x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ძნელი მოზარდები
მოზარდობის ასაკი, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისული პერიოდი, ზოგადად, ძნელია. სასწავლო პროცესში ძნელი მოსწავლეები ბევრ პრობლემას ქმნიან. "ძნელი მოზარდი"- ამ ცნების შინაარსი საბოლოოდ დადგენილი არ არის. ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია აღზრდისადმი აქტიური წინააღმდეგობა. ძნელ მოზარდებს გარშემომყოფთა მიმართ აქვთ ცუდი დამოკიდებულება, ხშირად არღვევენ დისციპლინას, არ უჯერიან მასწავლებლებს, არ ასრულებენ ქცევის ელემენტარულ ნორმებს, ხშირად მოსდით კონფლიქტები მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანატოლებთან. ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები სწავლა-აღზრდის პროცესში უამრავ პრობლემას ქმნიან. ასეტი ბავშვები ყველა ასაკობრივ საფეხურზე გვხვდება. ყველა ძნელი ბავშვისთვის, როგორც უკვე ვთქვი, დამახასიათებელია აღზრდის მიმართ აქტიური წინააღმდეგობა და აღიარებული პედაგოგიური საშუალებების მიუღებლობა.

გარდამავალ ასაკში ორგანიზმში ხდება ღრმა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, იზრდება შეუსაბამობა ფიზიკურსა და ფსიქიკურ განვითარებას შორის. მძაფრდება წინააღმდეგობები მოზარდის ფსიქიკურ განვითარებაში. ეს ყოველივე იწვევს კონფლიქტებს გარშემომყოფებთან, აღმოცენდება გაუცხოება. მოზარდებს უფროსებისადმი უნდობლობა უჩნდებათ. ძნელი მოზარდებისთვის დამახასიათებელია ფსიქიკური რეაქციები: უხეშობა, ჯინიანობა, პროტესტის რეაქციები.


ძნელადაღსაზრდელი მოზარდების ტიპებია:


1) პრობლემური ურთიერთობის მქონე მოზარდები- ამ ჯგუფში შედიან ის მოზარდები, რომელთაც ოჯახში განსაკუთრებული მდგომარეობის გამო (დედისერთა, გარიყული) დარღვეული აქვთ ნორმალური ადამიანური ურთიერთობები. ისინი არიან უპრინციპოები, ქცევის წესების უარმყოფელნი, ბევრი მათგანი კარგად სწავლობს, მაგრამ თანაკლასელების სიმპათიით არ სარგებლობს, ერიდებიან მათთან ურთიერთობას.


2) მძაფრი ან დაქვეითებული ემოციური რეაქციების მოზარდები- ამ ჯგუფში შედიან ისეთი მოზარდები, რომლებმაც ნერვული სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს. მათთვის დამახასიათებელია: აგზნებადობა, პასიურობა, მკვეთრი რეაქციები, გულგრილობა და ინდიფერენტულობა ამაღელვებელი მოვლენების მიმართ და ა.შ. უმრავლესობა აფექტურია.

3) ცალმხრივი გონებრივი განვითარების მოზარდები- ამ ჯგუფში შედიან ისეთი მოზარდები, რომელთა ზოგადი გონებრივი განვითარება შეფერხებული იყო და მოზარდების რომელიმე კონკრეტულ ნიჭს გადაჭარბებულად აფასებდნენ ან სრულებით არ აფასებდნენ. მათთვის დამახასიათებელია შემეცნებითი ინტერესების უქონლობა, ან მისი ცალმხრივი განვითარება, სასწავლო პროცესის და მასწავლებლის მიმართ სიძულვილი, ცალმხრივი განათლება.

4) სუსტი ნებელობის მოზარდები- ამ ჯგუფში შედიან უნებისყოფო და ჯიუტი მოზარდები. უმრავლესობა არის თავნება, ჭირვეული, უდისციპლინო. არ ემორჩილებიან ქცევის ნორმებს და წესებს. მარტივი საქმეების გამო ბევრ ენერგიას ხარჯავენ.


ხშირად მოზარდები აგრესიულები არიან სხვების მიმართ, ადვილად სწყინთ, ადვილად ბრაზდებიან, ვარდებიან აფექტურ მდგომარეობაში. ასეთი მოზარდები, ძირითადად, ცუდათ სწავლობენ, რის გამოც, მათი ცოდნის დონე დაბალია.ისინი ზარმაცები და უნებისყოფონი არიან, ხშირად იტყუებიან, ეშინიათ არ დასაჯონ ჩადენილის გამო.

სწავლაში ჩამორჩენა, ინტერესების უქონლობა, ფიზიკური ნაკლი და დეფექტები ხელს უწყობს მოზარდის იზოლაციას და გარიყვას. ძნელი მოზარდები ერთიანდებიან ცალკე ჯგუფში- “ძნელების" ჯგუფში.

გარდამავალ ასაკში მოზარდის ფსიქო-ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად იცვლება მოზარდის გონებრივი შესაძლებლობები. ამ ასაკში ყალიბდება მრწამსი. მოზარდები არ არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, ამის გამო, სასწავლო პროცესში ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან.

მოზარდს სურს, რომ იყოს უფროსი და სხვებიც ისე ექცეოდნენ და აღიქვამდნენ როგორც უფროსს.

გარდამავალი ასაკი არის სიმპათიების და რომანტიკული მისწრაფებების ასაკი. საჭიროა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ ამ საკითხებისადმი. უფროსების დაუფიქრებელმა ქმედებებმა შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოქმნას.


ძნელი მოზარდების ქცევის თავისებურებებია:


ა) უკიდურესი წინაარმდეგობრივი ფუნქციები. განვითარებული გონება და განუვითარებელი გრძნობები ან პირიქით, სუსტი შრომისმოყვარეობა ან ძალიან განვითარებული მოთხოვნილებები. ეს ქმნის შინაგან დაძაბულობას;

ბ) გარშემომყოფებთან ხანგრძლივი კონფლიქტური დამოკიდებულება. როცა მოზარდები ცუდათ იქცევიან, უფროსები მათ აკრიტიკებენ, შენიშვნებს აძლევენ, სჯიან და ა.შ. მოზარდები კი ამას აღიქვამენ, როგორც უფროსების მხრივ მტრობის გამოვლენად. მოზარდები თვლიან, რომ მშობლები არ აღიარებენ მათ დამოუკიდებლობას, ამას შეურაცხყოფად იღებენ და ამიტომ ხშირად წარმოიქმნება კონფლიქტები. ხშირია კონფლიქტები არა მარტო მშობლებთან და მასწავლებლებთან, არამედ თანატოლებთანაც.

გ) ყველაფრის სარგებლიანობის პრინციპით შეფასება. მოზარდი ყველაფერს ეგოისტური ცხოვრებისეული პოზიციიდან უდგება. მათთვის მნიშვნელოვანია ის თუ რას მიიღებენ, როცა შეასრულებენ უფროსების მოთხოვნებს.

დ) ინტერესების და მისწრაფებების ხშირი ცვლა. ამ ჯგუფში შედიან ისეთი მოზარდები, რომლებიც ხშირად იცვლიან ინტერესებს, სურვილებს, მისწრაფებებს.

ე) აღმზრდელობითი ღონისძიებებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ძნელი მოზარდები ხშირად ეწიინაღმდეგებიან ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც არ უყვართ ან, რომელთა საგნებიც არ მოსწონთ. მოზარდებს არ უყვართ ის მასწავლებლები, რომლებმაც მათ შემთხვევით ან შეგნებულად რაიმე აწყენინეს.

ძნელი მოზარდები ხშირად მიმართავენ დევიაციურ ქცევას. დევიაციური ქცევა საზოგადოების მიერ მიღებული სამართლებრივი, მორალური და კულტურული ნორმებიდან გადახრილი ქცევაა. მოზარდებისთვის დამახასიათებელია: სახლიდან ხშირი გაქცევა და მაწანწალობა, სექსუალური აღვირახსნილობა, ნაადრევი ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, სუიციდური ტენდენციები, ქურდობა, აგრესიულობა და ა.შ. გარდამავალი ასაკის არასრულწლოვან დამნაშავეებს ახასიათებთ ძლიერი და ნაადრევად განვითარებული დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნილება.


ამრიგად, საჭიროა სწორი სააღმზრდელო ღონისძიებების ჩატარება, რათა შეძლებისდაგვარად შევამციროთ ძნელადაღსაზრდელობის პრობლემა.


0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0