x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
პორტუგალიის პოლიტიკური და გეოგრაფიული როლი XV-XVI საუკუნეებში
შესავალი

ისტორიულად, ყოველთვის არსებობდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც
ესწრაფვოდნენ სხვა ტერიტორიების დაპყობას, მათ ექსპანსიას და სწორედ ასე ქმნიდნენ ისეთ პოლიტიკურ სტრუქტურებს, რომელსაც იმპერია ეწოდება. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფოების იმპერიალისტური მისწრაფებებისა
და მათი ექსპანსიური ქმედებების შედეგად მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ხშირად იცვლებოდა.

XV საუკუნის მიწურულს განსაკუთრებით დაწინაურდნენ პირენეის ნახევარკუნძულის
სახელმწიფოები - ესპანთი და პორტუგალია. სწორედ მათ დაუდეს სათავე პირველი კოლონიური იმპერიების შექმნას მსოფლიოში. პორტუგალია ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან მოყოლებული ცენტრალიზებული სახელმწიფოა. იგი ფლობდა მსოფლიო ბატონობას 1415-1550 წლებში, ეს იყო აღმოჩენების, დაპყრობებისა და ახალი იმპერიების ეპოქა [1]. აღნიშნულ პერიოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის
ისტორიაში, რადგან არაერთი სერიოზული ტერიტორიული ცვლილება მოხდა და საგრძნობლად შეიცვალა იმდროინდელი შეხედულებები უამრავ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამომდინარე ყველა ზემოთ ხსენებულიდან, რომ XV-XVI საუკუნეებში პორტუგალიამ დიდი როლი ითამაშა მსოფლიო რუკის ფორმირებაში და არაერთ სფეროში მოგვევლინა როგორც ნოვატორი, გადავწყვიტე, რომ ჩემი შესწავლის თემად სწორედ ეს საკითხი ამერჩია. პორტუგალიის ისტორია ამ პერიოდში საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია, ამ დროს მისი ძალაუფლება ვრცელდება არა მხოლოდ პირენეის ნახევარკუნძულსა და ევროპაზე, არამედ აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეც.

იმპერია შეიძლება შედგებოდეს კომპაქტური და მიმდებარე ტერიტორიებისაგან ან ე.წ. გაფანტული მიწებისაგან, რომლის კარგ მაგალითს წარმოადგენენ ევროპული საზღვაო სახელმწიფოები. ასეთ იმპერიებს თალასოკრატიულს უწოდებენ და სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ახალი ისტორიული პერიოდის პორტუგალიის იმპერია. მეზღვაურებისა და ვაჭრების ძალისხმევით, პორტუგალიელებმა გზა გაუკაფეს ევროპულ კოლონიალიზმს. ეს პერიოდი პორტუგალიის ისტორიის ოქროს ხანაა, როდესაც ის თავისი ძლიერების ზენიტში იყო და მისი ძალაუფლება თითქმის მთელ მსოფლიოზე ვრცელდებოდა და მოიცავდა ტერიტორიებს დაწყებული თანამედროვე ინდოეთით, ინდონეზიით, ბრაზილიით, ანგოლით, ტანზანიითა და მოზამბიკით დასრულებული [2].

გამომდინარე იქიდან, რომ პორტუგალიამ მართლაც დიდი როლი ითამაშა გვიანი შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდის გეოპოლიტიკურ მდგომარეობის ჩამოყალიბებაზე მსოფლიოში, მიმაჩნია, რომ საკითხი საკმაოდ საინტერესოა, როგორც ისტორიული, ისე გეოგრაფიული თვალსაზისით. ამ პერიოდში მოხდა უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, ისეთები, როგორებიცაა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, პირველი კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბება, ახალი გზების აღმოჩენა და ყველა ამ პროცესისა თუ მოვლენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ რომ პორუგალიაა.

პორტუგალიის იმპერიად ჩამოყალიბების განმაპირობებელი ფაქტორები


XV საუკუნის შუახანებში, 1453 წელს, როდესაც თურქებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და დაიკავეს ბოსფორის სრუტე, მდგომარეობა მსოფლიოში საგრძნობლად შეიცვალა. სახმელეთო სავაჭრო გზა, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, თურქ-ოსმანების მიერ აღმოჩნდა ჩაკეტილი და საჭირო გახდა ახალი გზების ძიება, რომელიც ბოსფორის სრუტის გვერდის ავლით დააკავშირებდა ევროპას აზიასთან. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ევროპელების მსვლელობა ახალი გზების საძიებლად.

მომხდარი მოვლენებისა და ახლი საჭიროებების გაჩენის შემდეგ, წინა პლანზე წამოიწია საზღვაო სახელმწიფოების როლმა და განსაკუთრებით კი გააქტიურდნენ პორტუგალიელები, რომლებმაც ჯერ კიდევ ენრიკე „ზღვაოსნის“ დროიდან მოიპოვეს საუკეთესო ევროპელი მეზღვაურების სახელი [3]. პორტუგალიაში
განვითარებული გემთმშენებლობის გამოისობით, ევროპაში ერთ-ერთი დიდი ფლოტი შეიქმნა [4] და სწორედ ნაოსნობის სფეროში მიღებული გამოცდილება გახდა ერთ-ერთი განმაპიროებელი იმისა, რომ პორტუგალია საგრძნობლად დაწინაურდა აღნიშნულ ეპოქაში.

პორტუგალიელთა საზღვაო ექსპედიციები ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდებოდა: სამხრეთით, აფრიკის გარშემო, რაც მიზნად ისახავდა ინდოეთის გზის პოვნას აღმოსავლეთისაკენ, და დასავლეთით. 1488 წელს ბართლომეუ დიაშმა შემოუარა აფრიკას და მიაღწია კეთილი იმედის კონცხს კონტინენტის უკიდურეს
სამხრეთში. თუმცა, ამ მიმართულებით უფრო წინ აღარ წასულა და უკან დაბრუნდა, რადგან ექსპედიციის შედეგებიდან გამომდინარე, პორტუგალიის მეფე ჟოაო II-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასავლეთის მიმართულებით ყველა ექსპედიცია შეწყვეტილიყო.

1498 წელს პორტუგალიელებმა საბოლოოდ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და აღმოაჩინეს ოკეანეზე გამავალი გზა ინდოეთამდე. ვასკო და გამამ აფრიკის შემოვლით მიაღწია ინდოეთს. ეს პორტუგალიელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რადგან ახალი საოკეანო გზა დააკავშირებდა ევროპას აზიასთან ბოსფორის სრუტის
გვერდის ავლით. ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია იმდროინდელ მსოფლიო მდგომარეობაზე. გარდა იმისა, რომ შესაძლებელი გახდა ალტერნატიული გზით აზიასთან დაკავშირება, ამასთან, სერიოზულად გაიზარდა პორტუგალიის ძლიერება და მისი ტერიტორიებიც, რადგან ინდოეთის სანაპიროებზე მათ თავიანთი სავაჭრო კოლონიები დააარსეს. 1500 წელს კი პორტუგალიელებმა თავიანთი მორიგი სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს და მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის სანაპიროებამდე. კერძოდ კი, პედრო კაბრალმა აღმოაჩინა ბრაზილია და ამის შემდეგ პორტუგალიის ტერიტორია კიდევ უფრო გაიზარდა და მისი გავლენა გავრცელდა ამერიკის კონტინენტზეც.

გარდა ამ სერიოზული მიღწევებისა, პორტუგალიელების მიერ ჯერ კიდევ XV საუკუნის პირველ ნახევარში აღმოჩენილ იქნა კუნძული მადეირა, აზორის კუნძულები, მწვანე კონცხის კუნძულები და აფრიკის დასავლეთი სანაპიროს შორეული სამხრეთი რაიონები [5].

ახალი მიწების აღმოჩენითა და საკუთარი ტერიტორიების გაფართოებით, პორტუგალია ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ძლიერ კოლონიურ იმპერიად, რომლის გავლენაც ვრცელდებოდა ევროპის, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეც.


პორტუგალიის ტერიტორიული გაფართოება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში

პორტუგალიელთა ტერიტორიული ექსპანსიები ჯერ კიდევ 1415 წელს სამხრეთის მიმართულებით, ჩრდილოეთი აფრიკის სანაპიროზე მდებარე სუეცით დაიწყო, რომელმაც მათ გზა გაუხსნა ფართო ვაჭრობისათვის ჩრდილოეთ აფრიკაში.
ახალი გზებისა და ადგილების აღმოჩენის მიზნით პორტუგალიელებმა განაგრძეს მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია XV საუკუნის
80-იან წლებში ორი მეზღვაურის - დიეგო კანისა და ბართლომეუ დიაშის მოგზაურობები. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა დიაშის ექსპედიცია, რომელიც მან 1486 წელს დაიწყო და რომლის დროსაც აფრიკის სამხრეთ სანაპიროებამდე, კეთილი იმედის კონცხამდე მიაღწია [6].

პორტუგალიელმა მოგზაურებმა მიზნად დაისახეს, რომ გზების ძიება უნდა გაგრძელებულიყო ინდოეთისაკენ. ეს ამოცანა დაევალა ვასკო და გამას. 1497 წელს მან მიაღწია მწვანე კონცხის უკნძულებს. 1498 წელს კი ვასკო და გამას ხომალდები ინდოეთის ქალაქ კალიკუტას მიადგნენ. ამ მოგზაურობამ დიდი გამოხმაურება
ჰპოვა, რადგან ეს იყო პირველი გზა, რომელი ევროპას აზიასთან არა ხმელეთის, არამედ ოკეანის საშუალებით დააკავშირებდა.

პორტუგალიელების მიერ ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენამ გაამწვავა მათი ურთიერთობები ესპანეთთან, რის გამოც მათ აქტიურად დაიწყეს ექსპედიციების მოწყობა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი სანაპიროების შესასწავლებლად. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბრაზილია პორტუგალიელებმა და ესპანელებმა დაახლოებით ერთ დროს აღმოაჩინეს (1498-99).

XV საუკუნის ბოლოს, ესპანელების წარმატებებისა და მათ მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გააქტიურდნენ პორტუგალიელებიც. მათ საკუთარი პრეტენზიები წარუდგინეს ესპანეთს ახლადაღმოჩენილ მიწებზე. მოლაპარაკებებში ჩაერია პაპი ალექსანდრე
VI, რომელმაც დაადგინა ხაზი, რომლის დასავლეთით არაქრისტიანული მიწები ესპანეთის სამფლობელოდ ცხადდებოდა, აღმოსავლეთით კი - პორტუგალიის. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საბოლოო გადაწყვეტილება და მხოლოდ 1494 წელს ტორდესილასის ხელშეკრულებით მოხდა საკითხის მოწესრიგება [3].

XVI საუკუნის შუახანებში, როდესაც ესპანელები გააქტიურდნენ და დაიწყეს ექსპედიციები წყნარ ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიელებმა კვლავ გამოთქვეს პროტესტი და საჭირო გახდა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხელახლა მოაწესრიგებდა ორი ქვეყანის ტერიტორიებს შორის არებულ საზღვრებს. ამ მიზნით 1529 წელს გაფორმდა სარაგოსას ხელშეკრულება, რომელმაც კიდევ ერთი გამყოფი ხაზი, ე.წ. „ტორდესილასის ანტიმერიდიანი“ დაადგინა წყნარ ოკეანეში.
სარაგოსას შეთანხმების მიღწევის შემდეგ ორივე ქვეყანა თავისი ახლადშეძენილი კოლონიების ათვისებით დაკავდა.

შეიძლება ითქვას, რომ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში პორტუგალიამ დიდი როლი ითამაშა და საგრძნობლად გაიფართოვა როგორც საკუთარი ტერიტორიები, ასევე შეცვალა მსოფლიო რუკის ის ფორმირება, რომელიც იმ დრომდე არსებობდა.

ახალი ტერიტორიების აღმოჩენის შემდეგ, ის უკვე იწყებს კოლონიების ჩამოყალიბებას, მათ დასახლებას და საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებსა, რაც ძირითადად ვაჭრობაში გამოიხატებოდა.

ტერიტორიული ექსპანსია აფრიკაში

ერთ-ეთი პირველი კონტინენტი, სადაც პორტუგალიელებმა დააარსეს თავიანთი კოლონიები, იყო აფრიკა. ჯერ კიდევ XV საუკუნის პირველ ნახევარში, 1418 წელს მათ აღმოაჩინეს კუნძული მადეირა, შემდგომ აზორის კუნძულები 1439 წელს, მწვანე კონცხის კუნძულები 1456 წელს და ასე დაიკავეს დასავლეთი აფრიკის ტერიტორიები. ამის შემდეგ, 1488 წელს ბართლომეუ დიაშმა პირველმა შემოუარა აფრიკას, თუმცა, მაშინ კონტინენტზე ახალი ტერიტორიების დასახლება არ მომხდარა, რადგან ექსპედიციის მიზანი ინდოეთსაკენ მიმავალი საოკეანო გზების ძიება იყო. XV საუკუნის ბოლო ხანებში და XVI საუკუნის დასაწყისში ნელ-ნელა გრძელდებოდა აფრიკის კოლონიზაცია კონტინენტის სხვა ტერიტორიებზეც.

1495 წლიდან მწვანე კონცხის კუნძულები, იგივე კაბო-ვერდე, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს, უკვე ოფიციალურად პორტუგალიის კოლონია ხდება, რომელმაც დამოუკიდებლობა მხოლოდ 1975 წელს მოიპოვა.

პორტუგალიელებმა დაიკავეს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე გვინეა-ბისაუც, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული საბოლოოდ დამოუკიდებლის გამოცხადებამდე პორტუგალიური გვინეის სახელით იყო ცნობილი.

1506 წელს პორტუგალიური კოლონია არსებობდა უკვე მოზამბიკშიც. თუმცა, პირველად პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხი 1498 წელს, თავისი ცნობილი ექსპედიციის დროს დადგა [7]. ამ დროისათვის იქ უკვე არსებობდა არაბული სავაჭრო დასახლებები. 1506 წელს პორტუგალიელებმა კომანდორების ტრისტან და კუნიას და აფონსო ალბუკერკის მეთაურობით დაიპყრეს კუნძული
და ქალაქი. ეს ტერიტორია პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკის სახელით იყო ცნობილი. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, კუნძული რეგიონის უდიდესი ნავსადგურად გადაიქცა. დროთა განმავლობაში მოზამბიკი პორტუგალიური დასახლება და სამხრეთ აზიური ვაჭრობის ცენტრი გახდა. ამგვარი შენაძენი პორტუგალიისათვის ნამდვილად დიდი წარმატება იყო, გარდა იმისა, რომ გაიზარდა მისი ტერიტორიები, ამასთან საგრძნობლად მოიმატა მისმა ძლიერებამაც, რადგან
ხელში ჩაიგდო რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.

შედარებით გვიან დაარსდა ანგოლის კოლონია. მართალია, ქვეყანა 1482 წელს აღმოაჩინა ზღვაოსანმა დიოგუ კანიმ [8], თუმცა ეს ტერიტორია კოლონიად მხოლოდ 1575 წელს გადაიქცა [9], როდესაც პორტუგალიელი კოლონიზატორი პაულუ დაიშ ნოვაში აქ 100 ოჯახთან და 400 ჯარისკაცთან ერთად ჩავიდა.

აფრიკის ტერიტორიების დაკავება პორტუგალიელებისათ-ვის განსაკუთრებით
ხელსაყრელი იყო, რადგან ამ ტერიტორიებზე მათ დიდი როდენობით ოქრო და სხვა ძვირფასი წიაღისეული მოიპოვეს. ამასთან, იმპერიის საზღვრები საგრძნობლად გაიზარდა და პორგულაიამ აფრიკის კონტინენტზე მოიკიდა ფეხი, როგორც ძლიერმა კოლონიზატორმა.

კოლონიები აზიაში

სიტყვით „ინდოეთი“ პორტუგალიელები XVI განსაზღვრავდნენ არა მარტო ინდოსტანის ნახევარკუნძულს, არამედ მთელ აღმოსავლეთ მსოფლიოს, კეთილი იმედის კონცხიდან იაპონიამდე და წყნარი ოკეანის კუნძულებამდე. სწორედ ამ დიდ ფართობზე იქმნება პორტუგალიელთა დასახლებები 1500 წლიდან XVI საუკუნის
შუახანებამდე [10].


პორტუგალიელი ზღვაოსნის, ვასკო და გამას მიერ ახალი საზღვაო გზების აღმოჩენამ ევროპიდან ინდოეთში სათავე დაუდო ამ რეგიონებს შორის პირდაპირ ვაჭრობას. პორტუგალიელებმა დააარსეს კოლონიები ინდოეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე. პორტუგალიური კოლონიალიზმის ცენტრი აღმოსავლეთში იყო ქალაქი გოა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, არაბეთის ზღვასთან მდებარეობდა და რომელიც დაიკავა აფონსო ალბუკერკმა 1510 წელს. იგი პორტუგალიის მფლობელობაში რჩებოდა 1961 წლამდე. ქალაქი შემდგომში ინდოეთის პორტუგალიის კოლონიის დედაქალაქი გახდა. ასევე, ის იყო ქრისტიანობის, კერძოდ კი კათოლიციზმის გავრცელების კერა აზიაში. გოას გარდა სავაჭრო კოლონიები არსებობდა ინდოეთის სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, დამანში, ბომბეიში და დიუში. 1538 წელს კი პორტუგალიელებმა დააარსეს ფაქტორია გუგლიზე, დღევანდელი კალკუტის მახლობლად. XVI საუკუნის დასაწყისიდან XVII საუკუნემდე ისინი ფლობდნენ მონოპოლიას ინდოეთთან ვაჭრობის სფეროში. მაგრამ, 1580 წელს, როდესაც პორტუგალია ესპანეთთან გაერთიანდა, მან დაკარგა თავდაპირველი პრივილეგიები.

1516 წლიდან ჩნდება პორტუგალიური დასახლებები ჩინეთშიც. ჯერ კიდევ XV საუკუნიდან ჩინეთი ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრად მსოფლიოში. მაზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც კვეთდა მთელ აზიას და უდიდეს როლს ასრულებდა მსოფლიო ვაჭრობის სფეროში. პორტუგალიელთა მიზანი იყო, აღნიშნული სახმელეთო სავაჭრო გზა შეეცვალათ საზღვაო გზით, რომელიც პორტუგალიაზე გაივლიდა [10]. 1557 წელს კოლონიზატორებმა დაიკავეს ჩინეთის საპორტო ქალაქი მაკაო, იგივე აომინი, რომელიც ჩინეთის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. მას, როგორც მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს, იმპერიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ისიც შეიძლება ითქვას, რომ შემდგომში სწორედ მაკაოს დაკარგვით საბოლოოდ დაიშალა პორტუგალიის იმპერია.

1517 წელს პორტუგალიელებმა დაიკავეს შრი-ლანკის სანაპიროს ნაწილიც და ამგვარად მათი გავლენა უკვე აზიის კონტინენტზეც ვრცელდებოდა და აფრიკის მსგავსად, აზიის ტერიტორიების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ იმპერიამ თავისი საზღვრები საგრძნობლად გაიფართოვა და პორტუგალიელების ძლიერებაც გაიზარდა აზიის მთავარი სავაჭრო ცენტრის ხელში ჩაგდებით.

1506 წელს პორტუგალიელების სამიზნე გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია, მაშინდელი მეკობრეთა ნაპირი. ვასკო და გამას ექსპედიციის შემდეგ, როდესაც პორტუგალიამ დაიწყო ინდოეთის ოკეანეში ექსპანსია, მცირე ფლოტმა აფონსო ალბუკერკის მეთაურობით დაიკავა ომანის ყურე და ჰორმუზის სრუტე. ამით პორტუგალიელებს ინდოეთთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მიეცათ და ამის
შემდგომ მათი სამიზნე გახდა ემირატები. აქ კოლონიზატორები სირთულეებს წააწყდნენ, რადგან მათ მოუწიათ როგორც ადგილობრივ ტომებთან ბრძოლა, ისე ოსმალეთის იმპერიის შემოტევების მოგერიება და საბოლოოდ, XVII საუკუნის
დასაწყისში მათ მოუხდათ დაკავებული ტერიტორიების დათმობა. 1602 წელს მათ დატოვეს ბაჰრეინი, 1615 წელს სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქი ბენდერ-აბასი, ხოლო 1620 წელს რას-ელ-ხაიმი. მართალია, პორტუგალიელთა ბატონობამ ემირატების ტერიტორიაზე მხოლოდ დაახლოებით ერთ საუკუნეს გასტანა, თუმცა, იმპერიისათვის ეს მაინც დიდი მიღწევა იყო.


ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში პორტუგალია ყალიბდებოდა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ამავდროულად მსოფლიოს პირველ კოლონიურ იმპერიად. მისი გავლენა ვრცელდება უკვე მსოფლიოს არაერთ კონტინენტზე, სადაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვთ დაკავებული. თუმცა, ამით პორტუგალიელების ექსპანსია არ მთავრდება და იმპერია კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების გაფართოებას.

ბრაზილიის კოლონია

1494 წელს გაფორმებული ტორდესილასის ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც დააწესა საზღვარი 46-ე მერიდიანზე, პორტუგალიისა და ესპანეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს შორის, გამყოფი ხაზის აღმოსავლეთით განლაგებული ტერიტორიები შედიოდა პორტუგალიის შემადგენლობაში, ხოლო დასავლეთ მხარეს დარჩენილ ტერიტორიებზე კონტროლის უფლება გადაეცა ესპანეთს [11]. ამ გამყოფმა ხაზმა
გადაკვეთა ლათინური ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი და ეს იყო ბრაზილიის პირველი საზღვარი, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ პორტუგალიელები აღმოაჩენდენ მას.

XV საუკუნეში, სხვა ტერიტორიების კოლონიზაციის პარალელურად, პორტუგალიელები აწარმოებდნენ ექსპედიციებს დასავლეთის მიმართულებითაც და ითვლება, რომ სწორედ მათ, პედრუ ალვარეშ კაბრალის მეთაურობით აღმოაჩინეს ბრაზილია 1500 წელს. ამ პერიოდიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე ბრაზილია პორტუგალიის კოლონია იყო.

ახალი მიწების აღმოჩენის შემდეგ ბრაზილიისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. დაიწყო ვაჭრობა იმ ძვირფასეულობით, რაც ამ ტერიტორიაზე მოიპოვებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელები ვეღარ მოიპოვებდნენ ძვირფასეულობას ახალი კოლონიიდან და სარგებელიც ნაკლები ჰქონდათ, ინტერესიც ბრაზილიის მიმართ შესუსტდა. მეტი ყურადღება ექცეოდა აზიასთან ვაჭრობას, რადგან იმ მომენტში იმპერიისათვის ეს უფრო მომგებიანი იყო. ბრაზილია გახდა ტერიტორია, რომელსაც პორტუგალია მხოლოდ ფორმალურად აკონტროლებდა და ამით ისარგებლეს მისმა ევროპელმა კონკურენტებმა, ფრანგებმა, დაარღვიეს პორტუგალიის სუვერენიტეტი სამხრეთ ამერიკაში და სათავისოდ გამოიყენეს ეს უყურადღებობა. თუმცა, ამგვარი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა და მეფე ჟუან III-ის დროს სიტუაცია კვლავ გამოსწორდა. 1530 წლიდან კი დაიწყო კოლონიის გეგმიური დასახლება, როდესაც პორტუგალიელებმა ჩამოასახლეს ხალხი.

ევროპაში მომხდარმა მოვლენებმა კოლონიის შემდგომ განვითარებას ხელი შეუშალეს. პორტუგალიის მერე სებასტიანის სილვდილის შემდეგ, 1578 წელს, ლისაბონის ტახტზე მეფე ფილიპე II ავიდა. 1580-დან 1640 წლამდე ორივე სამეფო ესპანეთის მიერ გაერთიანდა, რის გამოც, ამ პერიოდში მთელი სამხრეთი ამერიკის ტერიტორიებიც მისი კოლონიები გახდა.

ბრაზილია ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით პორტუგალიის ყველაზე დიდი კოლონია იყო. კოლონიზატორებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ტეირტორიების გამოკვლევასა და დასახლებაში

დასკვნა

პორტუგალიის იმპერიის ტერიტორიული ექსპანსიის შედეგად, XVI საუკუნის ბოლოსათვის მისი გავლენა მსოფლიოს ოთხ კონტინენტსა და დღევანდელი 50 ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. კოლონიები არსებობდა სხვადასხვა მიზნებით: სავაჭროდ, კათოლიციზმის გასავრცელებლად, ადგილობრივ მოსახლეობაში ცივილიზაციის შესატანად და ა.შ. პორტუგალიამ კოლონიების მეშვეობით დიდი სიმდიდრე დააგროვა და ნელ-ნელა იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ კოლონიზატორად ჩამოყალიბდა.

ზემოთ ხსენებული ტერიტორიული ექსპანსიების შედეგად მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მრავალი ახალი ტერიტორია გაჩნდა, რომელთა არსებობის შესახებაც მანამდე მსოფლიოს მოსახლეობას ცნობები არ ჰქონდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პორტუგალიის დამსახურება, რომლის ერთ-ერთ პირველ და უმნიშვნელოვანეს მიღწევად ინდოეთის საზღვაო სავაჭრო გზის აღმოჩენა ითვლება.

ნელ-ნელა პორტუგალია საკუთარი გავლენის არეალს, რომელის XV საუკუნემდე ძირითადად პირენეის ნახევარკუნძულით შემოიფარგლებოდა, იფართოებს და მისი კოლონიები ჩნდება აფრიკის, აზიისა და სამხრეთი ამერიკის კონტინენტებზეც.

პორტუგალიის მთავარი კონკურენტი ახალი მიწების ათვისებასა და კოლონიური იმპერიის ჩამოყალიბებაში არის ესპანეთი. სწორედ ეს ორი სახელმწიფო ითვლება მსოფლიოს კოლონიური იმპერიების ფუძემდებლად. ორივე მათგანი თალასოკრატიული იმპერიის მაგალითია, რადგან მათი კოლონიები სხვადასხვა ტერიტორიებზე არის გაფანტული და კომპაქტურად ერთ არეალში არ არის მოქცეული.

XV საუკუნის შუა წლებში თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაკავება გახდა პორტუგალიის დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი, რადგან საჭირო გახდა აზიასთან დამაკავშირებელი ახალი გზების ძიება. პორტუგალიამ კი, მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ზღვისპირა სახელმწიფომ, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, წინა პლანზე წამოიწია. სწორედ ეს ორი მიზეზი
შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს იმპერიად ქცევის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად, რასაც, რასაკვირველია, ემატება პორტუგალიელების გამოცდილება ნაოსნობის სფეროში.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიის იმპერიამ და მისმა ტერიტორიულმა ექსპანსიებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს XV-XVI საუკუნეების გეოპოლიტიკური რუკის ფორმირება და მან თავი დაიმკვიდრა მსოფლიოს ისტორიაში, როგორც პირველმა დიდმა კოლონიურმა იმპერიამ.


ავტორები:
ანი ალადაშვილი
ნატო გოგინაშვილი


ბიბლიოგრაფია:



1. Wheeler, D. L. and W.C. Opello Jr. ”Historical Dictionary of Portugal”. Plymouth: The Scarecrow Press, 2010

2. Disney, A. R. ”A History of Portugal and the Portuguese Empire”. New York:
Campridge University Press, 2009

3. პაპასქირი, თეიმურაზ. ”დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები” 2008. ბოლო ნახვა: 07.01.2015


https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications2

4. კუტალია, გ. ”შუა საუკუნეების ისტორია”. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004.

5. დავითაშვილი, ზურაბ. ”მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია”. თბილისი, 2001

6. ტივაძე, გიორგი. ”დასავლეთი ევროპა გვიანდელი ფეოდალიზმის ხანაში”. თბილისი: გამომცემლობა „ცოდნა“, 1964

7. Article: ”Mozambique”. 2007. ბოლო ნახვა: 08.01.2015

http://www.memo.fr/en/article.aspx?ID=PAY_MOZ_000

8. Article: ”Angola” – History and Background. 2013. ბოლო ნახვა: 08.01.2015


http://education.stateuniversity.com/pages/32/Angola-HISTORY-BACKGROUND.html

9. Article: ”Angola”. 2012. ბოლო ნახვა: 08.01.2015


http://www.infoplease.com/encyclopedia/world/angola-history.html

10. Сарайва, Жозе Эрману. ”История Португалии”. Москва: Ивдательство “Весь Мир”, 2007

11. Maxwell, R. Kenneth. ”The Internaitional History Rewiew”, Vol. 6, No. 4
(1984): 529. http://www.jstor.org/stable/40105420

0
347
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0