x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
გემბლინგი-ფსიქოლოგიური ნარკოტიკი
გასულ წლებში თუ საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ნარკომანია იყო, დღეს იგი გემბლინგით შეიცვალა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ნარკოტიკს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ადამიანი სათამაშო ბიზნესით დაინტერესდა და მყარად მოიკიდა ფეხი ამ სფეროში. სათამაშო ბიზნესს ბევრ ქვეყანაში კანონი არეგულირებს. მსოფლიო შემოსავლის არცთუ უმნიშვნელო წილი აზარტული თამაშების ბიზნესზე მოდის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესი დამღუპველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსათვის.

გემბლინგი, იგივე ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა, რომელსაც ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს. ადამიანი კარგავს საკუთარი თავის კონტროლს, გადადის სულ სხვა სამყაროში და მხოლოდ იმას ფიქრობს როგორ იშოვოს ფული, რათა ითამაშოს. გემბლინგი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა იმ დაავადებათაგან, რომლებიც დღეს არსებობს. ეს ფსიქოლოგიური ნარკოტიკი ისევე ვნებს ადამიანს როგორც, ვთქვათ, მარიხუანა ან კოკაინი, შეიძლება მეტადაც კი. იგი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკას, არამედ მის სულიერებასაც, რადგან აზარტული თამაშები ძალიან შორსაა ეკლესიისგან. სამღვდელოებამ არა ერთხელ გააკეთა კომენტარი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, თუმცა, საზოგადოება იმდენადაა ჩათრეული ამ "ეშმაკის მექანიზმით", რომ ყველაფერი ამაოა და ამიტომაც გემბლინგით დაავადებულთა რიცხვი წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. ცხადია, რომ მის წინააღმდეგ გარდაუვალი ბრძოლაა საჭირო!

მოთამაშეების საშუალო ასაკი 35 წელია, მაგრამ დღესდღეობით ამ სენით დაავადებულნი უფრო ახალგაზრდებიც არიან. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ის არის, რომ გენბლერების სიაში არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახებზეც კი უარს ამბობენ, რათა ითამაშონ. თამაში ზოგისთვის გართობაა, ზოგისთვის კი ფულის შოვნის ერთადერთი გზა, რომელსაც ბოლოს მაინც გაკოტრებამდე მიყავხარ.

საქარველოში უამრავი კაზინო, ტოტალიზატორი თუ პოკერ-კლუბია, განსაკუთრებით კი თბილისში. მათი აქტიური სტუმრები უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, როგორ იღუპავენ საკუთარ თავს და საბოლოოდ გემბლინგით ავადდებიან. საინტერესოა, რამ გამოიწვია აზარტული თამაშებით ხალხის ასეთმა დაინტერესებამ, როცა არსებობს უფრო სხვა და საინტერესო გასართობებიც? ყველასთვის კარგად ცნობილი კი, კაზინო "აჭარაა", რომელიც დიდი ხანია არსებობს, და ვინ იცის, რამდენი ოჯახი დაანგრია და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


სტატისტიკური მონაცემებით კაზინო "აჭარაში" დღეში საშუალოდ 1000-1500 ადამიანი შედის, შაბათ-კვირას კი გაცილებით მეტი. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ როგორ იღუპავენ თავს და გემბლინგის მსხვერპლნი ხდებიან. მათ წარმოდგენაც არ აქვთ რა ელით, რის გამო ამბობენ უარს ნათელ მომავალზე და არც ის იციან, რომ საუბედუროდ, ლუდომანია უკურნებელ სენად არის მიჩნეული.

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო რაიმე ზომებს მიიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში წლიური ლიცენზიის გადასახადი 5 მილიონი ლარია. სათამაშო ბიზნესი მომგებიანია ტურისტული თვალსაზრისითაც, რადგან მეზობელ ქვეყნებში სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, მოთამაშეები იძულებულნი ხდებიან საქართველოში ჩამოვიდნენ, ეს კი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ძალიან ესაჭირეობა საქართველოს და ალბათ, ამიტომაც არ კრძალავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს, ჯერჯერობით მაინც.

ცნობილია, რომ აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის. გემბლინგი იწვევს ადამიანის ფსიქოლოგიურად განარკომანებას, რომელიც ვერასდროს შეძლებს დააღწიოს თავი ამ სენს, რადგან როგორც ექიმები ამბობენ, ამ დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც ფსიქოლოგიურად დაზიანებულია ვერ შეცვლი. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს უჭირთ თავის დანებება აზარტულ თამაშებზე, ჩვენ კი გვიკვირს და სალანძღავ სიტყვებსაც არ ვიშურებთ მათ მიმართ. კი არ ვთხოვთ მათ თამაშზე თავის დანებებას, არამედ მოვითხოვთ ამას და ვერც კი ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ამაოა და არანაირ თხოვნასა და მოთხოვნას აზრი არ აქვს, თუ თვითონ მოთამაშემ არ მოთხოვა საკუთარ თავს, ეს კი თითქმის შეუძლებელია.

გემბლინგის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. ეს სენი ელვის სისწრაფით მოედო დედამიწას და რაც დრო გადის უფროდაუფრო ვრცელდება. სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათი უმეტესობა კი გემბლინგითაა დაავადებული. ისინი, ვინც ცოტათი მაინც ხვდებიან რამხელა საფრთხეში იგდებენ თავს, უნდათ, რომ თამაშს თავი დაანებონ, თუმცა საბოლოოდ, მაინც ვერ ახერხებენ და სხვადასხვანაირად ცდილობენ თავის შეკავებას. ერთ-ერთი მოთამაშე ამბობს: "ექვსი წელია უკვე დიდი თამაში აღარ მითამაშია, მაგრამ აპარატებით ვთამაშობ და შეიძლება ითქვას, რომ ამით სურვილს ვიკლავ და ჩემს დოზა "ფსიქოლოგიურ ნარკოტიკს" ვიღებ."

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ამ საკითხზე დამეწერა, იყო ის, რომ ძალიან მაწუხებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ფსიქოლოგიური ნარკოტიკის მსხვერპლნი არიან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რომელბსაც წარმოდგენაც არ აქვთ რა ელით მომავალში. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარიც დადის კაზინოში. თავიდან იშვიათად თუ დადიოდნენ და პატარა ფულზე ითამაშებდნენ, ახლა კი რამდენიმე ისე შეეჩვია თამაშს, თითქმის ყოველ დღე კაზინოს სტუმრები არიან. მას შემდეგ, რაც თამაშს გაუგეს გემო, თითქოს, ხასიათიც გამოეცვალათ. არც კი რცხვენიათ დარეკვა და თხოვნა-აჭარაზე ხუთი ლარი ჩამირიცხე და ხვალ დაგიბრუნებო. საბოლოოდ, არც ის ხუთი ლარი ბრუნდება და რამდენიმე დღეში ისევ იგივე მეორდება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ისინიც გემბლინგის მსხვერპლნი გახდებიან, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, რეალურად ეს ასეა.

ადრე მეც ვფიქრობდი, რომ თამაშზე თავის დანებება შესაძლებელია, თუ ადამიანმა მოინდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დოსტოევსკის "მოთამაშე" წავიკითხე აზრი შემეცვალა. მწერალს ისე ნათლად აქვს დახატული მოთამაშის სახე და მისწრაფება რულეტკის მიმართ, დავრწმუნდი, რომ თამაში ერთადერთი რამ არის, რომელსაც თუ დაიწყებ ვერასოდეს დააღწევ თავს.

დღესდღეობით ძალიან ბევრი უმუშევარი ცხოვრობს საქართველოში. მათ არ იციან რაში დახარჯონ თავისუფალი დრო და ამიტომაც უნებურად გემბლინგის მსხვერპლნი ხდებიან. ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება ხელისუფლებამ მიიღოს კანონი აზარტული თამაშების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოსთვის მომგებიანია, რადგან იმდენად გავრცელდა ეს ფსიქოლოგიური ნარკოტიკი, გემბლინგი მასობრივი სენი გახდა და, სამწუხაროდ, ამ სენით დაავადებულთა უმეტესობას ახალგაზრდები შეადგენენ. მართალია, ეს ყველაფერი უცებ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა შევეცადოთ და შთავაგონოთ ადამიანებს, რომ აზარტული თამაშები დამღუპველია მათი მომავლისათვის.imageimage

0
2372
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო კეკელია
ნინო კეკელია
2372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0