x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საუდის არაბეთი
ერ–რიადი – საუდის არაბეთის დედაქალაქი საუდის არაბეთი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანამედროვე საზღვრებში 1926 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ დროს დასრულდა აქ არსებული სამთავროების ერთ პოლიტიკურ ერთეულად გაერთიანება. გაერთიანებისათვის ბრძოლაში წამყვან როლს ასრულებდა ნეჯიდის მმართველი აბდულ–აზიზ ალ საუდი, რომელიც 1932 წელს საუდის არაბეთის მონარქად გამოცხადდა კიდეც. დღემდე ამ სამეფოს საუდიტთა დინასტია და მისი შთამომავლები მართავენ.

საუდის არაბეთის სახელმწიფოებრივი წყობა ემყარება იმ სამთავრობო დოკუმენტებს, რომლებიც ერ–რიადში მიიღეს 1992 წელს. ქვეყანა აბსოლუტური მონარქიაა, რომლის კანონმდებლობაც ყურანზეა დაფუძნებული. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია მეფე, რომელიც ქვეყნის რელიგიური ლიდერიცაა. მონარქის ხელისუფლება თეორიულად შეზღუდულია მხოლოდ შარიათის წესებით. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს მონარქი იღებს ულემთან შეთანხების შემდეგ. ტახტის მემკვიდრეს ირჩევს ე.წ "პრინცთა კომიტეტი" (მემკვიდრე სახელდება მონარქის სიცოცხლეში). სახელმწიფოში ყველა მნიშვნელოვან პოსტს სამეფო ოჯახის წევრები ფლობენ. მონარქთან ფუნქციონირებს მინისტრთა საბჭო, რომელიც შედგება 20 წევრისაგან. მეფეს უკავია ასევე პრემიერ–მინისტრის, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და უმაღლესი მოსამართლის პოსტები. ქვეყანაში მოქმედებს პარლამენტი – საკონსულტაციო ასამბლეა – მეჯლის აშ–შურა, რომლის 150 დეპუტატს (ისინი აუცილებლად მამაკაცები უნდა იყვნენ) ნიშნავს მეფე 4 წლის ვადით.

საუდის არაბეთის როლს თანამედროვე სამყაროში განსაზღვრავს სამი ფაქტორი: აბსოლუტური მონარქიის ურყევი პოზიციები, ნავთობის სიუხვე და ადგილი მუსულმანურ სამყაროში. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბსოლუტური მონარქიის ინსტიტუტი, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი – წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი, აგრეთვე მთავარი მუსლიმანური სიწმინდეები – მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს.

საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე. ქვეყნის ტერიტორიის 95 % –ზე მეტი უდაბნოს უკავია. მათგან ერთ–ერთია რუბ–ელ–ხალის უდაბნო, რაც "ცარიელ მეოთხედს" ნიშნავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთში არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორია ნავთობმრეწველობა. საუდის არაბეთი ნავთობის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, იგი დაბალგანვითარებული უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა. ნავთობის გარდა, ქვეყანაში ასევე მოიპოვება ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ოქრო და სპილენძი.


ქვეყანას რიგით მეექვსე მონარქი – აბდულაჰ ბინ აბდულაზიზ ალ–საუდი უდგას სათავეში. მეფე აბდულაჰი დაიბადა 1924 წელს ერ–რიადში. მას მიღებული აქვს როგორც რელიგიური, ასევე ელიტარული და პოლიტიკური განათლება. 1982 წლიდან იგი იყო ქვეყნის ტახტის ოფიციალური მემკვიდრე, ამავე დროს ეკავა არაერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანანმდებობა: იყო ქ.მექის მერი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრის მეორე მოადგილე და ა.შ. ეკონომიკის სფეროში მისი მიზანია ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. განსხვავებით წინაპრებისა, მეფე აბდულაჰს დასავლეთის პრესა მოდერნისტად მოიხსენიებს. საგარეო პოლიტიკაში მონარქი აგრძელებს ტრადიციულ კავშირ–ურთიერთობების კურსს დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ისლამურ სამყაროსთან. იგი ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ეწვია: აშშ–ს, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, მრავალ არაბულ სახელმწიფოს).

დღევანდელი საუდის არაბეთის მმართველი წრეების საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი წამყვანი მიმართულებაა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერ–რიადი მხარს უჭერდა აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის საომარ მოქმედებებს ერაყში.

0
563
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გოგაძე
ნინო გოგაძე
563