x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
აჭარა დღეს

აჭარა ჩემთვის ყოველთვის მხოლოდ ზღვასთან ასოცირდებოდა, თუმცა წლევანდელი ჩემი 2 კვირიანი ვიზიტის პირობებში მაქსიმალურად ვეცადე მომენახულებინა სხვადასხვა ადგილები და აღმოვაჩინე, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე ზღვასთან ერთად თავმოყრილია სამთო–სათხილამურო კურორტები, ეგზოტიკური ბუნების ადგილები, უმნიშვნელოვანესი ისტორიული და კულტურული ძეგლები, ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები და ა.შ. პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში შევძელი, რომ ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი რეგიონი სრულიად განსხვავებული კუთხით დამენახა.


ბუნებრივია, ძნელია იყო ბოლომდე ობიექტური შენს ქვეყანაზე მსჯელობისას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე
თვალს ადევნებ, თუ როგორ იცვლება აჭარის საკურორტო ზონა და სულ უფრო უკეთესი ხდება. თუმცა მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა გამოვყო რამოდენიმე ფაქტორი, რომლებიც ჩემი აზრით მომავალში გაუმჯობესებას საჭიროებს და მე ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მათი გაუმჯობესება იქნება პირობა იმისა, რომ აჭარაში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

უპირველეს ყოვლისა მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც აჭარაში ჩასვლისთანავე გხვდება თვალში. ეს არის სისუფთავე, უფრო სწორედ მისი არარსებობა. მე მოვინახულე ბათუმის, ქობულეთის, ურეკის პლაჟები და სამივეგან თვალში მოსახვედრია სანაგვე ყუთების არარსებობა. დამსვენებლებიც დიდად თავს არ იწუხებენ თავის გარშემო სისუფთავის დაცვით და შედეგად ვიღებთ იმას, რომ სანაპირო ზოლი ძალიან დაბინძურებულია. იგივე შემიძლია ვთქვა არაცენტრალურ ქუჩებზე. ცენტრში დასუფთავების სამსახური ასე თუ ისე მუშაობს, ხოლო გარეუბნებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ნაგავი პირდაპირ ქუჩის კუთხეებში ყრია, რაც იწვევს საშინელ სუნს და ანტისანიტარიას. პირველ რიგში, პრობლემა ადამიანების შინაგან კულტურაშია, თუმცა თუკი ამას არაფერი შველის, დასუფთავების სამსახური ვალდებულია მოაწესრიგოს მსგავსი ქუჩები და შექმნას ელემენტარული სისუფთავის შეგრძნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვაში კითხვაზე, თუ რა იყო აჭარაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება ან დისკომფორტი, ყველაზე ხშირ პასუხად სწორედ სიბინძურე სახელდებოდა.

ასევე ვთვლი, რომ აჭარის სანაპირო ზოლი არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურით. მხოლოდ რამოდენიმე მონაკვეთზე შემხვდა გადასავლები და გამოსაცვლელი კაბინები. იგივე შეიძლება ითქვას საპირფარეშოებზე. არსებული კაბინებიც ფასიანია (1 ლარი). ჩემი აზრით, ეს არასწორია. მსოფლიოს ნებისმიერ საშუალო ან მაღალი დონის საზღვაო კურორტზე მსგავსი ადგილებით სარგებლობა არის სრულიად უფასო, რაც მართებულად მიმაჩნია. უკეთესი იქნება, თუ აქცენტი გაკეთდება უფრო ტურისტების მოზიდვაზე და მათთვის კომფორტის შექმნაზე, ვიდრე მსგავსი წვრილმანებისგან ფულადი სარგებლის მიღებაზე. რაც შეეხება შეზლონგებსა და ქოლგებს, ბათუმში ეს ბიზნესი რამოდენიმე მსხვილ კომპანიას აქვს შესყიდული. ქობულეთში მათი მუშაობა უფრო მოიკოჭლებს. ურეკში მართალია ქვიშიანი პლაჟია და დამსვენებელი მსხვილი ქვებით არ წუხდება, თუმცა შევნიშნე, რომ ურეკში შეზლონგების ბიზნესი ბევრად კარგად მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ ატალახებულ ქვიშაში ჩაწოლას ყველა ერიდება.

მე დავათვალიერე ღამისა და დღის ბათუმი. ბუნებრივია, ახალი შენობები, გაფართოებული ბულვარი, მოვლილი სკვერები და პარკები ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით ღამით, თუმცა შევნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან "ფასადურია". რომ არ ვისაუბროთ გარეუბნებზე, ცენტრალურ ქუჩებზეც კი, მაგალითად, რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, გორგილაძეზე (ძვ.გორკზე), იმდენად განსხვავებულია შენობების შიდა მხარე და ფასადი, რომ ხშირად ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ორი მხარე ერთ შენობას ეკუთვნის.

აღსანიშნავია გზებიც. ზღვის სანაპიროს გასწვრივ – სარფიდან – ფოთამდე, ბათუმის, ქობულეთის, ურეკის გავლით, გზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ნებისმიერ ადგილად უპრობლემოდ შეიძლება გადაადგილება. თუმცა ზემო აჭარაში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მოგეხსენებათ ჩვენ მოვინახულეთ ბეშუმი. ხულოდან ბეშუმამდე დაახლოებით 30 კმ–ია, რომლის გავლასაც 2 საათზე მეტი დასჭირდა. არ ვიცი რთული გეოგრაფიული პირობები თუ ტურისტული მარშრუტების სიმცირე და მოთხოვნის არარსებობაა ამის მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ ამ რეგიონში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.


დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა: წლევანდელმა ვიზიტმა აჭარაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველო ნამდვილად უნიკალური ბუნების ქვეყანაა და უბრალოდ მცირედი ძალისხმევაა ჩვენი მხრიდან საჭირო და ის არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიო დონის ტურისტულ რეგიონებს. ეს იყო დატვირთული, ნაყოფიერი, საინტერესო, მხიარული 14 დღე, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა აჭარის რეგიონის შესახებ და ზოგადად დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით.

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა სიხარულიძე
თეა სიხარულიძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0