეულია ავღანეთისა და ირანის საკითხით. ალიანსის პოლიტიკა დამყარებულია „სწრაფი რეაგირების“ სტრატეგიაზე, რის გამოც აუცილებელია, რომ მას წვდომა ჰქონდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებზე, როგორიცაა თუნდაც სამხრეთ
კავკასია. ირანის ბირთვული პროგრამის ამოქმედების შემდეგ განიხილებოდა სცენარი ირანთან შესაძლო ომით და საქართვლო ერთგვარი პლაცდარმი იქნებოდა ალიანსის ძალებისთვის, ამასთან ერთად ავღანეთში NATO-ს ძალების მომარაგება სწორედ საქართველოს გავლით უნდა მომხდარიყო. ალიანსსა და საქართველოს შორის წარმატებული იყო 2004 წელი, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას NATO-სთან. საქართველო მაქსიმალურად ცდილობდა ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილებას და მხარდაჭერის მოპოვებას, ამისთვის ISAF-ის სამშვიდობო მისიაშიც კი ჩაერთო. აღნიშნული დაახლოება ისახებოდა როგორც ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერაში, ასევე სამხედრო პოტენციალისა და შიდა სტაბილურობის გაზრდაში, რაც რეგიონში, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ცვლიდა ძალთა ბალანსს საქართველოს სასარგებლოდ. როგორც ვთქვი, საქართველო და ზოგადად კავკასია იყო ერთგვარი ბუფერული რეგიონი რუსეთსა

NATO-ს შორის და ამ რეგიონში ალიანსის შემოსვლა, რუსეთის გათვლებით, უშუალოდ ემუქრებოდა მის უსაფრთხოებას, რაც რუსეთის ეროვნული თავდაცვის იმდროინდელ კონცეფციაში. როგორც ევროკავშირთან, განსაკუთრებით NATO-სთან საქართველოს დაახლოება ამკაცრებდა რუსეთის პოლიტიკას და აშკარად იყო, რომ რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური გზებით არ ეცდებოდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სწრაფვის შეჩერებას.

რუსეთმა აქტიურად დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიის არმიის გაძლიერება თანამედროვე ტექნიკით, პარალელურად კი საქართველოში აწყობდა დივერსიებს და ჯაშუშების მთელ არმიას აგზავნიდა. საქართველოს ერთგვარი წარმატება იყო რუსული ბაზის გაყვანის კატეგორიული მოთხოვნა, რომელმაც შედეგი გამოიღო, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ რუსეთი მხრიდან ეს დათმობა მხოლოდ თვალის ასახვევად და საქართველოს ყურადღების მოსადუნებელი ნაბიჯი იყო. 2006-2007 წლებში დაიწყო ურთიერთობების დაძაბვა, რაც ჯაშუშების სკანდალებს, კოდორის ხეობის ამბებისა და NATO-საქართველოს დაახლოების გამო იყო გამოწვეული. რუსულ ბაზარზე დაწესდა სრული ემბარგო ქართულ პროდუქტზე, შეწყდა ყველანაირი დიპლომატიური თუ ეკონომიკურ-სოციალური კავშირი რუსეთთან, რუსეთიდან გამოდევნეს ყველა ქართველი. ურთიერთობების დაძაბვის კულმინაცია იყო 2008 წლის ივლისში რუსული თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის დარღვევა, აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა ცხინვალის რეგიონიდან და საქართველომ, რომელსაც სრული იურიდიული უფლება ჰქონდა, დაიწყო საპასუხო ცეცხლის გახსნა, რომლის შედეგიც იყო ფართომასშტაბიანი ორფრონტიანი ომი რუსეთთან. რასაკვირველია, რუსეთმა რამდენიმე დღეში მოიპოვა გამარჯვება და დაიკავა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ქალაქი გორი, რითიც ერთმანეთისგან გათიშა საქართველო. საბედნიეროდ, დასავლეთის ზეწოლით, რუსეთის წინსვლის შეჩერება მოხერხდა, თუმცა, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, რაც დღემდე გრძელდება.

გორის დაკავება შეიძლება ერთგვარ მინიშნებად მივიჩნიოთ, რადგან, რასაკვირველია, რუსეთი სწორად აფასებდა ყველა იმ საფრთხეს, რაც ჩვენი დასავლეთთან დაახლოებით ელოდა. როგორც ზემოთ ვახსენე, ევროკავშირის ენერგეტიკა თითქმის მთლიანად
დამოკიდებული იყო რუსეთზე, რაც ამ უკანასკნელს დიდ ბერკეტს აძლევდა საკუთარი საგარეო და სამხედრო პოლიტიკის განსახორციელებლად და ამ ბერკეტს რუსეთი ძალიან კარგად იყენებდა. შესაბამისად, როდესაც ევროპა გამოძებნიდა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, რუსეთის ზეწოლის ბერკეტიც აზრს დაკარგავდა, რაც რუსეთს ნამდვილად არ აწყობდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა და დღემდე ცდილობს მოსკოვი, რომ ჩაშალოს ყველა სატრანზიტო პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიაზე უნდა გაიაროს. ამის მიღწევას ხან ალტერნატიული, საკუთარი პროექტებით ცდილობს, ხან კი, როგორც ვნახეთ და საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ომით. ამ ომით რუსეთმა არა მარტო დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტები გააძლიერა, არამედ ცენტრალურ აზიაშიც გაიმყარა პოზიციები. ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა ან რუსეთს გაივლის ან სამხრეტ კავკასია. რუსეთს არ სურდა, რომ მასზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილები სამხრეთით გადანაცვლებულიყო და შესაბამისად, პოსტ-საბჭოთა სივრცის ამ უზარმაზარ რეგიონზე დაეკარგა პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი. ერთი მიზეზი იყო ევროკავშირზე ზეწოლის ბერკეტების დაკარგვა, ხოლო მეორე მიზეზი უშუალოდ რუსეთის უსაფრთხოებას ეხება. როგორც აღვნიშნეთ,

სამხრეტ კავკასია ერთგვარი ბუფერული ზონა იყო რუსეთსა და NATO-ს წევრ თურქეთს შორის. 2008 წლის ომით რუსეთმა რამდენიმე წლით და შესაძლოა ათწლეულითაც შეაფერხა NATO-საქართველოს ინტეგრაცია. ამ ომით რუსეთმა ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიწირა. პირველ რიგში, როგორც ვთქვი, სამხრეთის საზღვარი გაიმაგრა, მეორე რიგში კი კავკასიის რეგიონში პოზიციები გაიმყარა, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში გამოიყენა კიდეც. კავკასია, კერძოდ, კი სამხრეთ კავკასია, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და თითოეულის განხილვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ომის შემდეგი მიზანი იყო ირანისთვის, როგორც მოკავშირისთვის, სტრატეგიული დახმარება. როგორც აღვნიშნე, საქართველო განიხილებოდა, როგორც პლაცდარმი ირანთან სამომავლო ომის შემთხვევაში. ასევე ამ ომით რუსეთმა დასავლეთს მკაფიო გზავნილი გაუკეტა, რომ საკუთარი ეროვნულ ინტერესებს ნებისმიერი გზით დაიცავდა და თითქოს დასავლეთს ''ურჩევდა'' შეენელებინა აღმოსავლეთისკენ სვლა. დღემდე გრძელდება ე.წ. ანაკონდას სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთმა კი 2008 წლის რამდენიმე დღიანი ომით თითქოს და გაარღვია მის გარშემო არსებული რკალი.

ჩვენ განვიხილეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი გეოპოლიტიკური მიზეზები. აღნიშნული და სხვა მიზეზების „გამოაშკარავებისა’’ და ანალიზისაც, მარტივი მისახვედრია რა უნდა და რას მოიმოქმედებს რუსეთის მომავალში, იმისთვის რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას და გაატაროს სამხრეტ კავკასიაში, კერძოდ კი, სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან რგოლში, საქართველოში. შესაბამისად, ჩვენც გვექნება საშუალება დავსახოთ ადექვატური საპასუხო ქმედებები, რათა თავიდან ავიცილოთ 2008 წლის მსგავსი ომი. ფაქტია, რომ საქართველო რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რაც საქართველოსთვის ინტერესთან წინააღმდეგობების ფონზე, ძალიან ცუდია. ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული ომი სხვა მრავალ ომებთან ერთად, რაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში გადაგვიტანია, გრძელვადიანი გეოსტრატეგიული გეგმების წლების განმავლობაში შემუშავებული და მშვენივრად განხორციელებული ერთ-ერთი ეტაპი იყო. საქართველოსთვის მთავარია შემდეგ ეტაპსაც ასე მოუმზადებელი არ შეხვდეს და არ მისცეს სხვა სახელმწიფოს საშუალება ინტერესთა სხვაობის გამო, საკუთარი პოზიციები დათმოს.




გამოყენებული ლიტერატურა:


1.მაცაბერიძე, მ. (n.d.). რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი და კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური კონტურები. თბილისი.
2.ნასრაშვილი, ლ. (2011, მაისი 18). The Policy New.
Retrieved from http://www.polity.ge:
http://www.polity.ge/oppinion/analise/2815--2008-.html
3.ნოდია, გ. (2006). საქართველო: მოწყვლადობის განზომილებები. თბილისი.
4.სიამაშვილი, გ. (n.d.). რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი დასავლელ ექსპერტთა შეფასებით. თბილისი.
5.ჩიტაძე, ნ. (2008). გეოპოლიტიკა. თბილისი.
6.ჩხაიძე, ი. (n.d.). რუსეთ-საქართველოს ომი - ნაციონალური პროექტების შეჯახება. თბილისი.
7.ცინცაძე, ს. (n.d.). საომარ მოქმედებათა დაწყების გენეზისი ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამართლის ფონზე. თბილისი.

0
331
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურა გამთენაძე
ზურა გამთენაძე
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0