x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ერთი ხის და ერთი ორმოს ამბავი

ერთი ხის და ერთი ორმოს ამბავი

ეძღვნება დეა შაფათავას, ჩემს ჯიუტ დას, რომელიც ყველაზე მეტს იბრძოდა ჩვენს ქუჩაზე ამ ერთი ორმოს ამოსავსებად და ერთი ამაყი ხის მოჭრის საწინააღმდეგოდ

წინასიტყვაობის მაგიერ. ამას წინათ სახლში მოხუცმა ტაქსისტმა მომიყვანა. როდესაც ვუთხარი ქუჩის სახელი, მკითხა- თბილისელი ხარო? კი-მეთქი...აბა რა ერქვა შენს ქუჩას ადრეო? -არ ვიცი მეთქი, ამ ქუჩაზე სულ ექვსი წელია რაც ვცხოვრობ...აჰ...შენს ქუჩას მეზურნეების ქუჩა ერქვაო...იციო რატომ? დავინტერესდი- და იმიტომ, რომ იქ იყო დაწესებულება- სადაც გასვენებებისთვის მუსიკოსებს ქირაობდნენო...მეზურნეებს...ამიტომ ქუჩაც მეზურნეების ქუჩის სახელით იცოდნენო...დავფიქრდი. ცუდია არაა მეზურნეების ქუჩაზე ცხოვრება, მაგრამ თუ საქეიფო არა და პანაშვიდის მეზურნეები იყვნენ..?.მერე კი, როცა მიმიყვანა სახლამდე იმ მოხუცმა თბილისელმა ტაქსისტმა და ეს ორმო ვნახე, რატომღაც მომინდა, ის ბებერი მეზურნეები დამდგარიყვნენ ჩემი ქუჩის პატარა აღმართზე და ამ ერთი ორმოს თავზე, ერთი ამაყი ბებერი ხის საპატივცემულოდ, ძველი თბილისური ბაიათი ეტირათ....

(ნამდვილი ამბავი ჩემს ქუჩაზე)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, ჩვენი ქალაქი, თბილისი. იმ ქალაქში, ბევრი ლამაზი ქუჩა იყო. ლამაზი, 2-3 სართულიანი სახლებით, ლამაზი ზოგჯერ ბზარებიანი ფასადებით და ლამაზი, მოხუცი გაბზარულ გულიანი და დიდ-გულიანი ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ლამაზ სახლებში. თბილისში სულ თბილოდა, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქუჩაში სულ მზიანი ამინდი იყო, იმიტომ რომ დილა იწყებოდა დილა მშვიდობით და დღე ღამდებოდა ლამაზი სიზმრების სურვილებით. მაგრამ გავიდა დრო....თბილისის ირგვლივ ბევრი ომი გაჩაღდა...ცუდას რად უნდა მტერობა და ხან მტერი შემოვიდა, ხან ლამაზ ადამიანებს მახინჯები გამოერივნენ, ხან ვის შეშურდა ლამაზი სახლების და ადამიანების და მზიანი ამინდის და....მზე აღარ ჩნდებოდა ქალაქში...და თუ ჩნდებოდა, ხოლმე, იშვიათად, ყველას უკვირდა კარგი ამინდი და სხვების სახეზე ღიმილის დანახვა...განსაკუთრებით აღსანიშნავი გახდა მზეც, ამინდიც და ღიმილიც...განსაკუთრებით კი მშვიდობიანი დილის და ლამაზი სიზმრების სურვილები.
იმ ქალაქში, ერთ ქუჩაზე, რომელიც ყველაზე დიდ საკათედრო ტაძართან მიდის საქართველოში, მაღალი და მრავალწლიანი ხე იზრდებოდა, იმდენად მაღალი, თითქოს სურდა, სულ ეყურებინა მზისთვის და საკათედრო ტაძარს მისალმებოდა. თბილისში ბევრი მაღალი და ღრმა ფესვებიანი ხე გაიჩეხა...ქალაქი უმზეოდ მტვერში იგუდებოდა...როგორც ჩანს, მაღალმა ხემ, საკათედრო ტაძრის გზაზე, ულამაზო და უ-ფესვებ-ო ადამიანებს მოსვენება არ მისცა და ვიღაცამ გასცა ბრძანება, ტოტები დაემოკლებინათ, გადაებელათ....ლამაზ ადამიანებს რომ არ შეემჩნიათ ამ უღმერთო ბრძანების შესრულება, ხის გადაბელვა ღამე დაიწყეს უფესვებო ადამიანისგან დაღლილმა მუშებმა. ხმაურზე ამ ხის ახალგაზრდობის მომსწრე მეზობლებს გამოეღვიძათ ...ატყდა ჟრიამული. ღამის 3 საათზე. გაიღვიძეს დიდებმა და პატარებმა, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყეს ბჭობა- რატომ ჭრიდნენ მაღალ და ამაყ ხეს დაღლილი მუშები. დაღლილ მუშებს კი არ აინტერესებდათ ამაყი ხის ამბავი, ისინი ხის მოჭრაში ხელფასს იღებდნენ. მეზობლებმა იხმაურეს, გამოიძახეს პატრული, რომელმაც აუხსნა მეზობლებს, რომ ნებართვა ჰქონდათ დაღლილ მუშებს ამაყი ხის მოჭრაზე. ოღონდ მეზობლების თხოვნით, მუშებს არ ეხმაურათ, ხის მოჭრა დღეზე გადაიდო. ეცოდებოდათ მეზობლებს ხე, მაგრამ ერთი ხის გამო მერიაში წერილი არავინ დაწერა, არავუნ იპოვა უფესვებო ადამიანი, რათა მიემართათ შეწყალების თხოვნით ამაყი ხის სიცოცხლის გაგრძელებაზე...უფესვებო იყო, რა აზრი ჰქონდა - ის არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას...ხისგან მალე ჩირგვი დარჩა...ლამაზი მაღალი ხის ვერცხლისფერი ფოთლები საღამოობით აღარ ავსებდა ახლოს მდგარი სახლების ეზოებს შრიალით...აღარც ჩრდილი დარჩა მისგან...აღარც არაფერი...თუმცა...დაღლილ მუშებს მისცეს ბრძანება- ამაყ ხეს ამაყი ფესვები აქვსო და ფესვები ამოთხარეთო, თავიდან არ გაიხაროსო...ხის მოჭრის შემდეგ ღამეს მუშები მოვიდნენ ხის ფესვების ამოსაღებად. გათხარეს ორმო ხის გვერდით. ხეს ისეთი დიდი ფესვები ჰქონდა, რომ ორმოს გათხრამ არ უშველა. დაიწყეს თხრა.ღრმად....თხარეს თხარეს....ამოხეთქა წყალმა...გასკდა მიწის ქვეშ წყლის მილები- მილები ხომ ადამიანების არ არიან..ისინი, ადამიანებივით, დარტყმას ვერ ითმენენ- იმტვრევიან...გასკდა მილები და წამოვიდა წყალი...შური იძიეს მილებმა მეგობარი ამაყი ხის მოჭრაზე, როგორც შეძლეს. ორმოს გათხრის დროს ხმაურზე ისევ შეგროვდნენ მეზობლები. ისევ გამოიძახეს პატრული, ისევ აუხსნა პატრულმა მეზობლებს, რომ ბრძანება ჰქონდათ დაღლილ მუშებს ორმოს გათხრაზე და რომ ორ დღეში ორმოს დაფარავდნენ და ქუჩის ზედაპირს გაასწორებდნენ...იმ ქუჩის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ საკათედრო ტაძართან მიდის...მოვიდა მეორე დღე...მესამე...ამინდმა სოლიდარობა გამოუცხადა ამაყ ხეს და მილებს და გათოვდა. გაიყინა მიწა. ორმოს გათხრა გართულდა. მილებიდან კი წყალი იღვრებოდა...დაღლილი მუშები უფრო დაიღალნენ, მაგრამ ეს მათი სამსახური იყო, ამიტომ დაუღალავად ყოველ ღამე მოდიოდნენ დათქმულ თორმეტ საათზე და დილის ექვს საათამდე აყრუებდნენ არემარეს მილებზე ბრახუნით, ორმოს გათხრით და ამოვსებით....მოიტანეს ქვები...ყრიდნენ ამ ორმოში ქვებს ღამე, მეორე ღამე კი იღებდნენ...ტაძრამდე მისასვლელი გზა დაიმტვერა, ოყრო-ბოყრო გახდა...გართულდა მანქანების მოძრაობა, თუმცა ხალხი მაინც, ფეხით ადი-ჩამოდიოდა იმ გზაზე...რადგან ის გზა, ტაძრამდე მიდიოდა...ყველაზე დიდ საკათედრო ტაძრმადე საქართველოში...
გავიდა 3 თვე. ხე აღარ არის. გზა ისევ ამოთხრილია. ორმოს ისევ იღებენ და ისევ ავსებენ ქვებით და მიწით დაღლილი მუშები. ვიღაც უჩინარი უ-ფესვებ-ო ადამიანის ბრძანებას ასრულებენ, პარტიზანულ ბრძანებას, არ დააძინონ მოხუცი მეზობლები, პატარა ბავშვები, ტაძრამდე მისასვლელი გზის დასამახინჯებლად....ღამე ქუჩაზე ხმაურია, დღე კი უსწორმასწორო ზედაპირი, როგორც შრამი, ამახინჯებს ბებერ ქუჩას...ვიღაცა უცნობი დივერსანტი ცდილობს, გაამწაროს ადამიანები და ყველაზე მარტივ მეთოდს სისტემატურად მიმართავს. ქუჩაზე კი ბრძენი ქალაქელები ცხოვრობენ...დღისით დადგებიან, დახედავენ დაფარულ ორმოს, თავს დაიქნევენ, ფიქრობენ- ვისი ბრძანება შეიძლება იყოს ეს- ძველი თუ ახალი ჩინოვნიკების...მტვერი შედის სახლებში და ლამაზ ქუჩაზე, ლამაზ სახლებში მცხოვრები ბრძენი ადამიანები კი დაუღალავად აბრუნებენ მტვერს ქუჩაში, ნაგავში ყრიან, ანადგურებენ....ისევე სისტემატურად, როგორც სისტემატურად ითხრება ორმო და იფარება, ყოველ-დღე...ფიქრობენ ეს ბრძენი ადამიანები, იმიტომ რომ სულ მალე ისევ არჩევნებია.....მიდის პლაკატებით აგიტაცია და პროპაგანდა, არიქა მე ვჯობივარ და არიქა მეო- დგანან პლაკატებზე უ-ფესვებ-ო ადამიანები.....მეც იმ ქუჩაზე ვცხოვრობ, მეც ღამე ქუჩაში გავდიოდი, როდესაც ხის მოჭრით დაიწყო ერთი ორმოს ამბავი. მეც ძალიან ვეჩხუბე მუშებს და ვუსმინე პატრულს...მერე მეც მომბეზრდა და ისედაც დაღლილი მუშებიც და პატრულიც, რომლებიც უცნობი უ-ფესვებ-ო ადამიანების ბრძანებებს ასრულებენ, იმიტომ რომ მათ ამაში უხდიან ხელფასს, ეს ხომ მათი სამსახურია- მორჩილება, დამორჩილება...სხვა ადამიანების იმ ჩარჩოში მოქცევა, რომელსაც კანონი ჰქვია, თუნდ მკივანა უკანონობა სრულდებოდეს- უფესვებო ადამიანების უფესვებო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა.....უკვე მეც, როგორც ყველა სხვა მეზობელი, შევეჩვიე, ორმოს გაუთავებელ ამოთხრას, როგორც აბულაძის ფილმში იყო- მაინც ამოვთხრიო, იმას დამესგავსა ტაძრამდე მისასვლელი გზის ორმოს ამბავი და ლამაზ სახლებში ორმოთი მოტანილი სიბინძურის უკან გაბრუნების ამბავი.....დაღლილი მუშები მაინც მოდიან და იმ ღამეს, როცა ისინი ორმოს თავს ხდიან, გარშემო არავის სძინავს მძიმე ექსკავატორის ხმაურისგან...და იმ დროს არავის ახსოვს ორმო...ყველას ისევ მაღალი და ამაყი ხის შრილია ახსენდება...დილის ექვს საათზე სამუშაოები წყდება და ორმოც იძინებს და ადამიანებიც..
ოღონდ ეს ადამიანები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ, დღისით შეკრების დროს ბჭობისას- აქეთ ერთი პარტიის დროშა კიდია ერთნიშნა ციფრით, იქით- მეორე დროშა, ორნიშნათი- წავიდნენ არჩვენებზე თუ არა. წინა არჩევნებამდე დიდი დებატები იყო ...ახლა კი...ბებერ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები, ლამაზი სახლების ლამაზი მაცხოვრებლები, მიხვდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს არც პარტიას, არც ნომერს, არც იმას, ვისაც ვირჩევთ. იმიტომ რომ არჩევისას, ჩვენს არჩევანს არ ვაკეთებთ, არჩევისას ჩვენ მახრჩობელას და გილიოტინას შორის ვირჩევთ, რომელიც ასეთ ერთ ორმოდ იქცევა. ვირჩევთ იმას, ვისაც ფესვები მოჭრილი აქვს და ეშინია, ძველი ფესვების და ძველ ფესვებზე ამოსული ახალი ამაყი ხეების...ლამაზი ადამიანები მიხვდნენ: ამ ამაყი ხის და ერთი ორმოს ამბავმა მიახვედრათ, რომ ვინც არ უნდა ავირჩიოთ, ეს სულ ერთია. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და არ დავერიოთ არც დაღლილ მუშებს, არც პატრულს, რომლებიც უფესვებო ადამიანებსი ბრძანებას ასრულებენ.... ის დაღლილი მუშებიც, ის დაღლილი პატრულიც, ისიც, ვინც ბრძანება დაბეჭდა და ისიც, ვისაც არ სძინავს ამ ბრძანების გამო. იციან, რომ დიდი და ღრმა ფესვებიანი ხე უკვე სადღაც, ვიღაცის ღუმელში ფერფლი გახდა, ხოლო ორმო, რომელიც ამ ამაყი ხის ფესვების მოსასპობად ამოითხარა, ჯერ კიდევ ორმოა და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ორმო. ეს ლამაზი ადამიანები, აქეთ იქით პარტიებს რომ ქომაგობდნენ, ამაყი ხის მოჭრამ გააერთიანა. იმ ფესვებმა, რომელიც საბოლოოდ, მიწის ქვეშ ისე დაიმალა, რომ 3 თვე გათხრის სამუშაოებმაც ვერ იპოვა და ვერ ამოიღო ბოლომდე. ხე მოიჭრა, ფესვები კი დარჩა. და ამიტომ ამ ადამიანებს აქვთ იმედი, რომ ის ფესვები ოდესღაც ისეთივე ამაყ ხეს გაზრდის, როგორიც ამ ფესვებზე იდგა. და რომ ახალი ხეც გახდება მაღალი და ამაყი, ააშრიალებს თავის ფოთლებს და მიესალმება ყველაზე დიდ საკათედრო ტაძარს საქართველოში, ბებერი ქუჩიდან ლამაზი სახლებით, რომლებშიც ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც გაიგეს აზრი – სიყვარულის და ერთიანობის. მთავარი აზრი, რომ უ-ფესვებ-ო ადამიანების არ უნდა გვჯეროდეს და არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს უფესვებო ადამიანების დაპირისპირების გამო...ჩვენ ხომ ამაყი ხე გვახსოვს და ფესვების იმედიც გვაქვს...და ვერც ერთი ხის მოჭრა, ვერც ერთი ორმო, ვერც ერთი არაჩევნები ამ ადამიანებს ამ ერთიან სულისკვეთებას ვერ დააკარგვინებს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ორმო – ვინც არ უნდა თხრიდეს მას - მათში განხეთქილების დაწყების მიზანს ატარებს. ამიტომ აღარ აქცევენ ყურადღებას არც ღამე დაღლილი მუშების ხმაურს, არც უსწორმასწორო ზედაპირს ქუჩისას, რომელისც ტაძრამდე მიდის...იმიტომ რომ იციან- ზედაპირი არაფერს ნიშნავს და ორმო, სხვა არაფერია, რაც სიცარიელე, რომელიც ვერასოდეს ვერ ჩავა ისე ღრმად, ძალიან ღრმად, სადაც ძველი ამაყი და მაღალი იმ ხის ფესვებია, რომელიც ყოველდღე ესალმებოდა ქვეყნის ყველაზე დიდ საკათედრო ტაძარს. იმიტომ რომ იციან, იმ ფესვებზე, ადრე თუ გვიან, ისევ ისეთივე მაღალი და ამაყი ხე გაიზრდება, მთავარი კი- ფესვები და ერთმანეთის სიყვარულია!

იუნა შაფათავა
3 მაისი2014



















0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:yuna
yuna
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0