x
შიზოფრენია და სტიგმა

ჩვენთვის
ცნობილი ფილმებისა და ტელე-სერიალების უმრავლესობაში აღწერილი სიუჟეტები ეხება ფიზიკურად,
ან გონებრივად უნარშეზღუდული ადამიანების პრობლემებს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში გაცილებით
მძლავრი წინააღმდეგობები ექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ.
ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ჯერემი ჩეჩლიკის (Jeremiah Chechlik) ფილმი - „ბენი და
ჯუნი“ ( „Benny & Joon“, 1993.). ფილმი მოგვითხრობს ჯუნიზე, 20 წლის მხატვარზე,
რომელიც უფროსი ძმის, ბენის მეთვალყურეობის
ქვეშ ცხოვრობს. ბენი დღის უმეტეს ნაწილს სამუშაოზე
ატარებს, ამიტომ მას სჭირდება ვიღაც, ვინც მის დას მიხედავს, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური
პრობლემა აქვს. ჯუნის აწუხებს უცნაური აზრები, რომლებსაც დაუფარავად გამოხატავს ხოლმე,
მაგალითად: „ არ მიყვარს ქიშმიში. ის შეურაცხყოფილი ყურძენია და მას სიცოცხლე მოპარეს“.
ამას თან ერთვის მისი უჩვეულო ჟესტიკულაცია, ქმედებები და სმენითი ჰალუცინაციები, რაც
გვარწმუნებს, რომ ჯუნი შიზოფრენიითაა დაავადებული. ბენი დარწმუნებულია, რომ დის მარტო
დატოვება არ შეიძლება და ამიტომ აჰყავს ზედამხედველები, თუმცა, უშედეგოდ: ვერც ერთი
მათგანი ვერ უმკლავდება ჯუნის ქცევებს და მალევე ტოვებენ სამსახურს. ბენი საგონებელში
ვარდება, როდესაც დისთვის ახალ მომვლელს ვერ შოულობს. იგი იძულებულია ჯუნის გვერდიდან
არ მოშორდეს და როცა სტუმრად მეგობრებთან მიდის, ისიც თან მიჰყავს, მაგრამ გამუდმებით
იმაზე დარდობს, რომ ჯუნი ან სხვის სახლში ხანძარს გააჩენს, ან რაიმე სკანდალის მიზეზი
გახდება. ფსიქიატრი ბენის ურჩევს, რომ და საავადმყოფოში დააწვინოს, სადაც ჯგუფური თერაპიის
დახმარებით ჯუნი მეგობრების შეძენასაც შეძლებს და რაიმე სამუშაოთიც დაკავდება. ამ შემოთავაზებაზე
ბენი უარყოფითად რეაგირებს. იგი უარს ამბობს დის ჰოსპიტალიზაციაზე და თავს იმით იმართლებს,
რომ ის ჯუნისთვის ერთადერთი და ყველაზე ახლობელი ადამიანია, რომ იგი უკვე დიდი ხანია
რაც მას უვლის და არ აპირებს მის თავიდან მოშორებას. მართალია, ბენი დიდ მზრუნველობას
იჩენს დის მიმართ, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ასეთი მოპყრობით გაუმჯობესების ნაცვლად, აუარესებს ჯუნის მდგომარეობას.
ბენი არ ითვალისწინებს ფსიქიატრის რჩევებს და შედეგად, სათანადოდ ვერ აფასებს ფსიქიკური
დარღვევის მქონე ადამიანებს, რაც გამოიხატება მისი დისადმი დამოკიდებულებაში: იგი არად
აგდებს ჯუნის უფლებებს, ექცევა მას როგორც ბავშვს, ზღუდავს მის დამოუკიდებლობას და
მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბება,
რადგან ბენი ახალ მომვლელს ჯერ ისევ ვერ შოულობს და ჯუნის დატოვება მეგობრბებთან უწევს.
ცხადია, „შეშლილი ქალის“ სახლში გაჩერება არავის სიამოვნებს და ამიტომ, ამხანაგები
ბენის ურჩევენ, რომ ჯუნი რაც შეიძლება მალე დააწვინოს ფსიქიატრიულში. „მესმის, რომ
ის შენი დაა და გიყვარს, მაგრამ მთელი ცხოვრება მასზე ზრუნვაში უნდა გაატარო? ისე დაბერდები,
ოჯახსაც კი ვერ შექმნი! დროა შენს ცხოვრებას მიხედო...“ - ურჩევს ერთ-ერთი მეგობარი.
სწორედ ასეთ დაძაბულ წუთებში ჯუნის „მხსნელად“ მოევლინება სემი, ბენის მეგობრის ბიძაშვილი,
რომელიც უსახლკაროა. ბენი მას თავშესაფარს მისცემს იმ პირობით, რომ იგი ჯუნის მოუვლის.
ეს მომენტი საგრძნობლად ცვლის ფილმის საწყისს სიუჟეტს. სემი ჯუნის ერთადერთი მეგობარი
გახდება, რომელიც მას არც არასოდეს ყოლია, რადგან ბენი მას სახლიდან გასვლასაც კი უკრძალავდა
და სრულ იზოლაციაში ამყოფებდა. სემის იქ ყოფნა ამშვიდებს გოგონას, რაც დადებითად აისახება
მის ქცევებზეც. მეგობრის დახმარებით, ჯუნი გარეთ გასვლას იწყებს, ნელ-ნელა შეიმეცნებს
გარე სამყაროს და ნაბიჯ-ნაბიჯ ადაპტირდება საზოგადოებასთან. მალე ახლო მეგობრებს ერთმანეთი
შეუყვარდებათ, თუმცა ეს ამბავი ბენისთვის მოწმენილ ცაზე მეხის გავარდნასავით იქნება.
იგი სახლიდან გააგდებს სემს და დას განუცხადებს, რომ მის საავადმყოფოში დაწვენას აპირებს.
ჯუნი ძმას ეჩხუბება და სახლიდან სემთან ერთად გაიქცევა. სამწუხაროდ, მგზავრობისას ჯუნის
მწვავე ფსიქოზური შეტევა დაემართება, რაც ძმასთან ჩხუბმა და სტრესულმა სიტუაციამ გამოიწვია.
ავტობუსის მძღოლი იძულებული გახდება სასწრაფო დახმარებას გამოუძახოს, რის შემდეგაც
ჯუნი ფსიქიატრიულში აღმოჩნდება. იგი ღრმა დეპრესიას მიეცემა და განაცხადებს, რომ არავის
ნახვა არ სურს. მომხდარის გამო ბენი სემს დაადანაშაულებს,
მაგრამ ეს უკანასკნელი იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. სემი თვალებს
აუხელს ბენის, მიახვედრებს, რომ მას გაუცნობიერებლად
ეშინია ჯუნის ფსიქიკური აშლილობის, რომ დახმარების ნაცვლად მან დას ცხოვრება დაუნგრია
და მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაუმძიმა. ბენი მართლაც გააცნობიერებს ყველაფერს და
მიხვდება საკუთარ შეცდომას. დანაშაულის გამოსასწორებლად, იგი დას ფსიქიატრიულიდან გამოიყვანს
და უფლებას მისცემს, რომ სემთან ერთად დამოუკიდებლად იცხოვროს.


კრიტიკოსების
აზრით, მთლიანობაში ფილმი ძალიან კარგია,
მაგრამ ჩვენ მხოლოდ მსახიობების ნიჭი არ უნდა
შევაფასოდ, არამედ, თავად სცენარი დეტალურად უნდა გავაანალიზოთ და სხვა კუთხით განვიხილოთ.
მართალია, ეს ჰოლივუდია და ჩვენ ყველას გვსურს
ბედნიერი დასასრულის ხილვა, მაგრამ მაინც,
ფილმის მთავარი მესიჯი არ უნდა იყოს იმის ჩვენება, რომ შიზოფრენიით დაავადებული
ადამიანები პატარა ბავშვებივით საჭიროებენ მოვლასა და კონტროლს, რომ რადგან მათი განკურნება
არ შეიძლება, დრო და ფული არ უნდა დავხარჯოთ ფსიქიატრებთან სიარულიში და სხვადასხვა
თერაპიების გამოყენებაში და რომ, მსგავსი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში
ინტეგრირებულნი არ უნდა იყვნენ. რეჟისორი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ყველაფერი, რაც
ჯუნის სჭირდება, ესაა - საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა! იგი არაფერს ამბობს იმის
შესახებ, რომ გოგონას პირველ რიგში საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა და გარე სამყაროსთან
კონტაქტი სჭირდება!


ზემოთ
განხილული ფილმის სიუჟეტი და მისი კრიტიკა ნათლად მიგვითითებს იმაზე, რომ შიზოფრენიით
დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებობს ძალიან ძლიერი სტიგმა. სტიგმა
კულტურული და ისტორიული ძალების ზემოქმედების შედეგად ფორმირებული სოციალური კონსტრუქტია,
რომელიც მოიცავს სულ მცირე ორ ძირითად კომპონენტს: (1) გარკვეულ მახასიათებელზე ან
"მარკაზე" (ნიშანზე) დაფუძნებული განსხვავების აღიარება; (2) შედეგად პიროვნების
გაუფასურება. ჩვენს კონრეტულ შემთხვევაში ასეთი მახასიათებელია შიზოფრენია, რომლის
გამოც ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის პიროვნების გაუფასურება ხდება
- სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და
ზოგ შემთხვევაში სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან. მაგალითად,
ჯუნის უყურებდნენ, როგორც პატარა ბავშვს, მას არ აღიქვამდნენ ზრდასრულ ადამიანად. მიიჩნევდნენ,
რომ გოგონას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეეძლო და შედეგად, მას არჩევანის
გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ, მისი თავისუფლება შეზღუდული იყო. სტიგმის უარყოფითი
ზეგავლენა ფიზიკურზე მეტად, სოციალურ და ფსიქოლოგიურ
შედეგებში ვლინდება. პოტენციურად მასტიგმატიზირებელი პირობების უმეტესობას სოციალურ
თავის არიდებასთან და უარყოფასთან მივყავართ, რაც საფრთხეს უქმნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
მაგალითად, იმის გამო, რომ ჯუნი შიზოფრენიით იყო ავად, მას ეკრძალებოდა სახლიდან გასვლა,
რადგან ბენის ეშინოდა, რომ მისი და გარეთ რაიმე სკანდალს მოაწყობდა და სხვებში აღშფოთებას
გამოიწვევდა. შედეგად, ჯუნიმ ცხოვრების უმეტესი ნაწილი სახლში გამოკეტილმა გაატარა.
იგი სოციალურად იზოლირებული იყო, რამაც კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა. მაშინაც კი,
როდესაც სტიგმა და სოციალური უარყოფა პირდაპირ არ უქმნის საფრთხეს ფიზიკურ კეთილდღეობას,
ამგვარი ზეგავლენა მათ შესაძლოა არაპირდაპირი გზებით მოახდინონ - მაგალითად, ჯანდაცვაზე,
განათლებაზე, დასაქმებაზე და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით. ფილმიდან - „ბენი და
ჯუნი“, ვიგებთ, რომ ჯუნი ნიჭიერი მხატვარია. მას თავისუფლად შეუძლია გახდეს ცნობილი
და აღიარებული ხელოვანი, თუკი საზოგადოება გაიცნობს მის შემოქმედებას. სამწუხაროდ,
მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა: ბენიმ ძალიან მალე დაინახა და დააფასა სემის არტისტული
ნიჭი. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად არც კი იცნობდა, იგი შეეცადა სემის შესაძლებლობები
საზოგადოებისთვის გაეცნო და მისთვის სამუშაო მიეცა. ამის პარალელურად, ბენის არც კი
უცდია დის შემოქმედება ოთახის კედლებს გარეთ გამოეტანა.


საზოგადოებაში
შიზოფრენია განიხილება, როგორც ნაკლოვანებად აღქმული პიროვნული მახასიათებელი, რომელიც
ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: საწყის სტადიაზე, როცა არ ხდება სიმპტომების ხშირი გამოვლინება,
იგი შედარებით შეუმჩნეველია, თუმცა თუ მოხდება მდგომარეობის გაუარესება, მაშინ კრიტიკული
ეპიზოდები გახშირდება და სიმპტომების სისტემატური გამოვლინების გამო ადვილი შესამჩნევი
გახდება, რომ ადამიანს რაღაც ფსიქიკური დარღვევა აქვს. თუ ავადმყოფი არ მისდევს მკურნალობას,
მაშინ მისი მდგომარეობა ზოგჯერ უმართავი ხდება, რამაც შეიძლება დამანგრეველად იმოქმედოს
სხვების უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, უარყოფითად აისახება შიზოფრენიის მქონე ადამიანის
პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი გენეტიკას მიუძღვის.
შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც ეს ფსიქიკური დარღვევა განუვითარდა, არაა პასუხისმგებელი
საკუთარ მდგომარეობაზე. ამ ნიშნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სტიგმის ხილვადობა და
მართვადობა. ჯუნის შემთხვევაში, სტიგმა ხილვადობის
მაღალი ხარისხით გამოირჩევა, შეაბამისად, იგი არ ცდილობს მის დაფარვას. პირიქით, იგი
თავის მსგავს ადამიანებთან სოციალურ შედარებას ახდენს და ცდილობს, ძმას გააგებინოს,
რომ იგი სათანადოდ ვერ აფასებს ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებს. მართვადობა
მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები, რომელთა სტიგმაც უმართავად მიიჩნევა, ნაკლებად
უარყოფილები არიან. როგორც უკვე ვთქვით, შიზოფრენია გენეტიკითაა განპირობებული, შესაბამისად,
ჯუნი არაა დამნაშავე იმაში, რომ მას ეს დარღვევა სჭირს. სწორედ ამიტომ, მისადმი სხვების
დამოკიდებულება არაა უკიდურესად უარყოფითი.
იგი ებრალებათ, ცდილობენ მის დახმარებას და სიმპათიასაც კი გამოხატავენ (მაგ; სემის
დამოკიდებულება ჯუნისადმი).


სტიგმა
საზოგადოებაში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. შიზოფრენიის მქონე ადამიანების სტიგმატიზაციას
იმიტომ ახდენენ, რომ ისინი აღიქმებიან, როგორც საფრთხე გარშემომყოფებისათვის, რომლებიც
სხვების კეთილდღეობას რისკის ქვეშ აყენებენ. შედეგად, საზოგადოება ასეთი ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს მათზე კონტროლის
გაფართოების მიზნით, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ აღქმული, ან რეალურად არსებული საფრთხე.



საინტერესოა,
რომ სტიგმატიზირებული პირის მიმართ შეიძლება ამბივალენტური გრძნობები გაგვიჩნდეს: განვიცდიდეთ
სიმპათიას და ამასთან დისკომფორტსაც ვგრძნობდეთ. ურთიერთობის საწყისს ეტაპზე სემის
ჯუნისადმი დამოკიდებულება სწორედ ამ შემთხვევის ილუსტრაციაა: მას ძალიან მოსწონდა ლამაზი
და უცნაური ჯუნი, თუმცა ბენის მკაცრი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მისი და მძიმე
ავადმყოფი იყო, თავიდან აშინებდა მას და აიძულებდა, ჯუნისგან თავი შორს დაეჭირა. ეს
მდგომარეობა მალევე გამოსწორდება, როცა სემი გოგონას ახლოს გაიცნობს და დარწმუნდება
ბენის გაფრთხილების გაზვიადებულობაში.


გამომდინარე
იქიდან, რომ სტიგმა სოციალურად განსაზღვრული მოვლენაა, კულტურების და დროის პერიოდების
მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებებია იმ თვისებებს შორის, რომლებიც სტიგმატიზაციის
საფუძველი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროის ცვლილებასთან და სამედიცინო პროგრესთან
ერთად შიზოფრენიით დაავადებულთა მიმართ არსებული დამოკიდებულებები საგრძნობლად შეიცვლება.
შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ადრე ამ ადამიანების მიმართ უფრო მეტად ნეგატიური დამოკიდებულება
იყო, ვიდრე - დღეს. ამაზე გავლენას ახდენს საზოგადოების განათლების დონეც. რაც უფრო
მეტად არიან ადამიანები გათვიცნობიერებულნი იმაში, თუ რას წარმოადგენს ფსიქიკური აშლილობა,
მით უფრო მეტად გულისხმიერად ეკიდებიან მსგავსი დარღვევის მქონე ავადმყოფებს. ასევე, სტიგმა განპირობებულია ფართო კულტურული კონტექსტით,
რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური კულტურები და სუბკულტურები განსაზღვრავენ, თუ
რომელი თვისებები უნდა იქნეს სტიგმატიზირებული და რომელი - არა. მაგალითად, შესაძლოა
შიზოფრენია ერთ კულტურაში, ან ერთ სოციალურ
კონტექსტში უფრო მეტად იყოს სტიგმატიზირებული, ვიდრე - მეორეში. ის თუ, რომელ კულტურაში, ან რომელ კონტექსტში იქნება სტიგმა უფრო ძლიერი, განისაზღვრება
იმ სტერეოტიპებით, ღირებულებებითა და იდეოლოგიებით, რომლებიც მოცემულ კულტურაში, ან
სოციალურ სიტუაციაში გვაქვს და რომლებიც საფუძვლად უდევს სტიგმატიზაციის პროცესს.


„კეთრის თანამედროვე ექვივალენტი“ - ასე უწოდა შიზოფრენიას
ცნობილმა ფსიქიატრმა, ფულერ ტორეიმ (E.
Fuller Torrey, M.D.) თავის წიგნში, “შიზოფრენიასთან გამკლავება“ ( Surviving Schizophrenia: A Manual for
Families, Patients, and Providers.). ფულერის თანახმად, მართალია ამერიკელთა 85% აცნობიერებს,
რომ შიზოფრენია ფსიქიკური დარღვევაა, აქედან მხოლოდ 25% იცის თუ რეალურად როგორი ტიპის
აშილობაა იგი. მენტალური დარღვევის მქონდე პაციენტებისათვის შექმნილი ნაციონალური ალიანსის
(N.A.M.I.) მხარდაჭერით 2008 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომლიც შედეგადაც დადგინდა,
რომ ამერიკელთა 64% ვერ ცნობს შიზოფრენიის
სიმპტომებს, ან ფიქრობენ, რომ ამ დარღვევის სიმპტომებში შედის: პიროვნების „გახლეჩვა“/გაორება
(დისოციაციური აშლილობა) და ა.შ. „გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ არ იცის, რეალურად
რას წარმოადგენს შიზოფრენია და როგორია მისი სიმპტომები, მასმედიაში არ ერიდებიან და დაუდევრად მიაწერენ მას ისეთ
თვისებებს, როგორებიცაა: სადისტობა, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, მუშაობის უუნარობა
და ა.შ. ასეთი სტერეოტიპები კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას და სპობს იმ მცირედ სიმპათიასაც
კი, რაც ამ დარღვევის მქონდე ადამიანების მიმართ არსებობს. „ - წერს ფულერ ტორეი. წიგნში
ავტორს მოყვანილი აქვს რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებული სტერეოტიპი და მათი კრიტიკა.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 1) შიზოფრენიის მქონე ადამიანებს იდენტური სიმპტომები
აქვთ - ეს ასე არაა. შიზოფრენიის რამდენიმე ტიპი არსებობს. ასევე, თავად ერთი და იმავე
ტიპის მქონე ადამიანებს შესაძლოა სრულიად განსხვავებული სიმპტომები ჰქონდეთ. შიზოფრენია
ადამიანებისა და მათი პრობლემების უზარმაზარ საცავად შეიძლება წარმოვიდგინოთ. სწორედ
იმიტომ, რომ ამ დარღვევის სიმპტომები ასეთი მრავალფეროვანია, თავად შიზოფრენიას მიიჩნევენ
ამოუცნობ, მისტიკურ აშლილობად. ხოლო, ადამიანებს
უბრალოდ ეშინიათ ყოველივე იმის, რაც მათთვის გაუგებარია, მშიშარა ადამიანი კი, ბრმაა. 2) შიზოფრენიის მქონე ადამიანები არიან საშიშები
და არაპროგნოზირებადნი, ისინი არ ექვემდებარებიან კონტროლს - ესეც ერთგვარი მითია.
ის პაციენტები, რომლებიც მისდევენ მედიკამენტურ მკურნალობას და ფსიქოსოციალურ თერაპიებს,
აკონტროლებენ თავიან სიმპტომებს. შედეგად, ასეთი ადამიანები არაფრით გამოირჩევიან საზოგადოების
სხვა წარმომადგენლებისაგან, არ არიან მათზე მეტად აგრესიულები. 3) შიზოფრენია გენეტიკით
განპირობებული დარღვევაა - იდენტურ ტყუპებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილია,
რომ ამ აშლილობის განვითარებაში გენეტიკა მართლაც დიდ როლს თამაშობს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია
საცხოვრებელი გარემო და სტრესი. თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის შიზოფრენიის განვითარებისადმი გენეტიკურად განპირობებული მიდრეკილება აღმოვფხვრად,
სავსებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ მისი გარემო პირობები და სტრესის დონე, რომ თავიდან
ავირიდოთ ამ აშლილობის განვითარება. 4) შიზოფრენია არ იკურნება - ეს სიმართლეა, თუმცა მედიკამენტებით სავსებით შესაძლებელია
მისი კონტროლი. ასე რომ, ასეთ ადამიანებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ პროდუქტიულობითა და ბედნიერებით
აღსავსე პირადი ცხოვრება.


ჯგუფური
ცხოვრების ფუნდამენტური სარგებელი წევრთა
ინდივიდუალური ძალისხმევის, ცოდნისა და მატერიალური რესურსების გაზიარებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ
მიაღწევდა განვითარების იმ დონეს, რომელზეც იგი დღესაა. რესურსების გაცვლა და
გაზიარება ეფუძნება რეციპროკულობის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ როცა ადამიანი
სხვისგან იღებს რაიმე სახის სიკეთეს, თავადაც იმავე სახით უნდა გადაუხადოს სამაგიერო.
იმის გამო, რომ რეციპროკულობის წესი ასეთი მნიშვნელოვანია, სტიგმატიზირებულები იქნებიან
ის ადამიანები, რომლებიც არარეციპროკულებად იქნებიან აღქმულნი. აქ მოიაზრება ორი ტიპის
შემთხვევა: 1. ის, ვინც აქტიურად არღვევს რეციპროკულობას
ქურდობით და 2. ის ვინც თავისდა უნებურად წარმოადგენს ჯგუფისთვის ტვირთს, როგორიცაა მაგალითად, შეზღუდული
ფიზიკური შესაძლებლობების პირი, ან ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანი. თუკი
დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება დროულად არ მოხდა, შიზოფრენიის მქონე პირების
მდგომარეობა რთულდება, ისინი ხდებიან არასტაბილურნი და საჭიროებენ სხვების დახმარებას.
ასეთ დროს, თუკი შიზოფრენიის მქონე
ადამიანების მდგომარეობა ძალიან რთულია მათ არ შეუძლიათ მიჰყვნენ რეციპროკულობის პრინციპს,
არ შეუძლიათ მუშაობა და მთლიანად სხვებზე დამოკიდებულნი ხდებიან. ამიტომ, რაც არ უნდა
ებრალებოდეთ ასეთი ადამიანები, მათდამი სტიგმა მაინც იარსებებს. ჯუნის შემთხვევაშიც
იგივე მოხდა: ფილმის ერთ მომენტში ნათლად ჩანს, რომ მოსიყვარულე ძმაც კი შეიძლება დაიღალოს
ავადმყოფი დის მოვლით. მასაც ხომ აქვს უფლება, პირად ცხოვრებას მიხედოს?!


იმის გამო
რომ ადამიანებს სჭირდებათ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება, გადამდები დაავადების
მქონე ჯგუფის წევრები ჩაითვლებიან საშიშად
და მოხდება მათი სტიგმატიზირება. მაგალითად,
არ მოინდომებენ შიზოფრენიის მქონე ან შიზოფრენიით დავადებული ადამიანის ნათესავთან
ქორწინებას, რაგდან შიზოფრენია გენეტიკურად “გადამდებია’’. ესაა კიდევ ერთი მიზეზი,
თუ რატომ ხდება შიზოფრენიის მქონე ადამიანების სტიგმატიზაცია. მართალია, შიზოფრენია
გენეტიკურადაა განპირობებული და „გადამდებია“, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ აშლილობის განვითარების
კონტროლი სავსებით შესაძლებელია გარემო პირობებისა და სტრესული დონის დარეგულირებით.



მაინც ვინ
წყვეტს, თუ რომელი ნიშანი უნდა იყოს სტიგმატიზირებული? და ვინ ახდენს ამ კონკრეტული
ნიშნის მქონე ადამიანის, ან ჯგუფის სტიგმატიზირებას? ფსიქოლოგიაში არსებობს ე.წ. „კონსენსუსის
თეორიები“, რომლებიც ეფუძნება სოციალური გაცვლისა და კომუნიკაციის კონცეფციას. ეს თეორიები
თვლიან, რომ სტიგმის საფუძველს წარმოადგენს სტერეოტიპები, რომლებიც ვრცელდება სოციალური
კომუნიკაციის საფუძველზე. ხოლო, ინდივიდები მოტივირებულები არიან(აქვთ მზაობა) დაეთანხმონ
ერთმანეთის შეხედულებებს. ამგვარად, ამ თეორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პეტიგრიუმ
ივარაუდა, რომ სტიგმატიზაცია არის არა ინდივიდუალური, არამედ სოციალური კონტექსტის
პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სტიგმატიზირებული ხდება არა სხვა ინდივიდების,
არამედ საზოგადოების მხრიდან, რომელიც ქმნის, ინარჩუნებს და მხარს უჭერს მსგავს ატიტუდებს
და ქცევებს. ინდივიდუალური მასტიგმატიზირებელი კი უბრალოდ იმეორებს მისი საზოგადოების
ნორმებს შესაბამისი ქცევებით. სტიგმატიზაციის საფუძვლად მდებარე სტერეოტიპებისა, თუ
ცრურწმენების გავრცელება ხდება სოციალური კონტაქტების, მასმედიის, სოციალიზაციის პროცესის
(საზოგადოებაში დაგროვებული კულტურული ღირებულებებისა და გამოცდილების გადაცემა ერთი
თაობიდან მეორეზე.) და ა.შ. საშუალებით.


ზემოთ უკვე
მრავლად ვახსენეთ შიზოფრენიის შესახებ არსებული
სტერეოტიპები. მაინც რას წარმოადგენენ ისინი? სტერეოტიპები ისტორიულად განიხილება
, როგორც გაუმართლებელი მოვლენა, ვინაიდან ის გულისხმობს მცდარი აზროვნების პროცესს
ან გადაჭარბებულ განზოგადებას, რომელიც ცრურწმენების და დისკრიმინაციული ქცევის რაციონალიზაციას
ახდენს. ხშირად, სტერეოტიპები სტიგმის საფუძველს წარმოადგენს. რატომ? სტერეოტიპი არის
ისეთი კოგნიტური სტრუქტურა რომელიც, გავლენას
ახდენს ხალხის მიერ აღქმაზე, ინფორმაციის გადამუშვებაზე, შენახვასა და აღდგენაზე, მათ
გრძნობებზე სხვა ჯგუფების მიმართ. დადგენილია, რომ სტერეოტიპები ყალიბდება სოციალური
გავლენის, სწავლის, კომუნიკაციის პროცესში. ისინი შეიძლება იყოს ან ინდივიდუალური (თვითშეფასების დაცვა, ტერორის მართვა)
ან კოლექტიური (დადებითი ინტერჯგუფური განსხვავებები, იერერქიის შენარჩუნება) ფუნქციების.
შიზოფრენიის შესახებ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მიზანი, უფრო მეტად, ინდივიდუალური
ფუნქციები უნდა იყოს.


სტიგმის წინააღმდეგ გაჩაღებულ „ბრძოლაში“ მნიშვნელოვანია
თავად ფსიქიატრების რწმენებისა და ატიტუდების (სოციალური განწყობების) საკითხი შიზოფრენიის და ზოგადად, ფსიქიკური დარღვევის
მქონე ადამიანების მიმართ. ამ საკითხის შესწავლის მიზნით ალექსანდრე ლოჩმა, ფრანცისკო გუარნიერომ, ფაბიო
ლავსონმა და მათმა კოლეგებმა (Alexandre Andrade Loch, Francisco Bevilacqua
Guarniero, Fabio Lorea Lawson) იკვლიეს ბრაზილიელი
ფსიქიატრები. ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით მათ გამოკითხეს 1414 ფსიქიატრი. გამოკითხვა
კონცენტრირებული იყო სტიგმის 4 განზომილებაზე და ყველა მათგანი ეხებოდა შიზოფრენიას.
ესენია: სტერეოტიპები, ცრურწმენები, შეზღუდვები და სოციალური დისტანცია. თითოეული განზომილება
ფასდებოდა ქულით. ანალიზის შემდგომ დონეზე ეს ქულები ჯამდებოდა და მათი შედარება ხდებოდა
სოციოდემოგრაფიულ მაჩვენებლებთან, იმ მიზნით, რომ მათ შორის არსებული კავშირები დადგენილიყო.
კვლევის შედეგად გამოიყო ფსიქიატრების სამი ტიპი: 1) ისინი, რომლებიც არ ახდენდნენ
შიზოფრენიის მქონე პაციენტების სტიგმატიზაციას (337 ფსიქიატრი) - აფასებდნენ ამ პაციენტებს
პოზიტიური კუთხით, უარყოფთდნენ მათთვის შეზღუდვების დაწესებას და ჰქონდათ სოციალური
დისტანციის მაჩვენებლის დაბალი დონე. (ფილმში „ბენი და ჯუნი“, სწორედ ამ ტიპის
ფსიქიატრთან გვაქვს საქმე.) 2) ისინი, რომლებიც მოკრძალებულად ახორციელებდნენ
სტიგმატიზაციას (471 ფსიქიატრი) - იყვნენ ძირითადად ახალგაზრდა ფსიქიატრები, ჰქონდათ
სოციალური დისტანციის დაბალი დონე, მაგრამ ცრურწმენების განზომილებაში აღენიშნებოდათ
მაღალი მაჩვენებელი. 3) ისინი, რომლებიც მძლავრ სტიგმატიზაციას ახდენდენ შიზოფრენიის
მქონე პაციენტებისადმი - მათ სტიგმის ოთხივე განზომილებაში მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.
ასევე, ასეთი ტიპის ფსიქიატრთა რაოდენობა ბევრად
აღემატებოდა პირველი ორის რაოდენობას - მათი რიცხვი შეადგენდა 606-ს. ასევე, ამ ტიპის ფსიქიატრებში იყვნენ ისინიც, რომლებსაც
თავად ჰყავდათ ფსიქიკური დარღვევის მქონე ოჯახის წევრი და იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც
არ ჰყავდათ მსგავსი ახლობელი. ამ კვლევით დადგინდა, რომ ფსიქიატრებს აქვთ ტენდენცია
მოახდინონ პაციენტების სტიგმატიზაცია, რაც
უარყოფითად აისახება მათი მკურნალობის ეფექტურობაზე. საკითხი საჭიროებს შემდგომ კვლევებს,
რომ დადგინდეს, რა არის ასეთი ტენდენციის მიზეზი. ეს დაგვეხმარება შიზოფრენიასთან მიმართებაში
არსებული სტიგმის შესუსტებაში.


როგორც დავინახეთ, შიზოფრენიის მქონე პირების მიმართ არსებობს ძლიერი სტიგმა, რომელსაც
ზურგს უმაგრებს ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპები და ცრურწმენები. ასევე, სტიგმატიზაციას
ახორციელებენ თავად ფსიქიატრებიც, რომლებიც
ყველაზე უკეთ არიან გათვიცნობიერებულნი თუ რა სახის დარღვევაა შიზოფრენია და როგორია
მისი სიმპტომები, ეს კი უარყოფით მაგალითს აძლევს საზოგადოებას. საკითხი მეტად
საგანგაშოა, რადგან ყველაზე მეტად ისევ შიზოფრენიის მქონე პირები ზარალდებიან: მათ
უწევთ ერთდროულად გაუმკლავდნენ როგორც ფსიქიკურ დარღვევას, ასევე, მათ მიმართ არსებულ
მძლავრ სტიგმას. ეს კი, მათი გამოჯანმრთელების ხელის შემშლელი ფაქტორია. როგორ შეიძლება
დავეხმაროთ ამ ადამიანებს და შევასუსტოთ მათი სტიგმატიზაციის პროცესი? გთავაზობთ ნაწყვეტს
პიტერ ბაირნის (Peter Byrne) სამეცნიერო ნაშრომიდან: „ ინტერვენციის დონეები (Levels of intervention; მე-5 აბზაცი) - ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაბიჯი მენტალური დარღვევების მქონე პირებისადმი არსებული სტიგმის შესუსტების პროცესში,
არის ცვლილებების შეტანა განათლების სისტემაში. მაგალითად, გატარდა „აზროვნების შეცვლის“
კამპანია, რომელმაც გარკვეული წარმატება მოიტანა. კამპანიის ფარგლებში სამედიცინო ჟურნალებს
დაევალათ, გამოექვეყნებინათ სტატიები ზოგადად მენტალური დარღვევების, ამ აშლილობების მქონე პირებისა და მათი სტიგმის შესახებ. რედაქტორებს
და სტატიის ავტორებს ევალებოდათ, რომ საკითხი რაც შეიძლებოდა დადებითი კუთხით წარმოეჩინათ
ფართო აუდიტორისაათვის. ამ მიდგომამ გაამართლა. მან გამოიწვია დისკუსია და მსჯელობა
მენტალური დარღვევებისა და სტიგმის შესახებ როგორც ელიტარულ საზოგადოებაში, ისე საშუალო
განათლების მქონე ადამიანებში. თუმცა, მხოლოდ მსგავსი ღონისძიების გატარება არაა საკმარისი
სტიგმის შესუსტებაში. აუცილებელია, რომ მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომელთა ატიტუდის
(სოციალური განწყობის) შეცვლასაც ჩვენ ვგეგმავთ. რადგან, ეს დაგვეხმარება გავიგოთ,
თუ რა არგუმენტებით ამართლებენ ისინი მათ მიერ განხორციელებულ სტიგმატიზაციას. ასეთი
ტაქტიკით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რა არის სამიზნე, რომ მიზანში მოვარტყათ. მაგალითად,
ახალგაზრდა წყვილს ფსიქიკური აშლილობების მიმართ სულ სხვა შიში და აზრი აქვთ, ვიდრე
სკოლის, თუ სხვა დაწესებულების ხელმძღვანელობას, ამიტომ მათ მიმართ სულ სხვა სტილის
ინფორმაცია უნდა მივმართოთ. ასევე, სტიგმის შესუსტების კამპანიაში დიდ დახმარების გაწევა
შეუძლიათ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს: ფსიქიატრებს, ნეიროფსიქოლოგებს და
ა.შ. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო ლექციებსა და ტრენინგებში, სადაც ადამიანებს
დაეხმარებიან, საკითხის უკეთ გაგებაში... ასევე, კიდევ ერთი გზა ფსიქიკური დარღვევების
მიმართ არსებული სტიგმის შესუსტებაში არის ის, რომ აუცილებელია ფსიქიატრიამ თავისი
რეპუტაცია გამოასწოროს... „


როგორც დავინახეთ, პიტერ ბაირნი არა მარტო შიზოფრენიის,
არამედ, ზოგადად, ფსიქიკური აშლილობების მიმართ არსებული სტიგმის შესუსტების მთავად
ქვაკუთხედად საზოგადოების ინფორმირებულობასა და განათლების სისტემაში გარკვეული ცვლილებების
შეტანას მიიჩნევს, რასაც, პირადად მე, სრულიად ვეთანხმები. როგორც ვიცით, გაუნათლებელი
ადამიანი ძალიან ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით, თუკი ეს გავლენა
საზოგადოებისგან მომდინარეობს. ამიტომ, სრულიად გონივრულად მიმაჩნია სტიგმის შესასუსტებლად
ცოდნის იარაღის გამოყენება. მაგრამ მაინც, რამდენად ეფექტურია ეს მიდგომა? ამის გასარკვევად
განვიხილოთ ნაწყვეტი კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომიდან, რომელიც ეკუთვნით პატრიკ კორიგანს,
სკოტ მორისს და მათ კოლეგებს ( Patrick W. Corrigan, Psy.D., Scott B. Morris): „გამოკვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო,
თუ რამდენად ეფექტურია ანტი-სტიგმა მიდგომები, რომლებიც მოიცავს: პროტესტს, სოციალურ
აქტივობებს, საზოგადოების ინფორმირებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებთან
კონტაქტს. მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს მენტალური ჯანმრთელობისა და პრობლემების
შესახებ არსებულ სახელმძღვანელოებს, სტატიებს, დისერტაციებს, რომლებიც დაწერილი იყო
არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ სხვა ენებზეც და გამოქვეყნებული იყო 2010 წლის ოქტომბრამდე.
მკვლევრებმა იკვლიეს ის ნაშრომები, რომლებიც ეხებოდა სტიგმას, ისეთ მენტალურ დარღვევებს,
როგორებიცაა შიზოფრენია და დეპრესია და სტიგმის შესუსტების ღონისძიებებს (მაგ; განათლება
და სტიგმატიზირებულებთან კონტაქტი). კვლევამ მოიცვა 72 ნაშრომი და 14 ქვეყნის 38,
364 წარმომადგენელი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც განათლებაში შეტანილი
ცვლილებები, ისე, ფსიქიკური აშლილობების მქონე პირებთან კონტაქტი ეფექტური საშუალებებია მოზარდებსა და მოზრდილებში სტიგმატიზაციის
ტენდენციის შესამცირებლად. ასევე, მოზრდილებში ამ ტენდენციის შესასუტებლად უფრო ეფექტური
გამოდგა კონტაქტი, ვიდრე განათლება. ხოლო, მოზრდილებისთვის საპირისპირო დამტკიცდა.
ასევე, ორივე ჯგუფისთვის მენტალური დარღვევის მქონე პირებთან პირისპირ კონტაქტი უფრო
ეფექტური იყო, ვიდრე - ვიდეოჩანაწერის ყურება. საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევები,
რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ ის მიზეზები, რაც ამ მეთოდების ეფექტურობას
უდევს საფუძვლად და რაც დაგვეხმარება, უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ სტიგმას!“

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0