x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
შფოთვითი აშლილობების კლინიკური სურათი

imageსიტყვები „შფოთვა“ და „მშფოთვარე“ გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში, თუმცა პროფესიონალებისა და მკვლევარების მიერ ტერმინი შფოთვა იხმარება იმ მღელვარების აღსაწერად, რომელიც პოტენციური საფრთხის მოახლოვებას უძღვის წინ.


ყველა ჩვენგანი განიცდის შფოთვას დრო და დრო, ეს ერთგვარი ადაპტური მექანიზმიცაა, რომელიც გვაფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შემცველი სტიმულაციის შესახებ. მაგალითად შფოთვის საშუალო დონე გამოცდისა თუ პრეზენტაციის წინ ნორმალურია. გადაჭარბებული შფოთვა წარმოადგენს შიშის გაურკვეველ, შეუპოვარ განცდას, როდესაც არ არსებობს საშიში სტიმულის შემცველი სიტუაცია. ამ ტიპის გადაჭარბებული შფოთვითი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს სპეციფიკური ობიექტებისადმი შიშმა, რასაც ეწოდება „შფოთვითი წინათგრძნობა“ (Barlow, 2002a). შფოთვითი აშლილობა მოიცავს გადაჭარბებულ შფოთვას და მუდმივ მცდელობას თავიდან აიცილოს შიშისა და მღელვარების გამომწვევი სიტუაცია. ეს ყველაფერი ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას გარემოში.


გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ხასითდება გაუკონტროლებელი მღელვარებითა და შფოთვით გარკვეული
მოვლენებისა და აქტივობების მიმართ. ეს შფოთვა უმეტესწილად მოიცავს მღელვარებას ოჯახზე, ფინანსებზე, დაავადებებზე, სამსახურზე. გენერალიზებული შოთვითი აშლილობის მქონე პაციენტები შფოთავენ თითქმის ყველაფერზე (Sanderson &
Barlow, 1990), ისინი შესაძლოა ნევრიულობდნენ მაშინაც კი, როდესაც ყვეაფერი კარგადაა, არ შესწევთ უნარი შეწყვიტონ შფოთვა, რადგან ის მთლიანად მოიცავს ცნობიერებას. (American Psychiatric Association, 2000). სიმპტომები გრძელდება მინიმუმ 6 თვე. იმის გამო, რომ სიმპტომები ქრონიკულ ხასიათს იღებს, პაციენტები შფოთვას განიხილავენ როგორც საკუთარ ნაწილს, და არა როგორც აშლილობას და პათოლოგიას. თუმცა ზოგ შემთხვევაში შფოთვას ისეთი ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ადამიანი გრძნობს მუდმივ დაღლილობას, უჭირს მოვლენებზე კონცენტრირება, აქვს ძილის დარღვევა, კუნთური დაძაბულობა და არის გაღიზიანებული.


პანიკური აშლილობა

კლინიცისტების განმარტებით, პანიკური აშლილობა ხასიათდება ხშირი, მოულოდნელი პანიკური შეტევებით, რომელსაც თან ახლავს შიში, რომ ეს შეტევა კვლავ განმეორდება. ერთი პანიკური შეტევა თავისთავად არ გულისხმობს პანიკურ აშლილობას. პანიკური აშლილობის გავრცელებული სიმპტომებია მოულოდნელი ყვირილი, პულსის აჩქარება, ჟანგბადის უკმარისობა, ოფლიანობა, გაფითრება, კანკალი, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია.


აგორაფობია

პანიკურ აშლილობას ხშირად თან ახლავს აგორაფობია - ეს არის ისეთი სიტუაციების მუდმივი არიდების მცდელობა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს პანიკური სიმპტომები. ამ მიზეზით, აგორაფობიის მქონე პაციენტები ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, საჯარო დაწესებულებებს და ა.შ. აგორაფობია შესაძლოა არსებობდეს პანიკური აშლილობის გარეშეც, თუმცა ეს იშვიათია. ეს ადამიანები მოწყვეტილნი არიან სოციალურ აქტივობებს, ურჩევნიათ მუდმივად სახლში ყოფნა, განიცდიან ურთიერობების ნაკლებობას.


სოციალური ფობია (სოციალური შფოთვითი აშლილობა)

სოციალური ფობია, რომელსაც ასევე უწოდებენ სოციალურ შფოთვით აშლილობას, არის ინტენსიური შიში საჯარო გამოსვლების და ისეთი სიტუაციების, რომელსაც შესაძლოა მოყვეს დაცინვა ან დამცირება. ასეთი სოციალური სიტუაციები მოიცავს შემთხვევებს, სადაც ადამიანი შესაძლოა განსაჯონ, მაგალითად, საჯარო გამოსვლა, ჭამა საზოგადოებრივ ადგილებში და ა.შ. სოციალური ფობიის მქონე
ადამიანები მაქსიმალურად ერიდებიან ასეთ სიტუაციებს, მაგრამ როდესაც ასეთი სიტუაციის არიდება შეუძლებელია, ისინი განიცდიან შფოთვასა და პანიკას. დამახასიათებელი სიმპტომებია ოფლიანობა, მუცლის ტკივილი, კუნთური დაძაბულობა და გულის ცემის გახშირება.


სპეციფიკური ფობია

DSM-IV-TR-ში სპეციფიკური ფობია განმარტებულია, როგორც მეტისმეტი და უმიზეზო შიში სპეციფიკური მოვლენისა თუ ობიექტის მიმართ (American Psychiatric Association, 2000). სპეციფიკური ფობიის მქონე ადამიანებმა იციან, რომ ეს შიში უმიზეზოა. ისინი გამუდმებით ცდილობენ თავიდან აიცილონ შიშის გამომწვევი სტიმული, ამისთვის კი ჭირდებათ ზედმეტი დრო და ძალისხმევა. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც აქვს ლიფტების შიში, ურჩევნია
მრავალსაფეხურიანი კიბე გაიაროს ფეხით, ვიდრე ისარგებლოს ლიფტით. სპეციფიკური ფობიების მაგალითია კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), არაქნოფობია (ობობების შიში), აკროფობია (სიმაღლის შიში) და ა.შ. DSM-ში გამოიყოფა სპეციფიკური ფობიების 5 კატეგორია: ცხოველების, ბუნებრივი გარემოს, სისხლის-ინექციის-დაზიანების, სიტუაციური და „სხვა“(American Psychiatric Association, 2000).


ობსესიურ კომპულსიური აშლილობა

ობსესიურ კომპულსიური აშლილობის დროს პიროვნებას აწუხებს აკვიატებული, მისდაუნებურად აღმოცენებული აზრი, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც მიმართავს რიტუალურ ქმედებებს. უმნიშვნელო ობსესიები შესაძლოა ყოველ ჩვენთაგანს ჰქონდეს ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში. DSM ის მიხედვით, ობესსიურ კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც ეს აზრები უმიზეზოა, იწვევს სტრესს და
ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ობსესია იწვევს შფოთვას, ხოლო კომპულსიის მიზანია შეამციროს ეს შფოთვა. ხშირ შემთხვევაში ეს აშლილობა თავს იჩენს ადრეულ მოზრდილობაში და გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. ობსესიები შესაძლოა გამოვლინდეს იმპულსების, იდეების ან კონფლიქტის სახით. კომპულსიების გავრცელებული სახეა სისუფთავის აკვიატება, ასევე წესრიგის მოთხოვნილება.


სტრესული აშლილობა

პოსტტრავმატული სტრესული აშლილობის დიაგნოზი ისმევა მაშინ,
როდესაც ადამიანები, რომლებმაც წარსულში განიცადეს ტრავმა, ხელახლა განიცდიან მას, ცდილობენ თავიდან აიცილონ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სტიმულები, და აგრეთვე აქვთ შფოთვითი სიმპტომები. ამ სიმპტომებმა შესაძლოა თავი იჩინონ
მოვლენიდან რამდენიმე კვირის ან თვეების შემდეგ. (American Psychiatric Association, 2000). მათ შესაძლოა ჰქონდეთ ილუზიები, ჰალუცინაციები, ტრავმული ეპიზოდების ფლეშბეკი, ასევე შესაძოა განიცდიდნენ დისტრესს, ძილის დარღვევას და უჭირდეთ კონცენტრაცია. მწვავე სტრესული აშლილობა ასევე ხასიათდება ტრავმატული მოვლენის ხელახლა განცდით და შფოთვითი სიმპტომებით. ისინი არიან ემოციურად გამოფიტულები, აქვთ დერეალიზაციისა და დეპერსონალიზაციის განცდა. მწვავე სტრესულ აშლილობას ასევე ახასიათებს დისოციაციური ამნეზია, რომელიც გულისხმობს ტრავმატული მოვლენების მეხსიერებიდან ამოვარდნას. ეს სიმპტომები თავს იჩენს ტრავმატული მოვლენიდან 4 კვირის შემდეგ და გრძელდება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში.


0
906
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სურმავა
თინათინ სურმავა
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0