x
image
ჟანა გოგინაშვილი
ვინ აუკრძალა პირსინგის ტარება გვანცა ჯაფარიძეს

imageსვირინგები იმდენად მიყვარს, შემიძლია, უსასრულოდ გავიკეთო", - მითხრა გვანცა ჯაფარიძემ, რომელმაც ორი თვის წინ, კისერზე მიკროფონი დაიხატა. გვანცა საკუთარ იმიჯსა და კარიერულ სიახლეებზე გვესაუბრა.
- ბავშვობის ასაკთან შედარებით, ძალზე შეცვლილი ვარ. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში დავიხვეწე და გემოვნება ჩამომიყალიბდა. თავისუფალი ჩაცმის სტილს ვანიჭებ უპირატესობას. არ მიყვარს ბრჭყვიალა სამოსი და ზედმეტად გაპრანჭულად სიარული. სადა ჩაცმულობა მომწონს. ვფიქრობ, იმ საზოგადოებას, სადაც მიდიხარ, შენი სამოსით პატივი უნდა სცე. კონცერტზე დახეული ჯინსით არასდროს მივალ.

- თმის ვარცხნილობას ხშირად იცვლი?
- ბავშვობიდან გრძელი თმა მქონდა და ვერასდროს წარმომედგინა, თუ ოდესმე შევიჭრიდი, თანაც - ასე მოკლედ, მაგრამ ბოლო დროს იმდენად ამომივიდა ყელში, რომ თავის გადაპარსვაზეც ვფიქრობდი. ჩემი გადაწყვეტილება მეგობრებმა გააპროტესტეს. სიმართლე გითხრათ, შეჭრის დროს მეგონა, ხელს მაჭრიდნენ. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ - არ ველოდი, მოკლე ვარცხნილობას ასე კარგად თუ მოვირგებდი.

- თმას ხშირად იღებავ?
- არა. თმას ყოველთვის ვუფრთხილდებოდი. მხოლოდ მელირებას თუ გავიკეთებდი, ისიც - დაქალის დედის ნარჩენი საღებავით (იცინის). პირველ კურსზე ვიყავი, როცა თმის ფერი პირველად შევიცვალე, სპილენძისფრად შევიღებე და სხვათა შორის, ყველას მაგრად მოეწონა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
- სახლიდან გასვლისას მაკიაჟს აუცილებლად ვიკეთებ, სხვანაირად არ შემიძლია. სადად ვიღებები: ტუშს და ტუჩის კონტურს ვისვამ. ჩემი სახის კანს ჯერჯერობით, არანაირი კრემი არ სჭირდება. თუ ღია ფერის სამოსი მაცვია, მკვეთრ მაკიაჟს არ გავიკეთებ.

- აქსესუარები გიყვარს?
- კი, ძალიან. არ არსებობს, სახლიდან ისე გავიდე, ყელსაბამი ან ბეჭედი არ გავიკეთო. ბავშვობაში გრძელი საყურეები მიყვარდა და სკოლაშიც მეკეთა ხოლმე. ჰოდა, ამის გამო კლასელები დამცინოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, საყურეების სიგრძემ დამოკლება დაიწყო (იღიმის). გამორჩეულად ყელსაბამები მიყვარს.

- პირსინგი ან სვირინგი გაქვს?
- პირსინგები მიყვარს. ერთხელ მე და ჩემს ბიძაშვილს მოგვინდა, ცხვირი გაგვეხვრიტა და სალონში წავედით. შინ დაბრუნებულები ვცდილობდით, პირსინგი "ჩოლკით" დაგვემალა. დამეთანხმებით, ცხვირის დამალვა ძნელია და ეს ამბავი მალევე შეიტყვეს მშობლებმა. რაღაც პერიოდის შემდეგ სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული და იქ მომთხოვეს, პირსინგი მომეხსნა. ცხვირი მალე შემიხორცდა და ახლა ამის გამო გული მწყდება. იმედია, მომავალში ისევ გავიკეთებ, რადგან მიხდებოდა... ორი თვეა, რაც სვირინგი გავიკეთე. სვირინგები იმდენად მიყვარს, შემიძლია, უსასრულოდ გავიკეთო. ჩემს ცხოვრებასთან ასოცირებული - ნოტებით გარშემორტყმული მიკროფონი დავიხატე კისერზე. მომავალში კიდევ გავიკეთებ სვირინგს.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?
- ღია ფერები მიზიდავს. ადრე რატომღაც, სულ შავი სამოსით დავდიოდი, ახლა კი ფერადს ვანიჭებ უპირატესობას. ყვითელი, ლურჯი, მწვანე - ჩემი საყვარელი ფერებია. ვერ ვიტან ვარდისფერს.

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამ?
- ადრე, როდესაც ვმოდელობდი, "მაღლები" ხშირად მეცვა. უნივერსიტეტშიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, ახლა კი "დაბლებს" ვანიჭებ უპირატესობას.

- იმისთვის, რომ კარგად იმღერო, ალბათ მნიშვნელოვანია სასცენო სამოსში თავი კომფორტულად იგრძნო, არა?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "საქართველოს ვარსკვლავში" რამდენჯერმე გავაპროტესტე, - ამას ვერ

ჩავიცვამ-მეთქი. საბედნიეროდ, კარგი დიზაინერი გვყავდა და ყველანაირად ცდილობდა, თავი კარგად გვეგრძნო. იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი მიჭერს, კარგად ნამდვილად ვერ ვიმღერებ.

- შენი დის ტანსაცმელს ხშირად იცვამ?
- კი, საკმაოდ ხშირად. ჩვენ თითქმის ერთნაირი აღნაგობა გვაქვს. ჩემს დას - ანას ჰქონდა ასეთი ჩვევა: რაიმე ახალს რომ ვიყიდდი, უნდოდა, პირველად მას ჩაეცვა. ჰოდა, ამის გამო სულ ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვებუტებოდით, საბოლოოდ კი დედის წყალობით ვრიგდებოდით.

- თუ ვარჯიშობ?
- ახლა მინდა, სირბილი დავიწყო. როგორც იცით, მძლეოსნობის ფედერაციაში ვმუშაობ და იქ ვახერხებდი ხოლმე ვარჯიშს. ველოსიპედითაც ხშირად დავდივარ.

- კარიერაში რაიმე სიახლე თუ გაქვს?
- უახლოეს მომავალში, ერთ-ერთ კლუბში ვოკალურ-ქორეოგრაფიული შოუ დაიწყება და მასში მონაწილეობას მეც მივიღებ. მიხარია, ისევ ბენდთან ერთად რომ მომიწევს მუშაობა. ადამიანების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ამა თუ იმ კონკურსის დამთავრების შემდეგ სახლში სხდებიან.

- შეყვარებულს ხომ არ შეურიგდი?
- არა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა! პირად ცხოვრებაში ახალი არაფერია. ეს თემა ჯერჯერობით, დახურული გახლავთ.


0
86
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0