x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134668
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
არავერბალური კომუნიკაციის ბაზისური არხები

ინტერპერსონალურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ფუნქციონირება. ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია, რომელიც ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა, თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციის არავერბალური სახეს, რომლის დროსაც ინფორმაცია გადაიცემა არა მეტყველებით, არამედ სხეულის ენით . კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში წინ უსწრებდა ვერბალურს. ენის წარმოშობამდე ადამიანები ურთიერთობდნენ ჟესტების, გამომეტყველების, ყვირილის და შეხების მეშვეობით. იგივე კანონზომიერება აღინიშნება ადამიანის განვითარების პროცესშიც. ლაპარაკზე ბევრად უფრო ადრე ბავშვი თავის სურვილებსა და წუხილს ტირილის, სიცილის თუ შეხების მეშვეობით გადმოგვცემს.
1. არავერბალური კომუნიკაცია
გრძნობები გადმოიცემა არავერბალური კომუნიკაციის მეშვეობით. ინტერპერსონალური ურთიერთობების ნახევარზე მეტი ხორციელდება არავერბალური კომუნიკაციით. არავერბალური კომუნიკაცია ფართოდაა ცნობილი სხეულის ენის სახელწოდებით.
სხეულის ენის შესწავლა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, სიტყვებით შესაძლებელია ფაქტების გადმოცემა, მაგრამ გრძნობების გამოსახატავად მხოლოდ სიტყვები არ კმარა. გრძნობები, რომლის გამოხატვაც ვერ ხერხდება ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით, გადაეცემა არავერბალურ ენას. მეორეც, არავერბალური ენის ცოდნა მიგვანიშნებს, რამდენად შეგვიძლია საკუთარი თავის ფლობა. თუ მოსაუბრე ვერ ახერხებს რისხვასთან, გამკლავებას, ის უმატებს ხმის ტონს, იქცევა გამომწვევად. სხეულის ენა გვეხმარება გავიგოთ, თუ რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე რეალურად. და ბოლოს - არავერბალური კომუნიკაციის განსაკუთრებული ღირებულებაა, მისი არაცნობიერად გამოვლინება. ადამიანები ცდილობენ აკონტროლონ საკუთარი სიტყვები, თუმცა მათი მიმიკა, ჟესტიკულაცია და ხმის ინტონაცია გასცემთ მათ.
მწერალი ფიუსტი ყვება 15 წლის პუერტო-რიკოელ გოგონაზე, რომელიც გამოიჭირეს სკოლის მწეველ გოგონათა ჯგუფში. სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა მისი დასჯა. დირექტორის ყურადღება მიიპყრო მისმა საეჭვო ქცევამ: გოგონა საუბრისას თვალებში მას არ უყურებდა. დირექტორმა იფიქრა, რომ ეს დანაშაულის გრძნობის გამომხატველი იყო. თუმცა, ესპანური ენის მასწავლებელმა აუხსნა დირექტორს, რომ პუერტო-რიკოში თავაზიანი გოგონა არასოდეს უყურებს უფროსს თვალებში, რასც პატივისცემისა და მორჩილების გამოხატულებაა. ეს შემთხვევა ნათელს ხდის, რომ არავერბალური კომუნიკაცია სხვადასხვანაირად გაიგება სხვადასხვა კულტურაში.
ამავე დროს, კვლევებით დასტურდება, რომ ქალები უკეთ იგებენ არავერბალურ მანიშნებლებს, უკეთ გადმოსცემენ გრძნობებს. არავერბალური კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლასა და გავარჯიშებას ექვემდებარება და სიზუსტე არავერბალურ ურთიერთობაში იზრდება ასაკისა და გამოცდილების შედეგად.
1.1.1 სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება გრძნობების მთავარი მაჩვენებელია. ისეთი პოზიტიური ემოციები, როგორიცაა ბედნიერება, სიყვარული, შედარებით ადვილად აღიქმება, ხოლო რთულად აღქმადია უარყოფითი ემოციები - მწუხარება, განრისხება. ჩვეულებრივ ეს ემოციები მიმიკასთან ასოცირდებიან:
• გაკვირვება - აწეული წარბები, ფართოდ გახელილი თვალები, ტუჩის ბოლოები ჩამოწეული.
• შიში - ფართოდ გახელილი თვალები, ტუჩის კუთხეები ჩამოშვებული და ოდნავ უკან გადაწეული, შესაძლოაღია პირი.
• რისხვა - ქვემოთ ჩამოწეული წარბები, გამოკვეთილი შუბლის ნაოჭები, დაშვებული თვალები, ტუჩები მოკუმული, კბილები ერთმანეთზე მიჯრილი და შეკუმშული.
• ზიზღი - ქვემოთ ჩამოწელი წარბები, შეჭმუხნული ცხვირი, ოდნავ მაღლა აწეული ზედა ტუჩი.
• მწუხარება - ჩამქრალი თვალები, ჩამოწეული ტუჩის კუთხეები
• ბედნიერება - მშვიდი თვალები, ჩამოწეული ტუჩის კუთხეები და ამასთანავე ოდნავ უკან გადაწეული.
მხატვრებისა და ფოტოგრაფებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანის სახე ასიმეტრიულია, შესაძლოა სახის მარჯვენა და მარცხენა მხარემ ემოციები სხვადასხვანაირად გამოხატოს. კვლევებით დასტურდება, რომ სახის მარჯვენა და მარცხენა მხარე ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროს მიერ კონტროლდება. მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს მეტყველებას და ინტელექტუალურ საქმიანობას, ხოლო მარჯვენა მართავს ემოციებსა და სენსორულ ქმედებებს. დადებითი ემოციები მეტნაკლებად თანაბრად აისახება სახის ორივე ნაწილში, ხოლო უარყოფითი ემოციები უფრო მკაფიოდ ვლინდება სახის მარცხენა მხარეს. იმისთვის რომ ემოციები აღიწეროს, საჭიროა განვიხილოთ გამომეტყველების თითოეული ნიუანსი.
1.1.2თვალებით კონტაქტი
თვალებით კონტაქტი არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი მნიშვნელობა ცვალებადია კონტექსტის მიხედვით. თვალებით კონტაქტი მიუთითებს დაინტერესებაზე, მოწონებაზე, ან პირიქით თვალის არიდება ინტერპრეტირებულია, როგორც დაინტერესების არ ქონა. თვალებში განუწყვეტლივ ყურება შესაძლოა უხერხულ სიტუაცის ქმნიდეს, სწორედ ამიტომ მოსაუბრე და მსმენელი, როგორც წესი, ერთმანეთს 10 წამზე დიდ ხანს არ უყურებენ თვალებში. უშუალოდ საუბრისას მოსაუბრე სხვადასხვა მხარეს იყურება, ხოლო საუბრის დასრულებისას პირდაპირ თვალებში გვიყურებს, თითქოს გვატყობინებს, რომ მან თავისი სათქმელი დაასრულა და ახლა ჩვენი ჯერია. ვიზუალური კონტაქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საუბრის კონტროლის საშუალება. აღსანიშნავია, რომ თვალებით კონტაქტის კონკრეტული ასპექტები დამოკიდებულია ურთიერთობის ხასიათზე, მაგალითად, ჩვენ უფრო დიდხანს ვუყურებთ მათ, ვინც იწვევს აღფრთოვანებას, ან ვისთანაც ახლო ურთიერთობა გვაქვს.
1.1.3.ინტონაცია და ხმის ტემბრი მოსმენის უნარის მქონე ადამიანი იგებს იმაზე მეტს, ვიდრე მოსაუბრის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. ის უსმენს და აფასებს ხმის ტონს, საუბრის სისწრაფეს, ვარიაციებს ფრაზებს შორის, ამჩნევს პაუზებს მეტყველებაში. ეს ყველაფერი სახის მიმიკასთან ერთად, გვეხმარება უკეთ გავიგოთ კომუნიკაციის მნიშვნელობა. გრძნობები სიტყვის მნიშვნელობისგან დამოუკიდებელია. ხმის სიძლიერე და სიმაღლე აგრეთვე გამოსადეგი ელემენტია მოსაუბრის გზავნილის გასაგებად. რამდენიმე გრძნობა, მაგალითად ბრაზი და სიხარული გადმოიცემა მაღალ ხმაზე, ხოლო ისეთი გრძნობები, როგორიცაა სევდა და დაღლილობა, გადმოიცემა რბილი, დაბალი ხმით და ინტონაციით. საუბრის სისწრაფე გამოხატავს თანამოსაუბრის გრძნობებს. სწრაფად ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც არიან აღელვებულნი ან გადმოსცემენ პირად გრძნობებსა და განცდებს. ის, ვინც ცდილობს დაგვარწმუნოს და გავლენა მოახდინოს, საუბრობს სწრაფად. ხალხი უნებლიედ ამჟღავნებს საკუთარ გრძნობებს და განზრახვებს საუბარში ისეთი შეცდომებით, როგორიცაა სიტყვების გამეორება, მათი არასწორად შერჩევა, ფრაზების გაწყვეტა. ხშირად შეცდომები საუბრისას იმის მაჩვენებელია, რომ მოსაუბრე ნერვიულობს ან ცდილობს მოგვატყუოს.
1.1.4.პოზა და ჟესტი. ადამიანის გრძნობებზე შესაძლოა მეტყველებდეს მისი დგომის ან ჯდომის მანერა, პოზა, ჟესტიკულაცია და მოძრაობები. როდესაც ადამიანი საუბრისას ჩვენსკენ იხრება, ეს პოზა მიუთითებს დაინტერესებაზე. საუბრისას ნაკლებად კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როცა მსმენელი უკან გადახრილია. დახრილობა, რომელშიც მოსაუბრე თავს კარგად გრძნობს, დამოკიდებულია სიტუაციის შინაარსზე, მოსაუბრეთა მდებარეობაზე და კულტურულ დონეზე. დგომის მანერაში არის კულტურული და გენდერული განსხვავებები. ბევრი ჟესტისა და პოზის მნიშვნელობა მკაფიოდ განსაზღვრულია. მაგალითად გადაჯვარედინებული ხელები ან ფეხები ხშირად მიუთითებს სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე, თავდაცვაზე. მაშინ როდესაც გახსნილი ხელები მიგვანიშნებს ღიაობაზე. ხელების ნიკაპთან მიტანა ჩაფიქრების მაჩვენებელია. ხელების თავს უკან შემოწყობა უპირატესობის მანიშნებელია. საუბრისას თავის დაქნევა, ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, რომელიც ანიშნებს მოსაუბრეს, რომ განაგრძოს ლაპარაკი. თავის დაქნევა დადებითად მოქმედებს მოსაუბრეზე ჯგუფური საუბრის დროსაც. ამიტომ ის ხშირად მისკენ მიმართავს საუბარს, ვინც უქნევს თავს.
დასკვნა:
ჩვენ შევძლებთ სხეულის ენის ზუსტ და სწორ გაგებას იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტს, ასევე თანამოსაუბრის სოციალურ მდგომარეობასა და კულტურას. მნიშვნელოვანია არავერბალური მაჩვენებლების არა ცალ-ცალკე, არამედ მთლიანობაში განხილვა.
არავერბალური კომუნიკაციის ბაზისური არხების ცოდნა ხელს შეგვიწყობს ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აგრეთვე გვეხმარება საკუთარი გრძნობებისა და ემოციების მართვაში. ჩვეულებრივ, მსმენელსაც და მოსაუბრესაც უადვილდებათ კონტაქტი იმასთან, ვისაც აქვს ცოცხალი გამომეტყველება, გამომხატველი მოძრაობები. აქტიური ჟესტიკულაცია ხშირად მიუთითებს დადებით ემოციებზე და აღქმულია როგორც დაინტერესების ნიშანი.

1
483
3-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სურმავა
თინათინ სურმავა
483
  
2013, 11 აგვისტო, 17:49
საინტერესო თემაა. განსაკუთრებით საინტერესოა არავერბალური მონაცემები ინტერნეტ და სმს მიმოწერაში, სადაც პირისპირ ურთიერთობის არარსებობის გამო, მომხმარებელი სხვადასხვა გრაფიკულ საშუალებებს მიმართავს ჟესტებისა და მიმიკების გადმოსაცემად.
ძალიან კარგი სტატიაა.
წარმატებები.
0 1 1