x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გიორგი კეკელიძე: "ამფეტამინი არის გეენა გეენათა შორის... ერთ ამბავს მოგიყვებით..."
image

"გოგო, რომელიც ამფეტამინის ზედოზირებით გარდაიცვალა და ახლა უკვე ბევრმა გაიგო ეს საშინელი ამბავი, არის ადამიანი, რომელზეც ამასწინ დავწერე და რომელსაც ეპიზოდურად, მაგრამ ვიცნობდი და ეგ ეპიზოდი საკმარისი გამოდგა დამემახსოვრებინა მისი ცოცხალი სახე, რომელიც არც ნატრობდა და არც ელოდა სიკვდილს.


ამფეტამინი არის გეენა გეენათა შორის. ერთ ამბავს მოგიყვებით:


მაშინ ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო ცენტრ სახლი/Sakhli - ში ვმკურნალობდი, როცა Lola Lomidze - ს დაურეკეს, რომ ყოფილი ბენეფიციარი ბიჭი არის ბათუმში და საეჭვოდ ცუდად. მშობელმა დარეკა. ლოლა საოცარი ადამიანია, ამ საქმეში პროფესიულად უკვე უვალდებულო იყო, მაგრამ მაგ პრინციპით ვერ ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ღამდებოდა, მანქანაზე დაჯდა და წავიდა.



მეც ვერ ვიყავი ჯერ ჯანმრთელად, მაგრამ გავყევი. ის ბიჭი, სრულიად შესანიშნავი ადამიანი და ახლა ჩემი მეგობარი, ბულვარში ვიპოვეთ, ჩავსვით მანქანაში და თბილისისკენ გამოვაქანეთ. სადღაც იმერეთამდე ისეთი არაფერი და უცებ დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები წარმოუდგენელი მოძრაობებით. არცერთი მოძრაობა არ მეორდებოდა. არცერთი. თითქოს საგანგებოდ ეჭირა ვიღაცას, როგორ მარიონეტი და სხვადასხვა მიმართულებით აქნევინებდა ხელ-ფეხს.


არასდროს - არც ფილმში, არც მოყოლით და არც თვალით მე ეგეთი არაფერი მინახავს. და თვალით, ბოლო და თქვენთვის ნაცნობი გამოცდილების გამო, მინახავს ბევრი. სხვა რა, აგერ მეც სულ ახალი გადატანილი მქონდა ბენზოდიაზეპინის თხუთმეტდღიანი უსაზარლესი “ლომკა", მაგრამ ეგეც კი, ამასთან შედარებით, ფერმკრთალი ამბავი იყო.


რენესანსის ნახატებში რომ ადამიანები არიან ჯოჯოხეთში, ეგენი რომ აამოძრაო, ალბათ ცოტა მაგას ჰგავს ეს კონვულსია. და როცა უცნაური ხმით ამფეტამინი მოითხოვა, კიდევ მინდა - არ მეყოო, მაშინ ჩავხვდით ზუსტ მიზეზს. ცხადია, დავურეკეთ საგანგებო სამსახურს შეტევის დაწყებისთანავე, მაგრამ სანამ ავტობანზე მოგვაგნო, ორჯერ კინაღამ მოკვდა ბიჭი - ცახცახი გაათმაგდა, ისე რომ ჰაერში იწეოდა, მერე უცებ ეშვებოდა და სხეული ეყინებოდა. მანდაც ლოლამ ივაჟკაცა, მე უბრალოდ უმცირესად და დაბნეული ვეხმარებოდი.


მერე მოგვაგნეს და წავიყვანეთ სამტრედიის საავადმყოფოში. თბილისში ჩამოვედით დილით. ეს ბიჭი გადარჩა. მაგრამ ვერ გადარჩა ის გოგო. ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ სხვა დანარჩენი მაინც. აუცილებელი ვალი." - წერს გიორგი კეკელიძე.



0
205
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0