x
image
beko777
ვახტანგ გოგუაძე: - მესამე მსოფლიო ომი კარგა ხანია დაწყებულია (ძველი ინტერვიუ)

imageროდესაც სულ ცოტა ხნის წინ ედუარდ შევარდნაძეს ჰკითხეს, თუ ვის თვლიდა საუკეთესო და ნამდვილ მეგობრად, პრეზიდენტმა დაუფიქრებლად დაასახელა სამი პიროვნება: ნოდარ დუმბაძე, თენგიზ მენთეშაშვილი და ვახტანგ გოგუაძე. ჩვენი ჟურნალისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ვახტანგ გოგუაძე და ედუარდ შევარდნაძე პირისპირ, ერთიერთზე შეხვდნენ და ისაუბრეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარის, სახალხო-პატრიოტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის არაერთი პოლიტიკური პროგნოზ-წინასწარმეტყველება ასრულდა, მათ შორის დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მართლაც და სენსაციური ამბები, ვფიქრობ ბატონ ვახტანგთან საუბარი ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.


– შეიძლება დღეს ადამიანმა ამტკიცოს, ომი არ იქნებაო, ამას ნამდვილად ვერდაამტკიცებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მწამს, რომ ღმერთი სამყაროს განადგურებას არ ინებებს. სხვათაშორის, საინტერესო ეპოქაში გვიხდება ცხოვრება. 2500 წლის წინ ერთი ბერძენი ფილოსოფოსი შეევედრა მზეს მზეო, ოღონდ გამაგებინა შენს შიგნით, გულში რა ხდება და მერე თუ გინდა ჩამფერფლეო. მოაზროვნე კაცის ინტერესი იმდენად დიდია, თავსაც კი სწირავს. ამიტომ ვისაც აქვს მისწრაფება, კაცობრიობის არსი გაიგოს, მისთვის საინტერესო ამბებია და თავს კარგად უნდა გრძნობდეს. ეს ქვეყანა საცხოვრებლად არ ვარგა, თორემ სასეირნოდ ნამდვილად კარგია.

– ბატონო ვახტანგ, ბოლო ხანს რატომღაც აღარ ჩანდით, ეს რას მივაწეროთ, თქვენი დუმილი რაღაც დიდი აქტიურობის მომასწავებელი ხომ არაა?
– მე გადავწყვიტე, თავის არ გამოჩენით გამოვიჩინო თავი. ისე კი არც ტელევიზია მაქვს და არც დიდი ტრიბუნა, ყოველივე იმათ ხელშია, ვინც მტრად მსახავს. მახსოვს, დაახლოებით ოცდაათი წლის წინ ერთი მოსულელო კაცი იყო. ერთხელ ტელევიზიით გამოვიდა და შეძრა ქვეყანა, არ მიყურეთ ხელოვნების პარტიულობაზე ვლაპარაკობდიო. მეკითხებიან, შენ თუ უყურეო. არა, ვუთხარი მე, საბრალო, აქამდე თუ 200 კაცმა ვიცოდით რაც იყო, ახლა ერთმა მილიონმა გაიგო-მეთქი.
image– ანუ ისიც გვითხარით, კენჭებს საით ისვრით.
– იმათკენ ვინც ამდენი უაზრობის ბლაყუნით შეაწუხა ეთერიც და ქალბატონი ეთერიც. დღეს სიცრუის ბუმია. ღმერთს თუ უყვარხარ, არც ბევრ ფულს მოგცემს და არც ყალბ დიდებას.
– მაგრამ ოდესღაც ხომ თქვენც გქონდათ ეს ყალბი დიდება...
– მქონდა, მაგრამ არ გამომიყენებია, თუმცა, რას გულისხმობთ?
– თქვენს სპიკერობას.
– მაშინ რაც მე ლანძღვა გინება მქონდა, თუმცა ფული არ მქონია. იმ პარლამენტში მილიონერი ვიყავი – 24 მილიონი კუპონი ხელფასი მქონდა, რაც დღეს 24 ლარია... უცხოეთში ვიზიტებზეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი რეისებით დავფრინავდით. ერთხელ ნოე ჟორდანია პარლამენტის სხდომაზე შევიდა, „პალტო” გაიხადა, დაკეცა და ზემოდან დააჯდა, მერე წლების შემდეგ პარიზში ილია თავაძემ ჰკითხა: ეს რატომ ჰქენითო? იმიტომ რომ დეპუტატებს არ მოეპარათო.
– ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება რომელიმე პოლიტიკური ფრთისგან რაიმე წინადადება ხომ არ მიგიღიათ?
– არა. ამ ჭუჭყიან არჩევნებში არც ვიმონაწილევებ. ეს ის ხელისუფლებაა რომელიც მთლიანად კორუმპირებულია, ამიტომ ამათ არჩევნებში მონაწილეობა დანაშაულია. თუმცა, ამათი ჟამი უკვე მიდის. საქართველოში ვაშინგტონის და მოსკოვის გარეშე არაფერი წყდება. მარიონეტივით როგორც უნდათ თავს ისე მოგვიქცევენ.
image– მოდით, ახლა მსოფლიოში მიმდინარე სენსაციურ მოვლენებზე ვისაუბროთ: თქვენი აზრით, ეს ყოველივე მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია?
– მესამე მსოფლიო ომი კარგა ხანია დაწყებულია, ოღონდ სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, ახლა კი უმაღლეს ფაზაში გადადის. ორი წლის წინ „ასავალ-დასავალში” ჩემი წერილი დაიბეჭდა, მე იქ ვწერდი, რომ ვაშინგტონი და ნიუ-იორკი სიმბოლურად ბაბილონი არის-მეთქი. ანუ ანტიქრისტეს იმპერიის დედაქალაქი. იმ წერილში ასეთ ფრაზას ვწერდი: „მართლმადიდებელნო, ჭეშმარიტნო მორწმუნენო, გულით ვევედროთ ღმერთს ბაბილონის (შესაძლოა ვაშინგტონის) ყველა უდანაშაულო ადამიანის გადარჩენისათვის. ღმერთმა ნუ ქნას, იქ მხოლოდ ერთი ბიბლიური ლოტის ოჯახი აღმოჩნდეს”. ფილოსოფიის ძლიერი კურსი მაქვს გავლილი, აპოკალიფსის თემაზე 12 წელიწადია ბეჭდვა დავიწყე.
– ეკლესიის, საპატრიარქოს მხრიდან როგორი რეაქცია აქვთ?
– როგორი უნდა იყოს, განა რამეს არამართლმადიდებლურს ვწერ? მე ვწერ ბზეჟინსკის და დალესის საწინააღმდეგოდ, რომელნიც ამბობენ, კომუნისტური რეჟიმი დავანგრიეთ, ახლა ჩვენი ნომერ პირველი მტერი მართლმადიდებლობააო. ეს მე ამერიკულ ჟურნალებშიც დავბეჭდე.
– იქედან საპასუხო წერილიც ხომ არ მიგიღიათ?
– საპასუხო რა უნდა მიმეღო. ეს წერილები დაბეჭდეს. რადგან თქვენ გლობალური ახსენეთ, გლობალურად თუ შევხედავთ, დაინგრევა ამერიკა და დავინგრევით ჩვენც, ეს ხომ ჩვენი პატარა დედამიწაა...
image– ბოლო ხანებში ხშირად რუსეთუმეობას გწამებენ...
– ძალიანაც კარგი, მართლმადიდებელი ვარ, აბა ქრისტეს მტრების ვიწამო? ესენი მე ვერ შემაშინებენ, რას აღარ გაბრალებენ, ტერორისტობაც კი დამწამეს, მაგრამ წარბი არ შემიხრია.
– მგონი, მაგ პერიოდში იყო ხომ, წყნეთის ბინიდან რომ გასახლებდნენ?
– დიახ. მერე თავი იმართლეს, ხუმრობა იყო, მართლა კი არ გამოგასახლებდითო, ჩემს ოჯახს კი არ ეხუმრებოდა, რადგან ქუჩაში ვრჩებოდით. ამ „ცერეუმ” ისეთ დღეში ჩააგდო საზოგადოების ცნობიერება – ამერიკა, ამერიკა! – გაიძახიან. სწორედ ამერიკელებმა დაგვინგრიეს ყველაფერი.
– და რუსეთისგან რა უკეთესობას უნდა ველოდეთ?
– რუსების წყალობით ვმღეროდით და ვცეკვავდით, მსოფლიოში ღირსეული ხალხი ვიყავით, მოვიდნენ გადამთიელი ამერიკელები, ათიათასობით კილომეტრი გამოიარა, რომ ყველაფერი დაენგრია და ჩვენი ზნე-ჩვეულება წაერთმია. სადაც ამერიკამ ფეხი დადგა, იქ რწმენასა და ადამიანობას რა უნდა?!.. ტერორისტობას მაბრალებდნენ, თანაც ვისზე – შევარდნაძეზე; ერთი თვის წინ პრეზიდენტს რომ შევხვდი, გულში ისე ჩამიკრა, ხერხემლის ძვლებმა ჭახა-ჭუხი დაიწყო, კარგ ჯანზეა. მას ეგონა გვერდით დავჯდებოდი, მე პირისპირ მოვთავსდი. გაიცინა, კაცო, მემარცხენე ხარ და მეგონა მარცხნივ დამიჯდებოდიო. იუმორი უბრწყინვალესი აქვს.
– პრეზიდენტს რასთან დაკავშირებით შეხვდით?
– შარშან სახალხო დიპლომატია რუსეთში რომ ვიმყოფებოდით, ძალიან კარგად მიგვიღეს. შევარდნაძემ ეს ყველაფერი იცოდა. მე მაინც მოვუყევი და კონცეფცია შევთავაზე. პრეზიდენტს პირდაპირ ვუთხარი, ცნობილი გამოთქმაა, შევარდნაძე საიდუმლოს ცოლ-შვილს არ გაანდობს და მე რას გამანდობთ-მეთქი. ბევრი იცინა. როდესაც პრორექტორი ვიყავი, ერთი თანამშრომელი მეკითხება: ვახო, შევარდნაძის კარგი „წაკითხვა” იცი და მისგან რას უნდა ველოდეთო? იმ დროს სახაროვი ციხეში იჯდა. რას იზავს და სახაროვს გაათავისუფლებინებს და ავღანეთიდანაც ჯარს გამოიყვანს-მეთქი. გაჩუმდი, ბიჭო, ეგ რა თქვიო. ეს სიტყვები მაშინ სახელმწიფოს ღალატს უდრიდა. მერე მართლაც ასე მოხდა და ვხუმრობდი, ვის დაარწმუნებ, რომ შევარდნაძის აგენტი არა ვარ-მეთქი. შეხვედრაზე პრეზიდენტს ვუთხარი, პუტინს და ბუშს შორის მოლაპარაკება წავა, პუტინი „ესენგეს” იოლად არ დათმობს-თქო. თქვენ კი შეგიძლიათ რუსეთს მტრულად მუშტი კი არ უქნიოთ, არამედ ბუშის თანხმობით რუსეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ-მეთქი. ცხადია, ამას რომ ვეუბნებოდი შევარდნაძე წამწამსაც არ ახამხამებდა და არც თავს მიქნევდა.
– თქვენს წინადადებაზე პრეზიდენტმა რა პასუხი გაგცათ?
– მე წინასწარ ვუთხარი, თქვენგან თავის დაქნევასაც არ ველოდები-მეთქი, თუმცა, პრეზიდენტმა კარგად იცის, ვახტანგ გოგუაძე პროგნოზებს ჰაერში არ ისვრის. შევარდნაძეს კვლავ შევახსენე თუ რუსეთისკენ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენს ჯარისკაცად მიგულეთ-მეთქი, რაც ამ წლებში ჟურნალ-გაზეთებში თქვენზე მყრალი ფრაზები დამიწერია, არ გეგონოთ ჟურნალისტებს ვაბრალებდე-მეთქი. გულიანად იცინა. თქვენთვის ცუდი ხომ არაფერი მიკადრებიაო, მიპასუხა, მხოლოდ პანტელეიმონს თუ „წამოვარტყამდი” ხოლმე, ისიც „დაბრადუშნადო”.
– მაშინ აქვე თქვენი მეგობრის სიტყვებს გავიმეორებ, რადგან შევარდნაძის კარგი „წაკითხვა” იცით, მისგან უახლოეს მომავალში რას უნდა ველოდეთ?
– შემიძლია გარკვეული ანალიზი გავაკეთო. ჩვენი დამპყრობელი ამერიკა წავა სახლში, თავს დაგვანებებს საიდუმლო მოლაპარაკებებით. ჰოდა, ვუშველოთ ჩვენს თავს, დავიბრუნოთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, რაც აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც დაგვიბრუნებს. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე კარგი პერსპექტივა ეს არის. ამიტომაც აუხტნენ პრეზიდენტს „პატარა ცერეუშნიკები”. შევარდნაძე რომ იცოდეთ, ძაან მაგარი კაცია. როცა გგონია ჩამოგდებულიაო, ფეხზე მყარად მაშინ წამოდგება. განა თავად შევარდნაძე ვერ ხვდება მსოფლიოში ძალთა თანაფარდობა როგორ შეიცვალა.?!. გეოპოლიტიკური პროცესიც მძლავრად იცვლება.
– და ბოლოს, თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვითხარით, რას საქმიანობთ?
– არაფერს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვწერ. – გასულ წელს ორი წიგნი გამოვეცი: "Верните мне мою россию". ამ წიგნს ფართო მკითხველი არ ჰყავს, თუმცა, რუსეთის მხრიდან ყველა საფეხურზეა ასული და ბევრი ქებაც დაიმსახურა. წელს გამოვეცი „ხმა საქართველოდან”. პირობას გაძლევთ, მოვა დრო და ეს წიგნები ქართველ ხალხს დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცემებს ჩემთვის შურის და ვალების გარდა არაფერი მოუტანია. წინ გახედვა კაცსაც სჭირდება და ხალხსაც. შევარდნაძეს დღეს ისტორიული შანსი აქვს ჩვენი ამ „შეძრომით” გამოვძვრეთ მდგომარეობიდან.


ესაუბრა მარი ჯაჯანაშვილი

0
426
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0