x
image
beko777
ჩემო ახალგაზრდობავ! - 2003 წლის მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას!
image


(2003 წელი) აგერ ახლახანს, ჩვენმა ჟურნალმა არსებობის მერვე წელი მოიტოვა უკან და უკვე მერამდენედ მიწევს თქვენთვის მომართვა სიტყვით და მხოლოდ სიტყვით, ამ რვა წლის განმავლობაში!


რვა წლის უკან გაცილებით ლამაზი და იმედისმომცემი წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი, დღეს კი, მომავლის წარსულზე გადასახედიდან, საცოდავადღა ვგრძნობთ თავს, ჩვენგან დაცლილი და მივიწყებული, ქართველი მტრის საჯიჯგნად მიგდებული საქართველოს შვილები.



imageღმერთს ყოველთვის იმასა ვთხოვ ხოლმე, რომ ჩემი სიტყვა გაცილებით მეტმა წაიკითხოს, ვიდრე დღეს-თქო, მაგრამ არ გამოდის, არადა, როგორ მიმძაფრდება ხოლმე ეს სურვილი თქვენი წერილების შემდეგ, წერილების რომელსაც მე „ვარსკვლავების” ყოველი ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ, ჩემი რუბრიკის პასუხად ვღებულობ. როგორ არ დაგვიწყებიათ მოფერება, თანაგრძნობა და ბრძოლის სურვილი. სულ მინდა ხოლმე, რომ ბევრი იყოთ, ძალიან ბევრი… არადა, ხართ კიდეც, მაგრამ გამაერთიანებლის უმძიმესი ფუნქციის ჩემს თავზე აღებული ვალდებულება ძნელი შესასრულებელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩემი სიტყვა მხოლოდ იმ ადამიანებს ესმით, რომელნიც ამ ჟურნალს კითხულობენ, მოყოლებული რვა წლის უკნიდან დღემდე და დღეის ამას იქით უსასრულობაში, მე კი მინდა, რომ ეს სიტყვა იმ ახალგაზრდობამაც იკითხოს, ვინც „სარკეს” იქ გამოქვეყნებული ბულვარული მოთხრობების გულისთვის ყიდულობს, იმათაც, ვინც „ოსკარს” ზურა ხაჩიძის და დათო ხუჯაძის სუპერ-პოსტერის გულისთვის ათვალიერებს, იმათაც, ვინც დღემდე აღმერთებს „საქართველოს რესპუბლიკას” მასში გამოქვეყნებული პრეზიდენტის ორშაბათის რადიოინტერვიუს. ღმერთმანი არაფერი საწინააღმდეგო მათი არა მაქვს, მაგრამ არ იკითხავთ, რატომ მინდა მე ის, რაც ზევით ვთქვი? იმიტომ, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის გატარება არ ნიშნავს მხოლოდ „კმარას” ძახილს, მხოლოდ მომღერლების გაღმერთებას და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით წაკითხულ პრეზიდენტის სიტყვას. ამას ყვლაფერს სურვილი აკლია, სურვილი ახალგაზრდობის, მომავლის სულიერი გადარჩენისა, ხოლო იქ, სადაც სურვილი არ არის საქმეც არ გაკეთდება. ამიტომ მინდა, რომ „ვარსკვლავებს” და მასში გატარებულ ახალგაზრდულ პოლიტიკას ყველა ეცნობოდეს, ისიც ვისაც მომღერლები და მხოლოდ მათი ახალი ამბები აინტერესებს და ისიც, ვისაც საქართველოს მომავალი აღელვებს და ადარდებს. ყოველთვის, თითქმის ყველა სტატიაში ვცდილობთ, რომ რაიმე გასწავლოთ, მხოლოდ შეუმჩნევლად, ზედმეტი დავალებებისა და დამრიგებლობის გარეშე, რადგან ამას დღეს თქვენ უკვე ვეღარ იტანთ, რადგან დღეს კომპიუტერის და ინტერნეტის ხანაა, რადგან თქვენ დღეს გგონიათ, რომ ინტერნეტ კაფეებში გატარებული თქვენი ახალგაზრდობის ძვირფასი წუთები შინაარსიანად გატარებულად ჩაგეთვლებათ მომავალში, მაშინ როცა დაფიქრდებით და საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამთ – განა, როგორ გავატარე ჩემი ახალგაზრდობაო?! თავად ჩვენს მიერ დაწყებული შესანიშნავი ავტორის, შესანიშნავი მოთხრობის „სირიუსი იდუმალი სტუმარის” გამოქვეყნებაც ამ მიზეზით დავიწყეთ, რათა ისწავლოთ, მეტი ცოდნა შეიძინოთ და გაიგოთ, რომ დავით აღმაშენებელი მე-12 საუკუნეში მეფობდა და არა მე-7-ში, რომ რეზერფორდი ფიზიკოსი იყო და არა მხატვარი. ჩვენი საკონკურსო შეკითხვებიც კი, ორმაგი დატვირთვისაა ხოლმე. აბა დაუკვირდით კითხვას, რომელსაც ჩვენ ვსვამთ „საქართველოს რომელ კუთხეს ეკუთვნის გუდაუთა?” და თქვენი სწორი პასუხის შემთხვევაში ჩვენ თანახმა ვართ 7 ლარიანი ბილეთები საჩუქრად დაგირიგოთ, რათა არ დაივიწყოთ, რომ გუდაუთა საქართველოსია და არა ქართველთა და აფხაზთა ომში გამარჯვებული რუსეთის. აი, ჩვენი მიზანი, აი ჩვენი სურვილი იმისა, თუ რატომ გვინდა ყველამ იკითხოთ „ვარსკვლავები”, გვერწმუნეთ კომერციულად გამართლებადი, ბევრად უფრო ადვილი საკეთებელი, სხვა გამოცემების მფლობელებიც ვართ და რომ არა სურვილი საქართველოს ახალგაზრდობის ინტერესების გაერთიანებისა და მათი სამსახურისა, „ვარსკვლავები” არ იარსებებდა, ფულიანი ტომრების პატრონთა ღრმა საგამომცემლო ბიზნესში! ჩვენ მართლა გვაღელვებს ჩვენი (!) ბედი!!!


* * *
imageწერილები, რომელსაც თქვენ აგერ უკვე რვა წელიწადია რედაქციაში აგზავნით, ყველა შენახულია, ყველა 1996 წლიდან დღემდე, შენახულია სათუთად და დიდის რუდუნებით, როგორც განძი და ფასდაუდებელი ნივთი ინახება ხოლმე მდიდართა სკივრებში. ჩვენს სკივრში თქვენი წერილებია, რადგან სწორედ მათი პერიოდული კითხვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ხოლმე, რომ სწორ გზას ვადგავართ, მერე რა, რომ ცოტას ესმის ჩვენი, მერე რა, რომ ჩვენი სიმართლე ძალზე მწარეა, მერე რა, რომ ჩვენ ქვას გვესვრიან, ჩვენ ხომ სურვილი გვაქვს, სურვილი საქართველოს ბედნიერი მომავლისა. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში? ჩვენი შვილები ხომ იცხოვრებენ! ვერც ისინი? მათი შვილები ხომ მაინც …, ასე ყოფილა ათაბაბადან დაწყებული დღემდე! მერე რა, რომ ჩვენი სურვილი და შესაძლებლობა ერთმანეთს არ ემთხვევა, დამერწმუნეთ იმდენად ძლიერია სურვილი გამარჯვებისა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!!! თქვენ, ვინც კითხულობთ ახლა ამ წერილს, შემოგვიერთდით საკუთარი მომავლის შესაქმნელად, გავხადოთ ჩვენი სურვილი უფრო ძლიერი და წინ ვერავინ ვერ დაგვიდგება, თუ ბრძოლა არ დაგვეზარება!!!


ბესო ჩუბინიძე


image

0
13
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0